x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კანიე ვესტი სამხრეთ კაროლინაში ცრემლებად დაიღვარა
რეპერმა კანიე ვესტმა, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობა სურს, თავისი პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან სამხრეთ კაროლინაში გამართა და ცრემლებად დაიღვარა მას შემდეგ, როცა დამსწრეებს მოუთხრო, რომ მამამისს სურდა, რომ დედას, როცა მასზე იყო ფეხმძიმედ, აბორტი გაეკეთებინა.


“დედამ მე სიცოცხლე შემინარჩუნა”, - განაცხადა 43 წლის აცრემლებულმა რეპერმა. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საკუთარ ცოლს, კიმ კარდაშიანს თავადაც აიძულებდა, როცა უფროს ქალიშვილზე იყო ფეხმძიმედ, აბორტი გაეკეთებინა.


“მე ლამის ჩემი ქალიშვილი მოვკალი! გესმით? მე ლამის ჩემი ქალიშვილი მოვკალი!” - რამდენჯერმე იყვირა ვესტმა და აქვითინდა.


რეპერმა ისიც თქვა, რომ მონების განმათავისუფლებელს, ჰარიეტ ტაბმანს (1820-1913) რეალურად არცერთი შავკანიანისთვის არ მიუნიჭებია თავისუფლება.



“ტაბმანი უბრალოდ აიძულებდა შავკანიანებს, სხვა თეთრკანიანებისთვის ემუშავათ”, - განაცხადა ვესტმა.


ჩარლსტონში რეპერის წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ სპეციალურად მიპატიჟებული სტუმრები დაესწრნენ, სადაც რეპერს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა წარწერით “უსაფრთხოება”.


ვესტმა 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ აპირებდა, საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. ბევრს მაშინ ეს ხუმრობა ეგონა, მაგრამ რეპერმა შეიტანა 35 ათასი დოლარი, რაც კანდიდატად რეგისტრაციისთვის იყო საჭირო და პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო.


არადა, დიდი ხნის მანძილზე ვესტი დონალდ ტრამპის თავგადაკლულ მხარდამჭერად იყო მიჩნეული. ბოლოს თითქოს მოახდინა დისტანცირება პოპულისტისგან. თუმცა, ბევრს ეჭვი ეპარება, ხომ არ არის ეს ერთგვარი ფანდი, რაც დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჯო ბაიდენისთვის შავკანიანების ხმების წართმევას უკავშირდება. როგორც გამოკითხვებით გახდა ცნობილი, რეპერს 2 %-იანი რეიტინგი აქვს სწორედ შავკანიანთა ხმების ხარჯზე, რაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მოახლოებულ არჩევნებზე.


კანიე ვესტი

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0