x
image
თეონა გორდეზიანი
"27 წლის ასაკში გავიგე რომ ძმა მყავს"...ახალგაზრდა ქალის გულახდილი წერილი
ჩემი ცხოვრება გარშემო მყოფებისთვის ჩვეულებრივია... ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ უბანში, მყავს მეუღლე და ორი შვილი, ორივე დაოჯახებული. ვმუშაობ სამკერვალოში და მაქვს მართალია არც ისე ბევრი მაგრამ მაინც საკუთარი შემოსავალი. შვილებიც ხანდახან გვეხმარებიან ხოლმე თუ დაგვჭირდა მე და ჩემს მეუღლეს.


ამბავი, რომელიც მინდა გავიხსენო წარსულს ეხება... ერთი წლისაც არ ვიყავი როცა მამა დამეღუპა ავტოკატასროფაში და დედა მზრდიდა. მუშაობდა, არაფერს მაკლებდა. ჩემს გაზრდაში დეიდაშვილი ეხმარებოდა, დაქვრივებული და ქმრის ოჯახიდან ცუდი დამოკიდებულების გამო წამოსული დედაჩემი მხოლოდ მან შეიფარა. როცა დედა სამსახურში მიდიოდა მასთან ვრჩებოდი ხოლმე, მას ჩემზე რამდენიმე წლით დიდი ქალიშვილი ჰყავდა და ერთად ვატარებდით დროს. 6 წლის ვიყავი, როცა დედა მეორედ გათხოვდა ... დეიდამ გააცნო მომავალი მეუღლე. მამინაცვალი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მართალია, მამის დაძახება ვერ შევძელი, მაგრამ მამის მაგივრობა გამიწია და ყველაფერს აკეთებდა ჩემი და დედაჩემის კარგად ყოფნისთვის. მასაც ჰქონდა პირველი ქორწინება, სანამ დედას შეხვდებოდა რამდენიმე წლით ადრე დაენგრა ოჯახი. პირველ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავდა - გოგო და ბიჭი. შაბათ-კვირას ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე, დანარჩენ დროს დედასთან ატარებდნენ. მე ისინი როგორც საკუთარი და-ძმა ისე მივიღე, ყოველთვის მინდოდა რომ და ან ძმა მყოლოდა და თითქოს შეგრძნებაც მქონდა მათ გამოჩენამდე და მერეც, რომ მარტო არ ვიყავი... სამწუხაროდ, ისინი ცოტა უფროსები იყვნენ და ვერ შეძლეს ჩემი მიღება როგორც დედმამიშვილი მაგრამ ცუდი დამოკიდებულება არ გვქონია. ცდილობდნენ რაღაც ზღვარი ჰქონოდათ ჩემთან, მე კი სადაც შემეკითხებოდნენ მათ დად და ძმად მოვიხსენიებდი. დედამ და მამინაცვალმა 35 წელი გაატარეს ერთად, საერთო შვილი არ ეყოლათ მაგრამ მერეც და მაშინაც ვფიქრობ რომ ძალიან ბედნიერი იყო. ვყავდი მე და ჰყავდა მზრუნველი მეუღლე.


26 წლის ვიყავი, როცა დედას სიმსივნე დაუდგინდა... მეუღლე და უკვე ორივე შვილი მყავდა მაგრამ მასთან გადმოვედით საცხოვრებლად რომ მიმეხედა.მიუხედავად იმისა, რომ გაგების დროს უკვე რთულად იყო მდგომარეობა დიაგნოზის გაგებიდან კიდევ 11 თვე იცოცხლა, ბოლო თვე ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა. ექთნობა შევითავსე, მაგრამ თითქმის ერთ წლიანი "ბრძოლის " მიუხედავად დედა დავკარგე, სულ რაღაც 56 წლის იყო...


ჩემს განცდებს, იმ დროინდელ ემოციებს თავს ვერ ვუყრი და თითქოს სათქმელს ვამოკლებ, რომ უფრო მთავარ სათქმელთან მივიდე...ამბავი, რომელიც დღემდე მაფიქრებს და მოსვენებას არ მაძლევს. დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დეიდაც გახდა ცუდად და დეიდაშვილს სთხოვა მასთან მივსულიყავი.



ორივე დაგვაჯინა და ერთი ისტორია მოგვიყვა, რომელიც მას და დედას ეხებოდა, უფრო დედას...


ვეცდები მოკლედ შევძლო მოყოლა.


