x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
არის თუ არა მარიხუანა უსაფრთხო
image

მარიხუანა მიიღება მცენარე კანაფიდან. მასში შემავალი კომპონენტები ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი წარმოადგენენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მარიხუანას მოხმარებისას ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ყველა ორგანოთა სისტემას. მისი მოქმედება გრძელდება მოწევიდან 3-4 საათის განმავლობაში. თავის ტვინში არსებობს გარკვეული უბნები: ჰიპოკამპი, ნათხემი, ქერქი, რომლებიც პასუხიმგებელინი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, სიამოვნების განცდაზე, კოორდინაციაზე, დროის აღქმაზე. სწორედ ამ უბნებშია მაღალი კონცენტრაციით განლაგებული კანაბინოიდური რეცეპტორები. მათზე მარიხუანას მოქმედებისას ვითარდება სხვადასხვა ფუნქციური დარღვევა, რასაც მოჰყვება მეხსიერების დაქვეითება, მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების დათრგუნვა. მარიხუანას მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდ ასაკში, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს ნერვული ბოჭკოების რაოდენობის შემცირება და თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითება, ამასთანავე ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა აზროვნების დაბინდვა, დიალოგის წარმოების სირთულე, კოორდინაციის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მატულობს გულის ცემის სიხშირე (გცს), ქვეითდება არტერიული წნევა, იზრდება სტენოკარდიული შეტევათა რისკი და ტკივილი გულმკერდის არეში.

მარიხუანას კვამლი ფილტვებზე ზემოქმედებს თამბაქოს მსგავსად. მისი აქტიური მომხმარებლები ხშირად ავადმყოფობენ სასუნთქი სისტემის დაავადებებით, აღენიშნებათ ქრონიკული ბრონქიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის პროდუქტიული ხველა. ჯერ-ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არაა იწვევს თუ არა მარიხუანა ფილტვის სიმსივნეს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს რისკი შედარებით დაბალია მარიხუანას მწეველებში თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებთან შედარებით.


საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ვითარდება პირის ღრუში არასასიამოვნო გემოს შეგრძნება, პირის სიმშრალე, ენის შეშუპება, ღებინების შეგრძნება, დისპეპსია (საჭმლის მონელების დარღვევა), დიარეა, ტკივილი კუჭის არეში.

მარიხუანას ხანმოკლე გვერდითი ეფექტებია - თვალების სიწითლე, პირის სიმშრალე, ხმის ჩახლეჩა, გაძლიერებული მადა, მომატებული გცს, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, ოფლიანობა, სისხლში გლუკოზის დაქვეითებული დონე, დაბინდული აზროვნება, კოორდინაციის და მოტორიკის დარღვევა, შფოთვა, პარანოია (ფსიქიკური დაავადება, აფექტური ბოდვითი იდეები) და ფსიქოზი. მარიხუანას აქტიურ მომხმარებლებში გვერდითი ეფექტები შესაძლებელია გახანგრძლივდეს რამდენიმე დღე ან კვირა. აქტიური მოხმარებისას გამოხატულია ფსიქიური აშლილობა, როგორიცაა დეპრესია, დაძაბულობა, ფიქრი სუიციდის მცდელობაზე, ხანმოკლე ფსიქოზი, შიზოფრენია. ზოგჯერ აღინიშნება დისფორია (უბედურების განცდის შეგრძნება), ეიფორია (ბედნიერების განცდა).

მარიხუანას აქტიური მოხმარებისას შესაძლებელია განვითარდესმამაკაცებში ტესტოსტერონის და სპერმატოზოიდების როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი შემცირება. რაც თავის მხრივ რთულდება იმპოტენციით და უნაყოფობით; პერიფერიული არტერიების შევიწროვება, შექცევადი ინსულტი.;არტერიული წნევის დააქვეითება, განსაკუთრებით მათში ვინც ღებულობს ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს;გამონაყარი კანზე;განსაკუთრებით მათ ვისაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ან მომატებული მგრძნობელობა კანაბინოიდზე შესაძლებელია განვითარდეს კონიუქტივიტი, რინიტი, ასთმა;ყურის მხრივ სხვადასხვა გართულებები (შუილი, ხმები ა.შ.);მწეველთა 10%-ში შესაძლებელია განვითარდეს მიჩვევა;

მარიხუანას გამოყენება რეკომენდებული არაა:ალკოჰოლთან ერთად;მათთვის ვისაც მხედველობის პრობლემები აღენიშნებათ. მარიხუანა კიდევ უფრო აღრმავებს თვალის მხრივ პრობლემებს - იწვევს თვალის სიმშრალეს, ზრდის თვალშიდა წნევას;როდესაც აღინიშნება ფსიქიკური დარღვევები, რადგან იზრდება აგრესიის რისკი, მანია, დეპრესია, ჰალუცინაცია, უუნარო მდგომარეობა, ასევე სუიციდის მცდელობა;ორსულობის პერიოდში, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდგომში ნაყოფის წონაში ჩამორჩენა;განსაკუთრებით საფრთხილოა მეძუძურებსა და ორსულებში მარიხუანას გამოყენება. კვლევებმა ცხადჰყო რომ მარიხუანამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა: ნაყოფის განვითარების შეფერხება, ზრდაში ჩამორჩენა, სხვადასხვა ანომალიები, სიმსივნე, გაიზარდოს ლეიკემიის განვითარების რისკი.


მარიხუანას აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძით;

მარიხუანას მოხმარება ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ასპირინი, ანტიკუაგულანტები (სისხლის გამათხევადებელი), ვარფარინი, ჰეპარინი, ანტითრომბოციტული პრეპარატები (კლოპიდოგრელი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი) ზრდის სისხლდენის რისკს.

ამრიგად, მარიხუანას აქტიური გამოყენება იწვევს ორგანიზმში მთელ რიგ დარღვევებს, რის შედეგადაც უარესდება მარიხუანას მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხი.

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0