x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! – ილია მარტყოფლიშვილის ბლოგი
image

.

ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვედ არის გამოცხადებული. ეს ვერაგი სენი ჩემს ოჯახსაც შეეხო და ამ სიტყვის ყოველი ხსენება ცუდ მოგონებებს მიღვიძებს. 10 წლის ასაკიდან მუდმივად მესმოდა ამ დაავადების შესახებ. დედაჩემმა 39 წლის ასაკში შენიშნა მკერდში სიმკვრივე, რომელიც იზრდებოდა. ცდილობდნენ, არსებული რეალობა ბავშვებისთვის დაემალათ, მაგრამ დღემდე მწარედ მახსოვს, სხვა ოთახში ჩაკეტილი მშობლები რაღაცაზე რომ მსჯელობდნენ და გამოსავალს ეძებდნენ. დედას ოპერაციის ძალიან ეშინოდა, ეგონა ვერ გადარჩებოდა და 7-10 წლის ბავშვები ობლად დარჩებოდა. როგორც ჩანს, თავადაც ობლად გაზრდილს, ოპერაცია იმედს არ აძლევდა. ამდენად, ონკოლოგიურ საავადმყოფოში შეთავაზებულ გამოსავალს არ თანხმდებოდა, რაშიც თითქმის ორი წელი დაკარგა. დაავადება კი პროგრესირებდა და კვერცხის ზომას აღწევდა.

.


კიბოსთან ბრძოლის დაგეგმვა ოჯახში, ცხადია, ჩემი და ჩემი ძმისგან მალულად ხდებოდა. კარს მიღმა ცალკეული ფრაზები მესმოდა-ხოლმე, მაგრამ ასაკის გამო ბევრს ვერაფერს ვიგებდი. როგორც აღმოჩნდა, დედა მცდარი გზით წავიდა, ე.წ. „ექიმბაშების“ იმედად ცდილობდა გადარჩენას. ყველა ხავსს ეჭიდებოდა, ოღონდ ოპერაციულ ჩარევას გადარჩენილიყო. დიაგნოზის დასმის შემდეგ ონკოლოგიურისკენ გახედვაც არ უნდოდა და ძირითადად სახალხო მკურნალებში დადიოდა. მუდმივად კეთილისმსურველებში რეკომენდირებულ მისამართებს ეძებდა. დიდხანს სვამდა ხან ბალახის ნახარშებს, ხან საკუთარ შარდს. რა არ სცადა, მაგრამ ფულის ხარჯვის გარდა ვერაფერი მოხერხდა. ქვეყანაში ურთულესი 90 წლები იდგა: ომი, უშუქობა, უმუშევრობა, უფულობა, უპურობა და ა.შ.

.

დროის კარგვისა და სიმსივნის ზომაში მატების გამო მკერდის ამპუტაცია გარდაუვალი გახდა, ამან კიდევ უფრო შეაშინა პაციენტი. საბედნიეროდ, კიბო ავთვისებიანი არ აღმოჩნდა. ეს იმედის ნაპერწკლად ნამდვილად იქცა ჩვენთვის, მაგრამ ოპერაციული ჩარევა რთულად დასაძლევი და რისკების შემცველი იყო.

.

წლების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მოულოდნელად დასმული საშიში დიაგნოზის შემდეგ დედას რეაგირება არასწორი იყო. დაიბნა, შეშინდა და ორი წელი დაკარგა ოპერაციამდე. ვერც გარშემომყოფებმა შევძელით სათანადო მხარდაჭერა. ვითარებას ინფორმაციის სიმწირეც ართულებდა. საბოლოოდ მაინც დათანხმდა ოპერაციას, რომელიც ჯობდა საწყის ეტაპზე გაეკეთებინა. არ მახსოვს ვინმემ დაითანხმა, თუ ბევრი უშედეგო წვალების შემდეგ თავად გადაწყვიტა ონკოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია დაენიშნა. კონსტანტინე მადიჩი ამ დარგში საკმაოდ ცნობილი და ძლიერი ქირურგი იყო, სწორედ მან მოჰკვეთა მკერდი დედას. დროული ოპერაციის შემთხვევაში მკერდის შენარჩუნების შანსი იყო.

image.

