x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დიდი შანსი კი მქონდა, ე.წ. პროფესორებს ძალზედ დავემძიმებინე და წერილიც კი გაეტანებინათ იქ, გაღმა მარილზე"-გელა ზედელაშვილი

image

"აქა ამბავი თავად სამკურნალო ექიმებისა და ჩემი უაზრო ბოდიალისა
ამას წინებზე თამარ ლეფსვერიძის წერილი წავიკითხე, კინაღამ როგორ იმხსვერპლა უპასუხისმგებლო, ანუ “ჩემ ფეხება'' ექიმმა. არ ვამბობ, სამედიცინო სფეროში მოსაქმე ყასაბმა-მეთქი. ქალს ძუძუს კიბო “დაუდგინა'', წავიდა უცხოეთში და სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.
ამან მიბიძგა, ჩემი ამბავიც მოვყვე იმის დასტურად, თუ როგორი მკითხავები “მოღვაწეობენ'' ამ სფეროში. არა, იმას არ ვამბობ, ყველა ყასაბია-მეთქი, ღმერთმა დამიფაროს, ჩვენ გვყვანან უმაგრესი ექიმები, ზოგზე ლეგენდებსაც ყვებიან, მაგრამ ისიც ფაქტია, ერთ ყასაბს შეუძლია, მთელი ცხოვრება თავზე ჩამოგანგრიოს და გიმსხვერპლოს კიდევაც.
პროფესიონალ ყასბებს ვენაცვალე, ძალიანავ გამოსადეგნი არიან, ოღონდ თავიანთ სფეროში - მედიცინაში, ჟურნალისტიკაში, კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკასა და ნებისმიერ სხვა დარგში არა!
ჩემი თავგადასავალი თამარის შემთხვევასთან შედარებით “ლაითი'' რამ გახლავთ. თუმცა დიდი შანსი კი მქონდა, ე.წ. პროფესორებს ძალზედ დავემძიმებინე და წერილიც კი გაეტანებინათ იქ, გაღმა, მარილზე, თანაც ისე, იუმორისტულ ჟანრში. გეფიცებით, ახლაც არ ვიცი, სად ვიყავი და რა უნდოდათ ჩემგან.
image

“კოვიდის'' გადატანის შემდეგ სიცივის შეგრძნება დამჩემდა. გაგანია ზაფხულში სხვებს რომ ხვითქი გასდიოდათ, მე მციოდა, შუბის ჩაცმა მინდოდა. ნაცნობს შევჩივლე, ასე და ასე დამემართა-მეთქი. უი, რას ამბობ, მამაჩემი იყო ზუსტად ასე, რაც სახლში საბნები გვქონდა, სულ ვაფარებდით, მაგრამ მაინც სციოდა, ამა და ამ დაწესებულებაში ამა და ამ პროფესორთან მივიყვანე, მაგარი კაცია, რაღაც წამალი გამოუწერა, ახლა პირიქითაა, სულ სცხელა, საბანს საერთოდ აღარ იფარებსო.
image
აგაშენა ღმერთმა, ტელეფონის ნომერი მომეცი, ხვალვე მივალ და გავესინჯები-მეთქი. მომცა, მივედი. ადგილზე არ დამხვდა. 75 წელს გადაცილებული პროფესორი საათნახევრის შემდეგ გამოჩნდა და დერეფანშივე მეკითხება - რა გინდაო? “კოვიდმა'' სიცივის შეგრძნება დამიტოვა-მეთქი. გადაფიჩინდა, რეებს ლაპარაკობ, ეგეთი რამე არ არსებობსო. აქ შევფიქრიანდი, მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
ჯერ გარემოს აღვწერ: ირგვლივ სიძველე სჭარბობდა, ალბათ კომუნისტების დროიდან აქ რემონტი არ ჩატარებულა. კარ-ფანჯარა და იატაკი ვასილ მჟავანაძის პერიოდისა იქნებოდა. პროფესორი ძალიან ჰგავდა ფელიქს ძერჟინსკის. გამომატყველება და მიხვრა-მოხვრა ისეთივე ჰქონდა. ძერჟინსკის მიხვრა-მოხვრა სად ვნახე, მაგრამ ისიც დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო.
კაბინეტი ხვნეშიც გააღო - შემოდიო. შევედი, ცოლიც შემომყვა. ნიკოლოზ მეორის დროინდელ სკამზე დამსვა. ფარდის იქით ჩაიდანი აათუხთუხა. ვიფიქრე, ჩაის მიდუღებს, პატივი უნდა მცეს-მეთქი. გულის ერთი კუნჭული გამოთბა. ორი ერთჯერადი ჭიქით ცხელი წყალი შემოიტანა, ერთი მარჯვენა ხელში დამაჭერინა, მეორე - მარცხენაში.
- სწრაფად მითხარი, რომელი უფრო ცხელია? - მეკითხება მკაცრი ტონით.
