x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100900
  • ვიდეო:345611
  • სურათი:463571
ექსპერტების 4 გასაოცარი პროგნოზი: როგორი იქნება სამყარო კორონავირუსის შემდეგ?
კორონავირუსი


ფრანკფურტის “მომავლის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა ოთხი სავარაუდო სცენარი, თუ როგორი იქნება სამყარო მას შემდეგ, როცა კორონავირუსს დავამარცხებთ. ინსტიტუტის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, თუ რა დრამატულად შეცვლის მსოფლიოს Covid-19-ის პანდემია.


გერმანელები იმარაგებენ ტუალეტის ქაღალდს, ფრანგები ღვინოს და პრეზერვატივებს, ჰოლანდიელები მარიხუანას, ხოლო მთელ ევროპაში სადეზინფექციო საშუალება მხოლოდ შავ ბაზარზე თუ იშოვება. ამ ყველაფრის შემყურე მეცნიერები კი კამათობენ იმაზე, ადამიანებს შორის იზოლაცია გაღრმავდება თუ პირიქით, სოლიდარობის და ერთად ყოფნის გრძნობა გაიზრდება.


ერთი რამ ცხადია: მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო.



რა თქმა უნდა, მეცნიერები არ არიან ორაკულები, მათ უბრალოდ, აქვთ ის მეთოდები, რითაც შეუძლიათ, ივარაუდონ, თუ როგორი იქნება მომავალი.


ვისაც ფანტასტიკის და საშინელებათა ჟანრების ისეთი მწერლები და რეჟისორები გვიყვარს, როგორებიც არიან ჯორჯ ორუელი (1984) და რიდლი სკოტი (Blade Runner) ზოგიერთი სცენარი გასაოცრად ნაცნობი მოგვეჩვენება.


მე პირადად უკვე ვხედავ მსგავსებას დღევანდელ რეალობასა და ფილმ “უცხოს” სხვადასხვა ეპიზოდებს შორის.


1. ტოტალური იზოლაცია: ყველა ყველას წინააღმდეგ


ასეთი სცენარის განხორციელების შემდეგ საკუთარ ჰიგიენასა და დაცულობაზე გასაოცრად მზრუნველი საზოგადოება გაჩნდება. “თავდაპირველად იყო გამორთვა, ხოლო შემდეგ ეს გამორთვა ნორმად იქცა” - პროგნოზირებენ მკვლევარები. ასეთ სამყაროში დაცულობა პირველ ადგილზეა, ხოლო დაცულობის შექმნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ერთი ქვეყანა მეორისგან საზღვრებით არის იზოლირებული. ამ სამყაროში ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასამგზავრებლად ვიზაა საჭირო.


უნდობლობა ისეთი პროდუქტების მიმართ, რომელთა წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია, ძალიან დიდია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


დიდი შეკრებები, წვეულებები და ბაზრობები აღარ არსებობს. 10 ადამიანზე მეტს ერთად ვეღარ ნახავთ. საჯარო კულტურული ცხოვრება ჩამკვდარია. კონცერტები და სპორტული ივენთები აღარ ტარდება. მოსახლეობა სახლებში ზის და ყველაფერს ინტერნეტით და ტელევიზიით ადევნებს თვალს. ბარები და კაფეები აღარ არსებობს. რესტორნები კი ადგილზე მიტანის სერვისმა ჩაანაცვლა.


ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასაცავად. ხოლო ადამიანი კმაყოფილი ცხოვრობს ტოტალურ იზოლაციაში.


