x
image
დავითი ჩუთლაშვილი
5 მიზეზი, თუ რატომ არ არის “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკა პრაგმატული
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ხშირად საუბრობენ იმ “სიკეთეებზე, ” რაც ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან აღდგენილ ფრენებს და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას მოაქვს. სახელისუფლებო მედია ცდილობს “ქართული ოცნების” წევრები პრაგმატიკოს, გაწონასწორებულ და რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსებად წარმოაჩინოს, რომლებსაც კარგად ესმით ეკონომიკის და ბიზნესის ავან-ჩავანი, ხოლო რეჟიმის კრიტიკოსები - სულელ, ქარაფშუტა და ღრუბლებში მფრინავ იდეალისტებად გამოაცხადოს, რომლების ეკონომიკურ საკითხებში ჩაუხედაობას ჩვენი ქვეყნისთვის სამეურნეო კოლაფსის მოტანა შეუძლია.


არადა, რასაკვირველია, ეს წმინდა წყლის სიცრუე და დეზინფორმაციული შინაარსის დამღუპველი კამპანიაა, რამეთუ ყველაზე პრაგმატული პოლიტიკა სწორედ დასავლეთთან დაახლოება და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა და არა რუსეთთან და მის მოკავშირეებთან დაახლოება და რუსული სისტემის ჭანჭიკად ქცევა. ქარაფშუტა და სულელი თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს, ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც რუსეთთან დაახლოება და ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სურს. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს დღეს, როცა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. მართლაც გიჟი და პირწავარდნილი მოღალატე უნდა იყო, ასეთ ქვეყანას რომ დაუახლოვდე.


ომი


ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ 5 ძირითად მიზეზს, რის გამოც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა არაპრაგმატული და ეკონომიკურად წამგებიანია:



1. რუსეთი არის ოკუპანტი


რუსეთს მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 %. სწორედ რუსეთმა გამოყარა ასობით ათასი ქართველი მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რითაც დაანგრია ჩვენი ეკონომიკა. სწორედ რუსეთი აუპატიურებდა ქართველ არასრულწლოვან გოგონებს და ხოცავდა მათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სწორედ რუსი ჯარისკაცები თამაშობდნენ ფეხბურთს ქართველი სამხედროების თავებით და წვავდნენ ცოცხლად ქართველ მოხუცებს. ამიტომ გაყიდო ვაშლი, ღვინო თუ მწვანილი რუსეთის რომელიმე რეგიონში, თანაც ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ოდესმე შენც შენი თანამოძმეების ბედს გაიზიარებ, რაღა თქმა უნდა სრული იდიოტიზმია. რუსეთი ყოველთვის დაელოდება ხელსაყრელ მომენტს, რათა ცხვირში ძმრად ამოგადინოს თითოეული რუბლი, რომელიც შენ, როგორც უცხოტომელმა, მის ტერიტორიაზე და მასთან ვაჭრობით იშოვე. ის ყოველთვის გამოიყენებს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს საიმისოდ, რათა შენზე პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნოს.


2. რუსეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო


რუსეთი 2022 წლის მონაცემების თანახმად მსოფლიოში 137-ე ადგილზე დგას კორუფციის აღქმის ინდექსში. როგორც კი რუსეთში ბიზნესის დაწყებას დააპირებ, მაშინვე გამოჩნდება ასი ხელი, რომელიც ჯიბიდან ფულს ამოგაცლის და ათასი პირი, რომელიც შენს დოვლათს გადასანსლავს. აუტანელი კორუფციის გამო ჩვეულებრივი ქართველისთვის რუსეთში საკუთარი პროდუქციის (ღვინო, ვაშლი, მწვანილი და ა. შ.) გატანა არის შეუძლებელი. გზაზე ყოველ 1-2 კილომეტრში პოლიციელების საგუშაგო დგას, რომლებიც პირდაპირ სძალავენ ფულს იმ ადამიანებს, რომლებსაც ტვირთები გადააქვთ.


3. რუსეთი არის ყველაზე მაფიოზური სახელმწიფო


რუსეთში ორგანიზებული დანაშაული სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. პოლიცია, სპეცსამსახურები, კრიმინალური სამყარო, ბიზნესი - ყველაფერი ურთიერთგადაჯაჭვულია. თუ გავლენიანი ახლობლები და მეგობრები არ გყავს, ბიზნესის დაწყებაზე ვერც კი იოცნებებ და ვერც ვერანაირ პროდუქციას რუსულ ბაზარზე ვერ გაიტან.


4. რუსეთი არის ყველაზე სანქცირებული ქვეყანა


რუსეთს უკანასკნელი მონაცემების თანახმად დაწესებული აქვს ათასზე მეტი ეკონომიკური სანქცია. ამიტომ არათუ რუსულ კომპანიებთან, არამედ კერძო პირებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც კი იმის საფრთხეს გიქმნის, რომ შენც სანქციების ქვეშ აღმოჩნდები.


ომი


5. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო ღარიბდება


რუსეთმა თავისი რეზერვებიდან ასობით მილიარდი დოლარი უკვე გახარჯა. დღეს დარჩენილი აქვს დაახლოებით 235 მილიარდი დოლარი, რომელსაც უახლოეს თვეებში გახარჯავს, რის შემდეგაც უმძიმესი ეკონომიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდება. რუსეთის მშპ მცირდება. რუბლი უფასურდება. საბოლოო ჯამში კი რუსეთი ისევე გაღატაკდება, როგორც სხვა სანქცირებული ქვეყნები - ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი გაღატაკდნენ. ეს მხოლოდ დროის საკითხია.


ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ გიჟების და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების გარდა არავინ არ იფიქრებს, რომ მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ, ყველაზე კორუმპირებულ, ყველაზე მაფიოზურ, გაღატაკების გზაზე დამდგარ და შენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება პრაგმატიზმია. აქედან გამომდინარე “ქართული ოცნება” არანაირად არ არის არც პრაგმატული და არც ქართველი ხალხის ეკონომიკური ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება. პირიქით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ატარებს არა ქართულ, არამედ რუსულ ინტერესებს და გაატარებს მანამ, სანამ მას შენ საკუთარი სახელმწიფოს სათავეში დატოვებ. ამას ძალიან ნათლად უნდა მიხვდეს თითოეული ჩვენთაგანი.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0