x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მივედით 9 აპრილის ტრაგედიამდე - ქრონოლოგია
image

საბჭოთა კავშირში ეროვნული მოძრაობები თვითგამორკვევის მიზნით 1988 წლიდან დაიწყო, რა თქმა უნდა გამონაკლისი არც საქართველო იყო, თუმცა ამ ფონზე გააქტიურდნენ ავტონომიური რესპუბლიკებიც.


1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში ჩატარდა 30 ათას კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ე. წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი არსი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა. სეპარატისტულ დოკუმენტს ერთ-ერთი პირველი ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა აწერდა ხელს.


ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა.



ამ ფაქტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სოხუმშიც და თბილისშიც.






3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი. მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ვოვა ვეკუა (რომელიც მალევე მოკლეს სოხუმში). მიტინგის დასრულების შემდეგ, ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ლიხნის შეკრების ორგანიზატიორების დასჯის მიღწევა უნდა ყოფილიყო. თბილისში საპროტეტო აქციები ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თაოსნობით დაიწყო, თავდაპირველად სამედიცინო ინტისტუტის წინ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მალევე პროტეტსის ტალღამ რუსთაველზე, მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობაზე ამ გზით ზეწოლას შედეგი ჰქონდა.

image

5 აპრილს თბილისი პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.


6 აპრილს სოხუმში თბილისიდან დილით ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, სადაც მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია.





”სოხუმში ჩავედი და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა გავათავისუფლე, აფხაზეთის მთელი საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს გვერდით იყო, აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბაც კი” - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც 1989 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა.



ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. აქციის ინიციატორები, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები დაშლის მომხრეები იყვნენ კიდეც, მათ შორის თამარ ჩხეიძეც. მაგრამ ტრაგედიის წინ აქციას ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” უკვე ვეღარ მართავდა.




გადაწყვეტილებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა და რადიკალურად განწყობილი ლიდერები იღებდნენ. მათ აფხაზების საკითხი გვერდზე გადაწიეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გამოიტანეს.


”აფხაზეთის პრობლემა საქართველოთვის არ არსებობს, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად და მასზე კონტროლს განახორციელებს ქართველი ერი” - აცხადებდა ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გიორგი ჭანტურია.



”აფხაზი ერი არ არსებობს”, აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია.

image

ამ და სხვა ლიდერებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს უთხრეს, რომ აფხაზეთი ეს იყო კრემლის მიერ შემოგდებული ხელოვნური თემა და აქციისა და მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გამოყოფა უნდა ყოფილიყო.



7 აპრილს 23:00 საათზე სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ. ს. გორბაჩოვი საზღვარგარეთ მოგზაურობიდან მოსკოვში დაბრუნდა და ინფორმირებული იქნა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. მასთან ერთად მოსკოვში სსრკ-ის საგარეო მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. აეროპორტში პრეზიდენტს მთელი პოლიტბიურო დახვდა და ქვეყანაში არებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. თბილისში მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. როგორც გორბაჩოვს მოახსენეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი ვითარებას პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებდა. მ. გორბაჩოვმა შესთავაზა იმავე ლაინერით ჩასულიყო თბილისში ვითარების გასარკვევად. შევარდნაძე-პატიავილის ტელეფონით საუბრისას გადაწყდა, რომ იმ ეტაპისთვის შევარდნაძის თბილისში ჩასვლა დამატებით დაძაბულობას გამოიწვევდა.



უკვე ცნობილი იყო, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხტებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ, უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან, გაეროს სპეციალური მდივნის წარმოადგენლის მეთვალყურეობით.

დღის ბოლოს ჯ. პატიაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მოუწოდა ხალხს დაშლისაკენ.


image

8 აპრილს თბილისში დილით, ქალაქს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა სამხედრო ვერტმფრენთა სამმა ესკადრილიამ, ხოლო დაახლოებით შუადღეს თბილისის ქუჩებში სამი მარშრუტით და მომიტინგეთა გვერდით ჩაიარა საბრძოლო ტექნიკამ შეიარაღებული ჯარისკაცებით. ამ აქციამ მაპროვოცირებელი როლი შეასრულა. პასუხად, მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები კანონის დარღვევის მხრივ უფრო შორს წავიდნენ. დაიწყეს სატრანსპორტო საშუალებების მიტაცება, მათი მეშვეობით ჩაკეტეს როგორც რუსთაველის პროსპექტის გასასვლელები, ისე მიმდებარე ქუჩები (სულ გამოიყენეს 29 ავტობუსი, ტროლეიბუსი და სატვირთო მანქანა).


