x
პნევმონია - კლასიფიკაცია და მკურნალობა
image
პნევმონია წარმოადგენს ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებას, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.მას იწვევს ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და ვირუსები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი), რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. პნევმონია ზოგჯერ ინფექციის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით გავრცელების შედეგადაც ვითარდება.

პნევმონიის მიზეზი მრავალრიცხოვანია: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები.
მოზრდილებში მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია, ბაქტერიებიდან
კი - პნევმოკოკი. ამას გარდა, პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, გრამ-უარყოფითმა ბაქტერიებმა და სხვა.

ფილტვების ანთება ზოგჯერ ვირუსული წარმოშობისაა - გამოწვეული A და B ტიპის ვირუსით, ადენოვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, ასევე სპეციფიკური ინფექციების გამომწვევი ვირუსებით, როგორებიცაა: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა.

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები. გამოვლენილია პნევმონიის გამომწვევების ახალი ჯგუფი -ბაქტეროიდები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა პირის ღრუს არაპათოგენურ ფლორად. გამომწვევი ფილტვის ქსოვილში აღწევს ბრონქოგენური, ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით, როგორც წესი, ზედა სასუნთქი გზებიდან.


კლასიფიკაცია:

პნევმონიის სახის დადგენას მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფილტვების კლინიკურ-მორფოლოგიური ანუ ანატომიური ერთეულების დაზიანების მიხედვით განასხვავებენ:

-წილოვან, ფიბრინოზულ, კრუპოზულ პნევმონიას - დაზიანებულია მთელი წილი;

-სეგმენტურ პნევმონიას - დაზიანებულია წილის სეგმენტი;

-წილაკოვან, კეროვან, კატარულ პნევმონიას, ბრონქოპნევმონიას - დაზიანებულია ფილტვის წილაკი;

-ტოტალურ პნევმონიას - დაზიანება მოიცავს მთელ ფილტვს.

პათოგენეზის მიხედვით განსხვავებენ:

-პირველად პნევმონიას, რომელიც დამოუკიდებელ დაავადებად აღმოცენდება;

-მეორეულ პნევმონიას, რომელიც პნევმონია ვითარდება რომელიმე სხვა, თუნდაც ფილტვის დაავადების ფონზე.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე პნევმონიას და გახანგრძლივებულ პნევმონიას.
იმისდა მიხედვით, სად განვითარდა პნევმონია, გამოყოფენ:

-საყოფაცხოვრებო პირობებში სპონტანურად ანუ თავისთავად აღმოცენებულ პნევმონიას;

-ჰოსპიტალურ პნევმონიას.

გარდა ამისა, პნევმონია შეიძლება იყოს ცალმხრივი, როდესაც მხოლოდ ერთი ფილტვი ზიანდება და ორმხრივი - როდესაც ზიანდება ორივე ფილტვი.

განასხვავებენ პნევმონიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავეთა რიცხვს მიაკუთვნებენ კრუპოზულ და კეროვან პნევმონიებს. ცალკე გამოყოფენ ინტერსტიციულ ფორმას, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ფილტვის შემაერთებელ ქსოვილს მოიცავს. ეს ფორმა უმეტესად გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გართულებად ვითარდება.

კრუპოზული პნევმონია.

