x
ბრონქული ასთმა.
image

ბრონქული ასთმა -ქოშინისა და სულხუთვის განმეორებითი შეტევებით მიმდინარე დაავადებაა გამოწვეული წვრილი ბრონქების სპაზმით.ეს არის ჰეტეროგენული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების ანთებით განპირობებული ჰიპერრეაქტიულობა და ამით განვითარებული სპონტანურად ან მკურნალობის შედეგად შექცევადი ბრონქოობსტრუქცია.საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ამგვარი ზემგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით არის განპირობებული.

image

ალერგიული ანთების შედეგად სასუნთქი გზები მგრძნობიარე ხდება ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ხემცენარეების, ბალახების, მარცვლოვნების, სარეველებისა და ყვავილების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ნესტის სოკოები, მწერების შხამი, საყოფაცხოვრებო ალერგენები, სურსათი (რძე, კვერცხი, თევზი, თხილი, ციტრუსი, ნიგოზი და სხვა), ქიმიური გამღიზიანებლები, თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური სტრესი. მათი ზემოქმედებით სასუნთქი გზები ვიწროვდება, შუპდება, ივსება ლორწოთი და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს სტიმულებზე. თუ ბრონქების მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს სენსიბილიზაცია ალერგენის მიმართ სპეციფიკური (IგE) ანტისხეულების წარმოქმნით, მაშინ ამ ალერგენმა შესაძლოა ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ეს არის ალერგიული ანუ ატოპიური ასთმა .

არსებობს ბრონქული ასთმის შერეული ფორმაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაავადების გამწვავება ალერგიული და არაალერგიული ფაქტორებით. შერეული ფორმის დროს ერთდროულად არის წარმოდგენილი, როგორც კლასიკური IgE-თი გაშუალებული ბრონქული ასთმა, ისე ქრონიკული ბრონქული ასთმა და ამ უკანასკნელის მუდმივი ხასიათი განპირობებულია მწვავე რესპირაციულ-ვირუსული ინფექციებით, ან თანმხლები ჩირქოვანი რინოსინუსიტებით.

ასთმა შეიძლება არაალერგიულმა ფაქტორებმაც გაამწვავოს, მათ შორის - ამა თუ იმ წამლის აუტანლობამ, გასტროეზოფაგალურმა რეფლუქსმა. შესაძლოა, სულხუთვის მიზეზად იქცეს დიდი ზომის ჩიყვი, უცხო სხეული და ა. შ. არცთუ იშვიათად პენიცილინის რიგის პრეპარატები, ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანესთეტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შორის არ არის გამორიცხული ასთმური შეტევა. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შექცევადობა სპონტანურად ან მკურნალობის ფონზე.


ბრონქული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატი და გეოგრაფიული პირობები. მაგალითად, მაღალი ტენიანობის მქონე რეგიონებში ხშირია ბრონქული ასთმის ფორმები, როდესაც აღინიშნება სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ, ვინაიდან ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ალერგენების გამრავლებისთვის.

ბრონქული ასთმის კლინიკა.

ბრონქული ასთმის შეტევა იწყება სუნთქვის გაძნელებით, მშრალი ხველით, ზოგჯერ ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ახლავს ქოშინი, სულხუთვა, ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის გაძნელებული ამოსუნთქვა. პაციენტი იწყებს ღრმა ჩასუნთქვებს და უფრო დაძაბულ შემაწუხებელ ამოსუნთქვებს. ზოგჯერ სულხუთვის შეტევებს წინ უსწრებს პროდრომული პერიოდი: ქავილი ცხვირში, სასაში, ბეჭებსშუა და კისრის არეში და სხვა.

დიაგნოსტიკა.

დიაგნოსტირებისას საჭიროა ასთმის დიფერენცირება სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებისა და გულის პათოლოგიებისგან. ასთმის შემთხვევაში აუცილებელია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპირომეტრიით, საჭიროებისამებრ - რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევები, რათა აღმოჩენილ იქნეს (ან გამოირიცხოს) სასუნთქი გზების ინფექცია, დაზიანება, უცხო სხეული და სხვა. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ალერგიული ბუნებისაა თუ არა ასთმა, უნდა გაკეთდეს კანის ალერგოლოგიური სინჯები და სისხლის ანალიზი საერთო და სპეციფიკური IგE-ს დონის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ნახველის ანალიზი. არსებობს ასევე სადიაგნოსტიკო პროვოკაციული სინჯები: ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირების მიზნით იყენებენ დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, ცივი ჰაერის ინჰალაციას და ა.შ. ეს სინჯები მაშინ ტარდება, როდესაც ანამნეზი, კანის სინჯები და IგE-ს გამოკვლევის შედეგები ერთმანეთს არ თანხვდება. ალერგოლოგიური სინჯები უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ ცენტრში. მათი შედეგების ინტერპრეტაციას ახდენს ალერგოლოგი. პროვოკაციული სინჯები შეიძლება ჩატარდეს მაშინაც, როცა საჭიროა სიმპტომთა სიმძიმის ან წამლების ეფექტურობის შეფასება.

ბრონქული ასთმის მკურნალობა.

ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სიმპტომური და ბაზისური პრეპარატები. სიმპტომური პრეპარატები ხსნის ბრონქების სპაზმს და აღადგენს სასუნთქი გზების გამტარობას. ასეთია სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორები . ასთმის კონტროლისთვის უმეტესად ამ მედიკამენტების პერიოდული გამოყენებაც საკმარისია. მათი შეძენა შეიძლება ტაბლეტების, ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით. ისინი ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს როგორც ალერგიული, ისე არაალერგიული ასთმის დროს.
ბაზისური პრეპარატები მოქმედებს ბრონქებში მიმდინარე ანთებით პროცესებზე და გამოიყენება ხანგრძლივად, შეტევათა პროფილაქტიკის მიზნით.
მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია ალერგენებით სპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც ალერგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას ორგანიზმში. მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ საიმედო.
თუ ასთმის შეტევების მიზეზი რომელიმე კვებითი ალერგენია, ეს საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს. გამწვავების დროს სასურველია თავის შეკავება მაღალი ალერგენულობით გამორჩეული პროდუქტებისგან (რძე, კვერცხი, თაფლი, ციტრუსი, თხილი, შოკოლადი, თევზი და სხვა). ასთმიანებისთვის რეკომენდებულია სპორტი, რომელიც ადამიანს ეხმარება როგორც ასთმის კონტროლში, ისე გაკაჟებაში. სპორტის სახეობა პაციენტს ექიმმა უნდა შეურჩიოს. მაგალითად, აუზში ცურვა სასარგებლოა, მაგრამ არ არის გამორიცხული ქლორის, ნესტის ზემოქმედება, დახურულ შენობებში გასათვალისწინებელია ასთმის პროვოცირება ოთახის მტვრის ტკიპის მიერ, ამიტომ სპორტის სახეობა, დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს. ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მეტად სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, მაგრამ მათი სახეობისა და დოზირების შერჩევაც ექიმის პრეროგატივაა.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0