x
მოთხოვნილებათა თეორია
image

მაკლელანდის თეორია, ასევე ცნობილი, როგორც მოთხოვნილებათა თეორია ეკუთვნის ფსიქოლოგ დევიდ მაკლელანდს და არის მოტივაციური მოდელი, რომელიც ხნის, თუ როგორ მართავს ადამიანის ქცევას მიღწევის, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილება. ეს მოდელი შემუშავდა 1960-იან წლებში და დიდწილად იყო შთაგონებული ჰენრი მარეის ნაშრომებით. მაკლელანდის აზრით, ყველას გვაქვს ეს სამი მოთხოვნილება, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა თუ კულტურისა, მაგრამ მოტივაციის ტიპი და ის, თუ რომელი სახის მოთხოვნილებას მიენიჭება უპირატესობა, ინდივიდუალურია.

ეს თეორია ხშირად ისწავლება მენეჯმენტისა და ორგანიზაციული ქცევის საგნებში, მაკლელანდი ამჟამად აპა-ს მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ფსიქოლოგის სიაში მე-15 ადგილას იმყოფება.

მაკლელანდის კვლევები, რომლებსაც ის ატარებდა ჰარვარდში 30 წლის განმავლობაში, გვიჩვენებს, რომ 86%-ს პოპულაციისა ახასიათებს მოცემული სამი მოთხოვნილებიდან რომელიმე მაინც. ხშირად ადამიანები გამოირჩევიან სამივე მოთხოვნილებითაც, თუმცა რომელიმე მათგანი აუცილებლადაა წამყვანი და დომინანტური. მისმა ერთ-ერთმა სტატიამ ("Power is the Great Motivator"), რომელიც გამოაქვეყნა 1977 წელს ჰარვარდის ბიზნეს-ანალიტიკურ ჟურნალში, აჩვენა, რომ ტოპ მენეჯერთა პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანებს ახასიათებდათ ძალაუფლების მაღალი და აფილაციის დაბალი მოთხოვნილებები. მისი კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება საუკეთესოდ ასრულებენ დავალებებს, რომლებიც შეუძლიათ გააკეთონ მარტო, მხოლოდ საკუთარი რესურსებით. მაკლელანდმა ასევე აღმოაჩინა, რომ აფილაციის მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები ხშირად ვერ იკავებენ მაღალ პოზიციებს სამსახურში, მაგრამ ზოგადად ბედნიერების, შრომისა და ცხოვრებით კმაყოფილების უფრო მაღალი მოთხოვნილებით გამოირჩევიან და საკმაოდ წარმატებულებიც არიან არა-ლიდერულ როლებზე.


რაც შეეხება მაკლელანდის კვლევის მეთოდებს, მისი აზრით ინტელექტისა და პიროვნების შეფასების კითხვარები ნაკლებად არკვევდა სამსახურებრივ კომპეტენციას და კომპანიებს პერსონალი უნდა შეერჩიათ არა სტანდარტიზებული ტესტებით მიღებული მონაცემებით, არამედ მათთვის სასურველი პოზიციების რელევანტური უნარების დემონსტრაციის საფუძველზე. მაკლელანდი უპირატესობას ანიჭებდა თემატური აპერცეფციის ტესტებს და მისი იდეები სტანდარტულ პრაქტიკადაა ქცეული მრავალ კორპორაციაში.

მიღწევის მოთხოვნილება

გადავიდეთ უშუალოდ თითოეული მოთხოვნილების დახასიათებაზე.

მიღწევის მოთხოვნილება (N-Ach) მოიაზრებს მიზანზე ორიენტირებას, უნარ-ჩვევების ათვისებას, მაღალ სტანდარტებსა და კონტროლს. ეს ნიშნავს ინტენსიურ, მუდმივ შრომას რაღაც რთულის მისაღწევად, დეტერმინაციას მოსაგებად. ეს უკავშირდება მოქმედების პიროვნულ დრაივს ან სხვების მოლოდინს.

ისინი, ვისაც მიღწევის დაბალი მოთხოვნილება აქვთ, ირჩევენ საკმაოდ მარტივ დავალებებს, რათა მოახდინონ მარცხის რისკის მინიმალიზაცია, ან პირიქით, ირჩევენ ზედმეტად რთულ დავალებებს, რათა მარცხის შემთხვევაში მისი გამართლება მარტივი იყოს თავად დავალების სირთულით. დამტკიცებულია, რომ ისეთ დასაქმებულებს, რომლებსაც აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება, ახასიათებთ ორგანიზაციაში სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლობა, ახალი გამოწვევების მიმართ ღიაობა, სამუშაოში ჩართულობა. მიღწევის მაღალი მოთხოვნილების ძირითადი წყაროა მშობლები, რომლებიც წაახალისებდნენ დამოუკიდებლობას ბავშვობაში, წარმატების დაჯილდოება, მიღწევს ასოცირება პოზიტიურ გრძნობებთან და კომპეტენციასთან (არა იღბალთან), ეფექტურობის სურვილი, ინტრაპერსონალური სიძლიერე, სასურველობა, მიზანდასახულობა და აშ.

