x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
მასობრივი რიტუალური თვითმკვლელობა ჯონსთაუნში
image



ეს გაუგონარი ამბავი 1978 წლის 18 ნოემბერს, გაიანაში (სამხრეთ ამერიკა) მოხდა, მანამდე კი (1975 წელს), „ხალხის ტაძრის“ წინამძღოლი - რელიგიური ლიდერი ჯიმ ჯონსი, თავის ქადაგებაში ამბობდა - „მე მიყვარს სოციალიზმი და მზად ვარ მოვკვდე ამისთვის, თუმცა, თუ ამას ვიზამ თან ათასობით ადამიანს გავიყოლებ“. მოგვიანებით, ქრისტიანმა და თან, სოციალისტმა ჯონსმა 1000-მდე მიმდევარი აშშ-დან გაიანას ჯუნგლებში წაიყვანა. მათ სამოთხეს ჰპირდებოდა, რასიზმისგან თავისუფალ გარემოს, იქ კი დახვდათ გაუსაძლისი სამუშაო პირობები, ველური ბუნება (გველები, ობობები, მტაცებლები), შიმშილი და ბოლოს - მასობრივი თვითმკვლელობა. საწამლავი, რომელიც ციანიდის შემცველი იყო „ხალხის ტაძრის“ მრევლის უმეტესობამ უყოყმანოდ დალია, ძალიან მცირე ნაწილს კი, რომელმაც წინააღმდეგობა გამოიჩინა, ანუ მათ, ვინც „რწმენაში მყარი“ არ აღმოჩნდა, ადგილზე ხვრეტდნენ.

ასე, მთლიანად „მორწმუნეებით“ დასახლებული ჯონსთაუნი, რამდენიმე წუთში, ისევ დაუსახლებელ, მაგრამ თვითმკვლელთა გვამებით სავსე ადგილად იქცა.



* ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ - ჯონსმა მიმდევრებს მათი შეცდომებისა და შიშების შესახებ დაწერა თხოვა. ასე ვთქვათ, მან ითხოვა აღსარების ჩაბარება მისთვის. ასე მოაგროვა მასალა, რომ საჯარო გამოსვლებისას სწორედ მათი ყველაზე დიდი შიშებით და სისუსტეებით მანიპულირება შეძლებოდა.


* დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და შიში - „ცოდვილ“ ჯოუნსტონელებს ხშირად, ქადაგებებისას, ირიბად ახსენებდნენ მათი შეცდომებისა და სამარცხვინო საქციელის შესახებ. წესების ზედმიწევნით შესრულება კი მათ საკუთარი „სამარცხვინო მდგომარეობის“ გამოსწორებაში „დაეხმარებოდა“.

* სიტუაციური გავლენა და კონფორმიზმი - როცა ადამიანი მისთვის უცხო სიტუაციაში აღმოჩნდება, მაგალითად, აქამდე არ ყოფილა ინფიცირების საფრთხის წინაშე და ახლა აღმოჩნდა, იწყებს სხვებზე დაკვირვებას და მიბაძვას. მიკერძოება ცხადია - შენთვის ავტორიტეტული ადამიანები როგორც იქცევიან, შენი ჯგუფი როგორც იქცევა, ისე ცდილობ მოიქცე და ეს მიიჩნიო „ხსნის გზად“. ჯონსთაუნი სრულიად ახალი გარემო და სიტუაცია იყო მისი მკვიდრებისთვის. შესაბამისად, ისინი აკვირდებოდნენ ავტორიტეტსა და უმეტესობას, ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც „სწორი იყო“ და თუ მორჩილება იყო სწორი, ისინი ასე მაღალი ნიშნულის მქონე მორჩილებაში გაწვრთნეს. მორჩილებაში, რომელმაც თითოეული მათგანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

* ინფორმაციული რაციონი და აღქმის დამახინჯება - ჯონსმა ბუნდოვანი გახადა კავშირი რეალურ სამყაროსთან. ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ თვითონ იქცა (მით უფრო, მას შემდეგ, რაც ჯუნგლებში გადავიდნენ საცხოვრებლად). ის ითხოვდა მიმდევრებისგან, ყოველდღიურად გადაეხადათ მადლობა მისთვის, კარგი საჭმლისთვის და სამუშაოსთვის (როცა მადლიერების საფუძველი არ ჰქონდათ, პირიქით). ეს არის ტექნიკა სახელად Newspeak. რეალურად, ისინი ისევ ღარიბები და მშივრები იყვნენ, მაგრამ ამისთვის მადლობას უხდიდნენ თვითგამოცხადებულ მესიას.

* სუიციდური წვრთნა - ჯორჯ ორუელის პერსონაჟი წიგნიდან 1984 ამბობს, რომ ჩვეული ამბავია თავი მოიკლა, მანამ, სანამ ისინი ჩაგიგდებენ ხელთ. ისინი - ანუ მტერი და ამ მტრის ხატი არსებობდა როგორც ჯონსთაუნის მოსახლეობისთვის, ასევე, არსებობს ჩვენთვისაც. მორწმუნე-ურწმუნოსა და კეთილი-ბოროტის ოპოზიტები, მით უფრო, როცა ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის აქტუალური იყო და არის ახლაც. შესაბამისად, მასობრივი „მსხვერპლშეწირვისთვის“ ჯონსი მიმდევრებს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა... (თუ საჭირო გახდება, თავი უნდა გაწირო სამშობლოსთვის/სარწმუნოებისთვის, ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ და როგორ იქცევით თქვენ? „ღმერთს რას ეტყვი?!“)

* „ეს მე არ დამემართება“ - ჯონსთაუნი განუდგა დანარჩენ მსოფლიოს, კულტის გარშემო გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც მათი განსაკუთრებულობის ფანატიკურად სჯეროდათ. მათ სჯეროდათ, რომ სწორად სწამდათ, სწამდათ, რომ სხვებს აღემატებოდნენ, რომ რჩეულები იყვნენ... შესაძლოა, ამ რწმენის ქონისთვის ფსიქიკური საფუძველი მათ უკვე ჰქონდათ, მაგრამ ამ საფუძველზე დიდი იდეოლოგიური კედლების ამოყვანამ, სოციალური ზემოქმედების ტექნიკების გამოყენებამ, ანუ ამ საფუძველზე „რაღაც აღმატებულის“ დაშენებამ ისინი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.


0
610
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0