კინოკადრივით მახსოვს ლისის ტბაზე ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მაღალი შენობა, დაუსრულებელი კიბის საფეხურები, რომელსაც დედის სანახავად ავდიოდით, ქაოსი დერეფნებში და საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი. ხანგრძლივ სტრესს ბედნიერი დასასრული ჰქონდა, დედა მკერდმოკვეთილი, თუმცა ჯანმრთელი გამოწერეს. ახლაც თვალწინ მიდგება სცენა - გამოწერამდე კლინიკის ეზოში შესულებს დედა მეხუთე სართულის აივნიდან ხელს რომ გვიქნევდა. ჩვენ ამ დიაგნოზზე გავიმარჯვეთ და მოგვეცა შანსი, ცხოვრება ძველებურად, ისევ ერთად გაგვეგრძელებინა... თუმცა, ცხადია, ყველა ქალი ვერ ახერხებს ძუძუს კიბოზე გამარჯვებას. დედას მეგობრებიც, რომელთანაც საერთო დიაგნოზმა დააახლოვა, მალე გარდაიცვალნენ. ძუძუს კიბომ ბევრი ბავშვი ნაადრევად დააობლა და ქმარი დააქვრივა. ის ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ლიდერია. ხშირად ოპერაციული ჩარევა სიკვდილს უფრო აჩქარებს კიდეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გაგვიმართლა და უარესი სცენარი აგვარიდა.

.

ათ წლამდე ბავშვებისთვის ცხადია ურთულესი იყო, როცა დედა თბილისში რჩებოდა, ან საავადმყოფოში იწვა. აუწერელი განცდაა, სკოლაში წასვლის წინ დედა რომ არ გაღვიძებს, არ გამზადებს და არც უკან დაბრუნებულს გხვდება სახლში. ჩვენზე ბიცოლა ზრუნავდა, მისი მადლიერი ვარ, მაგრამ ამ ასაკში მყოფი მოზარდებისთვის დედის მზრუნველობა უმთავრესია და დედის გარეშე ყოფნა სტრესია. ვითარებას ისიც ამძაფრებდა, რომ ბოლომდე არავინ გვიხსნიდა მიზეზებს და ეს პერიოდი გაურკვევლობაში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არც მაშინ გაგვიაზრებია რეალურად რა საფრთხის წინაშე ვიდექით, თორემ ჩვენი განცდები და რეაქციები ალბათ ბევრად მძაფრი იქნებოდა.

.

ამ დღეებში დედას 67 წელი შეუსრულდა, მართალია ძუძუს კიბომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაუნგრია, მალე დიაბეტი დაემართა, შემდეგ გამწვავდა, მხედველობა დაკარგა. თირკმელები და სახსრები დაუავადა, გადაადგილებაც უჭირს, მაგრამ დედამ ძუძუს კიბოზე მაინც გაიმარჯვა და სიცოცხლე შეინარჩუნა. შვილების გაზრდა და დაფრთიანება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ორგანოს სამკურნალოდ სულ საავადმყოფოებში დავდივართ, მაინც გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ ამ სენმა დედა ვერ წამართვა. ძალიან მორიდებული და კომპლექსებიანი ბავშვი ვიყავი, ამიტომ მგონია რომ, ობლის სტატუსი და უდედოდ გაზრდა ჩემს განვითარებას შეაფერხებდა.

.

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ყოველწლიური სკრინინგი. ბევრჯერ დადასტურდა, რომ ძუძუს კიბოს დროული აღმოჩენა და ადრეულ ეტაპზე რეაგირება გამარჯვების შანსს ზრდის. ამიტომ, ნუ დაკარგავთ დროს, სახელმწიფომ გამოკვლევები რეგიონებშიც ხელმისაწვდომი და უფასო გახადა. ნუ გადადებთ, გააკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა და იყავით დაცულები!

გახსოვდეთ, კიბო დიაგნოზია და არა განაჩენი!

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0