- რა ვიცი, მგონი მარჯვენა... არა, შეიძლება მარცხენა, ან კიდე ორივე, - ვპასუხობ დაბნეული.
დაიჭყანა, ჭიქები გამომართვა, დაიცადა, სანამ ჩემი ხელები შეცივდებოდა, მერე ისევ დამაჭერინა.
- ან ერთი უნდა იყოს უფრო ცხელი, ან მეორე, სწრაფად მითხარი! - უკვე მიყვირის.
- ალბათ მარჯვენა... არა, მგონი მარცხენა, - ვპასუხობ ისევ დაბნეული.
ვხვდები, ჩემი ორგანიზმის მგრძნობელობას ამოწმებს, მაგრამ აბა, ასე რანაირად იქნება? სადღაც წავიკითხე, მარჯვენა ხელი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მარცხენაო, შეიძლება პირიქითაც არი, არ ვიცი, ამის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ.
პროფესორმა დაახლოებით ერთი საათი მაწვალა - მარჯვენა უფრო ცხელია თუ მარცხენაო? მარცხენა უფრო ცხელია თუ მარჯვენაო? ბოლოს ხელი ჩაიქნია და დერეფნის ბოლოში მომცრო ოთახში შემიყვანა.
image
ოთახი ძველმანებით იყო გამოტენილი - მაგიდა, საკანცელარიო წიგნების გროვა, მეთოდური ლიტერატურა, მაგიდაზე შავი აპარატი, რომელიც ძალიან ჰგავდა ვლადიმერ ულიანოვის დროინდელ ტელეფონს. იქვე იდგა საწოლი. საწოლზე თეთრი პროსტინა გადაეფარებინათ. ჩაშავებულ სკამზე ასაკოვანი ქალბატონი ჩამომჯდარიყო და საკანცელარიო წიგნში რაღაც იეროგლიფები გამოჰყავდა.
- მე გავდივარ, ეს გამოიკვლიე, ორ საათში დავბრუნდები, - დააგდო პროფესორმა ორი წინადადება და გაქრა, პასუხს აღარ დაელოდა. ქალმა იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
- წელსზემოთ გაიხადე და დაწექი, - ჩაილაპარაკა ქალბატონმა, სახეზე არც შემოუხედავს.
- ფეხსაცმელებიც გავიხადო? - ვეკითხები წელსზემოთ გაშიშვლებული.
- რა თქმა უნდა, შარვალი და “ნასკები'' ჯერ გეცვას, მანდამდეც მივალთ, - გამოსცრა კბილებში
აპარატს, რომელიც ლენინის დროინდელ ტელეფონს მივამსგავსე, ორი შნური ჰქონდა. შნურები თოკზე სარეცხის დასამაგრებელი რკინის “შპილკებით'' ბოლოვდებოდა.
ქალმა, რომელიც ასევე პროფესორი უნდა ყოფილიყო, “შპილკები'' ყურის ბიბილოებზე დამიმაგრა, არ შეგეშინდესო, გამაფრთხილა და... დაიწყო. აპარატზე მომცრო “რუბილნიკი'' გადმოსწია - ვძაგძაგებ, ჩემ სხეულში დენმა გაიარა. მკვლევარმა აპარატის რაღაცნაირ ქანქარას შეხედა და დღიურში ციფრები ჩაწერა, ზოგიერთი ადგილი პლიუს-მინუს-იქს-იგრეკით მონიშნა და შეწუხებულმა ამოიხვნეშა.
- ექიმო, მშვიდობა მაქვს? - პანიკაში ვარ.
- ვნახოთ, ვნახოთ, - მომიგო ორაზროვნად.
“შპილკები'' ახლა ძუძუს თავებზე მაქვს დამაგრებული. ისევ “რუბილნიკი'', ლენინისეული აპარატი ჩემთვის უკვე მე-9 ბლოკია. ვისაც 1990-იანები გამოუვლია, ის მიხვდება, რას ნიშნავს მე-9 ბლოკი. ვკანკალებ, თმა ყალყზე მიდგება. მკვლევარი კვლავ ანგარიშობს, მათემატიკური ფორმულები გამოჰყავს და თავისთვის რაღაცას ბურტყუნებს, მისი ენა არ მესმის. თან ვფიქრობ, შემდეგ “შპილკები'' სად უნდა შემიერთოს? მრცხვენია, წესით ქვემოთ მიწევს. თუმცა მანამდე ხელის თითებია, ორივე ხელისა. ისევ - ვკანკალებ. სადაც შნურები უერთდება, იქიდან აპარატი ცეცხლსა ჰყრის, აშკარად “ზამეკანიაა''. ქალი ვიღაცაზე ბრაზობს, ეგ გათახსირებული აქამდე ვერ მოვიყვანე, რომ გაეკეთებინაო. ვინ ვერ მოიყვანეთ-მეთქი? ჩვენი ელექტრიკოსიო.
