x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელები შესაძლოა შავ ხვრელებს კვანტურ კომპიუტერებად იყენებდნენ
თუ სიცოცხლე ჩვენს სამყაროში ისე ფართოდ არის გავრცელებული, როგორ ამაზე ხშირად საუბრობენ, მაშ რატომ ვერ ვხედავთ ვერსად ამის დამამტკიცებელ აშკარა საბუთებს? ეს არის ფერმის პარადოქსის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელსაც ნებისმიერი ასტრონომი ლამის დარგის წარმოშობის დღიდან უსვამს საკუთარ თავს.


სამყარო რამდენიმეგზის უფრო ხანდაზმულია, ვიდრე მზის სისტემა. ამიტომ თუ სიცოცხლე ჩვეული მოვლენაა, წესით უძველესი გონი უკვე იმ დონეზე უნდა განვითარებულიყო, რომ კარდაშოვის მე-3 ტიპის ცივილიზაცია უნდა გამხდარიყო, რომელიც სამყაროში კიდით კიდემდე მიმოაბნევდა უზარმაზარ მეგასტრუქტურებს, რომლებსაც თანამედროვე უმძლავრესი ტელესკოპებით მარტივად შევნიშნავდით.


მაგრამ არსად მსგავსი მეგასტრუქტურების ნასახიც კი არ ჩანს; არსად არ არის არც დოუსონის სფეროები, არც თვითგამრავლებადი ზონდები და არც სხვა მსგავსი რამ.


ყველგან მხოლოდ სიწყნარე და სიჩუმეა.



მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ქართულ-გერმანულმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომელშიც მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე თეორეტიკოსი ფიზიკოსი გია დვალი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ოსმანოვი და SETI-ს ინსტიტუტის მკვლევარები შედიან, წამოაყენა მოსაზრება, რომ განვითარებული არამიწიერი ცივილიზაცია შესაძლოა შავ ხვრელებს კვანტურ კომპიუტერებად იყენებდეს.


ეს ჰიპოთეზა ცდილობს იმის ახსნას, თუ რატომ ვერ ვამჩნევთ განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციებს, თუ ეს ცივილიზაციები არსებობენ და საკმარისად წინ წასულები არიან კოსმოსური მეგასტრუქტურების შესაქმნელად.


გია დვალის, ზაზა ოსმანოვის და SETI-ს ინსტიტუტის ახალი კვლევა ინტერნეტში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა და გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო ჟურნალ Astrobiology-საც გადაეგზავნა.


გია დვალიც, ზაზა ოსმანოვიც და SETI-ს მეცნიერებიც დოუსონის სფეროებს და მის მსგავს მეგასტრუქტურებს მთელი სამყაროს მასშტაბით გაფაციცებით ეძებენ. მაგრამ მათი ძიება აქამდე მხოლოდ ვარსკვლავებით იყო შემოფარგლული. ახლა კი ახალი მოსაზრების წამოყენების შედეგად ძიების ველი გაფართოვდება და მას შავი ხვრელებიც დაემატება.


რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი შავი ხვრელი კვანტური ინფორმაციების საუკეთესო შემნახველია.


ყურადღების შავი ხვრელებისკენ მიმართვა და მათი გამოკვლევა ცუდი იდეა არ გახლავთ, თუმცა ნაკლებად არის სავარაუდო, იქ რამე ხელშესახები ვიპოვოთ. ნებისმიერი ტექნიკურად ზეგანვითარებული ცივილიზაცია აუცილებლად დაინტერესდებოდა მზის სისტემით და აქ საკუთარ მეგასტრუქტურებსაც ააგებდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენს პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლე ის-ის იყო ყალიბდებოდა.


უფრო ლოგიკური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ სიცოცხლე ძალიან დიდი იშვიათობა და სრულიად უნიკალური მოვლენაა და სწორედ ამიტომ ჩვენს გარდა ირგვლივ არსად ტექნიკურად განვითარებული რომელიმე ცივილიზაციის ჭაჭანებაც კი არ არის. მაგრამ ამ დასკვნამდე უფრო მყარად რომ მივიდეთ, ჯერ ყველა საპირისპირო ხელჩასაჭიდი ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. ამას კი უამრავი კვლევა და სერიოზული ძიება სჭირდება.


უცხო



0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0