8 აპრილის მოსკოვმა მიიღო დაშიფრული დეპეშა ჯ. ი. პატიაშვილის ხელმოწერით, რომ ვითარება ქალაქში სტაბილური ხდება და კონტროლს ექვემდებარება. ე. შევარდნაძესა და ჯ. პატიაშვილს შორის შედგა აზრთა გაცვლა ტელეფონით. ჯ. პატიაშვილმა, 7 აპრილიდან 8 აპრილის ღამით მდგომარეობის სტაბილიზაციის გამო, ზედმეტად ჩათვალა ამხანაგების – ე. შევარდნაძისა და გ. რაზუმოვსკის ჩასვლა, რასაც დაეთანხმნენ თათბირის მონაწილენი. ამრიგად, შინაგანი ჯარის, მილიციისა და საბჭოთა არმიის სპეციალური ქვედანაყოფების საქართველოში გაგზავნა სკკპ ცკ-ში 7 და 8 აპრილს გამართულ აღნიშნულ თათბირებზე გადაწყდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა არა პარტიულ, არამედ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.


მთავრობის სახლის წინ მოედნიდან მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის კონკრეტული გეგმის შემუშავება გენერალმა ი. როდიონოვმა დაავალა სსრკ შსს შინაგანი ჯარების შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს, გენერალ ი. ტ. ეფიმოვს,


1989 წელს 9 აპრილს, გამთენიისას, 3 საათზე და 30 წუთზე, მაშინ, როცა მშვიდობიანი აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დასჯის გადაწყვეტილება მიღებული იყო, მომინტიგეების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოვიდა, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშუეთის ეკლესიაში.აქციის მონაწილეებმა და მით უფრო ორგანიზატორებმა არ მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და მოწოდება - გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და ამით თავიდან აეცილებინათ საშინელი საფრთხე. ისმოდა შეძახილები: ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი!” "ღმერთს შევფიცეთ!” და “არა!”

image

4:00-ზე გენერალ- პოლკოვნიკმა ი. როდიონოვმა მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.


4:05 საათზე რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ისინი პროსპექტის მთელი სიგანეზე მოძრაობდნენ, ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი. ნაწილმა მთავრობის სახლთან, ნაწილმა კი მხატვრის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლა. ჯავშანტექნიკის კვალდაკვალ მოდიოდა ჯარისკაცთა წყება, რომელიც 4:07 საათზე შეჩერდა მიჯნაზე: მხატვრის სახლში შესასვლელი — მთავრობის სახლის წინ, მარჯვენა გაზონი. ამ დროს მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის სახლის კიბესთან რჩებოდა.


პოდპოლკოვნიკმა ა. ბაკლანოვმა მეგაფონით წინადადება მისცა მიტინგის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პროსპექტი და გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება ბევრმა ვერ გაიგონა ხმაურის გამო.



საწყის პოზიციაზე, ჯარის გასვლასთან ერთად, მომიტინგეებმა დაიწყეს მოედნის დატოვება, მაგრამ მათ არ მიეცათ საკმარისი დრო დაშორიშორებისთვის. ამასთან, არც ის იყო მიღებული მხედველობაში, რომ მოედნიდან თითქმის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო, ანუ ევაკუაციის გზები მკვეთრად იყო შეზღუდული. 3 წუთის შემდეგ გაგრძელდა მოედნიდან ხალხის განდევნის ოპერაცია.

image


9 აპრილს ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო მიღებული ტრამვის შედეგად 11 აპრილს საავადმყოფოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 13 აპრილს გარდაიცვალა 1 ადამიანი ხოლო 17 აპრილს — 1 ადამიანი 9 აპრილის ტრაგედიის 21-ე მსხვერპლი — ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. გარდაიცვალა 12 მაისს საავადმყოფოში.

image

არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ცხრა აპრილიდან 20 აპრილის 11 საათამდე, სამედიცინო დაწესებულებების სტაციონარებში მოთავსებული იყო 275 დაშავებული.