ხშირად ადამიანები, რომლებსაც მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვთ, თუ სათანადო დაფასებას არ ღებულობენ, განიცდიან ფრუსტრაციას სამსახურით ან პოზიციით, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სამუშაო პრობლემებამდე და თვითპატივისცემის მაჩვენებლის შემცირებამდე. ასეთ შემთხვევებში, დასაქმებულები ან აგრძელებენ მუშაობას, მიდიან კიდევ უფრო დიდ რისკებზე, ცდილობენ იყვნენ უფრო კრეატიულები, შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე და მოიპოვონ აღიარება, ან ცდილობენ სხვაგან იპოვონ სამსახური. აქედან გამომდინარე, დამსაქმებლები, მენეჯერები და თანამშრომლები პატივს უნდა სცემდნენ ყველას, ვისაც მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს და უნდა აფასებდნენ მათ, რათა გააბედნიერონ ისინი. სწორედ ეს მიგვიყვანს პროდუქტიულ და ბედნიერ სამუშაო ძალამდე.

მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანებისთვის მიღწევა მატერიალურ ან ფინანსურ ჯილდოზე, შექებასა და აღიარებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ფინანსური ჯილდო და უკუკავშირი განიხილება მხოლოდ და მხოლოდ წარმატების გამოხატულებად და ამიტომაცაა ღირებული (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკუკავშირი მოდის ობიექტური და სანდრო პირებისგან). მათთვის ისინი ეძებენ თვითგაუმჯობესების გზებს და აქვთ კონტროლის შინაგანი ლოკუსი, ახასიათებთ მაღალი ემოციური ინტელექტი და თითქმის არასდროს არიან ჩართულნი აზარტულ თამაშებში. მათი ქცევა ერთგვარი სწრაფვაა თვითაქტუალიზაციისკენ.

აფილაციის მოთხოვნილება

აფილაციის მოთხოვნილება (N-Affil) მოიაზრებს პიროვნების საჭიროებას თავს გრძნობდეს ჩართულად და მიკუთვნებულად რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ.

აფილაცია არის პოზიტიური, ხშირად ინტიმური, პირადული ურთიერთობა და კავშირი. ესაა აფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების, შენარჩუნების ან აღდგენის პროცესი. აფილაციის მაღალი მოთხოვნილების ადამიანებს ახასიათებთ თბილი ინტერპერსონალური ურთიერთობების საჭიროება, მოელიან დადასტურების შეგრძნებას მათგან, ვისთანაც რეგულარული კონტაქტი აქვთ. ასე ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ რაიმე შეცვალონ და ზეგავლენა იქონიონ სამყაროზე. ისინი ეფექტურები არიან გუნდური მუშაობისას, თუმცა არა ლიდერულ პოზიციებზე.

აფილაციის მოთხოვნილების ამაღლებას იწვევს სტრესული სიტუაციები, შიში, თუმცა ამცირებს სირცხვილის მოლოდინი. ამ ფენომენს სტენლი შახტერი და ზიმბარდო იკვლევდნენ. ყველა ადამიანს აფილაციის ინდივიდუალური მოთხოვნილება აქვს და საკუთარ თავთან და სხვებთან გასატარებელი დროის რაოდენობას თავისებურად საზღვრავენ.

ძალაუფლების მოთხოვნილება

ძალაუფლების მოთხოვნილება (nPow) მაკლელანდის წიგნში The Achieving Society ხნის ინდივიდის მოთხოვნილებას, რომ მართოს. ზოგადად ძალაუფლებას მაკლელანდი აღწერს, როგორც სურვილს ძალისა/ძალაუფლებისა, რათა აკონტროლო სხვები საკუთარი ან საზოგადოებრივი მიზნებისთვის და ასეთი მოთხოვნილების ჭარბად მქონე ხალხს ახასიათებს, როგორც ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ საჭიროება ვინმესგან დაფასება ან დასტური მიიღონ, მათ სჭირდებათ მხოლოდ დათანხმება და დამყოლობა. თუ მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები თითქმის არ ჯდებიან შრომის პროტესტანტულ ეთიკაში, ისინი ეფექტურობის გამო ცდილობენ შეამცირონ სამუშაო, ხოლო ძალაუფლების მოთხოვნილების მქონე ადამიანებს მართლაც მოსწონთ სამსახური.

