x
image
თუთიკო ბერძენა
თაბაშირის გოგონა (მოთხრობა)
(მოთხრობა)
image

ვუძღვნი ყველა თავმოყვარე და კეთილშობილ ქალს


ძალიან ლამაზია თინა, ასე, 50 წლის. სევდიანი სილამაზე აქვს, დანისლული თვალები და წარბებშუა გაწოლილი ღრმა ნაოჭი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო ალამაზებს. ჩემს მეზობლად, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. თუმცა იტალიური ეზოსთვის დამახასიათებელი ოჯახური სიახლოვე მისთვის უცხოა. არცერთ მეზობელთან არ აქვს ურთიერთობა. მოგეხსენებათ, იტალიურ ეზოს ბინადართათვის ნიშანდობლივია მკვეთრად გამოხატული ცნობისმოყვარეობაც და ამიტომ ყველას შემჩნეული გვაქვს, რომ თინას მეგობრებიც არ ჰყავს. მასთან არავინ მოდის სტუმრად. მუდამ მარტოა.
მისი მარტოობა თითქოს რაღაც საიდუმლოებას მალავს ჩემთვის. ასე მგონია, ძალიან ატკინეს ადამიანებმა გული და სწორედ ამიტომ გაურბის მათთან ურთიერთობას. თინა თითქოს თავისი ასაკის ტოლი სიმძიმის ტვირთს ატარებს მხრებით. როცა ქუჩაში მიდის, ან თავდახრილია და მიწას დაჰყურებს, ან თუ თავი სწორად აქვს, მისი მზერა სადღაც შორსაა... ძალიან შორს.
როცა პატარა ვიყავი და დედა ეზოში მასეირნებდა, თითქმის ყველა მიღიმოდა, ყველა მეფერებოდა თუ ხელგადასმით არა, სიტყვებით მაინც. თინა კი თითქოს ვერც მამჩნევდა. მისთვის არ ვარსებობდი. როცა წამოვიზარდე, რამდენჯერმე ქუჩაში დახმარება შევთავაზე ჩანთის სახლამდე მისატანად, მაგრამ არასდროს გამომლაპარაკებია. ერთხელ მაღაზიაში პურს ყიდულობდა, მე კი ფუნთუშას. ჩემ უკან იდგა რიგში. დავინახე, როგორ ამოიქექა ჯიბიდან ხუთ და ათთეთრიანები, კარგა ხანს ითვალა და ბოლოს როგორც იქნა ლარად შეაკოწიწა. ვიდრე ხურდებს თვლიდა, ორივეს ნაცვლად გადავიხადე. თავი ისე დამიკრა, თვალებშიც კი არ შემოუხედავს, ვინ ვიყავი. მე ეს იმით ავხსენი, რომ ეს იყო თვალები ქვიშაში - თავმოყვარე ქალი ჩანდა და შერცხვა, რომ გადავუხადე. 3 მარტს – დედის დღეს და მერე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენი ეზოს ქალბატონები რომ შვილებისაგან და მეუღლეებისგან ყვავილებით განებივრდნენ, მე სკოლის ეზოში იები შევაგროვე, ლამაზად შევკონე და დედასაც და თინასაც კარის სახელურში გავურჭე. სულ რაღაც 2 კვირის წინ დავინახე როგორ გამოვიდა სოციალურად დაუცველთა სასადილოდან. თავზე თავსაფარი ისე შემოეხვია, რომ ნახევარი სახე არ უჩანდა, მაგრამ თინას ფიგურას და მის გაცრეცილ, თუმცა ლამაზ პალტოს როგორ ვერ ვიცნობდი? მე ბაზრიდან მოვდიოდი, ბანანის აცმა მომქონდა, დედას დაბადების დღისთვის ტორტის გამოსაცხობ სხვა საჭირო მასალასთან ერთად. ვერ მოვითმინე და ბანანებით სავსე პარკი მარმარილოსავით ჩამოქანდაკებულ ხელის მტევანზე ჩამოვკიდე. არა, ჩემკენ სახე არ მოუტრიალებია, ზევით აიხედა, მერე თავი დააქნია მადლობის ნიშნად თითქოს, მაგრამ მიმართულება არც ამჯერად ჰქონია მის სახეს ჩემკენ. გვერდიდან არ მოვშორდი, თითქოს მას ვახლდი. სახლისკენ გამოვყევი, თუმცა ასე უბრად გავიარეთ გზა.


გუშინ ჩვენს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდა. მანქანიდან მწვანეხალათიანების ბრიგადა გადმოვიდა. დიდი ჩანთით ალბათ რაღაც აპარატურა მოჰქონდათ, რადგან სხვა დროს უფრო მომცრო ჩანთით მინახავს ხოლმე სასწრაფო დახმარების ექიმები.
თინა იკითხეს. რადგან ეზოში ყველა კიბე, აივანი, კარი და ფანჯარა თითქოს ერთი ფილტვით სუნთქავს, ისეა ერთმანეთში გადახლართული და ერთ სხეულად წარმოდგენილი. თუმცა ამ სხეულში რვა ოჯახი ცხოვრობს, მაგალითად, ჩვენი მეზობელი მანანა – ეზოს გულია. ყველას სატკივარს განიცდის, ყველას სიხარულს იზიარებს.
ანა – ღვიძლი. ყველას გაჭირვების ტალკვესი და გვერდით მდგომი, თუმცა ახლა ამერიკაშია შვილებთან.
აია – თირკმელი, რომელსაც მუდამ ცოცხი უჭირავს ხელში და მისი კარის წინ დაყრილი ნაგავია თუ სხვისი კარის წინ, არც იკითხავს, ისე ასუფთავებს და ეზოდან გააქვს.
მაია – ჩვენი ეზოს ტვინია, ყველას შესახებ ყველაფერი იცის, ყველა ამბავი მასთან იკრიბება, დავალებებს და მითითებებს იძლევა, ყველაფერს ხელმძღვანელობს.
თუმცა რაც დოკუმენტებს ეხება, ყველას პატრონი მადონაა. თუ რაიმე პრობლემა გვაქვს, ყველგან ყველაფერს ის აგვარებს. მე მას ჰორმონებს ვადარებ... გაჩნია რა დროს რას აკეთებს - ხან ფარისებრი ჯირკვალია, ხან ჰიპოფიზი, ხან თირკმელზედა და ა. შ. რომ გამიგოს, ღიმილით მეტყვის, დაგაჯირკვლებ მე შენო და ჩამეხუტება.
ნუნუ– ჩვენი თვალი, ყური და სმენაა. სხვათა შორის, ყნოსვაც. მან ისიც იცის, ვისთან რა სადილი კეთდება დღეს და ვინ რომელი შამპუნით ბანაობს.


