x
თანამედროვე ტექნოლოგიები არ ვნებს ბავშვის სოციალურ უნარებს
image
არსებობს მოსაზრება, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ბავშვების სოციალური უნარების განვითარება შეაფერხა, ისინი ვირტუალურ სამყაროში გადაიყვანა და რეალურ ურთიერთობებს ჩამოაშორა. თუმცა, ახალი კვლევების შედეგები ეჭვ ქვეშ აყენებს ამ შეხედულების მართებულობას.

ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად დღევანდელი ახალგაზრდობა ისეთივე სოციალური უნარებით გამოირჩევა, როგორც წინა თაობა. ამ საკითხის შესახებ რობერტ პრედიტმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლშიც მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა განხილული.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მშობლებისა და მასწავლებლების შეფასებები 19 ათასი ამერიკელი მოსწავლის შესახებ, რომლებმაც სწავლა 1998 წელს დაიწყეს, „ფეისბუკის“ გამოჩენამდე ექვსი წლით ადრე. ასევე შეისწავლეს 13 ათასი მოსწავლის შეფასება, რომლებიც სკოლაში 2010 წელს შევიდნენ (ეს ის წელია, როდესაც კომპანია „ეფლის“ ელექტრონული მოწყობილობა „აიპედი“ პირველად გამოჩნდა ბაზარზე). მიღებული მონაცემები კი ერთმანეთს შეადარეს.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორის დაგლას დაუნის გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ახალი თაობის სოციალური უნარები იგივე დონეზე დარჩა და ზოგ შემთხვევაში მცირედით გაუმჯობესდა კიდეც. ასევე გამოიკვეთა, რომ ეკრანის ზემოქმედება მეტწილად არ აფერხებს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას.


ახალგაზრდების ორივე ჯგუფს აქვს ინტერპერსონალური ურთიერთობების თანაბარი რეიტინგი. მაგალითად: მეგობრების შეძენის, ურთიერთობების შენარჩუნებისა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან შეწყობის უნარი. მიუხედავად ამისა გამოიკვეთა, რომ ახალი თაობის ბავშვები წინა თაობასთან შედარებით უფრო გაწონასწორებულები არიან და შეუძლიათ ნეგატიური ემოციების უკეთ კონტროლი.

საერთო დასკვნების ერთადერთი გამონაკლისი იყო ის, რომ ბავშვები, რომლებიც ონლაინ თამაშებსა და სოციალურ ქსელებს გადაჭარბებულად დიდ დროს უთმობენ შედარებით სუსტი სოციალური უნარებით გამოირჩევიან. მაგრამ, პროფესორი დაუნის თქმით ესეც კი ძალიან მცირე ეფექტია.

კვლევის შედეგების მიხედვით ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ გაჯეტებთან გატარებულმა დრომ, ავნოს ბავშვების სოციალურ უნარებს.

პროფესორმა დაუნმა აღნიშნა, რომ კვლევის შედეგმა ის გააკვირვა. მისი თქმით ძველ თაობაში ყოველთვის არსებობდა ტენდენცია, რომ იგი ახალ თაობას ჯობია. ტელეფონების, ავტომობილებისა და რადიოს გამოჩენამ იმ დროინდელ ზრდასრულებში მორალური პანიკა გამოიწვია, რადგანაც ტექნოლოგია ბავშებს მეტი დამოუკიდებლობის საშუალებას აძლევდა. ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ დღესაც. სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები და სხვა მსგავსი მოწყობილობები იმავე პანიკას აღძრავს დღევანდელ უფროს თაობაში. საბოლოოდ კი პროფესორმა დაასკვნა, რომ ზრდასრულებს საერთოდ არ აქვთ მღელვარების საფუძველი, რადგანაც თანამედროვე ბავშვები სოციალური უნარებით სულაც არ ჩამორჩებიან წინა თაობას.

ახალი თაობა სწავლობს, რომ კარგი სოციალური ურთიერთობის ქონა ნიშნავს კომუნიკაციის წარმატებულად დამყარებას, როგორც პირისპირ, ასევე ვირტუალურად.

ელენე ნამორაძე

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ნამორაძე
ელენე ნამორაძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0