x
ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია.
image

ადამიანი სოციალიზაციასა და გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად ყოველდღიურად ვითარდება, შეისწავლის და ამასთანავე ეუფლება ახალ საკითხებს. ზოგადად ტერმინი განვითარება ფსიქოლოგიური მნიშვნელობით, იმ ცვლილებებს გულისხმობს, რომლებსაც ადამიანები (ან ცხოველები) დაბადებიდან სიკვდილამდე განვიცდით. ადამიანის განვითარება სხვადასხვა ასპექტებად იყოფა, ესენია : ფიზიკური, პიროვნული, სოციალური და კოგნიტური განვითარება. ზემოთჩამოთვლილი განვითარების თეორიებიდან უნდა განვმარტოთ და აღვწეროთ მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოგნიტური განვითარების თეორია, რომელიც შეისწავლის დროში ცვალებად (დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე) გონებრივ პროცესებსა და პროდუქტებს. ამ თეორიას აინტერესებს თუ როგორ აზროვნებს, აღიქვამს და ზოგადად იგებს ადამიანი მის გარშემო არსებულ სამყაროს სხვადასხვა ფაქტორთა ურთიერთქმედებით.

კოგნიტური განვითარების მკვლევრები განიხილავენ ძირითად სამ საკითხს, ესენია :

  • კოგნიტური განვითარების მიმდინარეობას აღწერენ, მიმოიხილავენ ცვლილებებს, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს მოცემულ განვითარების სტადიაზე (ეტაპზე).
  • შეისწავლიან, აკვირდებიან და განიხილავენ ინდივიდუალურ განსხვავებებს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად ვითარდება და მისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს.
  • არკვევენ თუ როგორ უთავსდება გენეტიკური და გარემო ფაქტორები ერთმანეთს, როცა სახეზეა ინდივიდუალური გასხვავება. ამით ისინი ე.წ. კოგნიტური განვითარების მექანიზმებს აყალიბებენ.
კოგნიტური განვითარების თეორიის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის შვეიცარიელ ფსიქოლოგს - ჟან პიაჟეს (Jean Piaget, 1896-1980), რომელიც 50 წლის განმავლობაში ავითარებდა თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ აზროვნებენ, ფიქრობენ და წყვეტენ პრობლემებს/ამოცანებს ბავშვები. პიაჟეს მიხედვით, ადამიანი არის აქტიური, დინამიური და შემოქმედებითი არსება, რომელიც მენტალური სტრუქტურების (სქემების) საშუალებით გადაამუშავებს და ორგანიზებას უკეთებს გარემოდან შემოსულ ინფორმაციას. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მარტივიდან სქემები რთულ კოგნიტურ სტრუქტურებად გარდაიქმნება. სქემა ადამიანს ეხმარება, რომ რაიმე ობიექტი ან მოვლენა მოათავსოს გარკვეულ კლასში ან კატეგორიაში, შემდგომ კი მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა კონკრეტული მოქმედება განახორციელოს ამ საგნით, ან როგორი რეაგირება მოახდინოს მოვლენაზე. სქემები აზროვნების საბაზო სამშენებლო ბლოკებია (მენტალური სისტემები/აღქმის კატეგორიები), რომლებიც ქმნის ორგანიზებულ სისტემებს და შემდგომ სამყაროში არსებული საგნების და მომხდარი მოვლენების მენტალურად გამოხატვისა და მათ შესახებ ფიქრის საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა სქემები იყოს ძალიან პატარა და სპეციფიკური (მაგალითად : ვაშლის ცნობის სქემა), მაგრამ ამასთანავე არსებობს უფრო ზოგადი, დიდი სქემებიც (მაგალითად : ხილის კატეგორიზაციის სქემა). როცა პიროვნების აზროვნების პროცესები უფრო ორგანიზებული ხდება და ახალი სქემები ვითარდება, ქცევებიც იხვეწება და უკეთ შეესაბამებაა გარემოს. ჩვილის პირველად სქემებს პიაჟემ სენსომოტორული ინტელექტი უწოდა. იგი არის აზროვნების სტრუქტურები და პროგრამები, რომლებიც ისეთ სენსომოტორულ თანმიმდევრობას წარმართავს, როგორიცაა: წოვა, ტაცება, ყურება, ხელის კვრა. პრაქტიკასთან ერთად უმარტივესი სქემები ერთიანდება, ინტეგრირდება და შემდგომ ნაწილდება ქცევის თანდათანობით გართულებას მრავალფეროვან პატერნებში. პიაჟე სქემას პროცედურულ ცოდნას ადარებდა, რომელიც გულისხმობს წარმოდგენას შესასრულებელი მოქმედებების თანმიმდევრობაზე. მარტივი სქემების რთულ კოგნიტურ სტრუქტურებად გარდაქმნას საფუძვლად ადაპტაციის, ანუ გარემოსთან შეგუების პროცესი უდევს. გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ადამიანი გამოიმუშავებს სქემებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას განახორციელოს სხვადასხვა სახის აქტივობა.