ვიდრე მეზობლებს გაცნობდით, ბრიგადა ჩემს ფანჯარას მოუახლოვდა. ირგვლივ მიმოიხედეს და ჩემ გარდა რომ ვერავინ შენიშნეს, ჩემკენ გამოემართნენ. არადა ზუსტად ვიცი, ნუნუ ახლა დგას და ფარდის ნაკეცებს შორის იჭვრიტება, საქმის კურსში რომ იყოს.
– გოგონი, ვერ მეტყვით ქალბატონ თინა მეტრეველთან რომელი კიბით ან კარით მოვხვდებით?
–ახლავე!– ფანჯარას მოვწყდი და ეზოში ჩავირბინე. თინას კარამდე ბრიგადას წინ წარვუძეხი ჯერ კიბით, მერე აივნით, მერე დერეფნით.
–აქ გვარიანი ლაბირინთი ყოფილა, ამას შენ გარეშე ვერც კი მოვაგნებდით. დიდი მადლობა, რომ დაგვეხმარე და შეუძლოდ მყოფი მეზობლისთვისაც გაისარჯე, – გამიღიმა ექიმმა.
თინას კარი ოდნავ შეღებული დაეტოვებინა, მაგრამ ვერ გავბედე პირველი რომ შევსულიყავი.
ოთახის სიღრმიდან თინას მისუსტებული ხმა გავიგონე. სიტყვებს ვერ აბოლოებდა თითქოს. ზღურბლზე ვიდექი და ვერც შიგნით შესვლა გადამეწყვიტა და ვერც უკან გამოვდიოდი, რადგან ჩემი მეორე მე არ მიშვებდა.... ზღურბლიდან ვათვალიერებდი შესასვლელს, რომელიც თინასავით მოწყენილად გამოიყურებოდა. ყველაფერი ძველი იყო ირგვლივ, რძისფერდაკრული თეთრი ფერის, ალაგ–ალაგ შეყვითლებულიც, მაგრამ ძალიან სუფთა... სუნიც იდუმალი, ზუსტად ისეთი, ბებოს ახალგაზრდობისდროინდელ სუნამოს ლამაზ შუშებს რომ ასდიოდა, როცა თავს მოვხდიდი. შესასვლელშივე იქვე, მოლბერტი იყო მიყუდებული, ისიც ძველი და ალაგ-ალაგ შეღებილი. მოლბერტს აქა–იქ თითქოს ნემსი ურტყესო, ფეხები დაჩხვლეტოდა. კედლებზე ულამაზესი ტილოები ეკიდა, ზოგი პორტრეტი, ზოგიც პეიზაჟი.


თინას საძინებლიდან ჯერ აპარატურის უცნაური ხრიალი, მერე ფხრიწის გაცლის ხმები გამოდიოდა, ბოლოს კი გაუგებარი ჩურჩული შემომესმა. ცოტა ხანში სასწრაფოს მძღოლმა საკაცე ამოიტანა. თინა ზედ გადმოიყვანეს. როგორც კი მივხვდი, რომ კარისკენ მოჰყავდათ, ნაბიჯით უკან ვისკუპე და დერეფანში გავშეშდი.


იწვა ფერმიხდილი სილამაზე საკაცეზე, რომელიც კიდევ კარგი, ორ კაცს მოჰქონდა და არა ოთხს! და უცებ გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ არის იმედი, ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი უცნაური, ჩემი იდუმალი მეზობელი!


