x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცენტრალური ბანკების წარმოშობა ევროპაში

საბანკო საქმემ განვითარების მრავალი გზა განვლო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. განვითარების ეტაპებმა საფუძველი ჩაუყარა ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ პროცესმა გახადა გარდაუვალი ეროვნული საბანკო სისტემის საკვანძო რგოლის - ცენტრალური ბანკის შექმნა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიქმნა ცენტრალური ბანკები, რომელთა ძირითადი მიზეზი ფასების დონის, ფულის ღირებულების და კომერციული ბანკების ზედამხედველობა იყო.

ცენტრალური ბანკი ქვეყნის საფინანსო და საკრედიტო სისტემის მთავარი მარეგულირებელი ორგანოა. ის აგრეთვე ახორციელებს ბანკნოტების ემისიას და მიმოქცევაში გამოშვებას. ცენტრალური ბანკი ფლობს საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც მაღალლიკვიდური აქტივებია და შედგება: უცხოური ვალუტისაგან, სესხების სპეციალური უფლებებისგან, მონეტარული ოქროსგან და უცხოეთის ქვეყნების ფასიანი ქაღალდებისგან. თავდაპირველად რეზერვების მიზანი იყო ეროვნული ვალუტის უზრუნველყოფა, დღეისათვის იგი ასრულებს ანტიკრიზისულ და ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ფუნქციას.

1609 წელს ჩამოყალიბდა ამსტერდამის ბანკი, რომელიც ერთ-ერთ პირველ ცენტრალურ ბანკს წარმოადგენს. 1668 წელს შექმნილი შვედური რისკ-ბანკი კი უძველესი ცენტრალური ბანკია, რომელიც დღესაც არსებობს და ფუნქციონირებს. სწორედ ამ ბანკის მიერაა დაწესებული ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემია, რომელიც წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ პრემიას ეკონომიკაში.

1694 წელს ჩამოყალიბდა ინგლისის ბანკი, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მთავრობისათვის ფულის სესხება. მართლია, მას ცენტრალური ბანკის წინამორბედად თვლიან, მაგრამ იგი არ ითავსებდა თანამედროვე ცენტრალური ბანკის ფუნქციებს.

თანამედროვე ცენტრალური ბანკის სახე ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. საბანკო საქმე სულ უფრო და უფრო აქტიურად ვითარდებოდა რომლის ძირითად ფაქტორს ფინანსური კრიზისი წარმოადგენდა. ბანკნოტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა, ამიტომ აუცილებელი გახდა მათი უზრუნველყოფა კეთილშობილი ლითონებით - ოქროთი და ვერცხლით. ეს იყო 1844 წელი, როდესაც ინგლისში გამოიცა კანონი ინგლისის ბანკის მიერ ოქროთი ბანკნოტების უზრუნველყოფის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ ეს კანონი, ანუ ეგრეთწოდებული ოქროს სტანდარტი, გავრცელდა მთელ ევროპაში. ამ კანონის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უნდა უზრუნველყო, რომ შექმნილიყო გამოშვებული ბანკნოტების ეკვივალენტი ოქროს რეზერვი, რომ შეძლებოდათ ფასების დონის სტაბილიზება. მაგრამ 1914 წელს პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით მიმოქცევაში არსებულმა ქაღალდის ფულმა საგრძნობლად გადააჭარბა არსებულ ოქროს რეზერვებს და ოქროთი უზრუნველყოფის ვალდებულება რამდენიმე ქვეყანაში გაუქმდა. ამავე ომმა გამოიწვია უმუშევრობის დონის აწევა და, შესაბამისად, ფასების სტაბილურობაც დაირღვა.

ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკების ძირითადი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნება გახდა. როგორმე უნდა დაეფარათ პირველი მსოფლიო ომის მიერ გამოწვეული ზარალი და მოეხდინათ ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა.

