x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ტრანსგენდერის მკვლელობისთვის დაკავებულ დედოფლისწყაროელ სპორტსმენს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

image


დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში მცხოვრებ 23 წლის კალათბურთელს პროკურატურა ტაილანდელი მასაჟისტის მკვლელობასა და კიდევ ერთი ქალის დაჭრას ედავება. ვაჩე ცაკაშვილი, რომელიც თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა და ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა, პოლიციამ 1 ნოემბერს დააკავა. ის ჯერ დედოფლისწყაროს საკალათბურთო გუნდის წევრი იყო, ბოლო ხანს კი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. მან სტუდენტობამდე არბოშიკის სკოლა დაამთავრა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ცაკაშვილი თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულის დედა და ბებია მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობენ.

გამოძიების მტკიცებით, 31 ოქტომბრის ღამეს ცაკაშვილი თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სარელაქსაციო ცენტრში შევიდა და კარის გახსნისთანავე ორი ადამიანი დაჭრა. 38 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორეს კი სახისა და კისრის არეში ღრმა ჭრილობები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მასაჟის ცენტრში სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც გაირკვა, რომ მასაჟისტები არა ქალები, არამედ ტრანსგენდერები იყვნენ და სპორტსმენის გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია. საქმის პროკურირი კი ირწმუნება, რომ ვაჩე ცაკაშვილი მკვლელობის ღამეს არ გაღიზიანებულა და არც მოკლულთან ჰქონია კონფლიქტი. პროკურორი განმარტავს, რომ ბიჭი ცენტრს ამ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვია, ძველი წყენის გამო შურისძიება განიზრახა და კიდევ ერთხელ დაბრუნდა. კარის გახსნისთანავე კი პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდა. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახალი ჩამოსული იყო და მასაჟის სალონში დროებით იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეა მეორე დაჭრილიც, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი.

თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა, 108-ე სთან ერთად 109-ე მუხლიც წარუდგინა და ახალგაზრდა სპორტსმენს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ეს კი 16-დან 20 წლით, ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულს ამ დრომდე სახაზინო ადვოკატი იცავდა, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო. უფლებადამცველის, ინგა სეხნიაშვილის თქმით, საქმის მასალებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ვაჩე ცაკაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დაკავებული წარმატებული სპორტსმენია, სასწავლებელს ამთავრებს, დიდი გეგმები აქვს და სასამართლომ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, რომ ის კიდევ ბევრჯერ ასახელებს ქვეყანას.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორ გიორგი ქობულაძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებული ვაჩე ცაკაშვილი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ.

“ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მას უბრალოდ, უნდოდა ნებისმიერი იმ პირის მკვლელობა, ვინც დაწესებულებაში იმყოფებოდა კონკრეტულ დღეს და უბრალოდ, პირველი ვინც შეხვდა ეს იყო გარდაცვლილი და მიაყენა მას დაზიანებები. ცაკაშვილი ნამყოფი იყო ამ დაწესებულებაში და ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ განეხორციელებინა მსგავსი ქმედებები. სწორედ ამ მიზნით მივიდა კონკრეტულ დღეს შემთხვევის ადგილას. გამოძიების მასალების მიხედვით მისი სურვილი იყო ყველა იქ მყოფი პირის მკვლელობა. რაც მოახერხა ეს იყო პირველივე მათგანის მოკვლა, ვინც კარები გააღო. ასევე, კიდევ ერთ პირს დაარტყა დანა, დანარჩენებმა მოახერხეს მისი წინააღმდეგობის გაწევა”, - აცხადებს პროკურორი გიორგი ქობულაძე და განმარტავს, რომ ამის თქმის საფუძველს ბრალდებულის ქცევა იძლევა.

“ანუ, იღება კარები და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი რაიმე საუბრის, შელაპარაკების გარეშე ბრალდებული იწყებს თავდასხმას. თავს ესხმის სწორედ იმ პირს, ვინც კარები გააღო, რომელიც მის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემდეგ, ასევე დანის გამოყენებით ცდილობს დაზიანებები მიაყენოს სხვა პირებსაც. ანუ, ობიექტური რეალობაა იმგვარი, რომ მას სურდა ყველა იქ მყოფისთვის სიცოცხლის მოსპობა”, - განაცხადა ქობულაძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდებული ობიექტზე რამდენიმე თვის წინ იყო, შემდეგ კვლავ ბრუნდება განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

„ამ ეტაპზე, რაც არის დადგენილი ირკვევა, რომ ვაჩე ცაკაშვილი მასაჟის ობიექტზე წარსულში მინიმუმ ერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ამოღებულია დაწესებულების ვიდეო - ჩამწერი და შესწავლის შემდეგ გაირკვევა, რეალურად რამდენჯერ იყო დაწესებულებაში”, - განაცხადა პროკურორმა.

საქმის არსებით განხილვას სასამართლო 23 დეკემბერს დაიწყებს.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0