x
გოგონა აფხაზეთიდან 8-9

image
ადიცა და მაკა სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთად გამოდიოდნენ ბაღიდან, ზოგჯერ ფეხით, ზოგჯერ მაკას მეუღლის მანქანით მიდიოდნენ სახლში. როცა ფეხით მიდიოდნენ, ადიცა ამჩნევდა, სოფლის “ბირჟაზე” ერთი მამაკაცი დაჟინებით უცქერდა მაკას. ეს მზერა იმდენად ხშირად დაიჭირა, ჰკითხა. - ვინ არის ის მამაკაცი, სულ შენ რომ გიცქერს?! - ის შოთაა, აქვე ცხოვრობს, ცოლი ჰყავს და ორი შვილი. - მერე ცოლი თუ ჰყავს, რას მოგჩერებია შენ გამუდმებით? ძალიან ბევრჯერ შევამჩნიე, თორემ არც ვიტყოდი. - არა უშავს, არ ვაქცევ ყურადღებას, ხომ ხედავ? - მე კი ვხედავ, მაგრამ ქმარი გყავს, მას ცოლი და არ არის ლამაზი, მისი ასეთი ქცევა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა კოკისპირულად წვიმდა, მაკას მეუღლემ ვერ მოაკითხა და ამ თავსხმა წვიმაში მოუწია ფეხით სახლში წასვლა, ეს დრო კარგად გამოიყენა იმ მამაკაცმა, რომელიც შორიდან უთვალთვალებდა მაკას... ადიცას და მაკას მანქანა გაუჩერა, სახლში წაყვანა შესთავაზა. ისინიც დათანხმდენ. მაკამ ადიცას შოთა გააცნო. მან ჯერ ადიცა მიიყვანა სახლში. სახლში მისულ მაკას მეუღლემ ჰკითხა: ვინ მიიყვანა მანქანით, მანაც უპასუხა, შოთამ მომიყვანაო. შოთას ყველა იცნობდა სოფელში, თუ რაიონში, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა და საკმაოდ კარგი სახელითაც სარგებლობდა. შოთა დღითი დღე უახლოვდებოდა მაკას, ზოგჯერ ისიც ავიწყდებოდა სახლში ცოლშვილი რომ ელოდებოდა, ყოველთვის ცდილობდა დამგზავრებოდა მაკას და ადიცას. არც მაკა ეუბნებოდა უარს, ბევრჯერ მისცა ადიცამ შენიშვნა, ეს არასწორი საქციელიაო, მაგრამ მაკა ყოველთვის იმართლებდა თავს. - ჩემთვის ცუდი არაფერი უკადრებია, ამას შენც ხედავ, იქნებ სულაც არ არის ისე, როგორც შენ ფიქრობ, შემთხვევითობაა ყოველთვის რომ გვემგზავრებაო... - მაკა, მე ვიცი რაც ხდება, მაგრამ შენ ჩემზე უკეთ გესწავლება, ეს სოფელია, არ არის სოხუმი, ყველა გიმზერს და ყველას აინტერესებს შენი ცხოვრება, სხვისი თვალით არ არის ლამაზი ასე ცოლიანი მამაკაცის აქტიურობა გათხოვილ ქალზე, ძალიან გთხოვ დაფიქრდი ამაზე. - ადიცა, ნუთუ არ შეიძლება, ადამიანს არ შეხედო ეჭვის თვალით, შენც ხომ ხედავ, რომ არაფერს მაკადრებს ზედმეტს! - კარგი მაკა, მე მეტს არაფერს გეტყვი. მე არ მინდა შენ სახელი გაგიტყდეს ამ წვრილმანის გამო, არ მივიდეს შენი მეუღლის ყურამდე! სოფლის მაღაზიაში შევიდნენ. გამყიდველი გალიდან დევნილი იყო, ვანში იყო გათხოვილი. ძალიან უყვარდა მაკა. ისინი ბევრჯერ დამსხდარან და გაუხსენებიათ ომის ამბები, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად აჩნდა ორივეს. შესვლისთანავე გააცნო ადიცა ქალბატონ როზას, მანაც სიხარულით მიიღო, ისე თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ნახა ამდენი წლის შემდეგ. მაღაზიაში არავინ იყო. იქვე მაგიდა და სკამები ეწყო, სტუმრებს ყავით გაუმასპინძლდა ქალბატონი როზა, გამოჰკითხა ადიცას სოხუმის ამბები, ბევრი იტირა, ადიცამ არ გაუმხილა აფხაზი რომ იყო. შემდეგ თავისი ამბის თხრობა დაიწყო თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა აფხაზეთის ომის დროს. - ეჰ, ჩემო ადიცა, ბავშვობა ისე გავატარე, რომ აფხაზის და ქართველის განსხვავება არ ვიცოდი, ყველა ერთი ვიყავით, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, მაგრამ ამ ომმა სრულიად შეცვალა ყველაფერი. გუშინდელივით მახსოვს ის საღამო, რომ გამოაცხადეს სოხუმი დაეცაო, ოჩამჩირე აიღესო, ამას მოჰყვა გალი - ჩემი რაიონი და უკვე სოფლები. დილის ექვსი საათიდან გადავწყვიტე იქ წასვლა, საიდანაც აქეთ გამორბოდა ხალხი. მეუღლემ მარტო არ გამიშვა, ჩემთან ერთად ზურაბიც წამოვიდა. სამტრედიის შემდეგ ვიხილეთ ჯოჯოხეთი, ხალხი აქეთ მოისწრაფოდა, ყველა თავშესაფარს ეძებდა. ყველანაირი ტრანსპორტი დატვირთული მოდიოდა. ატირებული ქალები, ბავშვები, შიშისგან დაბნეული მამაკაცები. ის სახეები არასოდეს არ ამომივა თვალებიდან, ვეძებდი ჩემს ხალხს, ვერავის ვპოულობდი... სენაკში მისულმა, ფოთი-სამტრედიის გზის გასაყარზე, დავინახეთ ბავშვებითა და ქალებით დატვირთული ტრაქტორი. ყველას ვეკითხებოდი, რომელი სოფლიდან მოდიოდნენ. ამ ტრაქტორს მივადექი და შემომეფეთა ბავშვების შეშინებული, მშიერი თვალები, იმდენად დავიბენი, ვერ მოვიფიქრე, რომ მიმეწოდებინა ბავშვებისთვის პური, რომელიც ჩანთაში მქონდა, ყოველი შემთხვევისთვის წაღებული. მეუღლემ გამომართვა ჩანთა, ამოიღო პური და მიაწოდა ბავშვებს. ნეტავ გენახათ, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში პურის ნატეხები. წამებით, ნახევრად ფეხით ჩავედით ზუგდიდამდე. ზღვასავით მოდიოდა გამოქცეული ხალხი. ჩემი და ჩემი დის სოფელს მხოლოდ ენგური ჰყოფს შუაზე, გაღმა-გამოღმა სოფელი ერთმანეთს უყურებს, ჩემი დის ოჯახში, ზუგდიდის რაიონში დამხვდა ყველა ჩემიანი. ატირებულ-აჟივლებული ხალხი, ალბათ 50- მდე იქნებოდნენ. ფუთებით, რაც მოუსწრიათ წამოუღიათ. სოფლები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, გაღმა მხრიდან ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ აფეთქებდნენ სახლებს. წვავდნენ ხალხის ნაშრომ-ნაამაგარს. გაღმიდან გამოქცეულებს ტყვია ენგურის ნაპირთან ეწეოდა. ვინ მოთვლის, რამდენი ტყვიით მოკლული მიიბარა ენგურის ტალღებმა. ზოგიც თვითონ იხრჩობოდა, ისეთი საცოდაობა დუღდა... რამოდენიმე ხნის შემდეგ ცოტა, ვითომ, ჩაწყნარდა მდგომარეობა, ხალხმა იწყო ისევ გაღმა გადასვლა, ჩემმა ძმამაც მოიწადინა და მეც ავეკიდე, მარტო არ გავუშვი. მივედით სახლში, საშინელი მდგომარეობა დაგვხვდა. გადამწვარი სახლი, განადგურებული პირუტყვი. იქ ღამეც ვერ გავათიეთ, ეგრევე ატყდა ავტომატების სროლა, ტანკების გრუხუნი. სოფელს, ჩვენი ბიჭები პარტიზანები დარაჯობდნენ. ეგრევე აფრთხილებდნენ მიმალულ ხალხს, დატოვეთ სახლები, აფხაზები მოდიანო. ვინ იცის პარტიზანობას რამდენი ახალგაზრდა შეეწირა, მათ შორის, ჩვენი უახლოესი მეზობელი, 22 წლის მალხაზ ბელქანია დაიჭირეს აფხაზებმა და წამებით მოკლეს, სახლ-კარი გადაუწვეს. მე თვითონ მყავს დედით აფხაზი მკვიდრი ბიძაშვილები - მამაჩემის ტყუპი ძმის შვილები. ისინი აფხაზობაზე დებდნენ თავს, ჩვენ კი ქართველობაზე. ერთხელ თურმე ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი ჩამოსულა ჩემს სოფელში, ისინი ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ, რომ უნახავთ ჩემი ძმის ოჯახი განადგურებული, დაუბარებიათ ხიდთან ჩემი ძმა, ისიც წავიდა, რომც მომკლან, მაინც შევხვდებიო. შესთავაზეს, დაბრუნებულიყო თავის ოჯახში, ბიჭო განადგურებულია შენს ოჯახში ყველაფერი, დაბრუნდი და ჩვენ დაგიცავთო, მას უთქვამს, სადაც ჩემი მეზობლები, ჩემი ქართველები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო... ხალხი ცდილობდა სოფელში დაბრუნებას, შევიდოდნენ სოფელში, რამდენიმე დღის შემდეგ, იწყებოდა ისევ თავდასხმა და ისევ გამორბოდნენ, ერთ-ერთი ასეთი გამოქცევის დროს, ცხენით შემბული ურმით, ცოლ შვილთან ერთად ენგურზე გადმოსვლის დროს გადაბრუნდა ურემი და ჩემი ძმა დაიმტვრა, იმ ჭრილობებით გარდაიცვალა, დასაფლავებაზე რომ გადავსულვიყავით ხიდზე, ის ბიძაშვილი დაგვეხმარა. ძმის ცოლი კი დღესაც ლოგინსაა მიჯაჭვული! მხოლოდ სიზმრებში ვუბრუნდები ჩემს ბავშვობას. ნოსტალგია მკლავს, მაგრამ მეც ალბათ დაბრუნების მოლოდინში მოვკვდები!.. იხსენებდა