x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სპეციალური ოპერაციების თეორია - ნაწილი II

როგორც სპეციალური ოპერაციების თეორიის შესახებ სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნე, ადმირალ უილიამ ჰ. მაკრეივენის სპეციალური ოპერაციების თეორია შედგება სამი საკვანძო ასპექტისაგან. ესენია - სპეციალური ოპერაციების განსაზღვრება, ფარდობითი უპირატესობის კონცეფცია და სპეციალური ოპერაციების პრინციპები. სტატიის პირველი ნაწილი ეხებოდა ამ ასპექტებიდან პირველ ორს, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები, მასალის მოცულობიდან გამომდინარელ, მოიცავს სპეციალური ოპერაციების პრინციპების განმარტებას.

არსებობს ომის ფაქტორები, რომელთა გაკონტროლებაც რთულია, თუმცა სპეციალური ოპერაციების თეორია გვიჩვენებს, რომ ასევე არსებობს ექვსი პრინციპი, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია და რომლებიც ეფექტს ახდენს ფარდობით უპირატესობაზე. ეს პრინციპები დომინირებს ყველა წარმატებულ ამოცანაში. ამ პრინციპებიდან რომელიმეს არაფრად ჩაგდება, უგულებელყოფა და გვერდის ავლა გამოიწვევს ოპერაციის რააღაცა დოზით წარუმატებლობას.

ფარდობითი უპირატესობის მისაღწევად, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ სპეციალური ოპერაციების ქვემოთ აღწერილი პრინციპები ოპერაციის სამივე ფაზაში: დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება. პრინციპები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთის მხარდაჭერაზე არის დამოკიდებული. ექვსივე პრინციპის შესაბამისი ინტეგრირება საშუალებას აძლევს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, რომ მოიპოვონ ფარდობითი უპირატესობა.

ადმირალ მაკრეივენის სპეციალური ოპერაციების თეორიის მიხედვით სპეციალური ოპერაციების ექვსი პრინციპია:

  • სიმარტივე.
  • უსაფრთხოება.
  • რეპეტიცია.
  • მოულოდნელობა.
  • სისწრაფე.
  • მიზანი.
  • სპეციალური ოპერაციების მოდელი, რომელიც ნაჩვენებია სქემაზე, ასახავს ამოცანის დაგეგმვის, მომზადებისა და შესრულების ფაზებს შორის ურთიერთობას და გვაჩვენებს სპეციალური ოპერაციების ექვსი პრინციპის სინერგიულ ხასიათს.

    სპეციალური ოპერაციების მოდელი გამოხატავს ამ ექვს პრინციპს ამოტრიალებული პირამიდის სახით. ამოცანის წარმატება, ამოტრიალებული პირამიდის მსგავსად, არამყარად არის დაბალანსებული პირამიდის წვერზე. პირამიდის წონასწორობის დასაცავად და ომის წინააღმდეგობების ფაქტორების (მოწინააღმდეგის ნება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა) შესაკავებლად საჭიროა მორალური ფაქტორები, როგორებიცაა: გამბედაობა, ინტელექტი, სიმამაცე და სიმტკიცე.

    image

    სპეციალური ოპერაციების მოდელი

    მოდელი გრაფიკულად ასახავს ადმირალ მაკრეივენის თეორიის არსს - „მიუხედავად [მოწინააღმდეგესთან შედარებით] მათი რიცხობრივი უმცირესობისა, სპეციალური ოპერაციების ძალები იმარჯვებენ, როდესაც შეძლებენ ფარდობითი უპირატესობის მიღწევას მარტივი გეგმის გამოყენებით, რომელიც გულმოდგინედაა გასაიდუმლოებული, პერიოდულად და რეალისტურად გამეორებული და მოულოდნელად, სწრაფად და მიზანდასახულად განხორციელებული. წარუმატებლობა მოდის მაშინ, როდესაც ომის წინააღმდეგობები გადაწონიან მორალურ ფაქტორებს.“

    განვიხილოთ თითოეული პრინციპი შესაბამისი მაგალითების თანხლებით -

    სიმარტივე

    სიმარტივე არის ყველაზე კრიტიკული და ხანდახან ყველაზე რთულად დასაცავი პრინციპი. სიმარტივეს აქვს სამი ელემენტი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებისათვის: მიზნების შეზღუდული რაოდენობა, კარგი დაზვერვა და ინოვაცია. მიუხედავად იმისა, რომ სიმარტივის სამივე ელემენტს ყველაზე მეტი გავლენა განხორციელების ფაზაზე აქვს, ისინი ადრევე უნდა განისაზღვროს, რათა გაიოლდეს გეგმის შემუშავება და მისი მაქსიმალურად გამარტივება.