როცა გამოატარეს, მისი მუდამ შორსმოცქირალი თვალები ჩემს სახეზე დაცვივდა. 11 წლის მანძილზე პირველად დავიჭირე მისი მზერა, პირველად აღმოვაჩინე მათში ინტერესი, მუდარა, სითბო, ღიმილი, სინანული, ყველაფერი ერთად! პირველად დამინახეს ამ თვალებმა! ადგილიდან მოსხლეტით მოვწყდი და საკაცეს გადავუსწარი, გიჟივით ჩავირბინე კიბე, გავირბინე აივანი, ეზო. ყურებში საკუთარი გულისცემა მესმოდა, თვალებშიც საკუთარი გულისცემა მიფეთქავდა ან იქნებ თინას გულისცემა იყო ეს? სახლში შევვარდი, პიანინოს თავზე შემოდგმული თაბაშირის რძისფერი გოგონას ყულაბა გადმოვიღე, რომელიც როცა დავიბადე, მამამ მაჩუქა და მას შემდეგ პიანინოზე დგას მისი დიდებულებით, თინასავით იდუმალებას რომ წარმოადგენს ჩემთვის. "ნეტა რამდენია ახლა შიგნით?" – ამ კითხვას ვსვამდი ხოლმე ყოველ ახალ წელს, ყოველ დაბადების დღეზე, როცა ახლო ნათესავები ან ოჯახის მეგობრები მასში დაკეცილ კუპიურებს მიკუჭავდნენ. ამ ყულაბის გატეხვას ვაპირებდი ყოველთვის, როცა რაიმე საოცნებო ნივთზე მეტყოდა დედა, ფული არ მაქვსო. ჯერ სკეიტბორდი მინდოდა მეყიდა, მერე ჰოვერბორდი, მერე ველოსიპედი, ბოლოს პარიზში მოგზაურობა და ლუვრის დათვალიერება მომინდა, მაგრამ გადავიფიქრე. გოგონა გასატეხად დამენანა. ის ხომ ზუსტად ჩემი ასაკის იყო? ბოლოს გადაწყვეტილი მქონდა სრულწლოვანებამდე არ გამეტეხა და მერე კი ავტომანქანა მეყიდა...
ნაცნობმა კითხვამ გამიხრა ცნობისმოყვარეობა: " ნეტა რამდენია ახლა შიგნით?". ყულაბა ჩავიხუტე, მოსასხამი საკიდიდან ჩამოვგლიჯე და ქუჩაში გავვარდი. ის–ის იყო სასწარფო დახმარების მანქანის კარი იკეტებოდა, რომ ექიმებთან მივვარდი და ვთხოვე, უფლება მოეცათ, ავადმყოფს პატრონად გავყოლოდი, ჩემ გარდა თინას არავინ ჰყავს–მეთქი ამქვეყანად. პატარა ხარო, ასაკი დამიწუნეს. დავეღრიჯე ექიმებს, 2 წუთით მაინც ამომიშვით, ერთს მოვეფერები–მეთქი. ამიშვეს.
თინას შუბლზე თვალების გამყოფი საზღვარივით გაწოლილ ნაოჭს თითი გადავუსვი, მერე იმ ხელზე ვაკოცე, რომელიც გადასხმის პეპლისგან თავისუფალი ჰქონდა და გოგონას ფორმის თაბაშირის ყულაბა გვერდით დავუდე.
–ეს თქვენია. ამაში, სავარაუდოდ, უკვე ბევრი ფულია, დაგეხმარებათ გამოკეთებაში, წამლებს ამით შეიძენთ, – ჩავუჩურჩულე.
თინა ხან მე, ხან ყულაბას უყურებდა. ამ თერთმეტი წლის მანძილზე პირველად ვნახე მისი შორეული მზერა როგორ მომიახლოვდა და ზედ დამეკრო, უფრო სწორად, დამადნა.
ვერაფერი მითხრა და არც იყო საჭირო სიტყვები, იმდენად ყველაფერს ამბობდა მისი თვალები...
ეზოში რომ შემოვბრუნდი, მრავლისმხილველ და მრავლისგამგონ ონკანთან იდგა მთელი ეზო. ნუნუმ დასტვინა, ეტყობა. არა, არ იფიქროთ, რომ მართლა დასტვინა. უბრალოდ, ყველას გადაურეკა და გააგებინა თინას სასწრაფოთი გადაყვანის ამბავი. დოინჯშმორტყმულები საუბრობდნენ იმაზე, ნეტა რა დაემართა, ან იქნებ დაიმართა, რაიმე სერიოზული სჭირს, თუ "უბრალოდ ცუდად გახდა", გამოჯანმრთელდება თუ ვერა. ყველა საკუთარ ვერსიას გამოთქვამდა, თითქოს ვერსიებს შორის კონკურსი ტარდებოდა და ჟიურის საუკეთესო უნდა გამოევლინა. არავის აინტერესებდა, სად წაიყვანეს, რომელ კლინიკაში, ან თუ სჭირდებოდა რაიმე. ეს სეირლაყბობა დიდ ხანს არ გაგრძლებულა. ყველა თავ-თავის სახლებში შებრუნდა.


ამასობაში დედაც დაბრუნდა სამსახურიდან.
–დედი, ქალბატონი თინა სასწრაფომ წაიყვანა.
– რომელი თინა?
–აი, ჩვენი გაუცინარი დედოფალი.
–განა რა დაემართა?
– არ ვიცი. ნეტა საწამლავი ხომ არ დალია? – ეჭვი შემომესალტა გულზე.
– თინა ძალიან ძლიერი ქალია, ამას არ იზამდა, ეს ყველაზე იოლი გამოსავალია ყველა პრობლემიდან.
– არც ისე იოლი, რომ იცოდე. განა იოლია ადამიანისთვის სიკვდილი? ღამეს რომ დილა ვეღარასდროს შეცვლის, მზეს ვეღარასდროს დაინახავს, ვერც გაზაფხულზე ფერების დაბადებას, ვერც ზაფხულზე ფერების მომწიფებას, ვერც შემოდგომაზე ფერების დაბერებას და ვერც ზამთარში ფერების გარდაცვალებას? და სამუდამოდ ეუბნები “ჰოს” სიბნელეს, საიდანაც მოხვედი, რომ ეს ფერები გენახა.
– ზამთარში გგონია ფერები კვდებიან? – ძლივს გაიღიმა დედამ.– ზამთარი ხომ თეთრია? ქათქათა თეთრი! თეთრი კი თავის თავში ყველა ფერს შეიცავს, თეთრი ყველა ფერის ერთობაა.
–სიკვდილი არ მითქვამს. გარდაცვალება ვთქვი. განა ეს არ არის გარდაცვალება? ერთი ფერის ანუ ერთი ადამიანის შეერთება ყველასთან? ერთი სულის ყველას სულთან გამთლიანება ღმერთში.
– ალბათ. თუმცა სისულელეა დაჟინებით რაიმე ამტკიცო, როცა ამას დედამიწაზე უამრავი წლის განმავლობაში უამრავი რელიგია სხვადასხვაგვარად ხსნის და ირწმუნება, თუმცა მათი ვერსიები ჯერჯერობით აქსიომებია, რადგან დამტკიცებით არცერთი მათგანი ჯერ ცოცხალს არავის დაუმტკიცებია, – ამოიოხრა დედამ, – აბა, გაკვეთილები თუ მოამზადე?
– დედა, თინა როგორ არის, არც შენ გაინტერესებს? რა დროს გაკვეთილებია, ეგებ გაგვეგო, სად წაიყვანეს და მიგვეკითხა?
– ჰოოო. თინა... თინა. ქალი, რომელსაც არც კი ვიცი, როგორი ხმა აქვს. ამ სახლში გადმოსვლის დღიდან გამარჯობაზეც კი არ უპასუხნია არასდროს, მხოლოდ თავს დაგიკრავდა. თუ არ მიესალმებოდი, ვერც კი გამჩნევდა. მაგრამ არ ვბრაზობდი. დარწმუნებული ვარ, მის ასეთ მდგომარეობას მიზეზები აქვს და ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე. ამიტომ არც ვბრაზობდი. ყოველ ჯერზე მე მაინც ვესალმებოდი მის მდუმარე არსებას და ისიც თავს მიქნევდა.
– და არასდროს გიცდია დაახლოებოდი და გეკითხა რაიმე, ან დახმარება შეგეთავაზებინა?
– თინა ახლოს არ გიშვებდა სასაუბროდ, ამიტომ დიდ ზრდილობად არ მიმაჩნია სულში ჩაუძვრე ადამიანს, რომელიც მასთან ურთიერთობაში კედელს ამოგიშენებს. კედელს, თორემ შუშის ბარიერი არა მარტო მეზობლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც საჭიროა... კარგი, დავაზუსტოთ სად დააწვინეს თინა და მოვინახულოთ, რაკი ასეთი დიდი სურვილი გაქვს! –თავზე მაკოცა დედამ. უცებ ჩემკენ მოვქაჩე, ჩავეხუტე და ტირილი მოვრთე....


