x
ბიჰევიორალური თეორია
როგორც ვიცით, ფსიქოლოგია არის ის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ინდივიდის ფსიქიკასა და ქცევას. ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი დღევანდელი განსახილველი თეორია ფსიქოლოგიის მეცნიერების ჭრილში შეისწავლის მხოლოდ ინდივიდის ქცევას და უგულებელყოფს ფსიქიკასა და ფსიქიკურ პროცესებს, ეს თეორია ფსიქიკას „შავ ყუთს“ ადარებს, რომლის შესწავლას თავს არიდებს და ზედმიწევნით სწავლობს მხოლოდ ფსიქიკური პროცესებიდან მომდინარე ინდივიდის ქცევას, ამ დიდ თეორიას ბიჰევიორალური თეორიის სახელით ვიცნობთ.

Image result for bihevioral psychology

ბიჰევიორიზმი, ანუ იგივე მოძღვრება ადამიანის ქცევის შესახებ, ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში. ბიჰევიორისტები მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მხოლოდ უშუალოდ ემპირიული დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომი მოვლენები. ამიტომაც ბიჰევიორისტების მიერ ჩატარებული თითქმის ყველა კვლევა არის ცხოველებზე დაფუძნებული და შემდგომ მიღებული შედეგები ადამიანებზე განზოგადებული. ბიჰევიორისტების აზრით, ინფორმაცია ინდივიდს გარედან მიეწოდება, ამიტომ უშუალოდ სწავლის პროცესში ცენტრალურ ფიგურას მასწავლებელი წარმოადგენს. ცნობილი ბიჰევიორისტი ჯ. უოტსონი თვლიდა, რომ ინდივიდის ჩამოყალიბებაში გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს, მისი აზრით ადამიანი იბადება რეფლექსების გარკვეული რაოდენობით, სწავლა კი წარმოადგენს ამ რეფლექსების საფუძველზე კლასიკურ განპირობებას (მელიქიშვილი, 2012).

