x
სასკოლო და საკლასო გარემო
image

საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებლსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. საკლასო გარემოს განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები დიდი ხანია ინტენსიურად სწავლობენ, რადგან მიჩნეულია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე. კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. თბილი, მეგობრული და მშვიდი გარემო კლასში მრავალ ფაქტორს უკავშირდება, როგორებიცაა, მაგალითად: მოსწავლეთა მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია, კლასში ჩართულობა, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და სხვ. აღსანიშნავია საკლასო ატმოსფეროს გავლენა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ცნობილია, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი მშვიდი და საქმიანი საკლასო გარემო ამცირებს მოსწავლეთა აგრესიულობის დონეს. თერთმეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეფექტური მასწავლებლის ერთერთი მთავარი მახასიათებელი კლასში დადებითი ატმოსფეროს შექმნაა.

საკლასო გარემოზე საუბრისას მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოც გავითვალისწინოთ, რადგან ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ სხვა გაკვეთილებზე მოსწავლეები იშვიათად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს და საკმარისად არ ეძლევათ დისკუსიის შესაძლებლობა, ერთი მასწავლებლისთვის არც თუ ისე ადვილი იქნება მათი გააქტიურება, დისკუსიაში ჩართვა და ზოგადად, სკოლაში დამკვიდრებული წესების შეცვლა. მასწავლებელი,

რომელიც თავის გაკვეთილზე ცდილობს, შეცვალოს სკოლაში დამკვიდრებული რადიკალურად განსხვავებული ატმოსფერო, როგორც წესი, წინააღმდეგობებს აწყდება და უჭირს მოსწავლეთა ჩვევების შეცვლა.


მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად სკოლას მრავალი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლია. შეიძლება მოსწავლეთა ნამუშევრების სკოლის შენობის სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად, სასადილოში ან დერეფნებში გამოფენა. სასკოლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის მხრიდან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, თანატოლების მიერ ერთმანეთის დაჩაგვრის შემთხვევების აღკვეთას. ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად მკაცრი წესები უნდა დაწესდეს. ასევე, საგულისხმო და მნიშვნელოვანია სკოლის შენობაში სისუფთავის დაცვა და ხმაურის მინიმუმამდე დაყვანა.

ფიზიკური გარემო

პოზიტიური საკლასო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს მოწყობა, მაგალითად, მიმზიდველი და სასიამოვნო სურათების, პლაკატების და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენება. მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო მასალა კედელზე გააკრას, რაც სწავლების ეფექტური ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მხრიდან მასალის ადვილად დამახსოვრებას. საკლასო გარემოს გასაუმჯობესებლად კედელზე მოსწავლეების ნაშრომების გაკვრაცაა შესაძლებელი. შედეგად მოსწავლეებს სიამაყის გრძნობა დაეუფლებათ, რაც დადებითად იმოქმედებს სწავლის მოტივაციაზე.

საკლასო ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მცირე დეტალებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად: მერხების განლაგება, დაფის, წიგნების თაროსა და სხვა ნივთების მდებარეობა. მასწავლებელმა ისეთი საკლასო გარემო უნდა შექმნას, სადაც მოსწავლეები კომფორტულად იგრძნობენ თავს და გაუჩნდებათ მასწავლებლის, საკუთარი თავისა და თანატოლების პატივისცემის განცდა.

სკოლაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა პოზიტიური გარემოს აუცილებელი კომპონენტია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასადილოსა და დერეფნებში ზომაზე მეტი ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს სასკოლო ატმოსფეროზე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საკლასო ატმოსფეროზე (ჰერმანი და სხვები, 2002). ხშირად შედარებით მცირერიცხოვან კლასებში უფრო თბილი და მყუდრო ატმოსფერო იქმნება, ვიდრე გადაჭედილ კლასებში. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო და საკლასო გარემოს გაუმჯობესებაში მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა. ეს გამოიწვევს სასკოლო პროცესებში მათ ჩართულობას და საკუთრების განცდას, რაც, თავის მხრივ, გარემოსა და მოსწავლეთა განწყობებს გააუმჯობესებს. მოსწავლეებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების მინიჭება, აქტივობებში ჩართვა ხელს შეუწყობს სასკოლო და საკლასო გარემოს მიმართ მათი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას.

0
323
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0