კრუპოზულ პნევმონიას ძირითადად პნევმოკოკი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის მთელი წილის ანთება. აღმოცენდება, როგორც წესი, ძლიერი გაციების შემდეგ. იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით. გულმკერდის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ხველისა და ღრმა სუნთქვის დროს ძლიერდება. თუ პნევმონიის კერა ფილტვის ცენტრში ან ზედა წილშია, ტკივილი შესაძლოა არ იყოს გამოხატული. პირველ დღე-ღამეს ხველა მშრალია, მოგვიანებით კი ნახველიანი. ნახველი ზოგჯერ სისხლნარევი ან ჟანგისფერია. ტუჩებისა და ნესტოების კიდეზე ხშირად ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სახე ჰიპერემიულია (აწითლებული სისხლის მოწოლის გამო), სუნთქვა - გახშირებული, დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. შეინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ - გულის საზღვრების გადიდება, ასევე - თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ზოგჯერ - შეკრულობა. ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გაჩენამ შეცვალა კრუპოზული პნევმონის ციკლური მიმდინარეობა - ფილტვის წილში მიმდინარე ანატომიური ცვლილებების ოთხ თანამიმდევრულ ეტაპად განვითარება. გახშირდა ფილტვის წილის ცალკეული სეგმენტების იზოლირებული დაზიანება, ინტოქსიკაცია, ყველა კლინიკური სიმპტომი შესუსტდა, ხოლო დაავადების მიმდინარეობა გახანგრძლივდა. კრუპოზული პნევმონია განსაკუთრებით დუნედ და ატიპურად მიმდინარეობს მოხუცებში, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე, ცუდად ნაკვებ და, საზოგადოდ, დასუსტებულ პაციენტებში. თანამედროვე მკურნალობამ პროგნოზი გააუმჯობესა და ლეტალობა ძლიერ შეამცირა. მხოლოდ გავრცობილი პროცესი, თანდართული დაავადებები და მძიმე გართულებები აუარესებს პროგნოზს. სათანადო მკურნალობის შედეგად კრუპოზული პნევმონია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი ზოგჯერ მძიმე გართულებები ვითარდება: აბსცესი, პლევრიტი, პნევმოსკლეროზი და სხვა.

კეროვანი პნევმონია.

კეროვანი პნევმონია ხასიათდება ფილტვის ქსოვილის შემოსაზღვრული ნაწილის ანთებითი დაზიანებით. დაავადება ხშირად უვითარდება დასუსტებულ პირებს, რომლებიც ავად არიან სხვა დაავადებით, აგრეთვე ოპერაციისა და ტრამვის შემდეგ. არც თუ იშვიათად, მას წინ უძღვის სასუნთქი გზების კატარული ანთების ნიშნები ფილტვის ქსოვილზე ინფექციის გავრცელებით (ამიტომაც დაავადებას ასევე ეწოდება ბრონქოპნევმონია). დაავადების გამომწვევია სხვადასხვა მიკროორგანიზმები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, ვირუსები და ა.შ.). სიმპტომები მრავალფეროვანია, ზოგჯერ დამოკიდებულია იმ ძირითადი დაავადების ხასიათზე, რომლის ფონზეც განვითარდა პნევმონია. რიგ შემთხვევებში უარესდება მხოლოდ ზოგადი მდგომარეობა და დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად. ხშირად აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა მცირე რაოდენობის ნახველით, ქოშინი. ანთების გულმკერდის ზედაპირთან ახლოს ლოკალიზაციის შემთხვევაში, გამოკვლევით შესაძლებელია განისაზღვროს პერკუტორული ხმიანობის უმნიშვნელო შემოკლება, იქვე მოისმინება წკრიალა წვრილბუშტუკოვანი ხიხინები. სისხლის ანალიზში აღინიშნება მცირე ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. რენტგენოლოგიური კვლევით, ფილტვის ქსოვილში, შეიძლება აღინიშნებოდეს სხვადასხვა სიდიდის, ინტენსივობისა და ლოკალიზაციის ინფილტრატი. ამ უკანასკნელის ფილტვის ფესვთან ახლოს განლაგების შემთხვევაში, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

დიაგნოსტიკა.

პნევმონიის დიაგნოსტირება ხდება: ლაბორატორიული მონაცემებისა და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე.

პნევმონიის მკურნალობა.

პნევმონიას, ძირითადად, მედიკამენტური გზით მკურნალობენ.
მედიკამენტური მკურნალობის ძირითადი კომპონენტია.
პნევმონიის მკურნალობა მოიცავს:

-ანტიბიოტიკოთერაპიას;

-ოქსიგენოთერაპიას;

-რეჰიდრატაციას;

-ტემპერატურისა და ტკივილის მართვას.

პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების ვადა და ანტიბიოტიკების შერჩრვა ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

აუცილებელია რაციონალური რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს სუფთა ჰაერზე (თბილჰავიან და წიწვოვანტყიან ადგილებში) ყოფნას, სწორ სუნთქვას, სამკურნალო ფიზკულტურას და ა.შ.


0
93
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0