- ნეტავ სადმე შეიძლებოდეს ს გაკეთება, თვითონ წავიღებდი! - შეჰყვირა მკვლევარმა და კინაღამ სათვალე ჩამოუვარდა, მოასწრო დაჭერა.
- ალბათ “პაიანიკია'' საჭირო, რომ მცოდნოდა, წამოვიღებდი და გავაკეთებდი... ისე, ნებისმიერ მეტროსთან არიან მობილური ტელეფონების ხელოსნები, მიუტანეთ, არა მგონია, დაგზარდნენ, - დავარიგე ჭკუაზე.
- შენ გაიხარე, რა ჭკვიანი ჩანხარ, ეგ საერთოდ ვერ მოვიფიქრე, უკვე ორი თვეა დავდევ ჩვენს ხელოსანს! - გახალისდა ქალი.
ისევ ძაგძაგი, 12 ვოლტი, მხოლოდ ხელის თითებიდან ხუთჯერ. გაივსო საკანცელარიო დღიურის ერთი გვერდი, მეორე, მესამე, გადავედით მეოთხეზე. ცუდად ვარ. თუმცა მიხარია, რომ ხელებიდან ფეხებზე გადავიდა, სადაც ეჭვი მქონდა, არ შემეხო. ვაგდივარ “ტრუსიკიანი'' საწოლზე, აღარც არაქათი მაქვს, აღარც არაფერი, სახლში მინდა.
image
დასრულდა. პროფესორმა ნახევრად შემოღებული კარის ღრიჭოში თავი შემოყო და... რა ხდება, რა არიო?
- ეგ არი! - მიუგო ქალმა.
- ეგრეც ვიცოდი! - ჩაილაპარაკა კაცმა.
- რა ეგ არი? - ვკითხულობ მე და თან ვცდილობ, შარვლის ტოტებში აკანკალებული ფეხები გავუყარო, ძალიან მიჭირს.
ლენინის დროინდელ სარკეში ჩავიხედე, აშკარად ის აღარ ვარ, რაც აქ მოსვლამდე ვიყავი, თმა ისევ ყალყზე მიდგას, წარბები გამთეთრებია და ყურის ბიბილიები გამლურჯებია.
ქალმა გაყვითლებულ ფურცელზე რაღაც ფორმულები ჩამოწერა, იქს-პლიუს-იგრეკ-ტანკეს-კოტანგეს-ო და კაცთან გამატანა. კაცმა დახედა, თავი გადააქნია, ძერჟინსკის მსგავსაც გაიარ-გამოიარა, გაყვითლებული რვეულიდან ფუქცელი ამოხია, გასაკეთებელი ნემსისა და გადასაყლაპი აბების დასახელებები ჩამოწერა, ჩემ ცოლს გაუწოდა და კაბინეტიდან ჩვენზე ადრე გავიდა. აეგრე გავიდა და წავიდა, არც ის უთქვამს, არც ესა, არც დაავადება დამისახელა, არც მიზეზი, არც შედეგი, არც არაფერი, 500 ლარამდე აგვაფცქვნა, შემოსასვლელში ზორბა ქალი იჯდა, იმასთან გადაგვახდევინა “ცივილიზებულად'' და გაქრა.
image
სამი დღე ვიკეთე ნემსი და ვსვი რაღაც ოხრობა აბები. პირველსავე დღეს შევატყვე, ვეღარ ვიყავი ჩემ მატორზე - ვხედავ, პერიოდულად სადღაც მივდივარ და მერე ისევ მოვდივარ.
სად მივდივარ? გეგონება ეგვიპტეში ვარ და აკლდამებს შორის დავბოდიალობ. რამზეს მეორეს რომ მივესალმე და ტუტანჰამონს ხელი ჩამოვართვი, მაშინ კი შევფიქრიანდი, ჩემ ცოლს გამოვუცხადე, აღარც ნემსს გავიკეთებ, აღარც აბებს გადავყლაპავ-მეთქი. კარგი, როგორც შენ იტყვიო.
image
გარკვეული დროის შემდეგ, როცა თვალებში გამოვიხედე, ლევან რატიანთან მივედი, სულ სხვა საქმეზე, ამის გამო არა, გამომიკვლია და მითხრა, კალიუმის ნაკლებობა გაქვს, ბანანი ჭამეო, არც დენი გაუტარებია, არც ფორმულები ჩამოუწერია, არც იქს-იგრეკი, არც ტანგეს-კოტანგესი... აეგრე, წადი, ბანანი ჭამე და ბაბანიც მოგეხსნებაო.
ვჭამე, ორ-სამ დღეში დამცხა და მას მერე ზაფხულში მცხელა, ზამთარში მცივა. თუმცა აღარც ზამთარში მცივა, მშვენივრად ვთბები.
ცხოვრება მშვენიერია!
image
ჰო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლევან რატიანს."-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა " ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი, გელა ზედელაშვილი.
0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0