გარემოსთან ადაპტაციას ორი მექანიზმი განაპირობებს :

  • ასიმილაცია - ასიმილაციით ხდება გარემოდან მომდინარე ახალი ინფორმაციის მოდიფიცირება, რათა ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვიდეს უკვე ნაცნობ გამოცდილებასთან. შემოსული სენსორული ინფორმაციის სტრუქტურიზაციისათვის ბავშვი მიმართავს არსებულ სქემებს. ეს იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ახალ ინფორმაციას იღებს, იგი მის ამოსაცნობად იყენებს უკვე არსებულ სქემას/მოქმედების გეგმას. შესაბამისად, სქემა მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის, მაგრამ ის იზრდება, რადგან მასში თავსდება ახალი გამოცდილება. ასიმილაციის პროცესი წააგავს “სტიმულის განზოგადების’’ ბიჰევიორისტულ კონცეფციას - როცა ორგანიზმი სტიმულზე რეაგირებას სწავლობს, იგი მეორე, მსგავს სტიმულზე პასუხობს იმავე რეაქციით. ეს ტენდენცია ძლიერდება, თუ ახალ, მსგავს სტიმულზე რეაგირების შედეგი დამაკმაყოფილებელია. ასიმილაციის მაგალითი : თუ ბავშვი პირველად დაინახავს პეპელას ის მას უწოდებს ჩიტს, ანუ პეპლის ასიმილირებას ახორციელებს საკუთარ უკვე არსებულ და დახსომებულ ჩიტის სქემაში.
  • აკომოდაცია - აკომოდაციის შემთხვევაში, ახალი ინფორმაციის უფრო სრულად ასახსნელად ბავშვის უკვე არსებული სქემები გადასტრუქტურდება, ან მოდიფიცირდება. ადამიანმა უნდა შეცვალოს არსებული სქემა და ახალი შექმნას, რათა განახორციელოს ადაპტაცია. ეს პროცესი ძალიან წააგავს სწავლის პროცესს ან პრობლემის გადაჭრას, როცა უკვე ნასწავლი ხერხი მოცემულ სიტუაციაში “არ მუშაობს’’ (გამოუსადეგარია) და ახალი ხერხის გამოყენებაა საჭირო. შედარების თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, მაგალითად, სქემას შეგვიძლია ვუწოდოთ “კატალოგის ბარათი’’, მაშინ აკომოდაცია ახალი “კატალოგის ბარათის’’ გულისხმობს უკვე არსებული, მსგავსი სქემის შეცვლის საფუძველზე. მაგალითად : როდესაც ბავშვი იგებს ახალი ცხოველის დასახელებას, როგორიცაა სკუნსი იგი ქმნის ახალ სქემას, რადგან ცხოველის ეს სახეობა რადიკალურად განსხვავდება იმ ცხოველებისაგან, რომელიც მან იცის (ძაღლი, სპილო, კატა, ზებრა და ა.შ), მაშასადამე, ბავშვი სკუნსის აღქმის მიზნით, ცხოველების იდენტიფიკაციის უკვე არსებულ სისტემებს ახალ სქემას ამატებს.
  • ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესი ადამიანს აძლევს ზრდის და გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობას. ადამიანს ასიმილაცია აძლევს საშუალებად უკეთ გამოიყენოს უკვე არსებული სქემები, ხოლო აკომოდაცია ეხმარება მას არსებული სქემის შეცვლაში, რათა ის ახალი სიტუაციის შესატყვისი იყოს.