ქალბატონო როზა ომის ამბებს და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, სულ დაავიწყდა მაღაზია, ადიცა უსმენდა კიდევ ერთ შემზარავ ისტორიას, იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, თითქოს თვითონ იყო ომის წამომწყები. მაპატიეო, ჩუმად ჩაიჩურჩულა ადიცამ, ქალბატონმა როზამ გაიკვირვა რისთვის თხოულობს პატიებასო, მაგრამ არ ჰკითხა არაფერი, მოეფერა და უთხრა; - შენს უახლოეს მეგობრად მიმიღე, როცა რაიმე დაგჭირდეს, შეგიძლია მომმართო და როგორც შემეძლება, შენს გვერდით ვიქნები - ჩვენ ყველას ერთი დიდი ტკივილი გვაერთიანებს და ეს ტკივილი ერთ დროს აუცილებლად გადავა სიხარულშიო. კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, გაიხსენეს ბავშვობა, ზღვა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მაღაზიიდან გამოსული ადიცა და მაკა ისევ შენიშნა შოთამ, გაუჩერა მანქანა, მაინც იქით მივდივარ და ბარემ თქვენც წამოდით გოგოებოო... ისენიც გაჰყვნენ. დღეები გადიოდა. ადიცა მიეჩვია ახალ გარემოს, სამსახურს, საკმაოდ კარგი სახელით სარგებლობდა, ყველა პატივისცემით მოიხსენიებდა, ბავშვი არ გაუშვა ქეთომ ბაღში, მარტო ვარ მთელი დღე სახლში და გულს ვაყოლებ, იყოსო უთხრა ადიცას, ისიც დასთანხმდა. უკვე 1997 წელი იწურებოდა - საახალწლოდ ემზადებოდა ადიცა. ბაღიდან გამოსული ისევ იმ მაღაზიაში შევიდა მაკასთან ერთად, პროდუქტი რომ ეყიდა. როგორც ყოველთვის, საახალწლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს უჭირდა, მაინც ახერხებდნენ, ახალ წელს სავსე სუფრით შეხვედროდნენ. მაღაზიაში რიგი იდგა. ადიცა და მაკა დაელოდნენ რიგს, მაკას წინ მამაკაცი იდგა, რომელმაც ნაყიდი პროდუქტის საფასური გადაიხადა და წასასვლელად მოემზადა. როცა შემობრუნდა, ადიცას პირისპირ აღმოჩნდა. მოულოდნელად ხელიდან დაუცვივდა ნაყიდი პროდუქტი, მამაკაცმა მისი პირველი სიყვარული დაინახა, გაოგნებული შესცქეროდნენ ერთმანეთს ადიცა და გიორგი. მაკა მივიდა გიორგისთან და მიესალმა ისე, რომ არ მიუქცევია ყურადღება ადიცასთვის. - გამარჯობა გიორგი, როდის დაბრუნდი მოსკოვიდან?! გიორგიმ ისე გადაკოცნა, არ შეუხედავს მაკასთვის, ისევ ადიცას უმზერდა, მაკამ არ იცოდა თუ იცნობდნენ გიორგი და ადიცა ერთმანეთს. რადგან ისინი არავის უმხელდნენ, ერთმანეთი რომ უყვარდათ. მაკა ბავშვობის მეგობარი იყო ადიცასი, მაგრამ არც ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ერთმანეთისთვის საიდუმლოებები გაემხილათ. ადიცა დაიხარა ძირს და დაეხმარა გიორგის დაცვენილი პროდუქტის აკრეფაში, უსიტყვოდ უცქერდნენ ერთმანეთს, ბოლოს როგორც იქნა, გიორგიმ ჰკითხა: - შენ აქ საიდან, ადიცა? - აი ასე გადმომისროლა ცხოვრებამ. - გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ, ხალხია აქ. ადიცა, გიორგი და მაკა გარეთ გავიდნენ, იქვე მაღაზიის წინ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ, ცოტა ხნით ისაუბრეს, ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ ისე, რომ ერთმანეთისთვის არ უკითხავთ, თუ რა ხდებოდა მათ პირად ცხოვრებაში. მთელი ღამით ძილი არ მიკარებია ადიცას, სულ გიორგიზე ფიქრობდა და იმ დღეებს იხსენებდა, ერთად რომ იყვნენ, იმ ლამაზ დღეებს, სიყვარულით რომ ხარობდნენ, მომავლის გეგმებს, რომ აწყობდნენ. ღამის სამი საათი იქნებოდა, ტელეფონზე ზარის ხმა რომ გაისმა. ადიცამ უპასუხა. - გისმენთ. - ადიცა, შენ ხარ ხომ? - კი, გიორგი მე ვარ. - ვერ დავიძინე ადიცა, შენი ხმის გაგონება მინდოდა, აუცილებლად უნდა გნახო, ბევრი გვაქვს მე და შენ სასაუბრო. - კარგი, გნახავ, მეც მინდა გნახო და ვისაუბროთ. ადიცამ ტელეფონი გათიშა, ნომერი ჩაიწერა და ბალიშის ქვეშ ამოიდო. თამარს