    image

    პოლიტიკური ან სამხედრო ვითარება გვკარნახობს ამოცანის სტრატეგიულ ან ოპერატიულ მიზნებს, მაგრამ ამოცანის მგეგმავებს ზოგადად აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ ტაქტიკური მიზნები. თუმცა, გეგმის სიმარტივისათვის აუცილებელია ტაქტიკური მიზნების რაოდენობის შეზღუდვა მხოლოდ იმით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჰიტლერმა უბრძანა გერმანელ კომანდოსებს, დაეპყრო ბელგიური ფორტი იებნ იმალი, რათა არ დაეშვათ ფორტში განლაგებული 75მმ და 120მმ-იანი ქვემეხების მიერ ახლომდებარე ხიდების განადგურება, რითაც ხელს შეუშლიდნენ გერმანული ჯავშანსატანკო დივიზიების წინსვლას ბელგიისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ფორტში იყო ცხრამეტი გამაგრებული საარტილერიო პოზიცია (თითოეულზე ორი ან სამი ქვემეხი), გერმანელებმა თავდაპირველად შეუტიეს მხოლოდ ცხრა კაზემატს. დარჩენილი ათი კაზემატი სამხრეთისკენ იყო მიმართული და არ წარმოადგენდა საფრთხეს ჩრდილოეთით მდებარე ხიდებისა თუ გერმანული დივიზიებისთვის.

    ამის საპირისპიროდ, სენტ-ნაზარის რეიდის დაგეგმვისას ბრიტანელებმა განსაზღვრეს ნორმანდიის მშრალი ნავსადგური, როგორც მთავარი მიზანი, ხოლო სამხრეთ კარიბჭე (ჩამკეტი „შლუზი“) და ნებისმიერი ხელმისაწვდომი წყალქვეშა ნავი, როგორც მეორე და მესამე დონის მიზნები. თუმცა დაგეგმვის პროცესში ძირითადი მიზნების რაოდენობა გაიზარდა თერთმეტამდე. მიზნების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია შემტევ ძალაზე კიდევ ორმოცდაათი ჯარისკაცისა და ორასზე მეტი საზღვაო დამხმარე პერსონალის დამატება. გარდა ამისა, დაემატა ათი შემტევი კატარღა, საჭირო გახდა მეტი წვრთნების ჩატარება და შეიცვალა მოქმედების ტაქტიკა ამ ცვლილებების დასაკმაყოფილებლად. როგორც ცნობილია, იმის მიუხედავად, რომ რეალური მთავარი სამიზნე - მშრალი დოკი, იქნა განადგურებული, ზედმეტ მიზნებზე გადართული ბრიტანელი კომანდოსები გერმანელებმა დაამარცხეს და დაატყვევეს.

    მიზნების შეზღუდვა და მხოლოდ აუცილებელ რაოდენობამდე დაყვანა კონცენტრირებულს ხდის წვრთნებს, ზღუდავს საჭირო პერსონალის რაოდენობას, ამცირებს მიზანზე ყოფნის დროს და ასევე ამცირებს გაუთვალისწინებელი შემთხვევების შანსს.

    ანალოგიური მაგალითების მოყვანა შეიძლება სიმარტივის სხვა ორ ასპექტზეც - კარგი დაზვერვა და ინოვაცია.

    უსაფრთხოება

    უსაფრთხოების მიზანია ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს მომავალი შეტევის წინასწარ განჭვრეტით უპირატესობის მოპოვებაში. სპეციალური ოპერაციების ბუნებაა გამაგრებულ პოზიციებზე შეტევა. ბუნებრივია, იმის მიუხედავად, ომია თუ მშვიდობა, მოწინააღმდეგეც ელოდება თავდასხმას. შესაბამისად, მომავალი ამოცანის გასაიდუმლოება ანუ ის, რომ სადღაც, რომელიღაც ობიექტს შევუტევთ, იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც მოწინააღმდეგემაც იცის, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და ელოდება ამას. უფრო მნიშვნელოვანია მისი განხორციელების საკვანძო დროების და, სულ მცირე, შეღწევის საშუალებების გასაიდუმლოება.