დედა 17 წლის იყო, როცა კურსელი ბიჭი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიპარა ბორჯომში. მხოლოდ დეიდაშვილს გააგებინა მის შესახებ. ძმებმა არ მიიღეს სიძე გაპარვის გამო, ალბათ სხვა მიზეზიც იყო რომელიც უცნობია ჩემთვის. ამ ისტორიაში სამწუხარო ისაა რომ პატარა გოგოს აღტაცებული სიყვარული არ გაგრძელდა ბედნიერად, რომ ძმებისთვის დაემტკიცებინა საქციელის მართებულობა... დედა მალევე დარჩა ორსულად და ამის გაგებისთანავე მიატოვეს ...


თბილისიდან წასული, 17 წლის, ძმებისგან უარყოფილი დარჩა სრულიად მარტო. მხოლოდ დეიდაშვილმა მიაქცია ყურადღება. დედას მიტოვების ამბავი არ გაავრცელეს... 9 თვის გასვლის შემდეგ კი ბორჯომში იმშობიარა... უთხრეს რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა.


ამბის მოსმენის დროს ათასი ფიქრი მიტრიალებდა, ათასი კითხვა... ზოგი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია... მაშინ ხომ ბავშვებს ყიდდნენ, ბავშვებით ვაჭრობდნენ, უგულოდ...უპასუხისმგებლოდ... არაადამიანურად. ალბათ, დაინახეს ორი ახალგაზრდა ქალი, იფიქრეს ბავშვი არ უნდოდათ, იფიქრეს სამართალს არავინ მოჰკითხავდათ, იფიქრეს ვერ უჩივლებდნენ... და მოატყუეს. ბიჭი დაიბადა... სრულიად ჯანმრთელი ბიჭი, რომლის მიტოვება დედას არც უფიქრია... ტყუილი რომ არ ეთქვათ, რომელიც არც ანახეს, მიზეზით რომ უფრო გაგიჭირდება ამის გადატანაო.


დეიდამ ყველაფერი გაარკვია... დეიდა 9 წლით უფროსია დედაზე და ეგონა მიხედავდა დედას, მაგრამ ასაკის მიუხედავად ისიც მოატყუეს, ისიც ვერაფრის შემძლედ ჩათვალეს...


დეიდა იურისტი გახდა, დაოჯახდა, დედასაც სხვა ცხოვრება ჰქონდა ...ალბათ დედასაც არ ასვენებდა ფიქრი, მაგრამ არ ვიცი და ვერც ვერადსდროს გავიგებ მაგრამ დეიდაზე ფაქტია თურმე მთელი ცხოვრება რაღაც აეჭვებდა, თურმე რაღაც მთელი ცხოვრება ღრღნიდა, რომ როგორ შეიძლებოდა ესე დამთავრებულიყო ორსულობა რომელიც ძალიან კარგად მიდიოდა, მართალია გარკვეული ნერვიულობის ფონზე მაგრამ მშობიარობამდე კარგი ანალიზებით... და იმ დღეს როცა მე და ჩემი დეიდაშვილი დაგვიბარა ყველაფერი გარკვეული ჰქონდა, ყველა დეტალი... სად გააშვილეს, სად ცხოვრობდა, რომ დაოჯახებულია და ჩემსავით მასაც ორი შვილი ჰყავდა. მეგრელების ოჯახმა იშვილა, საზღვარგარეთ წაიყვანეს მაგრამ ამ ამბის მოყოლის დროს უკვე თბილისში იმყოფებოდა.


მე ხომ სულ მქონდა შეგრძნება რომ მარტო არ ვიყავი...


მე ხომ მთელი ბავშვობა ჩემი მამინაცვლის შვილებში ვხედავდი და-ძმას...


მე ხომ დეიდაშვილს ვეძახდი დას...


მაგრამ ამ სტრესული, არააამქვეყნიურად მძიმე დღეს როცა სინდისშეწუხებული უკვე ცუდად მყოფი დეიდა დედის გარდაცვალების შემდეგ მიყვებოდა ამ ამბავს მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი... ქალმა რომელმაც მხოლოდ 56 წელი იცხოვრა, ამდენი რამე გადაიტანა და სიმართლე ვერც კი გაიგო...ბევრი ემოცია მაქვს, ბევრი სურვილი, უამრავი შეგრძნება, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ ყველაზე რთული მაინც დედაზე დარდია...

image

ავტორი:

მ.შ















0
67
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0