„რა ბედნიერებაა, როცა ასეთი დედა გყავს. დედა, რომელიც შედეგებიდან კი არ იწყებს ადამიანების განკითხვას, ვინ როგორია, ვის რა ეშლება, არამედ მიზეზებს ეძებს – რატომაა ასეთი ან რატომ ეშლება, “ –ვიქრობდი მე.


***
დილით დედამ სასწრაფოს გამოძახების დროით და მისამართით დააზუსტა, სად წაიყვანეს თინა. მერე მანანას გადაურეკა, თუმცა ტელეფონს არავინ უპასუხა. თითოეულ მეზობელთან დაიწყო რეკვა. მხოლოდ ნუნუსგან იყო პასუხი, რომ თავს საშინლად გრძნობს და წამოსვლა არ შეუძლია.
საავადმყოფოში მისულებს მოსაცდელში მანანა დაგვხვდა. მანანასგან ეს გულისხმიერება არ გაგვკვირვებია, თუმცა მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ ამ ვიზიტის შესახებ არაფერი გაგვაგებინა. ჩვენს დანახვაზე ცრემლით სავსე თვალები მოიწმინდა.
- თინა აღარ არის, -ამოილუღლუღა... - პროზექტურაში გადაიყვანეს, ეს წუთია.
დედამ მაშინვე გულში ჩამიკრა, რადგან იგრძნო, რომ მთელი სხეული ამიცახცახდა.
-ნათესავების შესახებ რა იცი?
-ქალაქში არ ჰყავს ახლო ნათესავები. ქალაქში კი არა, ამ ქვეყანაში! თინას ტრაგიკულად დაეღუპა ოჯახის წევრები 20 წლის წინ. მას შემდეგ გახდა ასეთი ჩაკეტილი და უცნაური.
- კი, ეგ უკვე მითხარით, როცა თქვენს მეზობლად გადმოვედი და მასთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც წინასწარ პესიმისტურად განმაწყვეთ.
- ოო, როცა მარტო დარჩა, მაია ჩვენი ეზოს ახალი რძალი იყო. როგორ აღარ მიუდგა, რა არ იღონა, რომ თინას კუთვნილი ფართიდან, ერთი ოთახი მაინც დაესაკუთრებინა. უფრო სწორად, შენ აწი რაღად გინდაო, შეუჩნდა, მე კი 3 შვილი მყავსო და კაპიკებში გადმოიფორმა. თინა მაშინ სულ რაღაც 30 წლისა იყო. ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. რატომ არ უნდოდა? ეეჰ, წაქცეულ ხეზე წამოჯდომას ყველა ცდილობს. თან მაიას რაღაც ისეთი აქვს ხასიათში, რაც გნუსხავს და გავლენის ქვეშ გიქცევს. თინა მაგ დროს ჭკუაზე არ იყო თავისი ტრაგედიით, რა ეოთახებოდა! ჰოდა, ანგარიშმიუცემლად დათანხმდა.


თითქოს მისი სახელის ხსენება გაეგოს, საავადმყოფოს ეზოში მაია გამოჩნდა, უკან ქოშინით მოსდევდა მეუღლე. როცა გარდაცვალების ამბავი გაიგო, შევამჩნიე, როგორ შეხედა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს თვალებში.
- დავითს დავურეკე უკვე პარიზში, მაგრამ გარდაცვალების ამბავი არ ვიცოდი!, - საქმიანად დაიწყო ახალმოსულმა.
- დავითი ვინ არის? - იკითხა დედამ.
- მისი შორეული ნათესავი, რომელიც დიდი ხანია უცხოეთშია. მე ჩამაბარა თინა.

მინდოდა მეთქვა, მერე თუ ჩაგაბარა, ასე უყურადღებოდ რატომ მიაგდე-თქო, მაგრამ ამ რეაქციას თავხედობაში ჩამითვლიდნენ უფროსები და ამიტომ ენა მოვიკვნიტე.
- თინას რითაც შემეძლო, ყურადღებას ვაქცევდი, თუ პროდუქტებით, თუ წამლებით, თუ ტანსაცმელს ვჩუქნიდი. მოკლედ, რაც კი სჭირდებოდა, - ისე აკაკანდა მაია, რომ გამიკვირდა ასეთ ნაზრუნებ მეზობელზე თვალიდან კურცხალი მაინც რად არ გადმოუგორდა.
დედა დუმდა. მანანაც.
მაიას ქმარი პროზექტურისკენ დაიძრა. მე კი დედამ სახლში წამომიყვანა და მანანაც თან გამოგვყვა. როგორც ჩვენი ეზოს ტვინმა გასცა ბრძანება, თინას სახლში მის მოსვლამდე არ უნდა შევსულიყავით მიცვალებულისთვის ოთახის მოსამზადებლად.

***
თინა მოასვენეს...
მაიას ავტომანქანა ფეხდაფეხ შემოჰყვა და საკუთარ ფანჯრებთან უცნაურად ახლოს გაჩერდა. ისე უცნაურად, რომ მისი მეუღლე ლამის ავტომანქანის კარსა და კედელს შორის გაეკვეხა. აიამ ის-ის იყო თინას კარიდან დერეფნის გასწვრივ გამოგვილი ნაგავი აქანდაზზე შეყარა, რომ მიცვალებულიც მორგის მანქანიდან გადმოიყვანეს. კი, ვიცი, რომ უნდა ვთქვა, გადმოიტანეს, მაგრამ ვერ შევძელი.
დედა თინას სახლის მოსაწესრიგებლად მეზობლებს გაჰყვა. ცოტა კი უხერხული იყო, მიცვალებულის მოსვენებამდე რომ არ მოგვარდა ეს საკითხი, მაგრამ რატომღაც ყველა მაიას ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა და მაიას დანახვისთანავე დედა თინას კარებისკენ გაემართა.
ვერ მოვითმინე და მეც გავყევი...
უზარმაზარი ოთახის დალაგება, სადაც თინა უნდა დაესვენებინათ, მაიამ ითავა. თუმცა განა რაიმეს ხელს ჰკიდებდა? მითითებებს იძლეოდა, ეს იქ გადადგით, ის აქ გადმოდგით, მიაჩოჩ–გამოაჩოჩეთო. მე დედასთან ერთად სამზარეულოში შემიშვეს მოსაწესრიგებლად.


