x
image
მანანა თურმანიძე
რას ნიშნავს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
image


ნიკოფსია არის ისტორიული ციხე ქალაქი შავი ზღვის პირას, ქალაქ ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით 47 კმ-ზე, ახლანდელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ანტიკურ ხანაში მისი სახელი იყო - ლაზიკე, როგორც მოხსენიებულია კაბადოკიის მმართველის, მემატიანე ფლავიუს არიანეს მოსხენებაში, რომელიც მან გაუგზავნა რომის იმპერატორს, იმოგზაურა რა კოლხეთში. კოლხეთის სამეფო, არსებული ძვ. წ. VI–I საუკუნეებში, ითვლება პირველ ქართულ სახელმწიფოდ. კლასიკური ავტორების თანახმად, კოლხეთს სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრებოდა პონტოს სამეფო, დასავლეთით კი პონტოს ზღვა, ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილი. სტრაბონის (ძვ. ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი) მიხედვით კოლხეთის სამხრეთი საზღვარი აღწევდა ტრაპზონამდე. არიანე ფლავიუსს დეტალურად აქვს აღწერილი ტოპონიმები.


ნიკოფსის, იგივე ნიკოფსიის (ბერძ. Nikofsis) - ნანგრევები დღემდე შემორჩენილია კლდეზე. პირველად ის მოხსენიებულია V საუკუნის ანონიმ ავტორთან. VIII საუკუნის ბოლოს ნიკოფსი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XVI საუკუნიდან თანდათან გამოეთიშა ქართული პოლიტიკისა და კულტურის გავლენას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი უკვე ნაქალაქარია.


ქალაქი დარუბანდი (დერბენტი), ახლანდელი დაღესტნის სიდიდით მეორე ქალაქი, განსაკუთრებით აინტერესებდა დავით აღმაშნებელს. კავკასიის ქედზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ სამი გადმოსასვლელი იყო ძველ დროს, სამი ბუნებრივი გზა. ერთი აფხაზეთის სანაპიროზე გადიოდა, მეორე დარიალის ხეობაში, დვალეთში, და მესამე ქალაქ დარუბანდზე. ის დღევანდელი რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს, და ეწოდება დერბენტი.



ტოპონიმიკისთვის დამახასიათებელია გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელთა შერქმევა-გადარქმევა, ტოპონიმთა ერთიანი დაწერილობის დადგენა, უცხოურ ტოპონიმთა გადმოცემა მშობლიურ ენაზე და სხვა. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ აღნიშნულმა გეოგრაფიულმა სახელწოდებებმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ისტორიული ტოპონიმების სახეცვლილება უმნიშვნელოა.


image

1124 წლის აპრილის თვეში დავით მეფემ გაილაშქრა დარუბანდის სამთავროზე აიღო ის. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად დავით აღმაშენებელმა დაამზადებინა ორი ათასი კიდობანი, რომლებიც აჰკიდეს ათას ცხენს, თითოს ორი ცალი. კიდობნებში ჩაიმალნენ ვაჭრულად გადაცმული დავითის მეომრები. ქარავანი ქალაქში სიხარულით შეუშვეს, რადგან ყოველი ქარავანი დარუბანდელისთვის შემოსავალს ნიშნავდა, გადასახადის სახით, ხოლო მოქალაქეებისათვის კი ახალი საქონლის შეძენისა და საკუთარის გაყიდვის შესაძლებლობას.


ამგვარად, ვაჭრებად შენიღბული 3 000 გაწვრთნილი მეომარი, ქართველი ქალაქ დარუბანდში აღმოჩნდა. ღამით მათ მახვილები იშიშვლეს, გაუხსნეს დარუბანდის ჭიშკარი დავით მეფეს და მის ჯარს. ამგვარად, ქართველთა დიდმა მეფემ მინიმალური მსხვერპლით აიღო ქალაქი დარუბანდი და მის ხელში გადავიდა დარუბანდის სტრატეგიული ქალაქი. დარუბანდის გადასასვლელს ამიერიდან საქართველოს ხელმწიფე აკონტროლებდა, და კავკასიის ყველა გადასასვლელი მის ხელში იყო. მხოლოდ დავით მეფის ბრძანებით შეიძლებოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან დარუბანდის გზით გადმოსვლა სამხრეთში და პირიქით, სამხრეთიდან, შირვანისა და დარუბანდის გზით ჩრდილოეთში გადასვლა. გარდა ამისა, დარუბანდის საქარავნო გზის შემოსავლებიდან წილი საქართველოს ხაზინასაც შეავსებდა


ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ტუაფსედან დერბენდამდე საქართველოს ეკუთვნოდა ტერიტორიები დავით აღმაშენებლის დროს. „ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღვადმდე“, ე. ი. ნიკოფსიის სასაზღვრო პუნქტიდან, - რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს აზოვის ზღვამდე, - დარუბანდის სასაზღვრო პუნქტამდე, - რომელიც აკონტროლებდა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს კავკასიონისპირა მხარეს - გადაიჭიმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მთელი კავკასიონის ქედი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარი იყო.



0
683
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0