პირველ მსოფლიო ომს მალევე მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომლის გამოც სახელმწიფოს გავლენა ცენტრალურ ბანკზე საგრძნობლად გაიზარდა. ის უბრალოდ გახდა სახელმწიფო მიზნების მხარდამჭერი ძირითადი ინსტრუმენტი, რაც თავის თავად ცენტრალური ბანკის ავტონომიის დაკარგვას ნიშნავდა. ზოგიერთ ქვეყანაში ცენტრალურმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა და საჯარო გახდა. შეგვიძლია დავასახელოთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ინდოეთის ცენტრალური ბანკი. სხვა ქვეყნებში კი უფრო ძლიერმა ცენტრალურმა ბანკებმა შეინარჩუნეს ფორმალური დამოუკიდებლობა, თუმცა ანგარიშვალდებულები იყვნენ მთავრობისათვის მოეხსენებინათ თავიანთი საქმიანობის შესახებ. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა.

ჩვენ მიერ აღწერილი მთელი საბანკო საქმის ისტორია, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების გზა გვიჩვენებს, რომ ცენტრალურ ბანკს გააჩნია სამი მთავარი მიზანი: ფასების სტაბილურობა, ფინანსური სტაბილიზაცია და ქვეყანაში ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნება.

დღეს, საბანკო სფერო, რომელმაც გაიარა განვითარების უამრავი და განსხვავებული ეტაპი, ჩამოყალიბდა ორდონიან საბანკო სისტემად, რომელიც თავისთავად მოიცავს ცენტრალურ ბანკს და მის მიერ კონტროლირებად კომერციულ ბანკებს. ეს სისტემა კარგად ცენტრალიზებულია ყველა ქვეყანაში, რამაც დაარეგულირა და შედარებით გაამარტივა ფულის მასების მოძრაობა. ამან ქვეყნებს საშუალება მისცა დაარეგულირონ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის მოცულობა, თავიდან აირიდონ ისეთი ფინანსური კრიზისები, რომელიც მეტი ფულის ბეჭდვით არის გამოწვეული და აკონტროლონ ინფლაციის დონე.

ცენტრალურმა ბანკმა იმ სახეს, რომლითაც დღესაა, მიაღწია მე-19 საუკუნეში. ბევრი კომერციული ბანკი, რესურსების გაზრდის მიზნით, ბანკნოტების ემისიას მიმართავდა მე-19 საუკუნემდეც. ამიტომ აუცილებელი გახდა გამიჯნულიყო საემისიო და კომერციული ბანკების ფუნქციები. რადგან კომერციული ბანკები უშვებდნენ დიდი მასის ბანკნოტებს, იქმნებოდა ინფლაციის საფრთხე. ამიტომ კომერციულ ბანკებს სახელმწიფოებმა ემისიის უფლება შეუწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე საემისიო ბანკი იყო, თანაც მდიდარი და ცნობილი ბანკები, ეს მაინც არ იყო დღევანდელი გაგებით ცენტრალური ბანკი. რაც უფრო ვითარდებოდა საფინანსო და საბაზრო ურთიერთობები, მით უფრო აუცილებლობას წარმოადგენდა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა. თუმცა ეს პროცესი ეტაპოვრივად ვითარდებოდა. ბანკებს ჯერ გადაეცათ ემისიის უფლება, შემდეგ კი სახელმწიფო ხაზინის ფუნქცია. ამის შედეგად ცენტრალურ ბანკებს დაეკისრათ სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების ფუნქცია.

პირველი ცენტრალური ბანკი იყო ინგლისის ბანკი, რომელმაც როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორმა, გასცა კრედიტი ფინანსური პრობლემების მქონე ბანკზე. აგრეთვე მის უფლებამოსილებაში შედიოდა სხვა ბანკებისათვის მითითებების მიცემა, სახელმწიფო ვალის მართვა და კომერციული ბანკებისგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა. ამჟამად ცენტრალური ბანკი წარმოადგენს საემისიო ცენტრს, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარ გამტარებელს, მთავრობის ბანკირსა და ბანკთა ბანკს.