თინას სამზარეულო თინას ჰგავდა. ძველი რემონტით, მაგრამ სუფთა და ამ სისუფთავის ქვეშ თინასმაგვარი იდუმალებით.
ან რა იყო დასალაგებელი თინას სამზარეულოში? კედლებიდან ნატურმორტები შემომაცქერდნენ, ნერწყვის აღმძვრელად. ძველთაძველი მაცივარი კარადად იყო ქცეული, თუმცა მხოლოდ ცარიელი ქილებით სავსე კარადად. ძველებურ საპურეში პურის ნამცეციც კი არ იყო, საშაქრე ცარიელი, ყველა ჯამი, ყველა ქვაბი ცარიელი. ერთმანეთზე შემოდგმული კალათები, რომელიც, სავარაუდოდ, პროდუქტებისთვის უნდა ყოფილიყო ერთ დროს, ცარიელი ღრმულებივით მოჩანდნენ. თითქოს ირგვლივ ყველა ჭურჭელი, ყველა სათავსო იძახდა: “მშია", და ამ ხმის ექოები ერთმანეთში არეულ ერთიანობაში შიშინებდა ყურებში: " შიში– შიში– შიში-ში-ში-ში-ში“ " ....


როგორ მეტკინა გული, როცა მაცივრიდან რვეული გადმოვიღე! მასში ლამაზი კალიგრაფიით, აკურატულად ჩანიშნული იყო, რამდენი თეთრი გადაეხადა პურში, 100გ შაქარში, ჩაის ერთჯერად პაკეტში, 30 გ ძეხვში, საპონში, 2 ცალ ვაშლში. ამის კითხვამ გული შემიღონა. რვეულის ბოლო ფურცლამდე მაინც მივედი და ყდაზე უცებ ფანქრით ნახატი ჩემი თვალები შემომაცქერდნენ! კი, ეს ნამდვილად ჩემი თვალები იყო! თინას რვეულის ყდაზე ჩემი თვალები დაეხატა! წარბებით უფრო ვიცანი, რადგან შუაში ოდნავ გადაბმული წარბები მაქვს, რომელთა გარე ბოლოები თითქოს საფეთქლებისკენ მიფრინავს. კი, ეს ჩემი თვალებია! სუნთქვა შემეკრა, დერეფანში გამოვედი, კიბეზე დავეშვი, სახლში შემოვვარდი და საწოლზე ტირილით დავემხე. ვფიქრობდი თინაზე, ცხოვრების სიმკაცრეზე, ადამიანების უსამართლობასა და გულგრილობაზე. სხვისი ჭირი ღობის ჩხირიც არ არის. ჩხირის ფასიც დაკარგა! აბა, ნახეთ, როგორ შეწუხდება პატრონი, ღობეზე რომ “ ჩხირი” ააგლიჯო!
დედაც მოვიდა....
- თინასთან ვინ დარჩა?- ვკითხე.
-არავინ, ყველანი სახლებში წამოვედით.
- და რომ შეეშინდეს მიცვალებულის?
- მიცვალებულს მიცვალებულისა როგორ უნდა ეშინოდეს? უფრო სწორად საკუთარი თავის... უფრო სწორად.... მოკლედ, როგორც არის, - დედა მიხვდა, რომ ჩემმა კითხვამ მისი დაღლილი გონება კიდევ უფრო დაძაბა.
დავითის ფსალმუნები გადმოვიღე, ფანჯარასთან მივედი.
“მე გავუთევ ღამეს თინას. ხვალ ხომ შაბათია? და სკოლაშიც არ ვარ წასასვლელი. წავუკითხავ ფსალმუნებს ფანჯარასთან. მასთან ოთახში კი ვერ დავრჩები, პატარა ვარ, ჯერ კიდევ მეშინია მიცვალებულების” გავიფიქრე და ისე შევევედრე დედას, რომ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ნება დამრთო, სანამ ფეხზე გავძლებდი, მეკითხა ფსალმუნები.


