x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
"პიაჟეს შეხედულება ბავშვის მორალურ განვითარებაზე"

განვითარებასთან და ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვანია ვსწავლობთ რა არის კარგი და რა არის ცუდი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სწორი და რა არასწორი უნდა მივიღოთ დამოუკიდებლად. ჩვენ მიერ განსახილველი თემა კი სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. იმისათვის რომ ნათელი გახდეს ჩვენ მიერ განსახილველი თემა პირველ რიგში განვმარტოთ მორალურობა- რწმენათა, ფასეულობათა და ძირითად მსჯელობათა სისტემა ადამიანის მოქმედების სისწორისა თუ მცდარობის შესახებ. საზოგადოებას სჭირდება, რომ ბავშვები ჩამოყალიბდნენ ისეთ მოზრდილებად, რომლებიც მიიღებენ მორალურ ფასეულობათა სისტემას და რომელთა ქცევას მორალური პრინციპები წარმართავს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მორალის გამოვლინების სამი სახე არსებობს: მორალური მსჯელობა, მორალური გრძნობები და მორალური ქცევა. რა თქმა უნდა მორალური განვითარებაც განვიტარების გარკვეულ ეტაპებს გადის.

პიაჟემ მორალი განსაზღვრა, როგორც ინდივიდის მიერ სოციალური წესების პატივისცემა, სამართლიანობის გრძნობის არსებობა, რომელიც ეყრდნობა ადამიანთა შორის თანასწორობისა და ერთმანეთზე ზრუნვის პრინციპს. როგორც პიაჟე გადმოგვცემს, მორალური მსჯელობა ვითარდება სოციალური გამოცდილებისა და კოგნიტური შესაძლებლობების განვითარების პარალელურად. იგი აკვირდებოდა ბავშვების თამაშს და ეკითხებოდა თითოეულს, თუ საიდან იცოდნენ თამაშის წესები, რას ნიშნავდა ისინი და რატომ იყო აუცილებელი მათი დაცვა? ბავშვების პასუხებიდან გამომდინარე, პიაჟე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბავშვების მიერ წესების გაგება გაივლის ოთხ ეტაპს:1)პირველი ეტაპი (0 სტადია) აღმოცენდება ოპერაციამდელი სტადიის დასაწყისში (დაახლოებით 4 წელის ასაკში), მაშინ როცა ბავშვი იწყებს სიმბოლურ თამაშს. ამ ეტაპზე ძალიან ხშირად გვხვდება „პარალელური“ თამაში, როცა ბავშვები თამაშობენ ერთმანეთის გვერდით, საერთო სათამაშოებით, მაგრამ სოციალური ორგანიზაციის გარეშე. გამოდის რომ ბავშვი თამაშისას იყენებს საკუთარ წესებს, რომლებიც მათ სურვილებზეა დამოკიდებული. ეს „წესები“ ბავშვის თამაშს გარკვეულ კანონზომიერებას აძლევს, რომლის მიზანიც არ არის თანამშრომლობა ან შეჯიბრება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, ბავშვი მიიჩნევს, რომ კარგია ის, რაც მას მოსწონს. 2) მეორე ეტაპზე (მორალური რეალიზმის სტადია, 5 წლიდან) ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მან უნდა დაიცვას წესები, რომლებიც დადგენილია უფროსების მიერ. ბავშვები მოიაზრებენ, რომ წესები მუდმივია, და მათი შეცვლა არ შეიძლება, ხოლო დასჯა გარდაუვალია. ბავშვის აზროვნებისათვის დამახასიათებელია ეგო- ცენტრიზმი. მას ჰგონია, რომ სხვებიც ისე ფიქრობენ, როგორც ის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ბავშვები საქციელზე მსჯელობენ შედეგის მიხედვით და არ ითვალისწინებენ ქცევის განზრახვას, მიზანს, მოტივს. 3)მესამე ეტაპზე (მორალური რელატივიზმის სტადია, 7 წლიდან) ბავშვები ხვდებიან, რომ ზოგიერთი წესი არის სოციალური კონვენცია (შეთანხმება), რომელიც შეიძლება შეიცვალოს, თუ ყველა თანახმა იქნება. ამ ეტაპზე ბავშვის მორალური მსჯელობები ითვალისწინებს განზრახვას, ხოლო დასჯას განიხილავენ, როგორც ადამიანის გადაწყვეტილებას. ბავშვები იწყებენ სამართლიანი ქცევის განხორციელებას, რომელიც ამ ეტაპზე არ არის სრულყოფილი. ისინი სამართლიანად თვლიან „სამაგიეროს“ გადახდის პრინციპს. 4) მეოთხე ეტაპი (მორალური რელატივიზმის სტადია) იწყება ფორმალური ოპერაციების სტადიაზე (11 წლიდან). აქ უკვე ვხვდებით მორალური აზროვნების იდეოლოგიურ ფორმას, რომელიც მოიცავს როგორც პირად და პიროვნებათშორის სიტუაციებს, ასევე სოციალურ სამართლიანობას. ბავშვებს ესმით, რომ წესები სოციალური შეთანხმების შედეგია, რომელთა შეცვლაც შეიძლება, იმისათვის რომ გათვალისწინებულ იქნას ინდივიდუალური გარემოებები და იყოს ყველა ადამიანისთვის სამართლიანი. პიაჟეს აზრით კი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უფროსები. თუ ისინი უარს არ იტყვიან თავიანთი ძალაუფლების ნაწილის დათმობაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მორალური განვითარების შეფერხება, რადგან განამტკიცებს ბავშვის დამოკიდებულებას ძალაუფლების მქონე ადამიანებზე.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0