x
image
მანანა თურმანიძე
რატომ არის პრაიდი ღირსება?

image


სიმღერა "Glad To Be Gay" (მოხარული ვარ, რომ გეი ვარ) პირველად შესრულდა ტომ რობინსონის და მისი ჯგუფის მიერ პირდაპირ ეთერში, 1978 წლის დასაწყისში. მან ბრიტანულ ჩარტებში 18-ე ადგილი დაიკავა, თუმცა BBC- ს მიერ სიმღერა არაოფიციალურად აიკრძალა. ამ სიმღერით ტომ რობინსონმა საჯაროდ გათქვა მისი ორიენტაცია. სიმღერა აიკრძალა, რადგან იგი აკრიტიკებდა ბრიტანეთის პოლიციას, აგრეთვე 1967 წლის აქტს სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ. სიმღერა დიდი ბრიტანეთის გეების არაოფიციალური ჰიმნი გახდა. მისი ბენდის წევრები მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ ისინი არასოდეს ყოფილან გეები, მაგრამ ლგბტ და საზოგადოების სხვა დისკრიმინირებული უმცირესობების უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ.


"1970-იან და 80-იან წლებში, ტომ რობინსონი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი მამაკაცი ბრიტანეთში. მისი სიმღერა" Glad To Be Gay ", რომელიც ჰიტად იქცა, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დე ფაქტო გეების ეროვნული ჰიმნი იყო. შემდეგ ტომს სიუ ბერლი შეუყვარდა! ... ჩემი აზრით, ტომ რობინსონი საკმაოდ ღირსეულად იქცეოდა. სიუსთან ურთიერთობის დაწყებისთანავე, მან გააგრძელა საკუთარი თავის მოხსენიება, როგორც „გეი კაცი, რომელიც შემთხვევით შეყვარებულია ქალზე ". (პიტერ ტატჩელის ვებსაიტიდან).


სიუ ბერლი აღმოჩნდა ქალი, რომელთანაც მუსიკოსმა განაგრძო თანაცხოვრება და საბოლოოდ ორი შვილი შეეძინათ, მოგვიანებით კი იქორწინეს.


image

დღეს, როდესაც პრაიდის აქციების გამო ესოდენ დიდი ხმაურია ატეხილი ჩვენს ქვეყანაში, ძალაუნებურად დამაფიქრა ამ ტერმინმა - რატომ არის პრაიდი ღირსება? Pride - ინგლისური სიტყვაა და სიამაყეს ნიშნავს, ღირსება კი ინგლისურ ენაზე ითარგმნება, როგორც - Dignity. არავის ვაკრიტიკებ არასწორი თარგმანის გამო, ეს სულაც არ არის კატასტროფა, მაგრამ კატასტროფაა ის, რომ კაცობრიობა ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და ახალს იგონებს, რომლითაც ძალიან შორდება სამყაროს კანონებს. ეს ფასეულობების გადაფასება კარგს არაფერს მოგვიტანს. მე არ ვიცი რა მიღწევების გამოა ეს ხალხი ამაყი, რაიმე ახალი გამოიგონეს, რითაც კაცობრიობამ იხეირა, ადამიანებს კეთილდღეობა მოუტანა, ან განსაცდელში მყოფთ ტანჯვა შეუმსუბუქა იმით, რომ ისინი ბუნების კანონების წინააღმდეგ ილაშქრებენ? ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლას ხომ არ წააგავს? ვფიქრობ, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო სიამაყე ცოტა უხერხული და არაეთიკურია. მითუმეტეს უხერხული და არაეთიკურია ამის სახალხოდ გამოტანა და აფიშირება.


პიროვნების სექსუალობის გასაჯაროვებას ღირსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით, უღირსი და სამარცხვინო საქციელია. არსებობს საყოველთაოდ აღიარებული ტერმინი - ინტიმური ურთიერთობები, რაც გულისხმობს, რომ ის, რასაც ფიზიკური სიახლოვე ჰქვია, ინტიმურია, ანუ პირადულია, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და საჯარო არ არის. ეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა, რომელიც პრივატულია და ეს პრივატულობა დაცული უნდა იყოს, ამას მოითხოვს ელემენტარული ეთიკის ნორმები. ჩვენ, ვინც არ მივეკუთვნებით ლგბტ თემს, ხომ არ ვაფიშირებთ, თუ როგორი სექსუალური ურთიერთობები გვაქვს პარტნიორებთან და ამას არც ღირსებას, არც უღირსობას და მითუმეტეს არც სიამაყეს არ ვუკავშირებთ. წარმოიდგინეთ რომელიმე ქალმა ან მამაკაცმა სიამაყის მარში რომ მოაწყოს მისი წარმატებული სექსუალური ურთიერთობების გამო. ეს არავის აინტერესებს, ან თუ აინტერესებთ კიდეც, არავინ მისცემს უფლებას ჩაიხედონ მათ ინტიმურ ცხოვრებაში, რადგან ეს მათი უფლებაა და ამ უფლების დარღვევა კანონით ისჯება.