***
კარგა გვიანია, მაგრამ ცაზე ულამაზესი მთვარე ჰკიდია. დღეს ყველაფერი, რაც ლამაზია, თინას ჰგავს. რამდენიმე კანონი უკვე წავიკითხე, დედამ რომ უკეთ მოისვენოს, შუქი ჩავაქრე. ვდგავარ ფანჯარასთან და ხან მთვარეს, ხან თინას ფანჯრებს გავყურებ. ირგვლივ ყველაფერი თანდათან მიყუჩდა. სამარეს დაემსგავსა ცოტა ხანში მთელი ეზო... ამ მთვარიან ღამეში თითქოს ნისლი ჩამოწვა. ნისლმა თანდათან უცნაური ფორმა მიიღო. მომეჩვენა, თითქოს თინას ლანდი გამოვიდა ფანჯრიდან. გულმა რეჩხი მიყო, დედასთან მივარდნა გადავწყვიტე, მაგრამ ლანდმა თითქოს ნაცრისფერღრუბლოვანი ხელით მაიას ავტომანქანისკენ მიმითითა. მიმითითა და გაქრა... ყველა უჯრედის აჟრიალება ვიგრძენი. “ოჰ, ჯერ ისევ პატარა ვარ, რადგან მოჩვენებების მეშინია”, - გავიფიქრე და მზერა მექანიკურად მანქანისკენ გადავიტანე. და მაშინ კი მივხვდი, რომ ეს მოჩვენება კი არა, თინას ნამდვილი აჩრდილი იყო. მანქანიდან მაიას თაბაშირის გოგონას ყულაბა ნელი მოძრაობებით გადმოჰქონდა. დღეს იმდენად დამთრგუნა თინას სიკვდილმა, რომ ყულაბა აღარც გამხსენებია. არც დედას შეუნიშნავს პიანინოდან გამქრალი გოგონა. სად გვეცალა ამისთვის? ახლა, როცა მაიას ხელში დავინახე, გამახსენდა. მაიამ ყულაბა ხალათის კალთაში გაახვია და კატასავით ნელა, ფეხაკრეფით შევიდა სახლში. ამას კი აღარ ველოდი. რატომ დღისით არ გადმოიტანა? რატომ ასე ჩუმად? რატომ მაშინ, როცა ყველა ოჯახში შუქი ჩაქრა? განა მაიას არასდროს უნახავს ეს ყულაბა ჩემი პიანინოს თავზე? ის ხომ ზომით არც ისეთი პატარაა? არ იცის, რომ ჩემია? დედას ვუთხრა? შესაძლოა მისაყვედუროს კიდეც, რომ ნებართვის გარეშე გავიტანე სახლიდან? მაგრამ ყულაბა ხომ ჩემია და არა დედასი? - ერთად მომსკდარმა კითხვებმა გონებაზე ფუტკრების გუნდივით გადაიზუზუნეს... საწოლამდე მივლასლასდი და ისე დავეგდე, რომ დედას შეეღვიძა...
რა ხდებაო, მკითხა, არაფერი-მეთქი, დავამშვიდე. ან რატომ უნდა შემეშფოთებინა დედა ღამით? ღამით ხომ ყველა დარდი და ტკივილი ორმაგად გაუსაძლისი ხდება?


***
მეორე დილით დედას მაინც ვერაფერი ვუთხარი. სკოლაში ისე წავედი, ხმა არ ამომიღია. სკოლიდან დაბრუნებულს, ეზოში აია და ნუნუ დამხვდნენ.
-რა გული ჰქონია ამ გოგოს, ქელეხს დღეს რომელი მეზობელი უხდის მეზობელს?! ყოჩაღ მაია, შენ გაიხარე ჩემო კარგო!- ქოთქოთებდა აია, – ერთი დამეხმარეთ ეს ვედრები ქუჩაში ნაგვის ურნამდე მიმატანინეთ, - გვთხოვა მე და ნუნუს. ვედრო ძლივს ავწიე და ქალებს ურნისკენ გავყევი. ის იყო ურნაში ვედრო უნდა ამეყირავებინა და რას ვხედავ?! ჩემი თაბაშირის გოგონას თავი გდია ხახვისა და ნივრის ფურცლებს შორის საცოდავად!
-ჩემი გოგო! - დავიყვირე, ვედრო ხელიდან გავაგდე და ურნაში ლამის თვითონ ჩავვარდი. აია დაიბნა, თუმცა მალევე დამეხმარა თაბაშირის ნამსხვრევების შეგროვებაში... ღმერთო, რა საცოდავი ვიყავი, ნაგავში მქექავი ბავშვი, რომელიც დამსხვრეულ ბავშვობას ეძებს! ნამსხვრევები გადმოვიღე კაბის კალთა ამოვიკეცე, რომ ზედ დამელაგებინა, თუმცა აიამ ჯიბიდან სქელი ცელოფნის პარკი დამახმარა. ასე შევიტანე ნამსხვრევები სახლში. და მაგიდაზე დავალაგე....


***
სამსახურიდან მოსულ დედას ყველაფერი ვუამბე. მზად ვიყავი საყვედურებისთვის, შენიშვნებისთვის და ჩხუბისთვისაც კი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, დედამ გულში ჩამიკრა, დამამშვიდა, მომიწონა თინას მიმართ გამოჩენილი თანაგრძნობა და ყურადღება. თუმცა მაიაზე კი ძალიან გაბრაზდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, მეუბნება:
- მოდი, ნუ ავტეხთ აურზაურს, ამის თქმა, ერთი მხრივ, თინას უპატივცემლობა იქნება, მის სულს შევაწუხებთ და, მეორე მხრივ, სამეზობლოში ასეთი გართულებული და დამუხტული ურთიერთობა ისევ ჩვენ გაგვაწვალებს, შენ ხომ თინას აჩუქე ის ფული, ჰოდა, მაია სწორედ თინას უკეთებს იმ ფულით ქელეხს. თინას სული კი ყველაფერს ხედავს! ამიტომ გავჩუმდეთ. თუმცა აწი გვეცოდინება, რომ მაია არ არის სანდო ადამიანი და მასთან ყოველთვის ფრთხილად ვიყოთ მომავალში...
მერე დაფიქრდა, ამოიოხრა და სამზარეულოსკენ გაემართა. დედამ გულიდან თითქოს ლოდი მომხსნა - მთავარია ჩემი ნაგროვები ფული ისევ თინასთვის დაიხარჯება! - ვინუგეშე თავი.


