x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
პიროვნული მიღწევის მოტივაცია
imageრატომ აღწევს ზოგიერთი ადამიანი წარმატებას, ზოგიერთი კი წარუმატებელია? ჯერ კიდევ 1938 წელს ჰენრი მარეიმ განაცხადა ადამიანთან მიღწევის მოთხოვნილების არსებობის შესახებ. მიღწევის მოთხოვნილების ძალა სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებულია და გავლენას ახდენს მათ მიერ წარმატების მიღწევის და საკუთარი მოღვაწეობის შეფასების ტენდენციაზე. დევიდ მაკლელანდმა და მისმა კოლეგებმა ამ მოთხოვნილების სიძლიერის გაზომვის მეთოდიკა შეიმუშავეს და სხვადასხვა საზოგადოებაში მიღწევის მოტივაციის სიძლიერეს, მოტივაციის წამახალისებელ პირობებსა და სამუშაო პირობებში მის შედეგებს შორის კავშირს იკვლევდნენ. მიღწევის მოთხოვნილების სიძლიერის დასადგენად მაკლელანდი კვლევის მონაწილეთა ფანტაზიას იყენებდა. მონაწილეებს წარედგინებოდათ თემატური აპერცეფციის ტესტის ბუნდოვანი სურათების სერია და მოეთხოვებოდათ მათ მიხედვით მოთხრობების შედგენა. აღეწერათ რას ხედავდნენ და მომავალი ეწინასწარმეტყველებინათ. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თავიანთ ღირებულებებს, აზრებს, ინტერესებს მოტივებს გამოხატავდნენ ნათქვამში. მონათხრობზე დაყრდნობით მაკლელანდმა შეიმუშავა გაზომვის ერთეულები ადამიანის რამდენიმე მოთხოვნილებისთვის, მათ შორის, ძალაუფლების, აფილაციის, მიღწევის მოთხოვნილებისთვის. მიღწევის მოთხოვნილება ასახავს ინდივიდუალურ განსხვავებას იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის მიზნის დასახვა და მის მისაღწევად შრომა.

მიღწევის მოთხოვნილება არ არის ერთადერთი ცვლადი, რომელიც პიროვნულ წარმატებაში დაინტერესებულობაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი მეგობარი, რომელთაც გამოცდაზე მიიღეს დაბალი შეფასება. საინტერესოა, ისინი ერთნაირად იქნებიან მოტივირებულნი, რომ შემდეგი გამოცდისთვის ბეჯითად მოემზადონ? ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ახსნას მოუძებნის თითოეული მათგანი მიღებულ შეფასებას. განვიხილოთ, კონტროლის ლოკუსის ცნება. ორიენტაცია კონტროლის ლოკუსზე ნიშნავს, იმის გარკვევას, თუ სად მდებარეობს მომხდარის მიზეზი, შიგნით თუ გარეთ. მაგალითის მიხედვით, ერთმა მეგობარმა მიღებული ქულა შეიძლება საკუთარ ცუდ მეხსიერებას დააბრალოს(ლოკუსი შიგნითაა), ხოლო მეორე მეგობარმა ცუდ ამინდს(ლოკუსი გარეთაა). ატრიბუცია არის მსჯელობა შედეგების მიზეზების შესახებ. ატრიბუციამ შესაძლოა მოტივაციაზე მოახდინოს გავლენა. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე მიღებულ ქულას ცუდ ამინდს აბრალებს უფრო მოწადინებული შეიძლება იყოს, რომ მომდევნო გამოცდაზე მომზადებული იყოს, ვიდრე ის მოსწავლე, რომელიც ცუდ მეხსიერებას მიაწერს მიღებულ ქულას.

საინტერესოა, რამდენად უცვლელი და მდგრადია ან ცვალებადი და არამდგრადი მიზეზობრივი ფაქტორი დროთა განმავლობაში? პასუხი გვაძლევს განზომილებას უცვლელი-ცვალებადი; ან რამდენად არის მიზეზობრივი ფაქტორი ძალზე კონკრეტული და შეზღუდული მკაფიოდ განსაზღვული ამოცანით ან სიტუაციით, ან ზოგადი და ფართოდ გამოყენებადი სხვადასხვა გარემოებებისა და ამოცანების შემთხვევაში? პასუხი გვაძლევს განზომილებას ზოგადი-კონკრეტული.

მკველვრებმა აჩვენეს, რომ ის თუ როგორ ხსნიან ადამიანები მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, შეიძლება მათ ცხოვრებისეულ, ჩვეულ ატრიბუციულ სტილად იქცეს. თქვენი წარმატებებისა და მარცხების ახსნის სტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მოტივაციაზე, გუნება-განწყობილებასა და სათანადოდ მოქმედების უნარზეც კი. მარტინ სელიგმენი შეისწავლიდა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანების ახსნის სტილი- მათი ოპტიმიზმისა თუ პესიმიზმის ხარისხი- მათ აქტიურობასა და პასიურობაზე და იმაზეც, შეუპოვრად მიდიან მიზნისკენ ისინი თუ იოლად ნებდებიან, რისკავენ თუ ფრთხილად მოქმედებენ.


ატრიბუციის პესიმისტური სტილი მიმართულია მარცხის შინაგანი წარმოშობის მიზეზებზე. გარდა ამისა, ცუდი სიტუაცია და ინდივიდის როლი მის გამოწვევაში უცვლელად და ზოგადად მიიჩნევა: "მე ამას ვერ შევცვლი და ეს გავლენას მოახდენს ყველაფერზე". ატრიბუციის ოპტიმისტური სტილი მარცხს გარეგანი მიზეზების შედეგად განიხილავს: "ტესტი არასამართლიანი იყო", ხოლო მოვლენები ცვალებადი ან მოდიფიცირებადია და კონკრეტული: "თუ მეტ ძალისხმევას გავწევ, მომავალში უკეთესად გავართმევ თავს და ეს ერთი წარუმატებლობა გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, თუ როგორ შევასრულებ ჩემთვის მნიშვნელოვან სხვა დავალებას".ოპტიმისტი იღებს სრულ პიროვნულ შინაგან-უცვლელ-ზოგად პასუხისმგებლობას წარმატებაზე, ხოლო პესიმისტი თავის წარმატებას გარეგან-ცვალებად-ზოგად ან კონკრეტულ ფაქტორებს მიაწერს. ვინაიდან ის თვლის, რომ განწირულია მარცხისთვის, პესიმისტი უფრო ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელია მისი შესაძლებლობების ობიექტური საზომებიდან.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0