x
ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლი
image
ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 43 წლის სპეციალისტი, ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელობისას ფრანგი საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობდა. "სენტ-ეტიენსა" (2 წელი) და "მონაკოში" (3 წელი) გატარებული პერიოდის შემდეგ, იგი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, სადაც 9 წელი დაჰყო და 250-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ (2009 წელს), 2011-2013 წლებში ვილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013 წელს მან საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, მალევე კი სათავეში 21-წლამდელებს ჩაუდგა. აგრეთვე, 2014-2016 წლებში სანიოლი "ბორდოს" თავკაცი გახლდათ, სადაც თამაშების 40% მოიგო.

2017 წელს ფრანგი ყოფილ კლუბში დაბრუნდა: ვილი ჯერ - კარლო ანჩელოტის ასისტენტის, შემდეგ კი "რეკორდმაისტერის" დროებითი მწვრთნელის რანგში მოგვევლინა, თუმცა იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა, ვინაიდან, ახალმა მწვრთნელმა დამხმარე შტაბი სხვა სპეციალისტებით დააკომპლექტა.


სანიოლი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა. გერმანელთა რიგებში მან 5 ბუნდესლიგა და 4 გერმანიის თასი მოიგო, 2001 წელს კი ჩემპიონთა ლიგასაც დაეუფლა.

რაც შეეხება ვილის სანაკრებო კარიერას, იგი საფრანგეთის ნაკრების წევრი 2000-2008 წლებში იყო, თუმცა ლილიან ტურამთან კონკურენციის გამო, ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ფრანგმა "ლურჯების" მაისურით 58 დაპირისპირება გამართა.

სანიოლი გერმანიაში გამართული 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც იმყოფებოდა და მონაწილეობა შვიდივე შეხვედრაში მიიღო (შვიდივე). ხსენებული მუნდიალის ფინალში, ზინედინ ზიდანის დარტყმისა და ჯანლუიჯი ბუფონის ცნობილი სეივის დროს, საჯარიმოში სწორედ ვილიმ ჩააწოდა. გარდა ამისა, მან პენალტების სერიაში თავისი დარტყმაც ზუსტად შეასრულა.

ამ გათამაშების გარდა, სანიოლი საკუთარ ქვეყანას 1997 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2002 წლის მუნდიალსა და ორ ევროპის ჩემპიონატზე (2004, 2008) წარმოადგენდა.

ასევე, ყოფილ მარჯვენა ფლანგელს ქართველების წინააღმდეგაც უთამაშია - ლევან კობიაშვილის წინააღმდეგ ფრანგის ანგარიშზე 11 მატჩში 8 მოგება, 1 ფრე და 2 წაგებაა. რაც შეეხება ალექსანდრე იაშვილთან დუელს, მასთან დაფიქსირებული სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 7 შეხვედრა, 7 მოგება და ჯამში მოედანზე ერთად გატარებული 532 წუთი. იაშვილმა ვილისთან აღნიშნული დაპირისპირებები 6-ჯერ - "ფრაიბურგის", ერთხელ კი საქართველოს ნაკრების მაისურით გამართა.

2009 წლის 1 თებერვალს, მყესთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სანიოლმა საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. სენტ-ეტიენში დაბადებულ ყოფილ მოთამაშეს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს.

ვილი Facebook-ის მეშვეობით მიმართვას აქვეყნებს:

"ფედერაციასთან გასაუბრებამ და გუნდის პოტენციალმა დამარწმუნა, რომ ეს გამოწვევა მიმეღო. დარწმუნებული ვარ, გულმოდგინედ მუშაობის, დისციპლინისა და მონდომების წყალობით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩავეწერებით"

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ოკოჩოკოროკო
ოკოჩოკოროკო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0