    ჟ. პიაჟეს თანახმად, ასიმილაციასა და აკომოდაციას შორის უნდა არსებობდეს ბალანსი. ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს აკომოდაცია, რათა ახალ სიტუაციაში მოხვედრისას მოხერხდეს არსებული სიტუაციასადმი ადაპტაცია და ასიმილაცია, რათა სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ უკვე არსებული სქემები. ეს გულისხმობს იმას, რომ აკომოდაციასა და ასიმილაციას შორის უნდა იყოს დაცული წონასწორობა, რაც საშუალებას მისცემს ადამიანს შეძლოს გარემოსადმი ადაპტაცია. როცა წონასწორობა (ანუ ბალანსი) დაირღვევა, გარემო პირობებიდან გამომდინარე, “რაღაც’’ უნდა გაკეთდეს. ეს “რაღაც’’ კი ასიმილაცია, ან აკომოდაციაა. წონასწორობა დროებითი მდგომარეობაა, რადგან გარემოსთან ურთიერთობა არღვევს წონასწორობას და მისი აღდგენისკენ სწრაფვა წარმოადგენს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების საფუძველს. როცა ადამიაი აცნობიერებს, რომ მისი აზროვნების ჩვეული სტილი პრობლემის გადაჭრის ან სიტუაციის გაგებისთვის გამოუსადეგარია საქმე გვაქვს წონასწორობის დარღვევასთან.

    ინტელექტის ცნება პიაჟესთვის წარმოადგენს ადამიანის განკარგულებაში არსებული ყველა სქემის ერთიაობას. ეს სქემები ეხმარება ადამიანს გარემოსთან ადაპტაციასა და პრობლემებთან გამკლავებაში. სწორედ ამიტომ ინტელექტი განიხილება, როგორც ადამიანის გარემოსადმი ადაპტაციის მექანიზმი, რომელიც ასიმილაციისა და აკომოდაციის შედეგია. პიაჟესთვის იგი არის ერთგვარი სტრუქტურა თუ როგორაა ორგანიზებული ცოდნა, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება. მისთვის ინტელექტი განაპირობებს ადაპტაციას მუდმივად ცვლადი გარემოს მიმართ, ამიტომ მას ახასიათებენ როგორც პროცედურულ ცოდნას (ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს, არა უბრალოდ ფაქტების ცოდნა). იგი ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად ოპერაციის წარმოქმნას მიიჩნევს. ოპერაცია არის განსაკუთრებული სახის მოქმედება, რომელიც უბრალო ქმედებისაგან ორი ნიშნით განსხვავდება, ესენია: ინტერიორიზაცია, როცა ბავშვი ამოცანას არა გარეგანი მოქმედების გზით, არამედ შინაგან პლანში, აზროვნების პროცესების სახით წყვეტს და მეორე ესაა შექცევადობა, რომელიც სრულ კომპენსაციას გულისხმობს, სხვანაირად რომ განვმარტოთ, ოპერაციის მოქმედება შეიძლება გაუქმებული იყოს საწინააღმდეგო ოპერაციით, ანუ გონებაში პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ.

    ჟ. პიაჟეს მიხედვით ინტელექტუალურ განვითარებას განსაზღვრავს:

  • მემკვიდრეობა, რომელიც მომწიფების ტემპზე ახდენს გავლენას. მომწიფება არის პროცესი, რომელიც ინტელექტუალური სტრუქტურის განვითარებას განსაზღვრავს. ე.ი. მომწიფება (ანუ ასაკი) ქმნის კონკრეტული სტრუქტურის წარმოქმნის შესაძლებლობას, მაგრამ მისი აღმოცენება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული;
  • აქტივობა, რომელსაც ახორციელებს ბავშვი გარემოში. ეს აქტივობა შეიძლება იყოს ფიზიკურიც და აზრობრივიც და კავშირში იყოს როგორც ადამიანებთან, ასევე საგნებთან. ბავშვებს, რომლებიც მაღალ აქტივობას ავლენენ, დიდი ალბათობით განუვითარდებათ ის კოგნიტური სტრუქტურები, რომლებიც ინტელექტის განვითარების ოთხივე სტადიისთვის დამახასიათებელია, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც აქვთ მცირე გამოცდილება.
  • რაც შეეხება ემპირიულ გამოცდილებას მას ბავშვი იძენს : ფიზიკური გამოცდილებით - ფიზიკურ გარემოსთან კონტაქტში. ფიზიკური გამოცდილებით ხდება გარკვეული ინფორმაციის მიღება საგნის შესახებ, მაგალითად, ამ გზით ბავშვი აღმოაჩენს საგნის წონას, მოცულობას და სხვა თვისებებს. ე.ი ამ შემთხვევაში აღმოჩენილი თვისებები თვით საგნებშია მოცემული; 2. ლოგიკურ-მათემატიკური გამოცდილებით - ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ამგვარი გამოცდილება ფსიქიკური განვითარების ყველა საფეხურზე უდიდეს როლს ასრულებს. ცოდნა, რომელიც ამ გზით მიიღება, ემყარება არა საგნის ფიზიკურ თვისებებს, არამედ იმ მოქმედებათა თავისებურებებს, რომელიც მათზე სრულდება (ეს ყოველივე კი ერთი და იგივე სრულებით არ არის). მაგალითად, როდესაც ბავშვი თვლის კენჭებს შეიძლება ისინი რიგში დააწყოს ან წრე შეკრას. ამ დროს მან შესაძლოა საოცარი რამ აღმოაჩინოს: კენჭების რაოდენობა იგივეა, გინდ მარჯვნიდან გადათვალე, გინდ მარცხნიდან, ან წრეში განლაგების მიუხედავად მათი რაოდენობა უცვლელია. ასეთ სიტუაციაში ბავშვი აღმოაჩენს, რომ ჯამი არ არის დამოკიდებული გადათვლის რიგზე. ეს არის ლოგიკურ-მათემატიკური ექსპერიმენტი. 3. სოციალური ინტერაქცია ან ადამიანებს შორის აზრების გაცვლა - ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი იდეების განვითარებისთვის, რომელთაც ფიზიკური ექვივალენტი არ აქვთ. მაგალითად, სამართლიანობის იდეა. სოციალური გარემოს გავლენა ფსიქიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ინტელექტის განვითარების სტადიათა საშუალო ქრონოლოგიური ასაკი მერყეობს სოციალური გარემოს, კულტურისა და განათლების დონის მიხედვით. 4. წონასწორობა - არის თვითრეგულაციის საშუალება და ახალი ინფორმაციის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა ასიმილაციისა და აკომოდაციის საშუალებით. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის უპირველესი დანიშნულებაა შეეგუოს გარემოს (ადაპტირდეს), რათა შეძლოს არსებობა. ადამიანის გარემოსთან ადაპტაციის ყველაზე ხელსაყრელი იარაღი კი მისი ინტელექტია, რომელიც უზრუნველყოფს წონასწორობას გარემოსა და ადამიანს შორის. ამ უკანასკნელ ფაქტორს ჟ. პიაჟე განსა­კუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

  • პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია გვთავაზობს ინტელექტის განვითარების ოთხ სტადიას. მისი ვარაუდით, ბავშვები სწორედ ამ სტადიებს გადიან ინტელექტუალური განვითარებისას, რაც ბავშვის აზროვნების მზარდ დახვეწას ასახავს. მისი თეორია მიზნად ისახავს იმის გაგებას, თუ როგორ იძენენ ბავშვები ცოდნას ფუნდამენტური ცნებების შესახებ, როგორიცაა საგნის მუდმივობა, კატეგორიზაცია, რიცხვი, რაოდენობა, მიზეზობრიობა და სამართლიანობა. მის მიერ ჩამოყალიბებული და აღწერილი სტადიებია:

    1.სენსომოტორული ინტელექტის სტადია (0-2 წელი) - პირველ თვეებში ჩვილის ქცევის უმეტესი ნაწილი თანდაყოლილ სქემათა შეზღუდულ ერთობლიობას ეფუძნება, როგორიცაა: წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა. პირველი წლის განმავლობაში ვითარდება სენსომოტორული უნარები, კომბინირებული, კოორდინირებული ხდება და ერთიანდება, გარდა ამისა ეს უნარები თანდათან მრავალფეროვანი ხდება. ამ სტადიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა საგანთა მუდმივობის გაგებაა. ბავშვები სწავლობენ, რომ საგნები და მოვლენები მაშინაც არსებობენ, როცა ისინი მათ ვერ ხედავენ. როცა ბავშვს ესმის საგანთა მუდმივობა მას სიმბოლური აზროვნება შეუძლია, რაც წარმოადგენს ბავშვის უნარს, გონებაში წარმოსახოს და სიმბოლოების საშუალებით იფიქროს საგნებსა და მოვლენებზე.