ცენტრალური ბანკების პირველ და მთავარ თავისებურებას ხელისუფლებისგან მათი დამოუკიდებლობა წარმოადგენს. სწორედ ამით ხასიათდება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკები. თუმცა არსებობს ისეთი ბანკებიც, რომლებიც სახელმწიფო მფლობელობაშია, მაგრამ თავიანთ დამოუკიდებლობას მაინც ინარჩუნებენ. მაგალითად: გერმანული ბუნდესბანკის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა იგი დამოუკიდებლობის მაღალი დონის მქონე ერთ-ერთ ცენტრალურ ბანკად ითვლება მსოფლიოში, ხოლო იტალიის ბანკი სახელმწიფო ორგანოებზეა დამოკიდებული მიხედავად იმისა, რომ მისი კაპიტალი კომერციული ბანკებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს.

ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც სიტუაცია რთულად დასაძლევი ხდება, მთავრობის მოთხოვნით იბეჭდება მეტი ფული, რაც დაშვებულ ლიმიტს აღემატება. ეს თავისთავად წარმოშობს ინფლაციას და ამ დროს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისტორიულმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების საქმიანობა მით უფრო ნაყოფიერია, რაც უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული მისი საქმიანობა მთავრობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცენტრალური ბანკების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი მეტ-ნაკლებად მსგავსი იყო, მაინც არსებობდა გარკვეული განსხვავებები და ეროვნული დამახასიათებელი ნიშნები. ამიტომაც დღეს მსოფლიოში არსებულ ცენტრალურ ბანკებს შორის არის გარკვეული განსხვავებები. ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ცენტრალური ბანკები დავყოთ 3 ტიპად:

1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული - აქციების 100%-ის მფლობელია სახელმწიფო. მაგალითად: საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანიის ბუნდესბანკი, ინგლისის ბანკი, საფრანგეთის ბანკი და სხვა.

2. სააქციო ტიპის - კაპიტალის ფორმირება ხდება აქციების ემისიით. ასეთი ცენტრალური ბანკების მაგალითია: იტალიის ბანკი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა.

3. შერეული საკუთრების - თუმცა კაპიტალი აქციონერულია, ნაწილი მაინც ეკუთვნის სახელმწიფოს. აქციონერები შეიძლება იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე ბანკებიც. ასეთი ცენტრალური ბანკებია: ავსტრალიის ნაციონალური ბანკი, იაპონიის ბანკი, შვეიცარიის ნაციონალური ბანკი და სხვა.

ცენტრალური ბანკის აქციონერები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე კერძო ბანკები. აქციონერს აქციების გასხვისება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით. რაც შეეხება ცენტრალური ბანკის ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს, განისაზღვრება კანონით - ცენტრალური ბანკისა და კანონით კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. ამ უფლებამოსილებების მთავარი ელემენტები ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის ასახული.


კანონმდებლობით რეგულირდება ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა, თანამდებობაზე ყოფნის ვადები და მათი საქმიანობის სპეციფიკა. ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უნდა მოხდეს ხელმძღვანელი პირების დანიშვნა. ეს წესები რამდენადმე განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგ.: საქართველოში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 წელია, აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრების კი - 14.

ცენტრალური ბანკი ეკონომიკის შემადგენელ ელემენტებსა და სახელმწიფოს შორისაა შუამავალი და ეს საბანკო-საფინანსო სისტემის საშუალებით ხორციელდება. როგორც ვთქვით, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს აქვთ როგორც საერთო, ასევე ერთმანეთისგან განმასხვავებელი თავისებურებები და ეროვნული მახასიათებლები. მსგავსია ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და მიზნები. ესენია: ბანკნოტების ემისია,

საბანკო სისტემის საქმიანობის რეგულირება, ფინანსური აგენტის ფუნქცია, ბანკთა ბანკის ფუნქცია, ქვეყნის ოქრო-სავალუტო რეზერვების მართვა და საგადამხდელო-საანგარიშსწორებო სისტემის მუშაობის ორგანიზება.

ცენტრალური ბანკი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.


0
82
6-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ზაუტაშვილი
სოფიო ზაუტაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0