x
image
თეონა გორდეზიანი
სიტყვები არ მოიძებნება ამ ტრაგიკული სიყვარულის გადმოსაცემად... ოლღა ოკუჯავა და გალაქტიონ ტაბიძე

ახლა ორნი ვართ. მზეს დამშვიდებით
ვუცქერით, როგორც არ გვიცქერია...
საღამოთი კი ვკითხულობთ დღიურს,
რაც კი ოდესმე დაგვიწერია.
1959 წლის 17 მარტი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა. მისი მეუღლე, ოლღა (ოლია) სტეფანეს ასული ოკუჯავა 1941 წლის 11 სექტემბერს საბჭოურ რეპრესიებს შეეწირა...
„- საყვარელო გალ, მაგრად, მაგრად, გკოცნი. ვატყობ, ვერასოდეს მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას ისე, რომ მარტონი დავრჩეთ ერთად! ყოველთვის მეშინია, რომ ვიღაც გვითვალთვალებს... ხომ ხედავ, მოწმის გარეშე წერილის დაწერასაც ვერ ვახერხებ... გალ, ხვალ აუცილებლად დამირეკე. ძალიან, ძალიან მინდა ახლა შენთან ვიყო. გკოცნი მაგრად, მაგრად. მე.“
ორჯერ დააშორეს ერთმანეთს, პირველად, 1930 წლის 29 იანვრის დადგენილებით, მიესაჯა გადასახლება შუა აზიაში 3 წლით. მეორედ კი უკვე - სამუდამოდ: ოლია დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს და ბრალად დასდეს, კონტრრევოლუციური ტროცკისტული თვალთმაქცური ორგანიზაციის წევრობა. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ, 1937 წლის 1 ივლისს 10 წლით გადასახლება მიუსაჯა და იგი ქ.ორიოლის ციხეში გაგზავნეს.
“- შენი გალონი. - მარადის შენი გ. - მარადის და მარადის შენი გალაკტიონი. - შენი მარადის და მარადის იქითაც გალაკტიონი” - ოლია შემოქმედებითი ეგზალტაციის ჟამს მოევლინა და დაემგზავრა გალაკტიონს. მან პირველმა იგრძნო და იწამა გენიის სიდიადე, მისი პიროვნული სისუსტეებიც ზუსტად შეიცნო და ბავშვივით უვლიდა და არიგებდა, ეხმარებოდა, ეალერსებოდა, აღმერთებდა.
“-გა! გალ! გალიკ! გალკინ! გალონ! გალა-კტი-ონ!” - პოეტის ხელნაწერებმა რომ უვნებლად მოაღწიეს ჩვენამდე, ამასაც ოლიას უნდა ვუმადლოდეთ.
“ - ვესალმები და ვეამბორები შენს წიგნებსა და ხელნაწერებს. აუწყე მათ, რომ ისინი ძველებურად მიყვარან და თავს ვევლები, როგორც ყოველთვის.” - ამ სიტყვებს თავისი ცხოვრების უმძიმეს წუთებში წერდა, როცა დღეები ჰქონდა დათვლილი.
“- ვკოცნი შენს ხელნაწერებს.” - ესეც ოლიას უკანასკნელი წერილის უკანასკნელი სიტყვებია, 1941 წლის 30 აგვისტოს დაწერილი - დახვრეტამდე რამდენიმე დღით ადრე!
1941 წლის 22 ივნისიდან, ნაცისტურმა გერმანიამ სწრაფად მოახერხა საბჭოთა კავშირის დასავლეთის დაპყრობა. ცხადი გახდა რომ ვერმახტის ჯარები ქალაქ ორიოლსაც მალე აიღებდნენ, ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებს კი სავარაუდოდ გაათავისუფლებდნენ და გერმანიაში გაგზავნიდნენ. ამის გამო, ბერიამ 1941 წლის 6 სექტემბერს, სტალინის სახელზე დაწერა მოხსენებითი ბარათი და ამ უკანასკნელის რეზოლუციით, 156 პოლიტპატიმარს, მათ შორის ოლღა ოკუჯავასაც დაუსწრებლად განესაზღვრათ სიკვდილით დასჯა. 1941 წლის 11 სექტემბერს, მაშინ, როცა ქალაქი ორიოლი უკვე იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ, პოლიტპატიმრები გაიყვანეს და ახლოს მდებარე ტყეში დახვრიტეს.
ციტატების წყარო: ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი: აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა, „ნაკადული“, თბილისი, 1988.image
0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0