x
დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე
image

აღნიშნული მეთოდი სამ საფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეების საქმიანობა. საწყის ეტაპზე მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ შეკითხვებზე, შემდეგ წყვილებში მსჯელობენ, ბოლო საფეხურზე კი წყვილებში განხილულ პასუხს კლასს გაუზიარებენ.

თავდაპირველად უნდა შევარჩიოთ ტექსტი, მოვიფიქროთ და დავსვათ შეკითხვა გამოწვევებისათვის. შეკითხვის დასმა საგრძნობლად ააქტიურებს საკითხის სწავლის მოტივაციას, ჩართულობას. ეხმარება მოსწავლეს განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი, ჩვენ კი გვეხმარება, განვსაზღვროთ მოსწავლეთა გაგების დონე. როგორც წესი მოსწავლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული იფიქრებს თუ არა დასმულ შეკითხვაზე, მაგრამ ამ მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას აქვს პასუხისმგებლობა მეწყვილესა და კლასის წინაშე. კონკრეტულად გამოყოფილი დროის შემდეგ, მოსწავლემ უნდა წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის ნააზრევი. ასე, რომ მოსწავლე ზოგჯერ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი აქტიურად ფიქრობს დასმულ შეკითხვაზე.

კითხვის დასმისას კარგად უნდა განვსაზღვროთ პასუხის მოსაფიქრებლად გამოყოფილი დრო. მოსწავლეები დასმულ შეკითხვაზე ფიქრობენ ინდივიდუალურად. ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია ეგრეწოდებული ჩუმი ფიქრისათვის, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს კარგად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პასუხი. შემდეგ მოსწავლეები წყვილდებიან და მოფიქრებულ პასუხებს ერთმანეთს აცნობენ. წყვილებში მოსწავლეები აქტიურად მსჯელობენ, კამათობენ, განიხილავენ და აზუსტებენ ერთმანეთის მოსაზრებებს. ცდილობენ მოიფიქრონ პასუხი, რომელსაც შემდეგ მთელ კლასს გააცნობენ.


მეწყვილესთან აზრის გაზიარება ეხმარება ბავსვებს სათქმელის უფრო ლაკონურად ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს თავიანთი აზრის დაფიქსირება წერილობითაც შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა სამუშაო ფურცლები.

აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებში ავითარებს ზეპირმეტყველებას, კომუნიკაციას, შეჯამებისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევებს. აჩვევს მოსწავლეებს სხვათა აზრის პატივისცემას, მოსმენასა და თანამშრომლობას.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0