x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თათებიანი გმირები – ჩვილის გადარჩენის 3 უჩვეულო ისტორია

ძაღლი, სახელად პოლი, 8 თვის ვივიენ კლერის გადარჩენის დროს დაიღუპა. ეს ამბავი, ამერიკაში, ბალტიმორში მოხდა. საღამოს 11 საათი იყო დაწყებული, როდესაც პატარა ბავშვის დედა ეზოში ჩავიდა, სულ 1 წუთით, მანქანიდან რაღაც წვრილმანის ამოსაღებად. მაგრამ, როდესაც უკან მიბრუნდა, დაინახა რომ მისი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული.


image


«მე მხოლოდ ბავშვის ტირილის ხმა მესმოდა და მასთან შესვლას ვერ ვახერხებდი — მოუყვა ბავშვის დედა, შემთხვევის ადგილზე მისულ, WBAL-TV არხის ჟურნალისტს. — ყველაფერი ვცადე, რომ სახლში შევსულიყავი. დასახმარებლად მეზობლებიც მოვიდნენ, რომლებმაც კარები და ფანჯრები გამოამტვრიეს, მაგრამ ვივიენის დახმარება ვერავინ შეძლო». ბავშვის დედას, სახლში შეღწევის არაერთი ცდის გამო, ხელები დამწვარი და დაჭრილი ჰქონდა. მაგრამ, მიუხედავად მცდელობებისა, სახანძრო ბრიგადის მისვლამდე, სახლში ვერავინ შეაღწია.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხანძარი სრულად ჩააქრეს, მაშველებმა შეძლეს ბავშვის ოთახში შესვლა, სადაც ცოცხალი გოგონა აღმოაჩინეს. ის აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ძაღლი, რომელიც პატარას საკუთარი სხეულით გადაეფარა. ასე იწვა გაუნძრევლად და მას ცეცხლისგან იცავდა, ვიდრე არ დაიღუპა. პოლის შეეძლო ნებისმიერ მომენტში გაქცევა, მაგრამ თავისი პატარა მეგობარი არ მიატოვა.

ვივიენს სხეულის 20% დაეწვა. იმ მხარეს, საითაც ძაღლი ეფარებოდა, დაზიანება არ მიუღია. ექიმები და მაშველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძაღლმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

***

რაც ამ ფუმფულა არსებამ გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არა აქვს და არც პატრონი ჰყავს, კატას საკვები არასდროს მოჰკლებია. მეზობლები ხშირად აჭმევდნენ და სადარბაზოში თბილად აძინებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, კატას, სახელად მაშას, ვინმესთან მიკედლება არასდროს უცდია, ან იქნებ თავისუფლების მოყვარული იყო და ფანჯარაში ჯდომას და ეზოში ყურებას, ისევ გარეთ სიარული ერჩია? თუმცა ვინ იცის... მაგრამ, რომ არა ის, ადამიანების მიერ სასიკვდილოდ განწირული ჩვილი ნამდვილად დაიღუპებოდა.


image


ეს ამბავი ობნინსკში (რუსეთი) მოხდა. ზამთრის ერთ დღეს, სადარბაზოში ყველასთვის ნაცნობმა კატამ, უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ის ისეთ ხმაზე კნაოდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. სადარბაზოში იმ დროს მყოფმა ქალბატონმა კატის განწირული ხმა რომ გაიგო, იქით წავიდა, სადაც სავარაუდოდ, კატა უნდა ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა ქალი სარდაფში... და მან ნახა, რომ კატა ყუთში იჯდა და ბავშვს ათბობდა.

რომ არა მზრუნველი კატა, ჩვილი იმ სიცივეში ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. საზრიანმა ცხოველმა პატარასთან ნამდვილი დედობრივი ინსტინქტი გამოამჟღავნა და ეს საოცარი სანახავი იყო!

ამბობენ, რომ როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას ჩვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, კატა დიდ ხანს მიჰყვებოდა მას და კნაოდა. შემდეგ, კარგა ხანს გზას გაჰყურებდა, თითქოს ელოდა, რომ მანქანა უკან მოვიდოდა და ბავშვს მოიყვანდა.

კატამ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა! მან პატარა გადაარჩინა და თუ მანამდე, მხოლოდ ერთი სადარბაზოს მეურვეობის ქვეშ იყო, მომხდარის შემდეგ მასზე, უკვე მთელი ეზო ზრუნავდა.

***

სიკვდილისთვის განწირული ჩვილი ძაღლმა გადაარჩინა. ისე, რომ დავფიქრდეთ – რით არის გერმანული ნაგაზი, სახელად ჯეიდი ადამიანზე უკეთესი? რით და – მის გულში უფრო მეტი სიყვარული და სითბოა, ვიდრე იმ ადამიანის გულში, ვინც ახალშობილი სიკვდილისთვის გაიმეტა. სხვანაირად, მომხდარი ისტორიის ახსნა, უბრალოდ, შეუძლებელია.


image


უჩვეულო ნაგაზის პატრონი, ქალაქ ბირმინგემში (ბრიტანეთი) მცხოვრები, 68 წლის როჯერ უილდეი (Roger Wilday) ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რაც ძაღლთან ერთად, სასეირნოდ გასვლისას მოხდა...
«დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მე და ჯეიდი, ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ გავედით. ძაღლი სულ ჩემს სიახლოვეს იყო, ვიდრე ბუჩქებს არ მივუახლოვდით. ის უეცრად ადგილიდან მოსწყდა და რამდენიმე წამში, ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. რამდენჯერმე დავუძახე და რომ არ გამოჩნდა, მეც იქით წავედი, სადაც ძაღლი უკანასკნელად დავინახე. ბუჩქებს შორის გავიარე და დავინახე, რომ ჯეიდი რაღაც ჩანთის გვერდით იჯდა. ძაღლს კიდევ ერთხელ დავუძახე და რადგან ადგილიდან არ გაინძრა, იძულებული გავხდი მე თვითონ მივსულიყავი მასთან და მენახა, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი ინტერესი?..
როგორც კი ახლოს მივედი, ჩანთაში რაღაცამ მოძრაობა დაიწყო და ვიფიქრე, რომ შიგნით კნუტები იყვნენ. მაგრამ, უეცრად პატარა ხელები დავინახე და ბავშვის ტირილი გავიგონე» – აღნიშნა მამაკაცმა ჟურნალისტთან საუბრისას.


image


როჯერმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა: «არ მინდოდა ხელი რამესთვის მეხლო, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ გამენადგურებინა. მაგრამ, ტელეფონით მითხრეს, რომ ბავშვის აყვანა შემეძლო».

შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები მივიდნენ. ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის წინ იყო დაბადებული და ის აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ჯეიდი!

მადლობა ძაღლს, რომ ის უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ჩვილი სიკვდილისთვის გაიმეტა!



image

არხის სხვა სიახლეები:


* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

* სიკვდილი მეორეა, რისაც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ – იცით, რა არის პირველი? საინტერესო ფაქტები ფსიქოლოგიის შესახებ

* იყო კი ცხენი? – ტროას დაცემის რეალური ისტორია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0