Image result for wotson


უოტსონის დამოკიდებულება კარგად ჩანს მის სიტყვებში, სადაც ის ამბობს, რომ ნებისმიერ ჩვილ ჯანმრთელ ბავშვს აღზრდის საშუალებით რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებად ჩამოაყალიბებს (ჯ.უოტსონი, 1930). ის ამ სიტყვებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ინდივიდზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მხოლოდ გარემო და აღზრდა. ბიჰევიორიზმის ფარგლებში ვხვდებით ერთ-ერთ ბიჰევიორიზმის მიმდევარს ე.თორნდაიკს, იგი მის შრომებში განიხილავს იმ პირობებსა და კანონებს, რომლებიც იწვევს ასოციაციების განმტკიცებასა და დარღვევას. თორნდაიკი საუბრობს ეფექტის კანონზე, რომელიც გულისხმობს მეტ ალბათობას იმ რეაქციების გამეორებისა, რომლებმაც გამოიწვია კმაყოფილების გრძნობა და ნაკლებ ალბათობას ისეთი რეაქციების გამეორებისა, რომლებიც იწვევს უკმაყოფილებას. ამ კანონზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელმა მოსწავლის სწორი რეაქციები უნდა დააჯილდოვოს და ჯილდოს გამოყენებისას მან უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული სიტუაცია და ინდივიდი. თორნდაიკის აზრით სწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინდივიდის მზაობაზე, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მომწიფება და გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწავლის ხარისხსს. გარდა ამისა, თორნდაიკის თეორია ცნობილია, როგორც ცდისა და შეცდომების მეთოდით სწავლის თეორია, რომელიც გულისხმობს ინდივიდის მიერ პრობლემის წინაშე აღმოჩენისას მრავალი შესაძლო რეაქციის გამომუშავებას მანამ სანამ, მათგან ერთ-ერთი არ გადაჭრის არსებულ პრობლემას. შემდეგი ცნობილი ბიჰევიორისტი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის ბ.ფ.სკინერი, რომელმაც შემოგვთავაზა ქცევის ორი ტიპი: რესპოდენტული და ოპერანტული ქცევა. რესპოდენტული ქცევა გულისხმობს რაიმე სტიმულზე რეაქციას, უპირობო რეაქცია შესაძლოა ჩავთვალოთ რესპოდენტული ქცევის მაგალითად, მაგ: დაცემინება, შიმშილი, შიში, თვალების ხამხამი და ა.შ. (მელიქიშვილი, 2012) ხოლო ოპერანტული ქცევა ეს არის ფართოდ გავრცელებული ქცევის ტიპი, რომელიც არ არის რეაქცია რაიმე სტიმულზე, არამედ ეს არის თავად ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქცია, მაგ: მანქანის მართვა, წერილის დაწერა, სიმღერა, წიგნის კითხვა და ა.შ. (მელიქიშვილი, 2012). სკინერის აზრით, ქცევის განხორციელების მიზეზი გარემოშია, აქედან გამომდინარე ბიჰევიორიზმის მიზანს წარმოადგენს აღმოაჩინოს და აღწეროს ის კანონები, რომლებიც მართავენ ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთქმედებას, სწორედ ამ საკითხის დასადგენად სკინერი იყენებს ქცევის ექსპერიმენტულ ანალიზს, რომელიც არის მის მიერ შემუშავებული სისტემა, სადაც აქცენტი კეთდება ქცევასთან დაკავშირებული ცვლადების ანალიზზე და სკინერი გამოყოფს დამოუკიდებელ ანუ მართვად ცვლადებს და დამოკიდებულ ანუ დამოუკიდებელი ცვლადების მანიპულირების შედეგად მიღებულ ცვლადებს. იგი დამოუკიდებელ ცვლადებში მოიაზრებს განმტკიცების სახესა და განრიგს, ხოლო დამოკიდებულში აერთიანებს დასწავლის სიჩქარეს, რეაქციის სიხშირესა და ქცევის ჩაქრობის დროს. სკინერი განმტკიცების ჭრილში ასხვავებს ორ ცნებას: განმამტკიცებელი სტიმული, რომელიც არის რაიმე სტიმული, რომელიც მოქმედებს ინდივიდზე და განმტკიცება, გულისხმობს ამ სტიმულის შედეგად მიღებულ ეფექტს. განმამტკიცებელი სტიმული თავისთავად შეიძლება იყოს უპირობო, ანუ პირველადი, რომელიც დაკავშრებულია ისეთ ვიტალურ, ბაზისურ მოთხოვნილებებთან, როგორებიცაა: საკვები, წყალი და ა.შ. და აქედან გამომდინარე განმამტკიცებელი ეფექტის სწავლას არ საჭიროებენ, ხოლო პირობითი, ანუ მეორადი განმამტკიცებელი არის ნეიტრალური სტიმული, რომელიც უპირობო სტიმულთან დაკავშირების შედეგად ხდება განმამტკიცებელი სტიმული, მაგ: ფული, წარმატება, შექება და ა.შ.

Image result for bihevioral psychology

ამავე სკინერის თეორიის ფარგლებში გამოიყოფა ორი სახის განმტკიცება: პოზიტიური, რომელიც გულისხმობს პოზიტიური სტიმულის მიწოდებას, მაგ: თუ ბავშვი კარგად მოამზადებს მასალას, მასწავლებელი მას შეაქებს; და ნეგატიური განმტკიცება გულისხმობს ნეგატიური სტიმულის მოცილებას, მაგ: მოსწავლე ავად ხდება საკონტროლოს წინ. გარდა ამისა არსებობს პოზიტიური დასჯა, როდესაც მიეწოდება ავერსიული სტიმული, მაგ: მოსწავლე ცუდად მოიქცა და მასწავლებელი მას გაუბრაზდა, და ნეგატიური დასჯა, როდესაც იხსნება სასიამოვნო, პოზიტიური სტიმული, მაგ: მოსწავლე ცუდად მოიქცა და მასწავლებელმა ის ეზოში სათამაშოდ არ გაუშვა. ამას გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტორს, რომ ნეგატიური განმტკიცება და დასჯა ორი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა ხშირად ხდება მათი აღრევა, რადგან ორივე სიტუაციაში გამოიყენება ავერსიული სტიმულები. რეალურად ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი რეაქციით ქცევაზე, კერძოდ კი დასჯის შედეგი უნდა იყოს ქცევის შემცირება, ხოლო განმტკიცება ზრდის ქცევის განმეორების ალბათობას, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ ნეგატიურ განმტკიცებაში სიტყვა „ნეგატიური“ სრულიად არ გულისხმობს, რომ განმტკიცებული ქცევა აუცილებლად ცუდი ან ნეგატიური უნდა იყოს, ამ კონტექსტში ეს სიტყვა უფრო გამოკლების მნიშვნელობით იხმარება. ნეგატიური განმტკიცება და დასჯა ავერსიული კონტროლის მეთოდებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში (მელიქიშვილი, 2012).

