x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134605
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
კონსისტენტობის პარადოქსი
image

რატომ იქცევიან ადამიანები განსხვავებულ სიტუაციაში სხვადასხვაგვარად? რა თრგუნავს პიროვნულ ნიშნებს და გვიბიძგებს, საკუთარი პიროვნული თვისებების შეუსაბამო ქმედებები გავახორციელოთ? რამდენად რეალურია შემდეგი სიტყვებით "მე არასდროს" დაწყებული წინადადება, რომელსაც ყოველი კატეგორიული აზრის გამოხატვისას ვიყენებთ. თუ გვექნება ინფორმაცია კონსისტენტობის პარადოქსის შესახებ, მივხვდებით, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმული მყარი წინადადებები, რომლებიც ჩვენს პიროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთქვით მომავალი ქმედებების შესახებ, შესაძლოა არ გამართლდეს.

ნებისმიერი ადამიანი ხასიათდება პიროვნული ნიშნით. ზოგს ახასიათებენ, როგორც თამამს, ზოგს, როგორც კეთილგანწყობილს თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თვისებები მუდმივად ყველა სიტუაციაში უცვლელი იქნება. კონსისტენტობის პარადოქსი სწორედ ის მოვლენაა, როცა პიროვნების შეფასებები სხვადასხვა დროს და განსხვავებული დამკვირვებლის მიერ კონსისტენტურია, მაშინ, როცა ქცევის შეფასებები არ არის კონსისტენტური. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ იქცევით განსხვავებულ სიტუაციებში-ზოგჯერ პიროვნული ნიშნების შესაბამისად, ზოგჯერ-შეუსაბამოდ. არაკონსისტენტურობას სიტუაცია განაპირობებს, რომელშიც ვიმყოფებით, მაგალითად, თუ ზოგადად საკუთარ თავს ვახასიათებთ, როგორც თამამ და კომუნიკაბელურ ადამიანს, თუმცა აღმოვჩნდებით ისეთ წვეულებაზე, რომელშიც უცხო გარემოა და გარშემომყოფნი ერთ სამეგობრო წრედ არიან შეკრულნი, ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი პიროვნული ნიშნის გამოვლენა და შესაძლოა მორცხვად მოვიქცეთ და უხერხულობის განცდა დაგვეუფლოს, ამგვარად, ჩვენი პიროვნული ნიშანი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მის შესაბამის ქცევას უნდა ველოდოთ ცხოვრების ყველა მომენტში.

სიტუაციური ძალები არაერთხელ ქცეულან პიროვნებისგან მეტად მოულოდნელი ქცევის მაპროვოცირებელ ძალად. უამრავი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი დაიგეგმა იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გავლენა აქვთ გარეგან ძალებს ჩვენზე და როგორ თრგუნავენ ისინი პიროვნულ თვისებებს. ერთ-ერთი გახმაურებული ექსპერიმენრი სტენფორდის ციხის ექსპერიმენტია. ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ და მისმა კოლეგებმა სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში იმიტირებული ციხე მოაწყვეს. მათ 24 მოხალისიდან შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს ზედამხედველები და პატიმრები. პატიმრის როლში მყოფი მონაწილეები 24 საათის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ იმიტირებულ ციხეში, ხოლო ზედამხედველებს 9 საათის განმავლობაში თვალყური უნდა ედევნებინათ მათთვის. ექსპერიმენტატორი მათ ქცევებს სარდაფშივე დამალული კამერების მეშვეობით აკვირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი 14 დღე უნდა გაგრძელებულიყო, ის 6 დღის შემდეგ შეწყვიტეს მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით. აღმოჩნდა, რომ პატიმრის როლში მყოფი მონაწილეები ექსტრემალურ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და აღენიშნებოდათ შფოთვითი აშლილობები, ხოლო ზედამხედველის როლში მყოფი მონაწილეები საგრძნობლად შეიცვალნენ, ისინი აგრესიას იჩენდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე. ნიშანდობლივია, ამ უკანასკნელთა ქცევა, ვინაიდან ისინი ზედამხედველის როლში აღმოჩნდნენ, ამ როლის მიხედვით დაიწყეს ქმედება. ამ შემთხვევაში, ძლიერმა სიტუაციურმა გარემომ უბიძგა მათ პიროვნული ნიშნებისგან განსხვავებულად მოქცეულიყვნენ.


მსგავს დასკვნამდე მივყავართ მედდების ექსპერიმენტსაც. იმ მიზნით, რომ გაერკვიათ, თუ რამდენად მორჩილები იქნებოდნენ მედდები, ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი-მათ სატელეფონო ზარით დაუკავშირდა უცნობი ექიმი, რომელმაც დავალება გასცა, რომ მედდებს პაციენტისთვის გარკვეული წამალი მიეცათ. ექიმმა დანიშნა 20 მგ წამალი, რომელსაც ასტროტენი ერქვა. წამლის ყუთზე გაკეთებული წარწერა იტყობინებოდა, რომ მისი მაქსიმალური დოზა 10 მგ იყო. საინტერესოა, როგორ მოიქცნენ მედდები და მისცეს თუ არა წამალი პაციენტს უცნობი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ. სანამ შედეგზე გადავალთ, აუცილებელია ვახსენოთ წინასწარი გამოკითხვის შედეგები, რის მიხედვითაც, მსგავსი სიტუაციის აღწერისას 12-დან 10-მა მედდამ განაცხადა, რომ უცნობი პირის სატელეფონო ზარს არ დაემორჩილებოდა, თუმცა, როცა ექსპერიმენტი რეალურად გაახორციელეს, 22-დან 21-მა მედდამ დაიწყო პაციენტისთვის წამლის მიცემა. ეს შემთხვევა განამტკიცებს მოსაზრებას, რომ დარწმუნებით არ შეგვიძლია წინასწარი პროგნოზები გავაკეთოთ საკუთარი ქმედებების შესახებ, რადგან ძლიერმა სიტუაციამ შესაძლოა დილემის წინაშე დაგვაყენოს.

რასაკვირველია, ექსპერიმენტის დაწყებამდე ყველა მონაწილე საკუთარი პიროვნების გადმოსახედიდან აკეთებს დასკვნებს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლებელია სხვაგვარად მოიქცნენ, რადგან ისინი ძლიერები, მიზანმიმართულები, კეთილსინდისიერები არიან, თუმცა ავიწყდებათ სიტუაცია, რომელსაც ძალუძს მათი ქმედებების რადიკალურად შეცვლა. როგორც კი ადამიანები სტატუსს იცვლიან (ზედამხედველი), ისინი ამ სტატუსის შესაბამის როლსაც ირგებენ (აგრესიული, მკაცრი). ახლა უკვე გასაგებია რატომ არ შეგვიძლია რადიკალური პროგნოზები გავაკეთოთ მომავალი ქმედებების შესახებ და თუ დაგვისვამენ კითხვას " როგორ მოვიქცეოდით კონკრეტულ სიტუაციაში " მეტი გულწრფელობისთვის უმჯობესია ვუპასუხოთ: " გააჩნია რამდენად ძლიერი და უცხო იქნება გარემო"

0
64
2-ს მოსწონს
ავტორი:Rusudan Kvaratskhelia
Rusudan Kvaratskhelia
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0