x
image
მანანა თურმანიძე
მარილიანი ყავა

ეს არის სიყვარულის ისტორია. უცნობია რეალურია ის თუ არა, მაგრამ ასეთი არაჩვეულებრივი ამბავი გულგრილს არავის ტოვებს.


ახალგაზრდა მამაკაცს შეუყვარდა ლამაზი გოგონა. ის დღე და ღამე ოცნებობდა მასზე. მაგრამ ძალიან მორცხვი იყო. როგორც კი საყვარელ ადამიანს ხედავდა, წითლდებოდა და მუნჯდებოდა. გადიოდა დღეები, კვირები, მაგრამ გრძნობის გამოხატვას ვერა და ვერ ახერხებდა. ახალგაზრდა ქალბატონმა არც კი იცოდა ამ ყმაწვილკაცის დამოკიდებულების შესახებ.


მასთან საუბარი არ შეეძლო, მაგრამ მუდმივად ელოდებოდა შანსს, თან ოცნებობდა, რომ ის თავად გაესაუბრებოდა, ან რაიმეს სთხოვდა. ერთ დღეს მართლაც მიეცა შესაძლებლობა, რომელსაც ასე ელოდა. ჭაბუკმა როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და გოგონა ყავის დასალევად დაპატიჟა. ქალიშვილს გაუკვირდა, მაგრამ თავაზიანობის გამო მიიღო პაემანზე შეთავაზება.

image


გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, წყვილი ისხდა ფერადი ყვავილებით მორთულ კაფეში, სადაც პეპლები დაფარფატებდნენ. ბიჭი ისეთი აღელვებული ჩანდა, რომ გულის ცემისგან ვეღარც ლაპარაკობდა. გოგონა თავს უხერხულად გრძნობდა, რომ მის გამო ასეთი მორცხვი იყო ბიჭი და თავს უხერხულად გრძნობდა. ეგონა მათ შორის საუბარი ვერასოდეს შედგებოდა.


როდესაც ოფიციანტმა ყავა მიართვა, ბიჭმა გულთბილად ჰკითხა: „შეგიძლიათ მარილი მომიტანოთ? ყავაში მინდა ჩავყარო!” კაფეში მყოფთა უცნაური მზერა ერთბაშად მისკენ იყო მომართული. ბიჭი სახეზე მთლად გაწითლდა, მაგრამ ყავაში მარილი მაინც ჩაყარა და მოსვა.


გოგონამ გაკვირვებულმა ჰკითხა: "საიდან მოდის ეს უჩვეულო ჩვევა?"


ბიჭმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და შემდეგ უპასუხა: „პატარა რომ ვიყავი, ზღვასთან ვცხოვრობდი. ზღვაში თამაში მომწონდა, ზღვის გემოს ვგრძნობდი, ისევე როგორც ახლა მარილიანი ყავის გემოს. ყოველთვის, როდესაც მარილიან ყავას ვსვამ, სულ ბავშვობაზე და ჩემს მშობლიურ ქალაქზე ვფიქრობ. ძალიან მენატრება ჩემი მშობლიური ქალაქი. მენატრება ჩემი მშობლები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ“. როცა ლაპარაკობდა, თვალები ცრემლებით აევსო.


ბიჭის მონათხრობმა გოგონაზე ძალიან იმოქმედა. ეს მისი ნამდვილი გრძნობაა, გულის სიღრმიდან მოდის, გაიფიქრა მან. თუკი კაცს შეუძლია მონატრების ასე გამოხატვა, მაშინ ეს ის ადამიანია, რომელსაც უყვარს სახლი, ზრუნავს მასზე, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე... ახლა უკვე თავადაც დაიწყო ლაპარაკი თავის ბავშვობაზე, შორეულ ქალაქზე და მის ოჯახზე.


ძალიან კარგი საუბარი შედგა, რაც მათი სიყვარულის ისტორიის მშვენიერი დასაწყისი აღმოჩნდა. მათ გააგრძელეს შეხვედრები. ქალმა აღმოაჩინა, რომ ის იყო ვაჟი, რომელიც აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს - გამოირჩეოდა შემწყნარებლობით, იყო გულკეთილი, გულთბილი, მზრუნველი. ის ისეთი კარგი იყო და რომ არა მარილი მის ყავაში, ალბათ ასე კარგად ვერც ვერასოდეს გაიცნობდა მას!


მოვლენების განვითარებით ეს ისტორია არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა, ლამაზი სიყვარულის ისტორიისგან: ისინი საბოლოოდ დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად. ასე იცხოვრეს ცოლ-ქმრული ცხოვრებით 40 წლის განმავლობაში. რაც მთავარია, აუცილებლად, ყოველ ჯერზე, როდესაც ქალი ყავას ამზადებდა, ცოტა მარილს უმატებდა, როგორც ეს მის ქმარს მოსწონდა! ხანგრძლივი ოჯახური ბედნიერების შემდეგ, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად კაცი უეცრად გარდაიცვალა.


გავიდა ხანი და ერთ დღეს ქალმა იპოვა წერილი, რომელიც მას ქმარმა დაუტოვა და რომელშიც ეწერა:


„ძვირფასო, გთხოვ, მაპატიე, რომ მთელი ცხოვრება გატყუებდი. ეს იყო ერთადერთი სიცრუე, რომელიც გითხარი მარილიან ყავაზე. გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მე მაშინ ისე ვნერვიულობდი, რომ შაქრის ნაცვლად მარილი ვთქვი, არა და შაქარი მინდოდა მეთქვა. მაგრამ, გამიჭირდა შეცვლა, ამიტომ იხტიბარი აღარ გავიტეხე და უბრალოდ განვაგრძე. არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი! ცხოვრებაში ბევრჯერ ვცადე შენთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ მეშინოდა ამის გაკეთება, რადგან დაგპირდი, რომ არასდროს მოგატყუებდი...


ახლა ვკვდები, ასე რომ, სიმართლე უნდა გითხრა - სინამდვილეში არ მიყვარს მარილიანი ყავა, რა უცნაური გემო აქვს ... მაგრამ, მთელი ცხოვრება მისი მირთმევა მიწევდა. მას შემდეგ, რაც გაგიცანი, არასოდეს მინანია არაფერი, რასაც შენთვის ვაკეთებდი. შენთან ყოფნა მთელი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა. შესაძლებლობა რომ მქონდეს ხელმეორედ ვიცხოვრო, ვისურვებდი ისევ შენ გაგიცნო და მთელი ცხოვრება შენ მყავდე, თუნდაც ამისთვის ისევ მარილიანი ყავის სმა დამჭირდეს.


მაპატიე ძვირფასო.. რომ თავდაპირველად იმ კაფეში მოგატყუე და მერე სიმართლე აღარ გითხარი, ყოველ ჯერზე, როცა ყავას მიმზადებდი! ახლა არ ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ ყავის დალევა სხვანაირად არ შემეძლო! ჯერ კიდევ სიგიჟემდე მიყვარხარ.“


როდესაც წერილის კითხვა დაასრულა, მოხუც ქალბატონს ლოყები ცრემლებით ჰქონდა დასველებული.


მას შემდეგ, ყავას რომ ადუღებდა, აუცილებლად მარილს უმატებდა და თუკი ვინმე ჰკითხავდა - "როგორი გემო აქვს მარილიან ყავასო", ყოველთვის ღიმილით პასუხობდა - "ძალიან ტკბილი".


წყარო: https://coffeenade.com

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0