გარდა ამისა, განმტკიცების ფარგლებში აუცილებლად უნდა განვიხილოთ განმტკიცების განრიგი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ხდება განმტკიცების მიწოდება. სკინერი თვლის, რომ სულ მცირე განმტკიცებაც საკმარისია ეფექტური სწავლისთვის და ასევე შესაძლოა გადამეტებულმა განმტკიცებამ, ე.წ. მოყირჭებამ, გამოიწვიოს ქცევის შეფერხება. ის გამოყოფს უწყვეტი განმტკიცების განრიგს, როდესაც ყველა სწორი რეაქციის განმტკიცება ხდება, პერიოდულ განრიგს, როდესაც ხდება მხოლოდ ზოგიერთი სწორი რეაქციის განმტკიცება და შერეული განმტკიცების განრიგს. პერიოდულ განმტკიცების განრიგის ორ ფორმას ასხვავებენ: ინტერვალური, რომელიც ემყარება განმტკიცებათა შორის დროით ინტერვალს და პროპორციული, რომელიც დამყარებულია საპასუხო რეაქციათა რიცხვზე. პერიოდული განმტკიცების ორივე ფორმა შესაძლოა იყოს მყარი, როდესაც განმტკიცება ხდება დროისა და საპასუხო რეაქციათა მყარი რაოდენობის შემდეგ და ცვლადი, როდესაც განმტკიცება ხდება ცვლადი დროისა და ცვლადი საპასუხო რეაქციების შემდგომ.

გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე ბიჰევიორიზმის ფარგლებში შეგვიძლია ვისმჯელოთ სამ სადაო საკითხზე და გავიგოთ როგორ სცემს ეს თეორია ამ კითხვებს პასუხს. პირველი ეს არის განვითარების პროცესის მიმდინარეობა, ბიჰევიორიზმის ჭრილში განვითარების პროცესი უწყვეტია, რადგან არც ერთი ბიჰევიორსტი არ ფიქრობს, რომ ინდივიდის მიერ სამყაროს გააზრებისა და მასზე რეაგირების გზები დროის განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება, პირიქით, ბიჰევიორიზმი ამტკიცებს, რომ ბავშვები და ზრდასრულები ერთნაირად რეაგირებენ გარე სამყაროზე და განსხვავება მხოლოდ ქცევის რაოდენობასა და სირთულეშია. ვინაიდან, ბიჰევიორიზმის თეორიის ფარგლებში ავტორები არ ყოფენ ინდივიდის განვითარებას სტადიებად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ბიჰევიორისტები ვარაუდობენ განვითარების მრავალი ხაზის არსებობას, რადგან ისინი თვლიან, რომ ადამიანი გენეტიკური და გარემო პირობების უნიკალურ კომბინაციაში იზრდება და ვითარდება, რასაც მათი განვითარება სხვადასხვა გზით მიჰყავს. დაბოლოს კითხვაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ბიჰევიორიზმისათვის გენეტიკა თუ გარემო, ცალსახა პასუხი იქნებოდა, რა თქმა უნდა, გარემო. ბიჰევიორიზმის მიმდევრები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ გარემოსა და აღზრდის თავისებურებებს ინდივიდის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯონ უოტსონის სიტყვები სწორედ იმას ადასტურებს, რომ ბიჰევიორიზმის ჭრილში გარემოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აქედან გამომდინარე, ბიჰევიორიზმი დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული თეორიაა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში და მას ბევრი მიმდევარი ჰყავს. ბიჰევიორიზმის კვალდაკვალ, ემპირიულად დაკვირვებად მონაცემებზე დაყრდნობით უამრავი საინტერესო გამოვლინება და შედეგი იქნა მიღებული. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პრაგმატული დარგია, რომელიც ადამიანის ქცევაზე დაკვირვებითა და როგორც ვნახეთ მრავალი მეთოდის გამოყენებით იძლევა შესაძლებლობას აღვწეროთ, ავხსნათ და ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის ქცევა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგიის ძირითად დანიშნულებას ბიჰევიორიზმი ეფექტურად ართმევს თავს.


0
273
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0