x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
წარმოუდგენელი ამბავი მაღაროელებსა და გმირ ვირთხაზე

ეს ამბავი კუზბასში (კემეროვოს ოლქი, რუსეთი), გასული საუკუნის 70–იან წლებში მოხდა. მაღაროელები ქვანახშირს ჭრიდნენ, როდესაც კუთხეში ვირთხის ბუდე აღმოაჩინეს და მასში მყოფ დედას და მისი შვილებს მაშინვე გაუსწორდნენ. მაგრამ, ერთი პატარა ვირთხა გადარჩა... და მასზე ბრიგადამ ზრუნვა დაიწყო: რძეს ასმევდნენ, აჭმევდნენ. ხოლო, თუ ატყობდნენ, რომ ცუდად იყო, რძეში ანტიბიოტიკებს ურევდნენ.

ასეთი ზრუნვის შედეგად, ვირთხა მოძლიერდა, გაიზარდა და დიდ, კარგად ნაკვებ ვირთხას დაემსგავსა. მას მაღაროელებმა ერიომა დაარქვეს.


image


ერიომა ბრიგადის სრულფასოვანი წევრი იყო და თავისი წილი სურსათ–სანოვაგეც კი ჰქონდა, უყვარდა ლორი და ახალი პური და ყოველთვის, ბრიგადის სხვა წევრებთან ერთად სადილობდა.

ქვანახშირის მაღარო, რომელშიც ბრიგადა მუშაობდა, ძალიან ძველი იყო და ერთ დღეს ავარია მოხდა — მეთანი აფეთქდა და გვირაბი ჩამოინგრა. შედეგად, 200 მ–ის სიგრძის გასასვლელი, ლიფტის ლილვთან ერთად, ჩაიკეტა.

რამდენიმე მაღაროელი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა, დანარჩენებმა მაღაროს სიღრმეში მოასწრეს გაქცევა. როდესაც ხმაური შეწყდა და მაღაროელები გონს მოვიდნენ, საკუთარი შანსების დათვლა დაიწყეს. ჰაერზე წვდომა ჰქონდათ, მაგრამ წყლის და საკვების გარეშე, დიდ ხანს ვერ გაძლებდნენ... მათთან მისასვლელად კი, მაშველებს, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდებათ. ანუ, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ და დაღონდნენ... უეცრად, სიბნელეში, ვირთხის ორი თვალი გამოჩნდა — მათთან ერიომა მივიდა.

მას ფარანი მიანათეს და დაინახეს, რომ ვირთხა უცნაურად იქცეოდა — ის ზურგზე დაწვა და თათების ქნევა დაიწყო, შემდეგ წამოხტა, გარკვეული მანძილი გაირბინა და ისევ დაწვა... და ასე რამდენჯერმე გააკეთა.

— ალბათ, გვეძახის, — ივარაუდა ერთმა მაღაროელმა.

საქმე მაინც არაფერი ჰქონდათ და მას გაჰყვნენ. ვირთხა მიხვდა, რომ ადამიანები მისდევდნენ და აღარ შეჩერებულა. მან მაღაროელები ნაპრალამდე მიიყვანა, რომელიც ნანგრევებსა და გვერდით გასასვლელს შორის იყო. აღმოჩნდა, რომ აფეთქების დროს, კედელი ორ გასასვლელს შორის ჩამოინგრა და ნაპრალის გავლით, მეორე გვირაბში შეიძლებოდა გადასვლა. მაღაროელები მეორე გასასვლელისკენ ხოხვით გავიდნენ. ხოლო, ვირთხა, ადგილიდან არ დაძრულა, ვიდრე ყველა მათგანი სამშვიდობოს არ გავიდა... ბოლოს, მათ ერიომაც მიჰყვა.

მაღაროელებმა ხოხვით გაიარეს გარკვეული მანძილი და კედელს მიადგნენ... და მიხვდნენ რომ ჩიხი იყო.

— ვირთხას როგორ დავუჯერეთ? — საკუთარ თავზე გაბრაზდა ბრიგადირი.

ის იყო, უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ ვირთხა მას ეცა, შარვალი გაუღრღნა და უკბინა. მაღაროელმა ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. მაგრამ, მღრღნელმა, ერთი რომ ჩაასო მას კბილები, აღარ გაუშვა.

— ეტყობა გვეუბნება, რომ კედელი უნდა ჩამოვანგრიოთ — თქვა ერთ–ერთმა, ქამარში გარჭობილი ჩაქუჩი ამოიღო და კედელთან მივიდა.

ვირთხამ ეს რომ დაინახა, ბრიგადირს თავი დაანება და გვერდით გადახტა. მაღაროელები კი, თავისი სამუშაო ადგილიდან იარაღები მოიტანეს და კედლის დანგრევა დაიწყეს. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ფაქტობრივად, არ გაჩერებულან. როცა ბატარეები დაჯდა — სიბნელეში ანგრევდნენ. ემოციების გარეშე, ავტომატურად მუშაობდნენ და როდესაც ჩაქუჩი სიცარიელეში, მეორე მხარეს გადავარდა, არავის გაჰკვირვებია და არც გახარებია...

გატანჯული და გადაღლილი, მაგრამ ცოცხალი მაღაროელები, აფეთქებიდან, 2 კვირის შემდე, აიყვანეს ზემოთ და აღმოჩნდა, რომ მათ ქანები 70 მეტრზე გათხარეს. ხოლო, მეორე გასასვლელიდან მაშველებს, ჯერ ნახევარი გვირაბიც არ ჰქონდათ გაწმენდილი...

ამის შემდეგ, ერიომა მაღაროდან ბრიგადირის სახლში გადავიდა საცხოვრებლად და სიცოცხლის ბოლომდე, მშვიდ გარემოში, მზრუნველ ადამიანებს შორის ცხოვრობდა... როდესაც ის მოკვდა, მაღაროელებმა მას ძვირფასი ხის ყუთი გაუკეთეს. ხოლო საფლავზე, მარმარილოს პატარა ქვა დადგეს, რომელზეც ეწერა: "ერიომას, 25 ადამიანისგან" (სწორედ ამდენი ადამიანი იყო, იმ დროს, გადარჩენილი ექვსი მაღაროელის ოჯახში).

ქვა დღემდე, ისევ იქ დევს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

* სარწმუნოებისთვის წამებულები 2 საუკუნის შემდეგ გაცოცხლდნენ... და ამის მოწმე მთელი ქალაქი იყო

* საოცარი რეინკარნაცია: ინგლისელმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ტაძრის მცველად 2000 წლის წინ



0
666
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0