    2.ოპერაციამდენი სტადია (2 -7 წელი) - განვითარების ამ პერიოდში დიდი კოგნიტური წინსვლაა ფიზიკურ მოცულობას მოკლებული ობიექტების გონებაში წარმოდგენის გაუმჯობესებული უნარი. ამ პერიოდში ბავშვებთან ვხვდებით სიმბოლური ფუნქციის განვითარებას - მეტყველება, სიმბოლური თამაში, გარკვეული ტიპის შინაგანი მიბაძვა, რომელიც ხატოვანი აზროვნების განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ამ შენაძენის გამოკლებით, ოპერაციამდელ სტადიას პიაჟე აღწერს იმის მიხედვით თუ რისი გაკეთება არ შეუძლიათ ბავშვებს. მას მიაჩნდა, რომ პატარა ბავშვების ოპერაციამდელი აზროვნება ეგოცენტრიზმით, ანუ ბავშვის მიერ სხვა ადამიანის თვალსაზრისით გაზიარების უნარის არქონით ხასიათდება, მას არ შეუძლია დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე. სენსომოტორულ სტადიასთან შედარებით მნიშვნელოვანი ძვრების მიუხედავად, ცნებამდელი პერიოდის ბავშვებს უჭირს ერთმანეთისაგან გაარჩიონ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური რეალობა. ბავშვის აზროვნებას ანიმიზმი ახასიათებს, ის თვლის, რომ მოძრავი ობიექტები ცოცხლები არიან (მზე, ღრუბელი, მანქანა და ა.შ) და ასევე ახასიათებს არტიფიკალიზმი, რომელიც თვლის, რომ გარემოში ყველაფერი შექმნილია ადამიანის მიერ (მაგ: მზე იმისთვის, რომ გაგვინათოს, მდინარე იმისთვის, რომ ნავმა იცუროს და ა.შ). როცა ბავშვი მოვლენებს და საგნებს ისე განიხილავს, როგორც ეს მას აღქმაში ეძლევა ამას რეალიზმი ეწოდება. მაგალითად: მთვარე ბავშვს მიჰყვება, ქარი ხის ტოტების რხევის გამო ქრის და ა.შ. ბავშვი მთელ ინფორმაციას დებს ცნებაში, რაც ობიექტის შესახებ იცის. ის თვლის, რომ მისთვის ნაცნობ ობიექტს ყველა მისთვის ნაცნობი თვისება უნდა ჰქონდეს, მაგალითად: ძაღლი არ არის ძაღლი, თუ ჯოხს არ მოიტანს და არ დაიყეფებს. მოცემულ სტადიაზე ხაზგასასმელი ფაქტორია ტრანსფორმაციული აზროვნების ნაკლებობა, რაც ბავშვს ამ პერიოდში ახასიათებს. იგი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა ტრანსფორმაციას განიცდის საგანი და ყურადღებას მხოლოდ პროცესის საწყის და საბოლოო მდგომარეობაზე ამახვილებს. სწორედ ეს ფაქტორი შეუძლებელს ხდის ლოგიკურ აზროვნებას.