    მაგალითად: სტუდენტებმა, რომლებმაც ამერიკის საელჩო დაიკავეს თეირანში, საელჩოს ღია ტერიტორიები დაფარეს გრძელი ხის ძელებით, რათა არ დაეშვათ აშშ-ს შვეულმფრენების ან სადესანტო ძალების დასხდომა. ნაცისტური გერმანიის ერთერთი უძლიერესი სახაზო ხომალდი „ტირპიცი“ დაცული იყო წყალქვეშა ნავების და ტორპედოების საწინააღმდეგო ბადეებით, ასევე მყვინთავთა საწინააღმდეგო მოწყობილობებით, რომლებიც საიმედოდ იცავდნენ მას წყალქვეშა შეტევებისაგან. ოთხმა ტერორისტმა, რომლებმაც ლუფტჰანზას კუთვნილი თვითმფრინავი, ბორტი N LH181, გაიტაცა, კარგად იცოდა, რომ გერმანიასაც და ისრაელსაც ყავდა ანტიტერორისტული რაზმები, რომლებსაც შეეძლოთ თვითმფრინავზე შტურმის განხორცილება და შესაბამისად იყვნენ აღჭურვილნი მათ დასახვედრად.

    ისტორიული მაგალითების უმრავლეს შემთხვევაში, სამიზნეზე გამაგრებული მოწინააღმდეგე შესაბამისად იყო აღჭურვილი და მომზადებული, რათა თავი დაეცვა სწორედ იმ ტიპის შეტევისგან, რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. ამის მიუხედავად, ოპერაციების უმეტესობა ჩატარდა წარმატებულად. რატომ? შემტევთა მხრიდან უსაფრთხოების ზომებმა ხელი შეუშალა მტერს დროისა და ზოგ შემთხვევაში შეტევის მეთოდების ცოდნაში.

    რეპეტიცია

    ოპერაციის მომზადების ფაზაში რეპეტიცია, როგორც სავალდებულო საქმიანობა, მნიშვნელოვანია წარმატებისათვის ხელისშემშლელი წინაღობების გადალახვისათვის.

    როდესაც სონ ტეის რეიდში ჩართული საჰაერო ძალების მიზნობრივი ჯგუფი (task group) პირველად ცდილობდა შვეულფრენებით თვითმფრინავთან ერთ ფორმირებაში ფრენას, აღმოაჩინეს, რომ ასეთი მჭიდრო წყობით ფრენა იმდენად რთული იყო, რომ ეს არ ჯდებოდა „არმიის სტანდარტული მფრინავის შესაძლებლობებში“. თუმცა, ასობით საათის განმავლობაში ერთი და იგივე პროფილით ფრენის შემდეგ, თვითმფრინავის და შვეულფრენების ერთობლივი ფრენების ტაქტიკა დადგინდა და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება.

    ამოცანის შესრულებამდე აუცილებელია ერთი და სასურველია ორი სრული რეპეტიციის ჩატარება. გეგმა, რომელიც ქაღალდზე მარტივი ჩანს, აუცილებელია გაიტესტოს რეალურთან მიახლოებულ ვითარებაში. მოქმედებების გამეორება ხვეწს ინდივიდუალურ და ქვედანაყოფის უნარებს, ხოლო სრული რეპეტიცია ამჟღავნებს გეგმის სისუსტეებს. ორივე აუცილებელია ბრძოლის ველზე წარმატებისათვის.

    ქვემოთ სურათებზე ნაჩვენებია უსამა ბინ ლადენის საცხოვრებლის სურათი (მარჯვნივ) და მისი მიხედვით შექმნილი რეალური ზომის სავარჯიშო მაკეტი (მარცხნივ). ვინაიდან შემტევი ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ სართულებზე ოთახების განლაგება, აკეთებდნენ სხვადასხვა კომბინაციებს. რეპეტიციები გრძელდებოდა ყოველდღიურად თითქმის ერთი თვის განმავლობაში. ამ გაურკვევლობის და ოპერაციის დროს წამოჭრილი სხვა მოულოდნელობების (ომის წინააღმდეგობებიდან ორი ფაქტორი) მიუხედვად, შეთამაშებულმა და მრავლჯერ რეპეტიცია გავლილმა გუნდმა წარმატებით შეასრულა დავალება.

    imageimage


    გაგრძელება იქნება!!!

    0
    25
    შეფასება არ არის
    ავტორი:ბექა ოტიაშვილი
    ბექა ოტიაშვილი
    25
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0