x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"კაცების საუბარს შევესწარი..." - რას წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა
image

"კაცების" საუბარს შევესწარი:


-ქალმა გამაჩერა, ბავშვი ახლდა თან, ფული არ ჰქონდა, მარტო 5 ლარი ჰქონდა, თურმე, ოთხმა ტაქსმა არ წაიყვანა, მე წავიყვანე, სადაც მიდიოდა, ბავშვი დატოვა და დაველოდე, უკან წამოვიყვანე... ასე როგორ შეიძლება, წვიმაში ბავშვიანი ქალი ქუჩაში დატოვოო, იქნება ახლა არა აქვს ფული და მერე ჰქონდეს, ვინ იცის, იქნება მერე როგორ გცეს პატივი... თან, გულწრფელობა ხომ უნდა დააფასო, ადამიანი წინასწარ გეუბნება, რომ ფული არა აქვს... ხომ იცი, სიკეთე ქვაზე დადე და წინ დაგხვდებაო...

-აბა, დაუკრა კვერი იმ მეორემაც...


-მივიყვანე მისამართზე, დამიყარა 5 ლარი, მაგრამ მე დაველოდე, უკან წამოვიყვანე, გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და მაგარი ჯიგარი აღმოჩნდა, მართალია მე ოჯახი მყავს და მასაც შვილი ჰყავს, მაგრამ იმავე დღეს მოვგვარდით, იმავე დღეს დავლაგდით, ხომ ხვდებიო?

-კი, ვხვდებიო, იმ მეორემ და ეშმაკურად ჩაიცინა, მერე მარცხენა ხელი ლაჯებშორის ამოისვა, შარვლის უბე ისე გაისწორა, თითქოს, შარვლიდან რამე უვარდებოდა...


გამოვიქეცი, არ მინდოდა მომესმინა, მერე იმ "კაცმა" იმ საწყალ, უფულო ქალს როგორ უყიდა ფენოვანი ხაჭაპური და გაზირებული წვენი, სექსის სანაცვლოდ და როგორი კეთილია...



არ მინდოდა და ბოლო წინადადება მაინც გავიგონე, ამბობდა, გუშინ ევროპაში გავაცილე, სამუშაოდ წავიდა და ისევ მწერსო...


მერე იტყოდა, ალბათ, ფულს გამომიგზავნის და აი, ის 5 ლარი გამიასმაგდებაო, ქვაზე დამხვდებაო, აგეო...


ის ქალი, იმ საღამოსავით, როცა ბოლო 5 ლარი მისცა ამ არსებას და ბავშვი სადღაც დატოვა, რომ მეორე დღის პურის ფულის საშოვნელად წასულიყო, ახლაც სადღაც დატოვებდა შვილს და ისე წავიდოდა ემიგრაციაში... იტირებს იქ, მოენატრება, მერე უპოვნელი ქალური ბედნიერების კომპენსირებისთვის ამ "საშინლად კეთილ" "კაცსაც" მისწერს ხოლმე, ის დღეც გაახსენდება, როცა 5 ლარად "იმხელა" გზაზე გაიყვანა და "ბულკი" უყიდა, მერე აეროპორტამდეც უფასოდ გაიყვანა და ცრუ მადლიერება დარევს ხელს, რადგან, არ იცის ნამდვილი სიკეთის ფასი, როგორც ჩანს, არც ნამდვილი მამაკაცი შეხვედრია, როგორც ჩანს...


არ ვიცი ვინ ვიტირო, რომელი ერთი... ან იმ არსების ცხოვრება რაღაა, თავი რომ კაცი ჰგონია, ან ეს "კაცი" რას ასწავლის შვილებს, რას ეტყვის, რა არის სიკეთე და კაცობაო, ფეხშიშველ ქალს რომ ნახავ, როგორ მოიქეციო, ან იმ ქალს ვინღა გააბედნიერებს, მიხვდება კი, როგორია ბედნიერება და რა ფერია სიკეთე და ან იმ ბავშვს ვინ, როგორ გაუზრდის?


ფეხშიშველობა სჯობს @რაკშიშველობას, ჭკუაშიშველობას, სულშიშველობას, სინდისშიშველობას..."

2021 წ.ჟურნალისტი თამო კეშელავა

0
240
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0