უნდა ითქვას, რომ ასევე უღირსობად მიმაჩნია უმცირესობების დევნა და მათი ჩაგვრა. ერთხელ ამსტერდამში ამ ე.წ. პრაიდის პარადის გამო მუზეუმში ვერ მოვხვდი, რადგან ტრანსპორტი არ მუშაობდა და ქალაქი პარალიზებული იყო. ისინი ძალიან ხმაურობდნენ, უფრო მეტიც, გამომწვევად და ცოტა დესტრუქციულად იქცეოდნენ. მაშინ ცოტა გავღიზიანდი და მეგობარს ვკითხე, რატომ აწყობენ ამ დემარშებს, რის მიღწევა უნდათ ამით? მათ ჩაგრავენ და დევნიან მთელს მსოფლიოში, რის გამოც ისინი ერთიანდებიან და პროტესტის ნიშნად აწყობენ ამგვარ აქციებსო - მიპასუხა მან.


დისკრიმინაცია, ანუ ჩაგვრა, აბსოლუტურად მიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული. ძალადობა ისჯება კანონით და კანონი უნდა მოქმედებდეს ნებისმიერი მოძალადის მიმართ. მოძალადე - უღირსი ადამიანია! თუმცა, ასევე მიუღებელია ზღვარგადასული აფიშირება საკუთარი სექსუალობის, ამაზე გაუთავებელი საუბრები და ხელოვნურად აგორებული კონფლიქტები, რაც ჩემი აზრით, ასევე აფიშირების და პროპაგანდის მიზნებს ემსახურება, თუ კიდევ რაიმე სხვას არა! ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის და ხალხის ინტერესებში არ შედის არასტაბილურობა და არეულობა, რომელსაც ეს საკითხები ხშირად იწვევს. ეს უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ - ე.წ. "ამაყებმაც" და "მოძალადე მორალისტებმაც". სხვათაშორის, ქრისტიანობას და ღმერთს ნუ გავრევთ ძალადობაში, ეს მკრეხელობაა. არსად და არასოდეს იესოს ძალადობისკენ მოწოდება არ გაუჟღერებია, პირიქით, ცოდვილები ებრალებოდა და ყველას სწყალობდა, სიყვარულით მოაქცევდა მათ!


დღეს, „სპიდი“-ს ეპოქაში და დაუძლეველი პანდემიის პირობებში, როდესაც სამყაროს ბევრად უფრო აქტუალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს, ვიდრე ვინმეს სექსუალური გადახრებია, არ მგონია „პრაიდ პარადი“ მნიშვნელოვანი იყოს ვინმესთვის. უფრო მეტიც, უადგილოა ამ თემით მანიპულირება. თუ შეიძლება, შეინახეთ რაღაც ესოდენ პირადული თქვენთვის, თავზე სხვას ნუ ჩამოამხობთ, ისიც გვეყოფა რაც დაგვამხო სამყარომ, ალბათ სწორედ განვითარების სწორი გზიდან გადახვევის გამო.


სხვათაშორის, ყველა იმპერია, სადაც ეს „არატრადიციული ორიენტაციის“ ურთიერთობები ძალიან გახშირდა, დაინგრა! შესაძლოა ზოგიერთმა არც იცოდეს, რომ სოდომა (ებრ. סְדוֹם „ცეცხლმოკიდებული“; ბერძ. Σόδομα) და გომორა (ებრ. עֲמוֹרָה „დატბორილი“; ბერძ. Γόμορρα) - ორი ბიბლიური ქალაქია, რომლებიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა დასაჯა, ქალაქში მაცხოვრებელთა ცოდვებისათვის. ვარაუდობენ, რომ ეს დაღუპული ქალაქები მკვდარი ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. დღემდე შემორჩა გამოთქმა „სოდომური ცოდვა“ რაც „გარყვნილებას“ აღნიშნავს, რომელიც ჰომოსექსუალიზმის ცოდვას მოიაზრებს, რის გამოც ასე სასტიკად განრისხდა ღმერთი (დაბადება თავი 19:2 რჯული 29, 23).


საუკუნეების მანძილზე თაობებს სწამდათ, რომ სამყაროში მოქმედებს ბუმერანგის კანონი, რასაც ვიმსახურებთ, იმასვე ვიღებთ! ნუ დაგვავიწყდება, რომ არაერთი ცივილიზაცია მოისპო და აღიგავა პირისაგან მიწისა ისტორიის მანძილზე. როდემდე უნდა ტრიალებდეს კაცობრიობა ამ ერთ მოჯადოებულ წრეზე, როგორც ციყვი ბორბალში?


მოდით, ყველამ დავიცვათ ეთიკის ელემენტარული ნორმები და ვისარგებლოთ პრივატულობის უფლებით, პრივატულ საკითხეში. პიროვნების სექსუალობა - პიროვნების საქმეა და არავის აქვს უფლება „ცხვირი ჩაყოს“ ამ პირადულ საკითხებში, ისევე, როგორც არავის აქვს უფლება თავს მოახვიოს სხვას მისი ცხოვრების წესი. თუკი ღმერთის არ გვწამს და მისი კანონები არაფრად მიგვაჩნია, ბუნების კანონებს მაინც ვცეთ პატივი, რომელთა წინააღმდეგ მებრძოლი, როგორც ვხედავთ, დაუსჯელი არავინ გადარჩა. ადამიანებო, მოდით ვისწავლოთ ერთმანეთის და საკუთარი თავის პატივისცემა - სწორედ ეს არის ღირსება. არსებობს მარადიული ფასეულობები, რომელთა გადაფასება დამღუპველია და კრახს გამოიწვევს!







0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0