გადახედა, ბავშვს ეძინა. დილით ჩვულებრივ სამსახურში წავიდა. მაკა დილით შოთას მიეყვანა სამსახურში. დღითი დღე შესამჩნევი ხდებოდა მათი ურთიერთობა. ადიცა სულ ეუბნებოდა მეგობარს, ცოტა თავი შეეკავებინა შოთასთან ურთიერთობისაგან, მაგრამ მაკა ისევ თავისას ამბობდა: - ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაშიო. ადიცა მთელი დღის მანძილზე ელოდა გიორგის ზარს, მაგრამ გიორგიმ არ დაურეკა. სახლში წავიდა, გზაში ფიქრობდა, მოუყვე თუ არა ქეთოს გიორგის გამოჩენის ამბავიო. გადაწყვიტა: ვეტყვი, გამოცდილი ქალია და რაღაცას მირჩევს, სწორ გზაზე დამაყენებსო. სახლში მისული ადიცა ჯერ ბავშვს ეთამაშა, მერე ბებოს უთხრა: - შენთან სალაპარაკო მაქვს და რჩევა მჭირდება. - აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მკითხე რაი გინდა, თუ რამე შემიძლია დეგეხმარო, მოგიკვდეს ჩემი თავი, სულს ამევიღებ და მოგცემ, ხომ იცი ჩემ ბაღნებში რომ აღარ გარჩევ შენ... რაი გაქ მოსარიდებელი ჩემთან, დავაძინოთ ბაღანე და ვილაპარაკოთ მერე, თვარა ეგი არ დაგვაცლის ლაპარაკს. - კარგი ბებო, მე დავაძინებ თამარს და გამოვალ. სამზარეულოში დამელოდე. ადიცამ დააძინა ბავშვი და გავიდა ქეთოსთან სასაუბროდ. - საიდან დავიწყო არ ვიცი ბებო? - საიდანაც გინდა ბებია, იქიდან დეიწყე. - ხომ იცი რომ მე აფხაზი ვარ? - კი ბებია რავა არ ვიცი, თავიდან არ მესიამოვნა შენი აფხაზობა, მაგრამ მერე კი შემაყვარე თავი და კი ხარ აგერ ჩემთან. - მე რომ სოხუმში ვცხოვრობდი, იქ ქართველი ბიჭი მიყვარდა, მასზე უნდა მექორწინა, მაგრამ ეს არეულობა რომ მოხდა, დავცილდით ერთმანეთს, ისე რომ აგერ უკვე ოთხი წელი გავიდა არ მინახავს. არც ის ვიცოდი მკვდარი იყო თუ ცოცხალი. თბილისში რომ ჩამოვედი, რამდენი ვიწვალე ვინ მოთვლის, ზურა რომ გავიცანი, ვიფიქრე გვერდით ვინმე მაინც მეყოლება-მეთქი და ამიტომ დაუკავშირე ჩემი ცხოვრება, კარგი ბიჭი იყო, რომ არა ის, რაც გააკეთა. - კაი რო ყოფილიყო ბებია, მაგას არ გააკეთებდა, ნუ გიყვარს შენ ყოველთვის ვინმეს გამართლება. - გუშინ მე და მაკა მაღაზიაში შევედით და იქ გიორგი ვნახე. მას მერე მოსვენება დავკარგე, წუხელ დამირეკა, მითხრა, რომ საუბარი უნდოდა ჩემთან, დღეს კი არ დაურეკავს, იქნებ უკვე ჰყავს ოჯახი, იქნებ მას შეუყვარდა სხვა და გადაიფიქრა ჩემთან საუბარი?! იქნებ სულაც, ისევ მე ვუყვარვარ, მაგრამ, რომ გაიგებს შვილი მყავს, რას იზამს? - მოიცა! მოიცა გოგო რა ავტომატის ჯერივით მომაყარე, ამოისუნთქე ცოტა, იქნება რამე საქმე ჰქონდა და ვერ დაგირეკა, რა წინასწარ გამოგაქ დასკვნები... თუ უყვარდი, მოუყვები ყველაფერს და თუ ისევ უყვარხარ, ინდომებს შენთან ყოფნას, მაგრამ შენ გინდა კი გიორგი? გინდა კი ისევ გათხოვება და ოჯახი? დაფიქრდი ამ ყველაფერზე, ჯერ დაელოდე მის ზარს, ისაუბრეთ რა იცი, რა ხდება, ცხოვრება ათას სიურპრიზს გვიმზადებს, რომ გვგონია აქანე დასრულდა ჩვენი ცხოვრებაო, სწორედ იქიდან იწყება ახალი ცხოვრების ათვლა - სასოწარკვეთას არ უნდა მიეცე, თვარა ეგია პირველი მტერი საკუთარი თავის! რაც შეგხვდა ცხოვრებაში ეს ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომ მოხდა უნდა თქვა, ამის მერე იოლად გადეიტან ბებია ყველაფერს. მე რაი არ გამევიარე: ომი, შიმშილი, ობლობა, მერე ქმარი მომიკვდა, ნახევარჯერ მშიერი ვიძინებდი მარა, კი მევედი აქნობამდე. არასდროს არ დავნებებივარ ბედს, კიდო კაი ხანს მინდა რო ვიცოცხლო, ასე ქენი შენც დეიჯერე, წინასწარ ნუ იტანჯავ თავს.. იფიქრებდი, შენ აფხაზი ბაღანე, საცხა აგე იმერეთში ამოყოფდი თავს? არ, იფიქრებდი, მარა კი ხარ აგერ, დამშვიდდი და ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია რწმენა არ დაკარგო! გახსოვდეს, შვილი