x
"თავხედი" და "გაუზრდელი"

imageროდესაც ურთიერთობა პედაგოგსა და მის აღსაზრდელს შორის არ შემდგარი ან ვერშემდგარია, აღზრდაზე და სწავლებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ურთიერთობაზე პასუხისმგებელნი კი ყოველთვის ჩვენ, ზრდასრული ადამიანები ვართ.

მე სოციალ-პედაგოგი ვარ და ბერლინის ერთერთ სოციალურად საკმაოდ მწვავე რაიონში ვმუშაობ. ეს უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.

დაეხმარო ბავშვებს, ნიშნავს დაეხმარო პირველ რიგში მათ მშობლებს. ყველა ბავშვს უყვარს მშობელი, როგორიც არ უნდა იყოს. გაგიკვირდებათ და მოძალადე მშობლებიც კი ბავშვს ქვეყანას ურჩევნია. მათ ხომ სხვა, შობლის გარდა არავინ არ ჰყავთ.

თუკი ადამიანების დახმარება გსურს, ჯერ ეს ადამიანები უნდა მიიღო მთელი მათი აღმართ-დაღმართებით, მოიპოვო ნდობა, გაეცნო მათ ნამდვილ, რეალურ ცხოვრებას, გაუგო და დაეხმარო, რომ თავად მოუნდეთ და ეძებონ გზები ჩიხიდან გამოსასვლელი.

ერთ დღესაც სამსახურში ტელეფონმა დარეკა


-მე: "დიახ, გისმენთ"

-ის: "ერიკის ყოფილ მასწავლებელს მინდა გავესაუბრო"

უსიამოვნო, მჭახე ხმამ გადაფარა ბავშვების ჟრიამული

-მე: "მე გახლავართ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?"

-ის: "ძალიან კარგია, რომ პირდაპირ თქვენთან მოვხვდი. ერიკზე მინდა გასაუბრება. ამისთანა თავხედი და გაუზრდელი ბავშვი როგორ გამოგზავნეთ სკოლაში? არ ასწავლეთ არაფერი, ხო?"

ჩემს პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა

-" არაფერი ამან არ იცის, ასოებს და ციფრებს ვერ სცნობს, საკუთარი სახელი ვერ დავაწერინე დღემდე"

დაბნეულმა და გაოგნებულმა ისღა მოვახერხე მეთქვა, ძალიან ვწუხვარ ქალბატონო, რომ დიპლომიანი და ხარისხდაცული ბავშვი ვერ გამოგზავნეთ. გავთიშე ტელეფონი და თვალებით დავუწყე ძებნა ერიკის ჯერ ისევ კედელზე შემორჩენილ ნამუშევრებს.

ავდექი, მივუახლოვდი, ვუმზერდი და ვიხსენებდი, როგორი ინტერესით, ხალისით გამოჰყავდა თითოეული ასო და ციფრი, როგორ უხაროდა ფორმების ხატვა, გაფერადება და როგორ ამაყობდა, როცა ფურცლის მარჯვენა კუთხეში თავისი ხელით საკუთარ სახელს მიაწერდა ხოლმე.



0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ირა ჩერქეზიშვილი
ირა ჩერქეზიშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0