x
image
თორნიკე55
რატომ არის მართვითი სუნთქვა კრიტიკული მნიშვნელობის კორონავირუსის მკურნალობისას
imageკორონავირუსის პანდემიის პირობებში, მართვითი სუნთქვის აპარატების მზარდი დეფიციტი და იმ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა და დაინფიცირება, რომელიც რესპირატორზე მუშაობს, მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ რესპირატორის დანადგარის წარმოება, არამედ მისი მართვაც. ხელოვნური სუნთქვის აპარატით ფილტვების ინფექციების მკურნალობისთვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური პერსონალი: რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ანესთეზიოლოგები და ინტენსიური განყოფილების ექთნები. ექიმების მასიური დაინფიცირების შემთხვევაში კი შესაძლოა შეიცვალოს დაავადებულებზე ზრუნვის ხარისხი, მითუმეტეს რომ მათი რიცხვიც მუდმივად იზრდება.

საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს სასუნთქი აპარატი, რომელიც რამდენიმე პროფესიონალს ითხოვს და კორონავირუსის ინფიცირებისას როდის დგება მისი გამოყენების აუცილებლობა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პაციენტები, რომლებსაც COVID-19-ის მსუბუქი ფორმა აქვთ (მაღალი სიცხე, სისუსტე სხეულში, სუნისა და/ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, ხველა), სახლში, თვით-იზოლაციაში მკურნალობენ – მათ უნდა მიიღონ ბევრი სითხე, დაისვენონ და ეკონტაქტონ ექიმს.


თუმცა იმ შემთხვევებში, როცა სუნთქვა რთულდება, აუცილებელია კლინიკური მიდგომა: დამატებითი ჟანგბადის მიწოდება და სუნთქვითი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ გადატვირთული საავადმყოფოების პირობებში ხშირად ჟანგბადის თერაპიას პაციენტები სახლში იტარებენ და მათი მონიტორინგი დისტანციურად მიმდინარეობს – ეს აპარატები განსხვავებული ფორმისა და ზომისაა; დანიშნულებისამებრ იცვლება ჟანგბადის კონცენტრაციაც. გამოიყენება პლასტმასის მილის და სახის ნიღაბის ან ნაზალური კანულის საშუალებით. ასეთი აპარატების დახმარებით ხდება ჩასასუნთქი მედიკამენტების მიღებაც.

მაშინ, როცა პაციენტს სუნთქვა ჟანგბადის მიწოდების მიუხედავად, მაინც უჭირს, მკურნალობა საავადმყოფოში გადაინაცვლებს. ასეთ დროს გამოიყენება შექცევითი სუნთქვის საწინააღმდეგო ნიღაბი, რომელიც ჟანგბადის ნიღბის მსგავსად არ არის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან დაკავშირებული, არამედ, მიერთებულია მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის შემცველ პლასტმასის რეზერვუარზე. მას აქვს ცალმხრივი სარქველი, რაც პაციენტს არ აძლევს ამოსუნთქული, ნახშირორჟანგით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას. ეს მეთოდი კრიტიკულ მდგომარეობაში გამოიყენება – მაშინ როცა პაციენტი სისხლში ჟანგბადის დონეს ვერ ინარჩუნებს. ეს პროცედურა არ წამოადგენს გრძელვადიანი მკურნალობის საშუალებას.

ფილტვების მწვავე პრობლემის პროგრესირებისას, მიუხედავად ზემოაღნიშნული მანიპულაციის შედეგად მიღებული გაუმჯობესებისა, ხშირად პაციენტს ათავსებენ მუცელზე მწოლიარე პოზიციაში და აგრძელებენ ჟანგბადის თერაპიას. ამ გზით შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტისთვის მოიხსნას სუნთქვით აპარატზე მიერთების აუცილებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი პროცედურებისა პაციენტი ვერ ინარჩუნებს ჟანგბადის სატურაციის ნორმალურ დონეს (სისხლის მოძრაობაში ჟანგბადი 90%-ზე მეტი უნდა იყოს) დგება რესპირატორის, ანუ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენების აუცილებლობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია ავადმყოფის სედაცია უსაფრთხო დონემდე სპეციალური მედიკამენტების საშუალებით, რომლებიც, უნდა ითქვას, რომ უკვე დეფიციტურია.

