x
,,გუგლის ეფექტი", იგივე ციფრული ამნეზია

image

ოცდამეერთე საუკუნეში, ტექნოლოგიის საგრძნობლად განვითარებასთან ერთად, იგი ხელმისაწვდომი გახდა ადამიანთა უმრავლესობისთვის. შედეგად, მეცნიერების მიერ მოპოვებული, დიდძალი ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ინტერნეტთან წვდომის მქონე ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია. მეტიც, დღესდღეობით, როცა ინფორმაციის მიღება უწყვეტ რეჟიმში ძალგვიძს, რთული წარმოსადგენია იმ დროის ყოველდღიური ცხოვრება, როცა მისი მოპოვება საჭირო იყო ლექსიკონებში, ატლასებსა თუ სხვა სახის საინფორმაციო წიგნებში.
დღევანდელ დღეს ითვლება, რომ ინტერნეტი მეხსიერების ექსტერნალურ სისტემად იქცა და ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა არა უშუალოდ ინფორმაციის, არამედ მისი წვდომის მეთოდებისა და მისი ადგილმდებარეობის დამახსოვრება.
სავარაუდოდ ცხოვრებაში ერთხელ, ბევრ ჩვენგანს მოუძებნია უცხო სიტყვის მნიშვნელობა საძიებო სისტემა “გუგლის“ მეშვეობით; დროის გასვლის შემდეგ კვლავ შეხვედრია იგივე სიტყვა და მისდა გასაოცრად აღმოუჩენია, რომ არ ახსოვდა მისი მნიშვნელობა.
“გუგლის ეფექტი, “ იგივე ციფრული ამნეზია არის ტენდენცია, დაგვავიწყდეს ინფორმაცია, რომელიც ვიცით, რომ ინტერნეტში ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. “გუგლის ეფექტი“ კი მას იმიტომ ეწოდა, რომ “გუგლი’’ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საძიებო სისტემას.
“გუგლის ეფექტის“ არსებობის დასამტკიცებლად არაერთი ექსპერიმენტია ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომლის ავტორებიც ამ ტენდენციის აღმომჩენი, ბ.სფეროუ და მისი კოლეგები არიან, დამტკიცდა, რომ მონაწილეები საგრძნობლად უკეთ იმახსოვრებდნენ ადგილებს, თუ სად იყო შენახული ინფორმაცია, ვიდრე უშუალოდ ამ ინფორმაციის რაობას; პასუხი კითხვაზე “სად“, “რა“-ზე მეტად პრიორიტეტული იყო.
ჩნდება კითხვა- რატომ გაუჩნდათ ადამიანებს მოცემული ტენდენცია?
არსებულ კითხვაზე არსებობს რამდენიმე ვარაუდი. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, დიდძალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში უფრო და უფრო რთული გახდა დასამახსოვრებელი ინფორმაციის პრიორიტიზირება და შედეგად, მისი დამახსოვრება.
“გუგლის“ მეშვეობით, აკადემიურის პარალელურად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გვეხსნება- მუდმივად ვიცით როგორ გავიგოთ, თუ რა ნომერზე დავრეკოთ ტაქსის გამოსაძახებლად, რესტორნისა თუ სასტუმროს დასაჯავშნად, უცხოეთში მყოფ მეგობართან და ა.შ. თუმცა მის გამოყენებას ადამიანის მეხსიერებასა და კოგნიტურ უნარებზე უარყოფითი გავლენაც აქვს. მაგალითად არსებობს საშიშროება, რომ ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გადამუშავება არ ხდება ღრმა დონეზე და შედეგად არც მისი კრიტიკულად შეფასებაა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან ბევრი შემხვედრი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან ერთად, “გუგლის“ მუდმივად ხელმისაწვდომობის პირობებში ადამიანებს უმცირდებათ ყურადღების მოცულობა, უძლიერდებათ შფოთვა და კოგნიტურ ამოცანათა შესრულების შედეგი თანდათანობით უარესდება.
ოცდამეერთე საუკუნეში “გუგლის ეფექტის“ ბოლომდე თავიდან აცილება, სავარაუდოდ შეუძლებელია: სკოლასა და უნივერსიტეტში ხშირად გვჭირდება ინფორმაციის მოპოვება სწორედ ინტერნეტისა და საძიებო სისტემის გამოყენებით და ვეჩვევით ინფორმაციის ამგვარად დამახსოვრებას. თუმცა არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელიც ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობების დაქვეითებას შეუშლის ხელს, როგორიცაა, მაგალითად, ამ ტენდენციის გაცნობიერება და კითხვისას ჩანაწერების გაკეთება.



0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შანგუა
ნინო შანგუა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0