***
დღეს თინას ვკრძალავთ. მიდის ამქვეყნიდან გაუხარელი სილამაზე, მდუმარე ქალღმერთი, ადამიანების გაუტანლობით და დაუნდობლობით გათანგული, ერთი პატარა სამყარო და, ვინ იცის, ეგებ ძალიან დიდიც, მიწას უბრუნდება, დიდ სამშობლოში ბრუნდება, რომელიც ერთი აქვს სრულიად კაცობრიობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა ამქვეყნად ერთმანეთს შორის საზღვრები გაავლეს და სხვადასხვა რასას, ერებს, ქვეყნებს, რელიგიებს მიაკუთვნეს თავიანთი შთამომავლობები. საზღვრები შემოვივლეთ და გავყვირით, რომ ყველაზე დიადი ღირებულება თავისუფლებაა. არადა ელემენტარული თავისუფლებაც კი არ გაქვს, თუნდაც დასახლდე იმ მიწაზე, რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია ჰავით, კლიმატით, რელიეფით, ხედებით, ფლორითა და ფაუნით. რაც არ უნდა გტანჯავდეს საკუთარი დაბადების ადგილი მრავალი მიზეზით, ის სამშობლოა და მორჩა! არადა თითქოს ადამიანები თავისუფალი არსებები ვართ და თავისუფალი არჩევანის უფლება მოგვცა ზენაარსმა. არა, ეს თავის მოტყუებაა. ვინ იცის, ეგებ თინას რომ არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონოდა და სადმე რომელიმე კუნძულზე გადასახლებულიყო, მოშორებოდა ეს უხილავი რკინის კარკასი, რომელიც ადამიანებისაგან გადასარჩენად ირგვლივ შემოივლო. იქნებ რა შესაძლებლობები მისცემოდა სხვაგან საკუთარი თავის რეალიზებისთვის და იქნებ დღეს შემდგარი და სრულფასოვანი ადამიანიც ყოფილიყო და არა მატლების ლუკმა! ათვლის წერტილიდან - დაბადების ადგილიდან რამდენი სხვადასხვა მიმართულებით წასვლის ალბათობა არსებობდა? უამრავის! რადგან როგორც მათემატიკოსები ამტკიცებენ, ერთ წერტილზე უამრავი წრფის გავლება შეიძლება და ყოველი წრფის მიმართულება მისთვის შესაძლებლობა იქნებოდა ეპოვა საკუთარი თავი, საკუთარი ქვეყანა, ეხატა და მის ნახატებს დღის სინათლე ენახათ. მამაჩემიც ასე ნაადრევად დაიღუპა, მაგრამ მას მე დავრჩი - ადამიანი, რომლის ყოველ უჯრედში ნახევარი მისია, მისი სიცოცხლის გაგრძელება, მისი არსებობის გამართლება. თინა კი უკვალოდ წავიდა ამქვეყნიდან, თინას გენეტიკა ამქვეყნიური რეალობისთვის სამუდამოდ დაიხურა..

***
დავკრძალეთ ჩვენი უცნაური მეზობელი მისი მშობლებისა და და–ძმის გვერდით. შევამჩნიე, რომ საფლავებს დაბადების თარიღები ჰქონდათ სხვადასხვა, გარდაცვალებისა კი ოთხივეს ერთი. წავიდა ყველაზე საყვარელ, სანდო და საიმედო ადამიანების სულებთან. სახეც რა მშვიდი და ბედნიერი ჰქონდა მიცვალებულს? ასეთი ბედნიერება მის სახეზე არასდროს მენახა...


ქელეხის სუფრას მხოლოდ მეზობლები შემოუსხდნენ და როგორც უცხო სახეების ვინაობა დავაზუსტე, თინას რამდენიმე თანაკურსელი და თანაკლასელი. ვიდრე თამადა თინას და მისი ოჯახის წევრების შესანდობარს ამბობდა, მაია თითოეულ სტუმართან მიდიოდა და უამბობდა, როგორ უპატრონა თინას ოჯახის წევრების გარდაცვალების დღიდან დღემდე, როგორ სადილობდა თინა ყოველდღე მასთან, როგორ ვახშმობდა, როგორ აბანავებდა, როგორ დაასეირნებდა, მოკლედ, ისეთი სახე ჰქონდა, რომ ბოლოს თვითონაც დაიჯერა, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა. თინას დაკრძალვის ხარჯებიც არ გამორჩენია ქალბატონს. ისე უსინდისოდ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი ჭირისუფალი იყო ბოლომდე, რომელმაც მიცვალებულსაც კი უპატრონა. არც კი რცხვენოდა. ამას ისე თავდაჯერებულად ყვებოდა, საკუთარი თვალით რომ არ დამენახა, როგორ ბაცაცასავით შეაპარა შუაღამისას ჩემი თაბაშირის გოგონა სახლში, მეც დავიჯერებდი, რომ მიცვალებულთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მისი ოჯახის ბიუჯეტიდან გაიხარჯა. ხშირად ახსენებდა ვინმე დავითს, რომელმაც თურმე თინა ჩააბარა და უთხრა, მოუარე და თინას რაც აქვს, ყველაფერი შენ ჩაიბარეო. ყურადღებას ამახვილებდა, რომ დავითი საქართველოში დამბრუნებელი აღარაა, შვილებიც საფრანგეთში დათხოვდნენ და რომ ბოლოს დავითი თინას ოჯახის ტრაგედიისას იხილა. ერთ–ერთმა თანაკლასელმა კი მიახალა პირდაპირ, რა ჰქონდა ახალგაზრდა, ულამაზეს ქალს ვინმეს საპატრონო, როგორ დაუკომპლექსებია დავითს და 30 წლის ასაკში გამოუტანია მისთვის მარტოობის განაჩენიო. მაგრამ მაიას თითქოს არც კი გაუგონია, თემა “ხაშლამა მიირთვით, არ გაცივდესო”, შეთავაზებით ჩაანაცვლა. მადონა იჯდა და ისეთი უცნაური ღიმილით უსმენდა მაიას ბოდვას, მეგონა, აგერ–აგერ წამოხტება და პირში შოთის ყუას ჩასჩრის–თქო.... ზოგჯერ კი მე გადმომხედავდა, თვალს ჩამიკრავდა, ისე, რომ აი, თითქოს, რაღაც ძალიან დიდი საიდუმლო იცისო. მე კი ისევ თინაზე ვფიქრობდი, როგორ შეხვდა იმ ქვეყნად თავისიანებს, როგორ ჩაიხუტა თითოეული და იმაზეც, რომ ნეტა კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა თინასთვის, ვიდრე ცოცხალი იყო... თუმცა არა იმისთვის, რომ საქვეყნოდ გამომეცხადებინა და დამემცირებინა ოჯახური ტრაგედიით ისედაც დატანჯული და მიწასთან გასწორებული ქალი....
დაკრძალვის მეორე დღეს ტაძარში გავიქეცი, თინას სული შევავედრე უფალს, ვთხოვე, რომ თუ რაიმეს მონანიება ვერ მოასწრო, ჩემთვის გადმოებარებინა ის ცოდვები და მე მელოცა მათ გამოსასყიდად. არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ გულმა მითხრა ასე, რომლის დუდუნსაც ყურადღებით მოვუსმინე.


