x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
"მორალური მსჯელობა და ქცევა"

ბიჰევიორისტების აზრით, ზნეობრივი ქცევა მიეკუთვნება პირობითი რეფლექსების კატეგორიას, სადაც სტიმული შეიძლება იყოს შიში, ამა თუ იმ ქცევაზე ან სიტუაციაზე. ბავშვის მხრიდან სოციალურად მისაღები მორალური წესის დარღვევას მოჰყვება დასჯა, რომელიც განიცდება როგორც შიში და ტკივილი. მორალური ქცევა არის დასწავლის შედეგი, რომელსაც საფუძვლად უდევს ოპერანტული განპირობებულობა. ოპერანტული განპირობებულობის პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს: ქცევა მოსალოდნელია მომავალშიც განმეორდეს, როცა მას განმამტკიცებელი სტიმული მოსდევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიხშირე იკლებს და ბოლოს მთლიანად ქრება. განმამტკიცებლების სისტემა კი შედგება სოციალური სტიმულებისგან: შექება, ყურადღება, აღიარება, ღიმილი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა მორალური ქცევა განახორციელონ, ჩვენ ეს ქცევა მაშინვე უნდა განვამტკიცოთ, როგორც კი ბავშვები მათ გამოამჟღავნებენ. ამავე დროს, არ უნდა განვამტკიცოთ ბავშვის არასასურველი ქცევა. ბანდურას მიხედვით, მორალური ღირებულებებისა და საზოგადოებაში ქცევის წესების ათვისება გაივლის იმიტაციისა და მოდელირების სტადიებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ ადამიანების ქცევა გარშემომყოფთათვის მისაღებია, ის ცდილობს, გააკეთოს ამ ქცევის მოდელირება. რაც შეეხება მორალური მსჯელობის განვითარებას, განვიხილოთ კოლბერგის შეხედულება. მისი აზრით, მორალური მსჯელობის განვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ მომწიფება და სოციალიზაცია, არამედ მორალურ პრობლემაზე ბავშვის საკუთარი ნააზრევი. როცა ჩვენ სხვას ვეკამათებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს აზრებს არ ეთანხმებიან, ამიტომ გვიჩნდება სწრაფვა, წავიდეთ წინ და შევიმუშავოთ ახალი, უფრო ზოგადი პოზიცია. მორალური მსჯელობის განვითარებას ასევე ხელს უწყობს სხვა ადამიანის როლის შესრულებაც. მორალურ განვითარებას კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3 კრიტერიუმი: (1) ორიენტაცია ავტორიტეტზე; (2) ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზ; (3) ორიენტაცია პრინციპებზე. ქცევის წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის მექანიზმებია: იმიტაცია - ბავშვის გაცნობიერებული სურვილი, გააკეთოს მისთვის ღირებული უფროსის, თანატოლის, ლიტერატურული გმირის ქცევის კოპირება; იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების მიღება; სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი; დანაშაულის გრძნობა - შინაგანი განცდა იმისა, რომ ჩადენილი საქციელი არ შეესატყვისება მისი პიროვნების ღირებულებებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენ მიერ განხილული თემა მორალური განვითარება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდივიდის მორალური განვითარების ზუსტი მეტრიკული ასაკის მითითება რთულია, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც საზოგადოების სოციო-კულტურულ მახასიათებლებზე, ასევე მაკრო და მიკროსოციალურ გარემოზე. ასევე შეიძლება გამოვყოთ ის საკითხიც რომ არსებობს დიდი განსვლა მორალურ მსჯელობასა და მორალურ ქცევას შორის. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მაღალი მორალური პრინციპები, მაგრამ ქცევის განხორციელებისას არ აღმოჩნდეს სათანადო დონეზე. ბავშვების მორალური განვითარების წინასწარმეტყველება რთულია და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკაცრ ჩარჩოში ვერ ჩავსვამთ. ბავშვების მორალური აზროვნება ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება, ისეთის, როგორიცაა მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ჩვევები და ტრადიციები, გრძნობები, რომლებსაც ისინი კონკრეტულ მომენტში განიცდიან. კონკრეტულ საკითხში ბავშვებმა შეიძლება გამოავლინონ მორალური მსჯელობის საკმაოდ მაღალი დონე, ხოლო სხვა საკითხში - უფრო დაბალი. ერთ საკითხზე შეიძლება გამოთქვან მაღალი დონისთვის დამახასიათებელი მსჯელობა, ხოლო მეორე საკითხზე - უფრო დაბალი დონისთვის დამახასიათებელი მსჯელობა. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები რა თქმა უნდა არ არის უნაკლო, მათი კრიტიკა და გადაფასება კი ყოველთვის შესაძლებელია.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0