რომ ეყოლება, ქალი ჯერ დედაა და მერე ქალი. ეს გახსოვდეს ყოველთვის, შენი განვლილი გზა, გზას უნდა უნათებდეს შენს შვილებს, დეიხსომე ეგი კარგად. ყველა კარი კი არ უნდა გააღო, რაც შეგხვდება, ზოგი ისე უნდა დატოვო, არც უნდა შეიხედო, ხელიც არ ახლო, თვარა შეიძლება იქინე ისეთი რამე დაგხვდეს, რომ ცხოვრების ბილიკზე დაღად დაგრჩეს სულ. ამიტომ, სადაც არ არის შენი კარი, ის ხელუხლებლად უნდა დატოვო და წახვიდე. ამ საუბარში იყვნენ გართული ადიცა და ქეთო, ტელეფონზე ზარის ხმა, რომ გაისმა, ადიცამ ტელეფონს დახედა და სახე გაუნათდა, ქეთო მაშინვე მიხვდა, ვინც იქნებოდა და ადიცას უთხრა: - გავალ ახლა მე, დავწვები და ილაპარაკე შენ მაგასთან, ისე რო არ აჩქარდე, ყველა შენი სიტყვა კარგად აწონ-დაწონე. - გისმენ გიორგი? - შენი სახლის წინ ვარ და გამოდი, თუ შეგიძლია. - რა იცოდი მე სად ვცხოვრობდი?! - ჰმ, გამოდი და ყველაფერს გეტყვი, მე რა ვიცოდი, გელოდები. - კარგი, ახლავე გამოვალ. ადიცამ ქეთოს უთხრა, გიორგი, რომ ელოდებოდა სახლის წინ, მოხუცმა არაფერი უპასუხა, ისე ხელით ანიშნა, წადიო. ადიცა გარეთ გავიდა, გიორგი ჭირშკართან ელოდებოდა მანქანით, გამოაღო კარი და ჩაჯდა. - მოდი გავისეირნოთ და თან ვისაუბროთ, კარგი? - შესთავაზა გიორგიმ. - კარგი როგორც იტყვი. გიორგიმ მანქანა აამუშავა და ნელი სვლით გაუყვნენ სოფლის გზას, ერთხანს ორივე ჩუმად იყო, ბოლოს გიორგიმ დაარღვია სიჩუმე. - ადიცა, მომიყევი შენზე, როგორ ხარ, რა ხდება შენს ცხოვრებაში?! ადიცამ დაწვრლებით დაიწყო მოყოლა ისე, თითქოს, აღსარებას აბარებდა, დაიწყო იქიდან, თუ როგორ მოხვდა ქართველებთან, როგორ გაიარა ჭუბერის გზა, როგორ წამოიყვანა პატარა თამარი და შვილივით ზრუნავდა მასზე, მაგრამ მარტომ რომ ვერ შეძლო მისი მოვლა, ბავშვთა სახლში წაიყვანა, როგორ გაიცნო ზურა. ისე ყვებოდა თითქოს, მისი გავლილი გზა გულზე ლოდად აწვა, დრო და დრო თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, ფანჯრიდან გზისკენ გაიხედა, სადაც მხოლოდ სიბნელე იყო და უზარმაზარი მთვარე მოჩანდა თავის პატარ პატარა ვარსკვლავებით. ადიცამ უთხრა, რომ ისევ მარტოა და პატარა თამარს ზრდის, თავის ერთადერთ იმედს. რომ დაასრულა, ისე ამოიოხრა, თითქოს მთელი დარდი და სევდა ამოატანა თან. გიორგი მშვიდად მართავდა საჭეს და უსმენდა. - მომავალში რას აპირებ, ადიცა? - არაფერს გიორგი, ვზრდი შვილს და ვარ, რისი ან ვისი იმედი უნდა მქონდეს?! ისიც კი არ ვიცი, ჩემი მშობლები როგორ არიან, თამარი დავკარგე, რომელიც შვილივით მიყვარს, შენი სიყვარული დავკარგე, რომელსაც ღმერთამდე მივყავდი. - დამშვიდდი ადიცა, ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს! გიორგიმ ხელი მოკიდა ხელზე ადიცას, ტუჩებთან მიიტანა საკოცნელად, მაგრამ კოცნაზე თავი შეიკავა და ხელი გაუშვა. ადიცამ უხერხულად იგრძნო თავი, ამდენი ხნის განშორებამ მაინც თავისი გაიტანა. - მოდი, ახლა მიგიყვან სახლში, უკვე გვიანია ძალიან, დანარჩენზე შემდეგში ვისაუბროთ. ადიცას ძალიან აწუხებდა ფიქრი - რას მოუყვებოდა გიორგი საკუთარ ცხოვრებაზე, სად იყო, ოჯახი თუ ჰყავდა, მაგრამ კითხვას ვერ უსვამდა, არ უნდოდა ზედმეტად შეეწუხებინა, ისედაც ერიდებოდა მისი. გიორგიმ ადიცა სახლში მიიყვანა და უთხრა. - ხვალ ისევ გნახავ ადიცა, აბა დროებით. ადიცა ჭიშკართან იდგა, სანამ მისი თვალთახედვიდან არ გაქრა მანქანა. უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში და თვითონვე სცემდა საკუთარ კითხვებს პასუხს. - ცოლი რომ ჰყავდეს, ამ შუაღამეს ჩემთან ხომ არ მოვიდოდა, რომ არ ვუყვარდე, არ მომაკითხავდა. ოხ, გიორგი ერთი რამ მაინც გეთქვა ჩემთვის იმედის მომცემი. ჰმ, იქნებ, რომ გაიგოს შვილი მყავს, არც