მაკლელანდის შრომების მიხედვით არსებობს ორი ტიპის ძალაუფლება: პერსონალური და სოციალური. სოციალური ძალაუფლების მოთხოვნილება თატ-ში გამოიხატება საკუთარ თავში ეჭვის შეტანით, სხვებზე დარდით, განსხვავებული შედეგებით, ხოლო პერსონალური ძალაუფლების მოჯთხოვნილება გამოიხატება იმ ისტორიებით, რომლებშიაც ინდივიდი ეძებს ძალაუფლებას და სხვებს ეწინააღმდეგება მის მმისაღწევად. ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ერთვებიან კამათსა და პოლემიკაში, უფრო ასერტიულები არიან ჯგუფურ დისკუსიებში და უსუსურობის ან სიტუაციის უკონტროლობის შემთხვევაში თავს უფრო ფრუსტრირებულად გრძნობენ. ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება დადებით კორელაციაშია მაღალი პოზიციების დაკავების შემთხვევაში სამუშაობით კმაყოფილებასთან.

ერთ განსაკუთრებით სახასიათო შემთხვევაში, წარმატებული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აფილაციის მაღალი მოთხოვნილება და ძალაუფლების დაბალი მოთხოვნილება ჰქონდა, საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა მენეჯმენტში დაწინაურებისთანავე. მას გაუჭირდა მითითებების მიცემა და მიზნების დასახვა დაქვემდებარებულებისთვის. მაკლელანდმა 20-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურა, რომ მიღწევის მოტივი გავარჯიშებადია და აგრეთვე ის, რომ წარმატებულ მენეჯერებს აქვთ ძალაუფლების ძლიერი და აფილაციის სუსტი მოთხოვნილება.

სამსახურის გარეთ, ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება დაკავშირებულია როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებთან. გააჩნია, ადამიანს ახასიათებს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა. როდესაც ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება უკავშირდება პასუხისმგებლობის დაბალ მოთხოვნილებას, სახეზე გვაქვს თვითდესტრუქციული ქცევა, აგრესია, ალკოჰოლიზმი. ასეთი ტიპის მამაკაცები ხშირად ასრულებენ ურთიერთობებს განქორწინებით, დაშორებით ან პარტნიორზე ფიზიკური ძალაფობითაც კი. ხოლო თუ ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება უკავშირდება პასუხისმგებლობის მაღალ მოთხოვნილებას, ასეთი ადამიანები სოციალური ლიდერების როლში გვევლინებიან. მათ ხშირად ინსტიტუციონალურ ლიდერებსაც უწოდებენ და ისინი ძირითადად ყველაზე ეფექტურები არიან და საუკეთესოდ თანხვდებიან ორგანიზაციის ღირებულებებსა და მიზნებს.

პასუხისმგებლობის გარდა, ქცევის დეტერმინანტი (ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში) არის ემპათია. ასეთი მოთხოვნილების მქონე მენეჯერმე შეიძლება ითამაშოს როგორც გუნდის მოტივატორის, ასევე ბულინგის წამომწყების როლი, მის გარშემო შეიძლება დაითრგუნონ და არ გამოთქვან საკუთარი აზრი, ან პირიქით, წახალისდნენ სადისკუსიოდ. ძალაუფლების მოთხოვნილებას ასევე ახასიათებს კორელაცია სარისკო ქცევებთან, მაგალითები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საფონდო ბირჟაზე.

ზოგადად, მამაკაცებს ძალაუფლების უფრო მაღალი მოთხოვნილება ახასიათებთ, ვიდრე ქალებს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ბიოლოგიურ, ისევე სოციალურ ფაქტორებს, ან მათ შორის ინტერაქციას. გენდერი ასევე გავლენას ახდენს ძალაუფლების მოთხოვნილების გამოვლინებაზე: მამაკაცები აგრესიას/სიბრაზეს გამოხატავენ პირდაპირ, კონტროლის დასამყარებლად იყენებენ ფიზიკურ ძალადობას, ახორციელებენ სარისკო ან იმპულსურ ქცევებს, ქალებს კი ახასიათებთ ალტერნატიული აგრესია, ანუ აგრესიის ობიექტის ურთიერთობის ან სოციალური სტატუსის შელახვის მცდელობა. ქალ მენეჯერებს ახასიათებთ მამაკაც მენეჯერებზე უფრო დიდი მოთხოვნილება სოციალური ძალაუფლებისა, თუმცა განსხვავებები არ შეინიშნება პერსონალურ ძალაუფლებაში. სამაგიეროდ, მამაკაცები უფრო გამოხატავენ სამუშაოთი კმაყოფილებას, როდესაც ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება აქვთ.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0