x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
რა როლს ასრულებს რელიგია და სულიერება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.
image

კენეტ ი. პარგამენტი, (Kenneth I. Pargament, ) დოქტორი, წამყვანი ექსპერტი რელიგიისა და სულიერების ფსიქოლოგიაში. იგი ცნობილია სამეცნიერო მოღვაწეობითა და ანალიზით, რომელიც სწავლობს რელიგიის გავლენას ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კენეტი ხელმძღვანელობდა 2013 წლის იანვარში გამოქვეყნებულ მეცნიერულ ნაშრომს "APA Handbook of Psychology, Religion and Spirituality". გარდა ამისა, ავტორია ორი წიგნისა :The Psychology of Religion and Coping: Theory, Research, Practice ”(1997) და “ Spiritually Integrated Psychotherapy: Understanding and Addressing the Sacred ”(2007). კენეტი არის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის პროფესორი "Bowling Green-ის" სახელმწიფო უნივერსიტეტში და გამოჩენილი მეცნიერი ტეხასის სამედიცინო ცენტრის სულიერებისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტში (Spirituality and Health at the Texas Medical Center).
იგი პასუხობს APA-ს ჟურნალისტის მიერ დასულ შეკითხვებს: რელიგიას, ფსიქოლოგიას და ფსიქიკურ ჯანმრთელობის შორის ურთიერკავშირების შესახებ.


APA: თქვენ ცნობილი ხართ რელიგიასა და მისი საშუალებით პრობლემების გამკლავებას შორის კავშირების კვლევით. რა კავშირებს ხედავთ თქვენს კვლევებში: რელიგიას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და სტრესს შორის? რა განსხვავებაა დადებით და უარყოფით რელიგიურ გამკლავებასა და მის პოტენციურ შედეგებს შორის პაციენტებისთვის?

Pargament: ... მართალია, რომ ადამიანები ყველაზე მეტად სტრესულ მომენტებში მიმართავენ თავიანთ რწმენას, როგორც დამამშვიდებელსა და მხარდაჭერის წყაროს. ასევე, ზოგიერთმა ჯგუფმა, როგორებიცაა ხანდაზმულთა და უმცირესობათა ჯგუფები, შეიძლება უფრო მეტად მიმართონ თავიანთ რწმენას, ვიდრე ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ჯანდაცვის სისტემას.
ემპირიული გამოკვლევები მრავალი ჯგუფის შესახებ, რომლებიც უმკლავდებიან ცხოვრების მნიშვნელოვან სტრესორებს, როგორებიცაა: ბუნებრივი კატასტროფა, ავადმყოფობა, ახლობლების დაკარგვა, განქორწინება და სერიოზული ფსიქიკური დაავადება, აჩვენებს, რომ რელიგია და სულიერება ზოგადად ეხმარება ხალხს პრობლემების დაძლევაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ყველაზე ნაკლები რესურსი, ყველაზე მეტად უკონტროლო პრობლემებისა. ამასთან, რელიგიური დაძლევის მრავალი ფორმა არსებობს და ზოგიერთი მათგანი, სხვაზე მეტად გამოსადეგია. ხალხს შეუძლია გამოიყენოს მრავალი რელიგიური და სულიერი რესურსი, რომლებიც კრიზისულ პერიოდებში უკეთესად დაეხმარება. რელიგიური გამკლავების, ეს პოზიტიური მეთოდები მოიცავს: სულიერ მხარდაჭერას ღვთისგან, ან "უმაღლესი ძალიასაგან", რიტუალებს, ცხოვრებისეული ცვლილებების შემსუბუქების მიზნით, სულიერ პატიებას, რელიგიური დაწესებულების, ან სასულიერო პირების მხრიდან მხარდაჭერას და სტრესული აღქმის შეცვლას უფრო დიდი, კეთილგანწყობილი აღქმით, რომელსაც რელგიური მსოფლმხედველობა სთავაზობთ.
მეორე მხრივ, რელიგიური და სულიერი დაძლევის ზოგიერთი ფორმა შეიძლება უფრო პრობლემატური გახდეს. ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შეიძლება შეარყიოს და დაანგრიოს ადამიანები როგორც სულიერად და ფსიქოლოგიურად, ასევე სოციალურად და ფიზიკურადაც. ადამიანებს შეიძლება სულიერი კონფლიქტები გაუჩნდეთ ღმერთის აღქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთანაც. კვლევის დიდმა ნაწილმა დააკავშირა ეს სულიერი ბრძოლები, ფსიქოლოგიური პრობლემების მაღალ დონესთან, ფიზიკური ჯანმრთელობის შემცირებასა და სიკვდილიანობის კიდევ უფრო მეტ რისკთან. ამრიგად, ფსიქოლოგებისა და ჯანმრთელობის სხვა სხვა პროვაიდერებისათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ რელიგიისა და სულიერების ორმაგი ხასიათი; ისინი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასიცოცხლო რესურსი, მაგრამ ასევე შეიძლება პრობლემების/დისტეესის წყაროც გახდეს.