კი ისურვოს ჩემი ცოლობა, თუნდაც ვუყვარდე, ქართველი მამაკაცები ხომ ასეთები არიან, თავის ღირსებას აყენებენ ყველაზე წინ, თუნდაც სიგიჟემდე უყვარდეთ ქალი. თუ ის ადრე სხვას ეკუთნოდა, ცოლად არ მოიყვანენ. რით განსხვავდება გიორგი სხვა ქართველი მამაკაცებისგან? არაფრით. ჰოდა, დამშვიდდი ჩემო თავო, ნუ ააგებ წინასწარ ოქროს კოშკებს, შეეგუე ბედს, ყველას თავისი ტოლი და სწორი უნდა. ადიცას ცხოვრება ისევ ისე გრძელდებოდა: სამსახური - სახლი, მაკას და შოთას კი უფრო უმძაფრდებოდა ერთმანეთის ნახვის სურვილი, ვერც ერთი ვერ ერკვევოდა რა ხდებოდა მათ თავს, ორივე ჩვეულებრივ აგრძელებდა ოჯახთან ერთად ცხოვრებას. ოჯახში შოთას გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებდა ცოლი. ერთი შეხედვით, მკაცრი მეუღლე და მამა იყო, ცოლს კი აკლდა სითბო და სიყვარული მეუღლისგან, მაგრამ გარეთ სულ სხვანაირად ჩანდა ეს ყველაფერი - მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ეჭვს ვერავინ შეიტანდა მათში, რომ უსიყვარულო ოჯახია. ასევე იყო მაკას ოჯახიც: ძალიან უყვარდა ქმარს, მაგრამ მაკას არ გააჩნდა სიყვარული მისადმი, მხოლოდ შვილები აკავებდა მასთან. შოთა ნელ-ნელა უმეგობრდებოდა ადიცას, რადგან მისი საშუალებით ახერხებდა მაკას ნახვას, არ სურდა, რომ სხვის თვალში შესამჩნევი ყოფილიყო მათი ერთად ყოფნა. ერთხელ ადიცას გამოუტყდა შოთა მაკას სიყვარულში ისე, რომ მაკამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ადიცამ საიდუმლოდ დაიტოვა შოთასთან საუბარი, არ სურდა მეგობარს ოჯახი არეოდა, ყოველ ღონეს ხმარობდა და რაც შეიძლება ნაკლებად ენახათ მაკას და შოთას ერთმანეთი... თუმცა, შოთა თითქმის ერთ დღესაც არ უშვებდა ხელიდან. გიორგი კი იშვიათად ნახულობდა ადიცას, არაფერს ეუბნებოდა საკუთარ ცხოვრებაზე, ვერც ადიცა ეკითხებოდა რაიმეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აინტერესებდა რა ხდებოდა გიორგის ცხოვრებაში... შემოდგომის მზიანი ამინდი იყო, 1998 წლის 5 ოქტომბერი. თამარი დილიდან დედას ეთამაშებოდა. ადიცა უკვე ორი წლის პატარა შვილს ეფერებოდა, თან ტორტის გამოცხობისთვის ემზადებოდა. ქეთოც ეხმარებოდა ადიცას, რადგან - საღამოსთვის სტუმრებს ელოდებოდნენ, სახლს აწესრიგებდნენ. თამარიც უკან დაჰყვებოდა და დალაგებულ სახლში ისევ მისებურად გადააადგილებდა ნივთებს. ასე გავიდა დღეც. ადიცამ ტორტი გამოუცხო შვილს, გულში კი იმ თამარზე ფიქრობდა და თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდდა, ფიქრობდა, რომ უკვე დიდი გოგოა თამარი, იქნებ მას არავინ უცხობს დაბადების დღეზე ტორტს, ან კიდევ ძალიან ლამაზი ტორტი გამოუცხვეს და სულ დავავიწყდიო! დაღამდა... სუფრა გაშალა ადიცამ, სტუმრების მოლოდინში იყო - მაკას და შოთას ელოდებოდა, ასევე თანამშრომლებს და თამარის რამდენიმე პატარა მეგობარს... მზე ნელ-ნელა იმალებოდა მთის უკან და ღრუბლები ნაზად ირხეოდა ცაზე, მთვარის მოლოდინში, ქარი ოდნავ ქროდა, სოფელში შემოდგომის ყვავილების და ხილის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ყურძენი საწნახელში დაეწურათ და უკვე თუხთუხებდა. ინახავდნენ მოსავალს, რომ ზამთარი მშვიდად გაეტარებინათ. მოვიდნენ დაპატიჟებული სტუმრებიც... ადიცამ პატარებს ცალკე მაგიდა გაუშალა, დიდები კი ცალკე მაგიდასთან მიიპატიჟა. კარგად აეწყო ქეიფი - თამარი გახარებული იყო, ათვალიერებდა საჩუქრებს და ძალიან ბედნიერი ადიცას ტელეფონზე ზარი გაისმა. - გიორგი რეკავდა. - გისმენ გიორგი? - დღეს თამარის დაბადების დღეა, არა? - დიახ, დღეს ორი წლის გახდა თამარი. - შენი სახლის ჭიშკართან ვარ, თუ გცალია გამოდი. - ახლავე. ადიცამ ტელეფონი გათიშა და ისე გავიდა გარეთ, არავის