შემდეგი ეტაპია ჩანთიანი ნიღბით (გარეგანი) ვენტილაცია, რომლის დროსაც ექიმის ხელით პაციენტი იღებს დადებით ზეწოლით ვენტილაციას, პარალელურად კი საჰაერო გზის სტრუქტურას ადამიანი ეხმარება ჩანთის შეკუმშვით, რომელსაც ჟანგბადი მილებით უკავშირდება. ჩანთით ვენტილაციას თეორიულად, მუდმივად შეუძლია სასუნთქი გზების მხარდაჭერა, თუმცა მას დროებით იყენებენ, საბოლოო ნაბიჯისთვის მოსამზადებლად.

უშუალოდ მართვით სუნთქვაზე გადაყვანამდე არის კიდევ ერთი ნაბიჯი – ენდოტრაქეალური ინტუბაცია. სპეციალურად მომზადებული პროფესიონალი ვიდეო ლარინგოსკოპის გამოყენებით უკან აწვება პაციენტის ენას და გამოსახულებაზე ჩნდება ხმოვანი იოგები. მათ შორის თავსდება პლასტმასის მილი, რომელიც ჩადის ტრაქეაში. ეს ენდოტრაქეალური მილი სასუნთქ აპარატს უკავშირდება და ფილტვებს ჟანგბადს აწვდის, მისი დიამეტრი დაახლოებით ნეკა თითის ზომისაა. პაციენტი 24/7 სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არის და თუკი მილი სასულედან ამოვარდა, მთელი ეს პროცესი თავიდან, ჩანთიანი ნიღბით ვენტილაციის ეტაპიდან იწყება.

როცა COVID-19-ის გამო ხელოვნური ვენტილაციაა საჭირო, ფილტვებში მიმდინარე ანთებითი პროცესის გამო სუნთქვისას ჟანგბადი ვერ აღწევს ალვეოლებამდე (ფილტვის სტრუქტურაში შემავალი ბუშტუკები), ხელოვნური სუნთქვის აპარატი კი სწორედ ამაში ეხმარება.

უნდა ითქვას, რომ რესპირატორის პარამეტრები მუდმივად იცვლება, იქნება ეს ჟანგბადის პროცენტული მაჩვენებელი, მასზე ზემოქმედების დონეები თუ სხვა; მნიშვნელოვანია მედიკამენტებისა და პაციენტის პოზიციის საკითხებიც; შესაბამისად, კრიტიკულია არა მხოლოდ რესპირატორების, არამედ მისი სპეციალისტების რაოდენობის საკითხი, რომელთა გარეშეც აპარატი მტვრის შემგროვებელ მოწყობილობად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტებსაც შეუძლიათ დაუბრუნდნენ დამოუკიდებლად სუნთქვას. მაშინ, როცა ავადმყოფის ფილტვების ფუნქცია გაუმჯობესებულია, ვენტილაციის აპარატი მინიმალურად ეხმარება მას სუნთქვაში და იგი სათანადოდ მოძლიერებულია, რომ შეძლოს საკმარისი ჟანგბადის შესუნთქვა, თუნდაც ნიღბის დახმარებით, პროფესიონალი იღებს პაციენტის ექსტუბაციის, ანუ ენდოტრაქეალური მილის ამოღების გადაწყვეტილებას.

როგორც ხედავთ, სუნთქვითი აპარატი უბრალოდ ჩამრთველი და ამომრთველი ღილაკებით არ იმართება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალების როლი და მუდმივი მონიტორინგი.



1
40
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
40
  
2020, 9 დეკემბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1