APA: როგორ იყენებენ ფსიქოლოგები რელიგიასა და სულიერებას დღეს კლინიკურ პრაქტიკაში? სხვადასხვა მიდგომებს შორის, რომელია ყველაზე ეფექტური და რატომ?


Pargament: მრავალი წლის განმავლობაში ფსიქოლოგები კლინიკურ პრაქტიკაში ერიდებოდნენ რელიგიასა და სულიერებას. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ადრეული ფსიქოლოგიის ლიდერებში, როგორიცაა ზიგმუნდ ფროიდი და ბ.ფ. სკინერი, გარკვეული რელიგიური ანტიპათიის დამოკიდებულება არსებობდა, ან შესაძლოა იმიტომ, რომ ფსიქოლოგებს, ზოგადად, არ აქვთ მზაობა ამ სფეროში. რეალურად, მეცნიერულად დამტკიცებული კარგი მიზეზები არსებობს რელიგიისა და სულიერების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. მრავალი ადამიანისთვის რელიგია და სულიერება ძირითადი რესურსია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მათ ზრდას. სხვებისთვის რელიგია და სულიერება შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემების წყაროს, რომელთა მოგვარება საჭიროა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხს სურს ფსიქოლოგიურ მკურნალობაში რწმენის საკითხებზე ისაუბროს. ფსიქოლოგები ეთიკურად ვალდებულნი არიან პატივისცემით და ყურადღებით მოეპყრონ თავიანთი კლიენტების კულტურულ მრავალფეროვნებას, ხოლო რელიგია და სულიერება ხელს უწყობენ ჩვენს პირად და სოციალურ იდენტობას. და ბოლოს, განხორციელებული კვლევები აჩვენებს, რომ მკურნალობისადმი სულიერად ინტეგრირებული მიდგომები ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა მკურნალობები. მოკლედ, მეცნიერულად კარგი საფუძველი არსებობს, რომ კლინიკურ პრაქტიკაში უფრო ყურადღებიანი უნდა იყვნენ რელიგიისა და სულიერების მიმართ.
ფსიქოლოგები ახლა ავითარებენ და აფასებენ სხვადასხვა სახის სულიერად ინტეგრირებულ მიდგომებს მკურნალობის მიზნით, მათ შორისაა: "პატიების პროგრამები", რომლებიც განქორწინებულ ადამიანებს სიმწარესა და სიბრაზესთან შეაგუებთ (დაეხმარებათ დაძლევაში); პროგრამები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარებათ, გაუმკლავდნენ თავიანთ სულიერ ტრავმებს; კვებითი დარღვევების მქონე ქალების მკურნალობა, რომლებიც ემყარება მათ სულიერ რესურსებს; და პროგრამები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლებს ეხმარება თავიანთ, უფრო მაღალ პიროვნებასთან დაკავშირებაში. ეს პროგრამები ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ წინასწარი შედეგები იმედისმომცემია. ფსიქოლოგებისათვის, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ვურჩევ "მოსინჯონ წყლის ტემპერატურა", უბრალოდ დაუსვან კლიენტებს ერთი-ორი კითხვა მათი რელიგიისა და სულიერების შესახებ. კლიენტების უმეტესობა სიამოვნებით საუბრობს ამ საკითხებზე. რელიგიისა და სულიერებისადმი საკუთარი ინტერესის გამოხატვით, ფსიქოლოგები აღებენ კარს, რომელმაც შეიძლება საუბარი უფრო მდიდარი და ღრმა გახადოს.

APA: რა განსხვავებაა სულიერებას, გაცნობიერებულობასა (Mindfulness) და მედიტაციას შორის? განსხვავდება თუ არა მადლიერება და პატიება რელიგიურ ან სულიერ კონტექსტში, იგივე სათნოებისგან საერო კონტექსტში?

