x
სიზმრის ფსიქოლოგიური ახსნის სამი ძირითადი მიდგომა

image

ალბათ, ხშირად გინახავთ სიზმარი და იმაზეც გიფიქრიათ თუ რა დატვირთვა აქვს სიზმარს ჩვენს ცხოვრებაში. უფრო მეტად წარსულზეა ორიენტირებული, აწყმოზე თუ მომავალს გვიწინასწარმეტყველებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ, სურდათ გაეგოთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა და პასუხი ეპოვათ ბევრ კითხვაზე.
სიზმრის ფსიქოლოგიურ ახსნაში სამ ძირითად მიდგომას ვხვდებით, რომლებიც მის განსხვავებულ შინაარსა და მიზანზე ამახვილებენ ყურადღებას.

პირველი მიდგომა დასავლური კულტურის წარმომადგენელს, ავსტრიელი ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის სიზმრების ანალიზს ეხება. ფროიდი სიზმარს “წარმავალ ფსიქოზს” და “ყოველღამეულ სიგიჟეს” უწოდებდა. მისი აზრით, სიზმარი არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზაა. დიახ, სამეფო გზა, რადგან სწორედ სიზმრით შეგვიძლია ავხსნათ ის ყველაფერი, რაც ცნობიერიდან განიდევნა. ამ შემთხვევაში სიზმარი განდევნილი და შენიღბული სურვილების გამოხატულებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ფროიდის აზრით, სიზმარში ორი დინამიკური ძალა მოქმედებს. სიზმრის ლატენტური, ანუ ფარული და მანიფესტირებული, ანუ ხილული შინაარსი. მანიფესტირებული შინაარსი სიზმრის ზედაპირული მხარეა, რომელიც სიზმრის რეალურ მნიშვნელობას ნიღბავს, ხოლო ფარული შინაარსი სწორედ, რომ დაფარულ აზრს წარმოადგენს. პირველი მიდგომის თანახმად, სიზმარი წარსულთან და არაცნობიერთან არის დაკავშირებული, რაც ძალიან ეხმარებოდა ზიგმუნდ ფროიდს პაციენტის პრობლემების გარკვევასა და შემდეგ სათანდო მკურნალობის განხორციელებაში.

რაც შეეხება სიზმრის ახსნის მეორე მიდგომას, ამ შემთხვევაში არადასავლური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს სიზმარზე, როგორც მომავლის წინასწარმეტყველზე. ჯერ კიდევ მაიას კულტურაში სიზმარს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის ჰქონდა მნიშვნელობა, არამედ მთლიანად თემისთვის. თითოეული მცხოვრების სიზმარი თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის. თემის წარმომადგენლები ცდილობდნენ სიზმრის სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას, რომ გაეგოთ სიზმრის მნიშვნელობა და იმის მიხედვით ემოქმედათ. ანთროპოლოგ ბარბარა თედლოკის აზრით, სწორედ სიზმარზე ასეთმა დაკვირვებამ, ყურადღების გამახვილებამ შეაძლებინა მათ შეენარჩუნებინათ წმინდა მიწა, სადაც ცხოვრობდნენ.

მესამე მიდგომა, რომელიც სიზმრის შინაარსის ფიზიოლოგიურ თეორიებად იწოდება ეჭვქვეშ აყენებს ზემოხსენებულ ორივე მიდგომას. ჯ. ალან ჰობსონის და რობერტ მაკქარლის მიერ შემოთავაზებული აქტივაცია-სინთეზის მოდელი ყურადღებას ამახვილებს სიზმრის ბიოლოგიურ თავისებურებაზე. მათი აზრით, სიზმარს არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს არც წარსულთან და არც მომავალთან. ის მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რომელი უბანი გააქტიურდება ძილის პროცესში. ეს ავტომატურად ხორციელდება, რაც შემთხვევითობის პრინციპით აცოცხლებს სხვადასხვა მოგონებასა თუ გამოცდილებას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება სიზმრის შინაარსის კვლევებს.

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ სიზმრის შინაარსა და მიზანზე სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ. რთულია რომელიმე თეორიის აბსოლუტური აღიარება ან უარყოფა, რადგან დღემდე სიზმარი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ მისტიკურ საგანთა კატეგორიას განეკუთვნება.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0