x
image
მანანა თურმანიძე
განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის
image


ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ხშირად ვფიქრობ ადამიანის დანიშნულებაზე, მის მრწამსსა და მისიაზე, მის მიერ მოვლენების აღქმასა და მის ცნობიერებასა თუ გაუცნობიერებლობაზე. „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1, 1948 წ.. განა უფალმა თავისუფალი ნება არ მიანიჭა ადამიანს, როდესაც იგი შექმნა მის ხატად და მსგავსად და არ მოუწოდა ძმობისკენ და სიყვარულისკენ? „ .. და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1, 26-27).


ადამიანის უფლებები და მათი დაცვა დემოკრატიის პრინციპების ქვაკუთხედია, რომელსაც ემყარება დემოკრატიული, პლურალისტული საზოგადოების სულისკვეთება. მაშ რატომ და რა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს მისი საწინააღმდეგო?


ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის გამოხატვის და ამის გამო ის არ უნდა ისჯებოდეს ცივილურ, ჰუმანურ სამყაროში. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უპირველესი პრინციპია. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 19).



ადამიანის უფლებაა იცოდეს, რას გულისხმობს აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორ გამოხატოს მისი აზრი და რომ ეს მისთვის მინიჭებული უფლებაა, გამყარებული კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით. აზრის გამოხატვის თავისუფლება საფუძველს უყრის პლურალისტულ საზოგადოებას, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობა მისაღები ნორმაა და კონფლიქტების საფუძველს არ წარმოადგენს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის გარემო არ წარმოადგენს მტრობის და კონფლიქტების საბაბს. ყველა პოზიციას და ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ეს დემოკრატიული საზოგადოების პრინციპია. ყველა კონფლიქტი გადაიჭრება მშვიდობიანად, თუ ამის კეთილი ნება არსებობს.


კონფლიქტური სიტუაციების გადასაჭრელად არსებობს არაერთი ცივილური გზა, როგორიცაა კამათი, აზრთა შეჯერება, მოლაპარაკება, მაგრამ არამც და არამც ძალადობა. ღია, პლურალისტულ საზოგადოებაში ძალადობრივი გზებით საკითხის გადაჭრა მიუღებელია, ამისთვის ცივილური, მშვიდობიანი გზები არსებობს. ასეთ საზოგადოებაში მოქალაქეების ქცევა, უპირველესად ისეთ ზოგადსაკაცობიო ღირებულებებს ემყარება, როგორიცაა შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა და მკაცრად დადგენილ წესებსა და ძლიერ ინსტიტუციებს ეფუძნება. ასეთი ინსტიტუციებია სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მას-მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამ წესების დაცვის გარანტად გვევლინებიან.


როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება, საზოგადოება ყოველთვის შეძლებს გადალახოს მწვავე უთანხმოებები და მიაღწიოს შეთანხმებას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. დემოკრატიულად განწყობილი მთავრობებისთვის, აზრის გამოხატვის თავისუფლების კულტურა არ წარმოადგენს საფრთხეს, პირიქით, ეს მათ სამართლიანი, კონსტრუქციული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს, გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება კონსტრუქციული დიალოგის, კამათის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პოზიციების შეჯერების და კონსენსუსის, ანუ სადავო საკითხებზე ზოგადი თანხმობის მიღწევის მეშვეობით. სწორედ ამას უწყობს ხელს აზრის და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.


ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი):

  • ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
  • ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 3-4 მილიონს შეადგენს, რაც ერთი დიდი დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციის თანამშრომელთა რაოდენობას არ აღემატება, შეთანხმების მიღწევა რთული არ უნდა იყოს. სახელმწიფოსთვის, რომლის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ეროვნული კონსენსუსი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება უპირატესი ამოცანა უნდა იყოს, როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე თითოეული ინსტიტუციის თუ ყოველი მოქალაქისათვის. ვისაც მოქალაქეობრივი შეგნება აქვს და აცნობიერებს, თუ რაოდენ სენსიტიურ გარემოში ვცხოვრობთ, რა პერსპექტივებისა და რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ნებისმიერი უთანხმოების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ძალისხმევას არ დაზოგავს, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნას.


ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც თვითგადარჩენის და განვითარების უალტერნატივო შესაძლებლობა. ამ გზაზე მტკიცედ დგომა ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა. ამ მიზნის მიღწევაში რამოდენიმე დეკადის განმავლობაში გვეხმარებიან ჩვენი მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოები. სწორედ ამ დახმარების წყალობით მოვედით აქამდე და იმედია კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად დიდი ზეწოლისა და სირთულეებისა.


გიორგი ლეონიძის პერსონაჟისა არ იყოს მისი კლასიკადქცეული, უბრწყინვალესი ნაწარმოებიდან „ნატვრის ხე“ - ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!


მართლმადიდებლობა და ზოგადად რელიგია არ უნდა გამოიყენოს მორწმუნემ მისი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად, ეს ღვთის გმობის ტოლფასია და ამით საკუთარ თავს მივაყენებთ ზიანს. ახალი აღთქმა, პავლე მოციქულის ეპისტოლე გვამცნობს:


„თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ“. (ფილიპელთა მიმართ 1:15, 16, 17).


„მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის“. (ფილიპელთა მიმართ, 1:27).


„თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს“. (გალატელთა მიმართ, 5:1).


"ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ; მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე". (კოლასელთა მიმართ, 1:11, 23).


„მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი“. (ფსალმუნი 26:14). დიახ, სწორედ უფალს უნდა მიენდოთ და გქონდეთ უფლის იმედი, რომ დაგეხმარებათ, თუკი „ისე იცხოვრებთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას“, თუკი მის სწავლებას იზიარებთ და იცავთ მის მცნებებს.


დადგება ჟამი და ადამიანთა სხეულები მიიღებენ ჩვეულ სახეს და სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა მარადიულ ნეტარებას ან ტანჯვას ეზიარონ იმისდა მიხედვით, თუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში რა მოიმოქმედეს მათ - სიკეთე თუ ბოროტება. "სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი; ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ; რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით; მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ; ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ; რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს." (2 კორ. 5, 10).


საღვთო წერილის მიხედეით ადამიანის სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისაგან სრულიად განსხვავებული - იგი შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა ადამიანს და არამიწიერია, მას გააჩნია არაამქვეყნიური, ზეციური ბუნება, ყოველივე მიწიერთან შედარებით ადამიანის სული უპირატესია და ეს იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ ანუ, რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს თუ დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? (მათე, 16, 26). უფალი მოძღვრავდა მოწაფეებს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ ანუ, ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმათი, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს (მათე, 10, 28).


ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ რაც მეტი გვეძლევა, მით მეტი მოგვეთხოვება. თანამდებობა თუ სხვა რამ პრივილეგია ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მეტი თმენის ვალდებულებას გვანიჭებს, მეტი წინდახედულება გვმართებს, მეტად ვართ ანგარიშვალდებულები ადამიანების მიმართ, თანამოქალაქეების კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მეტად ვაგებთ პასუხს. თუკი გვეძლევა, კიდევაც მოგვეთხოვება, რაც მეტი გვეძლევა, მით მეტი მოგვეთხოვება, ეს აქსიომაა. ადამიანები განკითხვისაკენ არიან მიდრეკილნი, ეს მათი სისუსტეა, ჩვენ და ჩვენს შვილებსაც ხომ გვაქვს სისუსტეები, რომლებსაც ვპატიობთ. თვით უფალსაც კი განიკითხავდნენ, მაშ ვინ ვართ ჩვენ, რომ არ განგვიკითხონ, ნუთუ ისეთ ამპარტავნებაში ვართ, რომ უფალზე უპირატესი გვგონია თავი?


„მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან; მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ; ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის; და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე; ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის“. (მათე, 11:19-24).


ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას, მითუმეტეს ისეთი ძნელბედობის ჟამს, როგორიც პანდემიაა - რისთვის გვეძლევა განსაცდელი, განა რით დავიმსახურეთ? არაფერი დაუმსახურებლად არ გვეძლევა, ღმერთი უმაღლესი გონია, ის მამასავით მზრუნველი და სამართლიანია. ყოველი განსაცდელი ან გამოსაცდელად გვეძლევა, ან სულის საკურნებლად. მთავარია სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და სული არ წარვიწყმიდოთ.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0