უთხრა, რა ხდებოდა. მეგობრებმა ერთხმად მიაძახეს. - სად მიდიხარ ადიცა? ხომ მშვიდობაა? ხმა არ გასცა. ჭიშკართან გიორგი იდგა, ყვავილებით ხელში. ადიცამ, არ იცოდა რა ეთქვა, ის ხომ არ დაუპატიჟებია დაბადების დღეზე. - ადიცა შეძლება შემოვიდე შენთან სახლში? - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... გიორგის ყვავილებთან ერთად ქაღალდის დიდი ჩანთა ეჭირა ხელში. სახლში შევიდნენ, მიესალმა იქ მყოფთ, შემდეგ თამართან მივიდა, ქაღალდის ჩანთიდან სათამაშო ამოიღო და მისცა. - ეს შენ ჩემგან ჩემო პატარა პრინცესა. თავზე ხელი გადაუსვა, ადიცა ხმას არ იღებდა, ქეთომ მიიწვია გიორგი სუფრასთან, სკამი დაუდგა და ანიშნა რომ დამჯდარიყო. ადიცამ გააცნო მეგობრებს გიორგი, მაკა კი იცნობდა და მიესალმა, მოიკითხა კიდეც. გიორგის ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ყვავილები, შოთამ უთხრა: - ალბათ ეს ყვავილები ადიცას ეკუთვნის. გიორგის გაეღიმა და ადიცას გაუწოდა ყვავილები... მერე ცოტა სასმელი დალია და მისებურად ალაპარაკდა, თამადისგან სადღეგრძელოს თქმის უფლება ითხოვა. - ჩემი ცხოვრება ია-ვარდებით არ ყოფილა მორთული. იმ დროის შემდეგ, რაც სოხუმში არეულობა დაიწყო, მომიხდა უამრავ ჩემს აფხაზ მეგობართან ბრძოლა. ისინი ჩემს მიწას, ჩემს სამშობლოს მართმევდნენ, იმ მიწას, რომელიც მათ ჩვენ ვუწილადეთ, სურდათ ხელში ჩაეგდოთ რუსის, ჩეჩენის და სხვების დამხმარებით - აქ დამთავრდა ჩვენი ძმობა, ის ძმობა, რომელიც საუკუნეებს ითვლიდა, მაგრამ აფხაზებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სწორად ფიქრობდნენ. სხვებს კი ტვინი აუმღვრიეს და დააჯერეს, რომ მიწა, რომელზეც ისინი ცხოვრობენ, მხოლოდ მათ ეკუთნოდათ! ჩვენ ქართველებს რაღა დაგვრჩენოდა, უნდა დაგვეცვა ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქალაქი... ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, ყველაფრის უფლებას რომ ვაძლევთ ჩვენს მიწაზე დასახლებულ ერებს... მე ჩემი ხელით დავმარხე ქართველი და აფხაზი მეომრები, ჩემი ხელით დავმარხე მამა, რომელიც სახლის წინ მომიკლა აფხაზმა, მაყურებინეს როგორ მიწვავდნენ სახლს და გონწასული დამაგდეს ეზოში, მამის გაყინულ სხეულთან.. მაინც ვერ შევძელი მათი შეძულება, მაინც ვერ დავივიწყე, თუ როგორი კარგი იყო, როცა ერთად, ერთ ოჯახად ვცხოვრობდით! მე ხომ აფხაზი გოგონა შემიყვარდა, გოგონა, რომლის თვალებში ვკითხულობდი ჩემს ბედნიერებას. აი, მითხარით როგორ შემეძულებინა ის?! იმის გამო, რომ აფაზი იყო? ის ხომ ჩემი პირველი სიყვარულია, სიყვარული, რომელმაც ბევრი სიხარული და ტკივილი მომიტანა, რომელიც დავკარგე ჩემს სოხუმთან ერთად, მაგრამ მე მჯერა რომ აუცილებლად დავბრუნდები სოხუმში და აუცილებლად ავაფრიალებ ქართულ დროშას ჩემი სახლის წინ! სიყვარული კი, რომელიც დავკარგე და რამდენიმე წელი უიმედოდ ვეძებდი უკვე ვიპოვე. როგორ შემიძლია, ახლა მასზე უარი ვთქვა? განგებამ მასთან ყოფნის მეორე შანსი მომცა, რა თქმა უნდა, ეს მასზეა დამოკიდებული... ვიცი, არც მისი ცხოვრება ყოფილა ბედნიერებით სავსე სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ. მე მინდა ბებოს ვთხოვო მისი ხელი, დაე როგორც ადიცა ვიპოვე, ისე მეპოვოს დაბრუნების გზა აფხაზეთში. სამარისებული სიჩუმე იდგა, მხოლოდ გიორგის ხმა არღვევდა სიმყუდროვეს, პატარებიც მშვიდად ისმენდნენ მის სიტყვებს, იმდენად სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა გიორგის. შემდეგ ჯიბისკენ წაიღო ხელი და პატარა კოლოფი ამოიღო - ადიცას თხოვა მასთან მისულიყო. - ადიცა წლებია ამ მომენტს ველოდები. როგორ გგონია, გიპოვე და აწი ხელიდან გაგიშვებ?? ვიცი, რომ უამრავი კითხვა გაქვს ჩემს