შინ მობრუნებულმა კიბეს ავაყოლე თვალი, მერე აივანს, რომლითაც თინა მთვარეულივით ბარბაცით და უბრად ადი–ჩადიოდა ხოლმე. მერე იმ ფანჯარას გავხედე, საიდანაც მისი ნისლივით ლანდი მეზმანა იმ მთვარიან ღამეს....
სახლში შესული სავარძელში მოვკალათდი. მეცადინეობა დავიწყე, მაგრამ ისევ თინა მედგა თვალწინ... თინა და თაბაშირის გოგონა....


ფიქრი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. დედამ უპასუხა.
- დიახ? გაგიმარჯოს... მე გახლავართ მერის დედა... ბატონი დავითი? დიახ, დიახ, გისმენთ..... რაა?.... ეს როგორ???.... ქალბატონ თინას ჩემს სალამზე პასუხიც კი არასდროს გაუცია..... მგონი რაღაც გეშლებათ?..... ნამდვილად მერი იაშვილზე მესაუბრებით?.... არ ვიცი, რა გიპასუხოთ.... ძალიან დაბნეული ვარ.... დავფიქრდები....

დავინტერესდი, რა ხდებოდა, რადგან დედამ ჩემი სახელი და გვარი ახსენა. ვერაფრით მივხვდი, ვინ უნდა ყოფილიყო, ვისაც დედა ასეთი პაუზებით და შეშფოთებული თუ მოულოდნელობით დაბნეული სახით შეიძლებოდა დალაპარაკებოდა....
ყურმილი დაკიდა თუ არა, მკვეთრად მოტრიალდა.
მის თვალებში გაოცებაც და შიშიც იყო ერთდროულად გამეფებული.
- აი, ახლა კი ნამდვილად შეგვჭამს!- შიშით წარმოთქვა.
- რა ხდება დედი? ჩემ გამო ვინ უნდა შეგჭამოს?!
- არა, არაფერი... არაფერი ხდება... - ახლა კი ნამდვილად იცრუა დედამ.. უცებ ჩვენი ეზოს ჰორმონს – ამჯერად მადონას დაურეკა.


-მადონა. რა ხდება მერის თავს?.... შენ ეს იცოდი?.. მერე როგორ მოითმინე, რომ ჩემთვის არ გეთქვა?... კი, დარეკა, დავითი ვარო, თინას ბიძაშვილიო, .... კი, პარიზიდან ვრეკავო... თინას უკანასკნელი თხოვნაო.... შენი სახელი და გვარი მიხსენა... სკაიპით ჩავერთვები მადონას და ბიძაშვილს უკანასკნელ თხოვნას მაინც შევუსრულებო..... მეტად ვერაფრით ვეხმარებოდი, რადგან უკადრისობდა ჩემს გამოგზავნილ წყალობასო... მაგრამ, მადონა, მერი რატომ გამოარჩია? ამ ეზოში მერის გარდა კიდევ ბევრი ბავშვი ცხოვრობს... არ ვიცი.... ძალიან დაბნეული ვარ.... მაიას ღვარძლს და ცოფს რა გაუძლებს?


მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიგე, რა.
დედამ საუბარი დაასრულა...
- რა ხდება, დედა? აღარ მეტყვი?
- არაფერი, არაფერი, - ისევ მპასუხობდა უაზროდ. მერე სავარძელში ჩაჯდა, თავზე ხელი შემოიდო და ჩუმად დაიწყო:
–თინას შენთვის თავისი სახლი დაუტოვებია. ორი კვირის წინ მადონასთან მისულა ოფისში და ანდერძი მინდა დავწეროო, უთქვამს, ჩვენი მეზობლის ბავშვის, მერი იაშვილის სახელზეო. სრულწლოვანი რომ იყოს, ჩუქებას გავუფორმებდი ახლავეო.
– ეს როგორ?
– როგორ და ყველაფერს მას ვუტოვებო, მაგრამ ჩემს შემდეგ კანონიერი მემკვიდრე ჩემი ბიძაშვილი დავითი არისო და მასთან დაკავშირება მინდა, რომ მერე ცუდად არ დასურპრიზდესო..
– მერე?
–მერე მადონა დაკავშირებია დავითს. თინას დავითისთვის უთხოვია, ეს უკანასკნელი თხოვნა შეუსრულოს ბიძაშვილმა. მოკლედ, თინას ანდერძით მისი სახლი შენია....

სავარძელზე ისე დავეშვი, რომ მის ბალიშებზე შემოკრული ფარჩის გასკდომის ხმაც კი გავიგონე. ყურები ამიგუგუნდა. ახლა გული კიდევ უფრო მეტად მეტკინა. მეგონა, რომ თინამ ჩემი სახელიც კი არ იცოდა და თურმე გვარიც სცოდნია. მეგონა, რომ ვერასდროს მამჩნევდა. მე ხომ არასდროს დამიჭერია მისი მზერა იმ ბოლო შემთხვევის გარდა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანაში თაბაშირის გოგონა ავათრიე. თურმე სულ ტყუილად მეგონა. თურმე სიტყვა " მეგონა" შეიძლება აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც რეალურად ხდება და რეალურად არსებობს.

სავარძლიდან დედის მუხლებთან მივლასლასდი, კალთაში ჩავემხე და ისე ავქვითინდი, როგორც მაშინ, როცა მამაჩემის ცხედარი გაიტანეს ჩემი პატარა სახლიდან...


– თინა, – ვიმეორებდი დრო და დრო, – თინა თვითონ ყოფილა ჩემი თაბაშირის გოგონა.

***
ძალიან ლამაზია თინა...


/თუთიკო ბერძენაძე/
2019 წელი


5
89
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
89
  
2021, 8 ივნისი, 22:27
რას მერჩოდი სვილო ამდენი რომ მატირე. გაიხარე შენ
2021, 6 მაისი, 7:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
დაიჯერებ, რომ ცხოვრებაში არასდროს არ მიტირია? პირველი ცრემლი იყო. მადლობა!
2021, 5 მაისი, 17:02
ვაიმე, მადლობა!!!! როგორ მიხარია რომ იცოდეთ. ეს ჩემი დებიუტია მწერლობაში! და მაინტერესებს უნდა გავაგრძლო თუ მსხვილი წერტილი დავსვა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თიტქოს ვტესტავ, ნამდვილად ღირს თუ მხოლოდ გავცდები
2021, 5 მაისი, 6:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5