Pargament: ფსიქოლოგიამ დაიწყო რიგი საინტერესო, ახალი თემების შემეცნება და შესწავლა - მედიტაცია, პატიება, მიმღებლობა, მადლიერება, იმედი და სიყვარული. თითოეულ ამ ფენომენს ღრმა ფესვები აქვს აღმოსავლეთის და დასავლეთის რელიგიურ ტრადიციებსა და ფილოსოფიებში. მიუხედავად ამისა, მკვლევარები და პრაქტიკოსები ფრთხილად ეკიდებოდნენ ამ პროცესების სეკულარულ ხასიათს. "არ არის აუცილებელი იყოთ რელიგიური, რათა იმედიტიროთ" ლიტერატურაში გახდა მთავარი "მანტრა". ცხოვრების ამ ასპექტებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სოციალური ხედვების განვითარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცვლილებასა და ზრდაზე. მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც დაიკარგოს, როდესაც ეს კონსტრუქციები მოწყვეტილია მათი უფრო დიდი კონტექსტიდან.
ამ თვალსაზრისით, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სულიერ მანტრაზე დაფუძნებული მედიტაცია, უფრო ეფექტურია ფიზიკური ტკივილის შესამცირებლად, ვიდრე საერო - მედიტაცია. ანალოგიურად, სხვა გამოკვლევებმაც აჩვენა, რომ სულიერი დახმარების ფორმები, ცხოვრებისათვის მნიშვნელობის შეძენა და პრობლემებთან გამკლავება პროგნოზირებს უფრო შედეგიან ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ვიდრე იგივე სიკეთეები საერო კონტექსტში. როგორც ჩანს, რელიგია და სულიერება არ შეიძლება მთლიანად შემცირდეს ან აიხსნას სხვა ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესებით. რელიგიური ერთობისათვის მიკუთვნებულება არ არის “კიუანის” ან “როტარი კლუბის” მიკუთვნილება. რით არის გამორჩეული რელიგია და სულიერება? ცხოვრების სხვა განზომილებისგან განსხვავებით, რელიგიასა და სულიერებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განწმინდის სფეროს - ტრანსცენდენტურობას, საბოლოო ჭეშმარიტებას, სრულყოფილებას და ღრმა კავშირს. ნებისმიერი ფსიქოლოგია, რომელიც უგულებელყოფს ცხოვრების ამ ნაწილებს, არასრულია.

APA: რომელია ის ეთიკური პრობლემები, რომლებთანაც შეიძლება იმ ფსიქოლოგების მოუწიოთ გამკლავება, რომლებიც თავიანთ პაციენტთა მკურნალობაში იყენებენ რელიგიასა და სულიერებას?

Pargament: როდესაც საქმე ეხება რელიგიას და სულიერებას, არავინაა ნეიტრალური. ეს ზოგადი წესი ვრცელდება როგორც ათეისტებსა და აგნოსტიკოსებზე, ასევე თეისტებზე. ასევე, ეს ეხებათ ფსიქოლოგებს, ისევე როგორც მათ კლიენტებს. იმის გამო, რომ რელიგია და სულიერება ადამიანებში ღრმა გრძნობებს იწვევს და რადგან ისინი ხალხის ღრმა ღირებულებებზე საუბრობენ, პრაქტიკოსი ფსიქოლოგები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამ პროცესებს: ცოდნით, მგრძნობიარობითა და მზრუნველობით მიუდგნენ. სამწუხაროდ, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების უმრავლესობა არ სწავლობს რელიგიასა და სულიერებას, როგორც ცალკე საგანს. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. კომპეტენტური ზრუნვა ეყრდნობა საბაზისო ცოდნას რელიგიური და სულიერი მრავალფეროვნების შესახებ, იმის გაგებას, თუ როგორ არის გადაჯაჭვული რელიგია და სულიერება ადაპტაციურ და ცუდად ადაპტაციურ ქცევაში, ასევე, შეფასებისა და მოგვარების უნარ-ჩვევებს, რომლებიც რელიგიურსა და სულიერ პრობლემებს უკავშირდება.
კომპეტენტური ზრუნვა, ასევე, იზრდება თვითცნობიერების ამაღლებით. არის თუ არა პირადად ფსიქოლოგი რელიგიური და სულიერი, ან ისინი რელიგიურ და სულიერ ორიენტაციას იზიარებენ თუ არა კლიენტთან, პრაქტიკოსებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათმა ორიენტაციამ კლიენტზე. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ კლიენტის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება და ავტონომია. ღია დისკუსია კლიენტებთან იმ ფასეულობების შესახებ, რომლებიც მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს, ეთიკური პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. ასევე ძალიან სასარგებლოა ექსპერტებთან კონსულტაცია, რომლებიც კარგად არიან განსავლულნი სხვადასხვა რელიგიურსა და სულიერების სფეროებში. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პერსპექტივა და სიბრძნე მოგვცეს სხვადასხვა ღირებულებისა და ეთიკური საკითხების მოგვარებაში, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რელიგიისა და სულიერების პრაქტიკაში გამოყენებისას.

ინფორმაციის წყარო: APA (American Psychological Association)

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ვალერი არავიაშვილი
ვალერი არავიაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0