მიმართ, მთავარია, იცოდე, რომ მე ისევ ისე ძველებურად მიყვარხარ. მეტიც, უფრო ძლიერად, მომეცი უფლება, რომ მერქვას შენი ქმარი, შენ კი ჩემი ცოლი! ადიცამ აკანკალებული ხელი გაუწოდა გიორგის... ერთხმად იქუხა ტაშმა, გიორგიმ თითზე ბეჭედი მოარგო ადიცას და ერთმანეთს გადაეხვივნენ, ადიცამ ტირილი დაიწყო, გიორგი თვალებიდან ცრემლებს წმენდდა, სთხოვდა რომ არ ეტირა. - მე ვერ დავიცავი შენი სიყვარული გიორგი, ვერ გავუფრთხილდი იმ გრძნობას, რაც შენს მიმართ მქონდა, მაპატიე, მაპატიე ყველაფერი, რაც ჩავიდინე! - ჩემო ლამაზო, ცხოვრება გრძელდება. ხანდახან ყველაფერი ხდება, ოღონდ ხანდახან და მისთვის საყვარელი ჩანახატი მოჰყვა, მას ხომ ბავშვობიდან ძალიან კარგად გამოსდიოდა ეს. ხანდახან თვალი უნდა დახუჭო; ხანდახან უნდა დაყრუვდე კიდევაც; ხანდახან პირში წყალიც უნდა ჩაიგუბო; ხანდახან ზურგი უნდა აქციო და წახვიდე; ხანდახან უცქირო და არაფერი მოიმოქმედო; ხანდახან შველაც უნდა ითხოვო, რომ გადარჩე; ხანდახან ხელი უნდა გაუწოდო და წამოაყენო, ისიც, ვისაც ერთ დროს შენი ძირს დაცემა ახარებდა. ხანდახან ნიღაბიც უნდა მოირგო, რომ შენი ტკივილი, თუ სიხარული სხვას არ დაანახო! ხანდახან უნდა დატოვო, რომ უშენობამ შეაწუხოს და მიხვდეს, თუ რაოდენ ძვირფასი ადამიანი ჰყავდა შენი სახით გვერდით! ხანდახან, ჩუმად შენთვის უნდა იყო და შორიდან დააკვირდე ყველაფერს. დასკვნების გამოტანა ნაადრევად არასდროს არ უნდა ინდომო, დრო, დრო განახებს ყველაფერს! ხანდახან შენს ახლოს, არავინ უნდა მოუშვა, რომ გული არ გატკინონ... ხანდახან დაჯდე და უნდა იფიქრო, რისთვის და რატომ ტკენენ ადამიანები ასე უმოწყალოდ გულს, რომ შენ მორიგი მსხვერპლი არ იყო გულის ტკივილის. ხანდახან ურწმუნოც უნდა დაარწმუნო... ხანდახან შეცდომად უნდა ჩაუთვალო, როცა უმიზეზოდ გატკენენ და უნდა აპატიო, ხანდახან დაჯდე და იტირო კიდეც. ხანდახან შეცდომაც უნდა დაუშვა, რომ მერე საკუთარ თავში დამნაშავე არ ეძებო, ის რომ გამეკეთებინა, ახლა ასე არ ვიქნებოდიო... ხანდახან ყველაფერი ხდება, ოღონდ ხანდახან... კიდევ ერთხმად იქუხა ტაშმა, პატარა თამარი მომღიმარი თვალებით შესცქეროდა ირგვლივ მყოფთ, მაგრამ ვერ გაერკვია, რა ხდებოდა. ქეთო მივიდა გიორგისთან და უთხრა: - ჩემო ბიჭო, ადიცა საკუთარი შვილიშვილი არ არის, მაგრამ არანაკლებ მიყვარს, ამიტომ, თუ მას ბედნიერს გახდი, გაძლევ უფლებას იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი და თუ ეს არ შეგიძლია, ნუ დამიტანჯავ ამ გოგოს, ისედაც ბევრი რამ გადაიტანა. - ნუ გეშინია ჩემო ქალბატონო, საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობ, ოღონდ ადიცა და თამარი იყოს კარგად, ამის გჯეროდეთ! 1998 წლის 13 დეკემბერი იყო, დღე ბედნიერების და სიხარულის - ადიცა და გიორგი ტაძარში ჯვარს იწერდნენ. მათი თვალები სიხარულით იყო სავსე. თეთრ სადედოფლო კაბაში გამოწყობილი პატარა თამარი, დედას უმშვენებდა გვერდს. ესმა ქმარ-შვილით ჩამოვიდა თბილისიდან. ჯვრისწერის შემდეგ რაიონის პატარა რესტორანში გადაინაცვლეს. გაიმართა ლხინი, ადიცას ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები. დადგა ის დღე, რომელზეც წლების წინ ოცნებობდა. ახლა მის გვერდით ის პირველი სიყვარული იყო, რომელიც ბავშობას და სოხუმს ახსენებდა. ქორწილზე იყვნენ შოთა და მაკაც თავიანთ მეუღლეებთან ერთად, არადა უჭირდათ თავის გაკონტროლება - მათი მზერა ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს... (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს 25 მაისს, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ავტორი: სოფო იმერელი

0
415
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0