    3.კონკრეტული ოპერაციების სტადია (7 - 11 წელი) - ამ სტადიაზე ბავშვს უკვე შეუძლიათ გონებრივი ოპერაციების -გონებაში განხორციელებული მოქმედებების შესრულება, რომლიდანაც სათავეს ლოგიკური აზროვნება იღებს. ბავშვები ამ ეტაპზე კარგად აზროვნებენ ლოგიკურად, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ, კონკრეტულ სიტუაციებში. მათ უჭირს აბსტრაქტული აზროვნება ან განზოგადება კონკრეტულ გამოცდილებებზე დაყრდნობის გარეშე. კონკრეტული ოპერაცია არის გონებრივი ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ობიექტებსა და სიტუაციებთან და შექცევადობით ხასიათდება. რაც შეეხება შექცევადობას იგი არის ლოგიკური ოპერაციების თავისებურება, ერთგვარი უნარი - აზროვნების პროცესში მიჰყვე საფეხურებს ერთი მიმართულებით, შემდგომ კი აზრობრივად დაუბრუნდე საწყის წერტილს. შექცევადობის წესის მიხედვით, ნებისმიერი ოპერაციისთვის არსებობს საპირისპირო ოპერაცია, რომელიც პირვანდელ მდგომარეობას აღადგენს. მაგალითად:

    5-3=2 და 2+3=5 ამ დროს ბავშვი თანდათან სწავლობს ციფრებს და ობიექტების კლასიფიცირებას. იგი იყენებს ლოგიკურ ოპერაციებს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

    4.ფორმალური ოპერაციების სტადია (11 -15 წლამდე) - კოგნიტური განვითარების ამ ბოლო სტადიაზე ბავშვის აზროვნება აბსტრაქტული ხდება. მოზარდს შეუძლია იმის დანახვა, რომ მის მიერ აღქმული კონკრეტული რეალობა მხოლოდ ერთი ვარიანტია რეალობის რამდენიმე შესაძლო წარმოსახვიდან და შეუძლიათ ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ყოფიერების სიღრმისეულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა. მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების (მეცნიერული ვარაუდების) ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნებისას ისინი არა მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს, ან ნაცნობ ფაქტებს იყენებენ არამედ, განყენებული იდეებითაც მანიპულირებენ. ამ სტადიაზე მოზარდებს შეუძლიათ ინდუქციური მსჯელობის საფუძველზე საკუთაარი აზრების სისტემაში მოყვანა და კრიტიკულ დონეზე მისი გაანალიზება. ამ სტადიაზე ბავშვის ინტერესი ფართოვდება და უფრო დიდ ყურადღებას იჩენს სხვადასხვა საკითხის მიმართ, განსაკუთრებით კი მის ინტერესის სფეროში ექცევა სოციალური საკითხები.

    ჟ. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია სამ სადაო საკითხს შემდეგნაირად პასუხობს:

    1.განვითარება წყვეტილია თუ უწყვეტი? - უწყვეტია, რადგან ამ შემთხვევაში განვითარება უკვე ნასწავლი ქცევების (ჩვევების) ზრდას და გაუმჯობესებას მოიცავს.

    2.განვითარების ერთი თუ მრავალი კურსი არსებობს? - ამ თეორიის მიხედვით არსებობს განვითარების ერთი კურსი, რადგან მისი თითოეული საფეხური (სტადია) უნიკალური და დანარჩენისაგან გამორჩეულია.

  • ბუნება უფრო მნიშვნელოვანია, თუ აღზრდა? - პიაჟეს კოგნიტური თეორიის მიხედვით როგორც ბუნება, ასევე აღზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან განვითარება ბავშვის ტვინის მომწიფებისა და თანდაყოლილი იმპულსების ზოგადად მასტიმულირებელ გარემოში რეალობის აღმოჩენისაკენ მიმართვის შედეგია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული და გვიანი გამოცდილებაც.
  • საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჟ. პიაჟეს როლი კოგნიტური განვითარების თეორიაში საკმაოდ დიდია. მისმა მოსაზრებამ იმის თაობაზე, რომ ბავშვი განვითარების პროცესში გარემოს ზეგავლენაზე უბრალოდ კი არ რეაგირებს, არამედ აქტიურად მოქმედებს და ახალ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იძენს გარემოსთან შეგუების პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა ზოგადად ამ თეორიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. სწორედ პიაჟეს განვითარების სტადიებისა და სხვადასხვა ფაქტორის დაწვრილებით ახსნის შემდგომ დავასკვენით, რომ ბავშვის მიერ გარემოს შეცნობა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით კი არ ვითარდება, არამედ თვისებრივად იცვლება შემეცნების პროცესიც.


    0
    1127
    შეფასება არ არის
    ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
    გუჯაბიძე მარიამი
    1127
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0