x
image
თუთიკო ბერძენა
ქალიც ამას ჰქვია: სამეფო „აპარტამენტების“ საშვი სიკვდილის შემდეგ მაინც მოიპოვა, თანაც ისე, რომ დედოფლობა არ დასჭირვებია....

საოცარი ამბავი უნდა გაგახსენოთ ინგლისის არც თუ ისე შორეული წარსულიდან ორი ხმლის ერთ ქარქაშში ჩაუტევლობაზე. აბა, ყველაფერი ერთად სად არისო, საზოგადოებამ? თვით დიდი ბრიტანეთის მეფე - ედუარდ VIII-ც კი უზარმაზარი დილემის წინაშე დააყენა ორიდან ერთის არჩევის აუცილებლობამ....

image

დიდი ბრიტანეთის მეფემ საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალის, უოლის უორფილდის გამო სამეფო ტახტზე უარი თქვა.... დიახ, სამეფო ტახტზე, რომელიც მსოფლიო ისტორიის მანძილზე ძმას ძმას აკვლევინებდა, მამას - შვილს და პირიქით... ედუარდს სხვა გზა არ დაუტოვა ოჯახმა, ხალხმა და მთავრობამ - ორი "ხმლიდან" ან ერთი უნდა აერჩია, ან მეორე...

image

ეს მდიდარი ქმრებისა და საყვარლების მაძიებელი უოლის უორფილდის ფოტოა. პირველი ქმარი - საცდელი ვარიანტი - საზღვაო მფრინავი უინფელდ სპენსერი გახდა, რომელსაც მსუყე ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ვერაფერი გამოსძალა და მაშინვე დაშორდა. ამის შემდეგ უოლისმა ამერიკელი მილიონერის მოხიბვლის მცდელობა კრახით დაასრულა. გაგულისებული ქალი გასართობად ჩინეთში გაემგზავრა, სადაც საკმაოზე მეტად მდიდარი მომავალი მეორე ქმარი გაიცნო და მისის სიმპსონი გახდა. უოლისი ჩინეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ქმრის კაპიტალის წყალობით, ლონდონში საკუთარი მდიდრული სალონი მოაწყო. სწორედ ამ პოპულარული სალონის საშუალებით მიაღწია 1931 წელს უოლისმა ინგლისის სამეფო კარამდე.



image

ედუარდ VIII


უელსის პრინცი ედუარდი წყნარი, ჩაკეტილი ახალგაზრდა იყო, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობას, მეცადინეობა და წიგნების კითხვა ერჩია. ედუარდს მეგობრები თითქმის არ ჰყავდა და არც დაქორწინებას ჩქარობდა. ალალ და ქალებთან მორცხვს, პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა მდიდარ საქმროებზე მონადირე, საეჭვო რეპუტაციის ქალბატონი, რომელმაც კარგად იცოდა, ხელში როგორ ჩაეგდო სასურველი მამაკაცი.
3 წელი ორ მამაკაცს - ქმარსა და საყვარელს შორის პარალელურ რეჟიმს ცბიერი და კეკლუცი უოლისი "მშვენივრად ალაგებდა".


როცა მამის სიკვდილის შემდეგ ედუარდი 42 წლის ასაკში გამეფდა, ტახტზე ასვლისთანავე განაცხადა, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებას აპირებდა. საზოგადოებას ედუარდის რჩეული ცუდად აღზრდილ და ვულგარულ ქალად მიაჩნდა და არც თუ უმიზეზოდ. კომპრომატებმა წალეკა ინგლისი. დიდებულებში ხმა გავრცელდა, რომ ჩინეთში ცხოვრების დროს უოლისი მდიდარ მამაკაცებს ეცნობოდა, უახლოვდებოდა და მერე შანტაჟის გზით ფულს სძალავდა. როგორც ინგლისელები ამბობდნენ, უოლისის გონება ისე იყო მოწყობილი, ხოლო ქცევები მიზნისკენ სწრაფვაში ისე გამობრძმედილი, რომ მამაკაცს აუცილებლად რაღაც ძალიან დიდს გამორჩენოდა.


ლონდონელები სამეფო რეზიდენციის ფანჯრებთან აქციებს აწყობდნენ და კედლებზე პლაკატებს ამაგრებდნენ, სადაც პირდაპირ ეწერა „მარშრუტი“, საითაც ვულგარულ ქალს აგზავნიდნენ.


ედუარდ VIII-ს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. 325-დღიანი მეფობის შემდეგ მან სამეფო ტახტზე უარი თქვა და "ამერიკელ კახპაზე" დაქორწინდა.


ბრიტანეთის სამეფო ტახტი ედუარდის ძმასა და ამჟამინდელი დედოფლის ელისაბედ II-ის მამას გეორგ VI-ს დარჩა. ნათესავების ზეწოლის შედეგად, ედუარდმა უარი თქვა ცოლისთვის ჰერცოგინიას ტიტულის მინიჭებაზეც.
წყვილი იძულებული გახდა ინგლისი დაეტოვებინათ და ამერიკაში გადასულიყვნენ.

image

უოლისი ამ ქორწინებასაც რაღაცას გამორჩა - სიკვდილის შემდეგ უინძორების სამეფო განსასვენებელში ედუარდის გვერდით დაკრძალეს. სამეფო „აპარტამენტების“ საშვი, რაც ერთადერთი იყო, რასაც უოლისი ვერანაირი მდიდარი ქმრის ქონებით ვერ იყიდიდა, სიკვდილის შემდეგ მაინც მოიპოვა, თანაც ისე, რომ დედოფლობა არ დასჭირვებია....

0
72
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0