დაზარალებულთა რიცხვში ასევე მოხვდა 90-მდე ჯარისკაცი.

image

თბილისის პროკურატურის ცნობით, ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებდა პროკურატურა. აღძრული საქმის გამო დაპატიმრებულ იყვნენ ხუხანაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია.

6
59
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
2023, 14 აპრილი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 7:30
გუშინ,27 წლის ფეხბურთელი ბიჭი გარდაიცვალა,ეს არის ტრაგედია,როგორც მისი ოჯახის და ახლობლების,მთელი საფეხბურთო საქართველოსი. 1989 წლის აპრილის თვეში ადამიანები შეგნებულად გავიდნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ და ყველას ექნებოდა მოლოდინი პროცესების ასეთი განვითარების,რაც იდეაში გამართლდა. წინასწარი განზრახვით წასვლა ისეთ ადგილას,სადაც დიდი ალბათობით სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,ამას გმირობა ქვია და არა ტრაგედია. ასე მიდიან ადამიანები ომებში. თუ იმას აწვებით,რომ 9 აპრილს განვითარებული მოვლენები,სსრკ ბანდის ქმედება მოულოდნელი იყო,მაშინ ტყუილად დაგინგრევიათ ის საბჭოთა კავშირი და დიახ,მაშინ ეს იქნება ტრაგედია,მაგრამ ეგრე არ ფიქრობთ არავინს,არც მაშინ ფიქრობდა და არც ახლა. ხოდა დაარქვით თავისი სახელი,ეს იყო პროცესები,რომელმაც გამოიწვია საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და ეს არის გამარჯვება.
2023, 11 აპრილი, 7:22
ჩემი აზრით,სიტყვა "ტრაგედია" არ შეესაბამება იმ პროცესებს და ზოგადად აქციების მიზანს,ეს არ იყო ტრაგედია. ეს იყო საქართველოს,ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და 1918-21 წლების სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობა. რანაირად შეგიძლიათ უწოდოთ ამას ტრაგედია? დიდიგორის ბრძოლა ტრაგედია იყო? თუ იქ ადამიანები არ დაიღუპენ? ტრაგედია მაშინ იქნებოდა,თუ ერთ მხარეს იქნებოდა ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება და მეორე მხარეს ქართველი ხალხი,მოხდებოდა დარბევა და ადამიანების გარდაცვალება. 2007 წლის 7 ნომმბერი იყო ტრაგედია,როგორც 26 მაისის აქციის დარბევა შემდგომში,ხოლო 9 აპრილი იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლაში ადამიანები იღუპებიან. სწორედ ამას ვამბობ ხოლმე,აღქმა გვიჭირს ბევრი რაღაცის და ეს სტატიაც ამაზე მეტყველებს,როგორც ამ ხნის განმავლობაში ბევრისგან მომისმენია იგივე. 2008 წლის აგვისტოს ომს ტრაგედიად მოვიხსენიებთ თუ ომად? მართლა როცა ტრაგედია იყო და მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება,იმას ვეძახით ომს და დღემდე არ არიან დასჯილები ზოგიერთი ვირეშმაკა. ჩემი აზრით,ამიტომაც ვერ შედგება საქართველო ნორმალურ სახელმწიფოდ,გამარჯვებას ვეძახით ტრაგედიას და ამას ვატენით ახალ თაობას. ვინმეს რო დავითისთვის ეთქვა რო დიდგორი ტრაგედია იყო,სარზე გააკრავდა და მტკვარს გაატანდა. მარტყოფის ბრძოლა იყო გამარჯვება,ხოლო ბაზალეთის ბრძოლა ერთი წლის მერე იყო ტრაგედია. 9 აპრილი იყო გამარჯვება,სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო დაპირისპირება იყო ტრაგედია. როცა ტრაგედიას ვარქმევთ ამ მოვლენას,შეურაწყოფას აყენებ ყველა იმ ადამიანს,რომელებიც შიშველი ხელებით იბრძოდა და აუფასურებ ამ დღის მნიშვნელობას.
2023, 11 აპრილი, 1:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 0:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6