2. სისტემური ავარია: პერმანენტული კრიზისის მოდელი


ამ სცენარის მიხედვით სამყარო პერმანენტულ კრიზისში რჩება. იმის გამო, რომ სახელმწიფოები საკუთარ შიდა პრობლემებზე არიან ფოკუსირებული, ნდობა გლობალური თანამშრომლობის მიმართ აღარ არსებობს. ახლა უკვე ცალკეული გზავნილების სახით კი არ გვესმის ისეთი მოწოდებები, როგორებიცაა “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, არამედ ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე და საკუთარ თავზე ზრუნავს. ახალი პანდემიის გავრცელების შიშით ნებისმიერი ვირუსის ლოკალური გავრცელება უკვე დრამატული მასშტაბის საკარანტინო ზომებს ქმნის, დაწყებული ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით და საზღვრების ჩაკეტვით, დამთავრებული ყოველდღიური მოხმარების საგნებისთვის და სამედიცინო ინსტრუმენტებისთვის მუდმივი ბრძოლით.


ასეთ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გამუდმებით ითვლის, თუ როგორ განვითარდება მომავალი და ახდენს კრიზისული სცენარების უსასრულო ანალიზს, ხოლო სახელმწიფოს მიერ მართული კიბერნეტიკული დანაშაულებების რიცხვი იზრდება. სახელმწიფოები ცდილობენ, ერთმანეთი ინტერნეტში დაასუსტონ.


იღვიძებს სახელმწიფოს მისწრაფება მოსახლეობის ტოტალური კონტროლისკენ: მოხელეები ცდილობენ, ადამიანების შესაძლო ქცევა კომპიუტერების მეშვეობით გააანალიზონ, რაც მუდმივად დაუცველ საზოგადოებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანების უმრავლესობა კი იპოქონდრიკებად არის გადაქცეული. ისინი გამუდმებით იზომავენ სიცხეს და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ხოლო მონაცემები სახელმწიფო სერვერებზე უწყვეტად მიედინება.


3. უარი გლობალურ საზოგადოებას


ამ სცენარის განხორციელების დროს ის, რაც მოხდა ვირუსის გავრცელების დასაწყისში, უმთავრესი პრინციპი ხდება: კორონავისუსის კრიზისის შემდეგ გლობალიზებული საზოგადოება დაღმასვლას განიცდის. ამის ნაცვლად ლოკალური სტრუქტურები აღმოცენდება.


ადამიანები უბრუნდებიან სოფელს და ცდილობენ ყურადღებით დააკვირდნენ ერთმანეთს, ხომ არ აქვთ ვირუსის სიმპტომები. ჩნდება ვირტუალური მეგა ივენთები, რომლებსაც ადამიანები შინიდან გაუსვლელად ესწრებიან. მეზობლობას დიდი ფასი ედება. ჩნდება ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანები გასაჭირში ერთმანეთს. აღდგება ნატურალური მეურნეობა და საქონლის გაცვლა ფულის გარეშე. სუსტები და მოხუცები განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ექცევიან. ფირმები დისტანციურ მუშაობაზე გადადან, ხოლო ვირტუალური კონფერენციები და სხდომები ყოველდღიურობა ხდება.


კორონავირუსი


4. ადაპტაცია


სამყარო სწავლობს კორონავირუსის მკაცრ გაკვეთილზე და კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოდის. ადამიანები უფრო მოქნილები ხდებიან. მსოფლიო ეკონომიკა კვლავაც იზრდება, თუმცა ბევრად უფრო ნელა. მოგების გაზრდის დაუცხრომელი ინტერესის ნაცვლად ეკოლოგიური და სოციალური ინტერესები წინა პლანზე ინაცვლებს.


ადამიანები გამუდმებით სვამენ შეკითხვას, როგორ მზადდება საქონელი. იმის გამო, რომ პროდუქტის მიწვდის გლობალური ჯაჭვი წყდება, ადგილობრივი ალტერნატივები აღმოცენდება. სტაციონარული ვაჭრობა, ონლაინშოპინგი და მიტანის სერვისების ბიზნესი აყვავებას განიცდის. აღმოცენდება წონასწორობა ადგილობრივ და გლობალურ ვაჭრობას შორის, ხოლო საკვირაო ბაზრობები მუდმივი მოთხოვნილება ხდება. ადამიანები მასობრივი მოხმარებიდან გონივრულ ეკონომიკურ სისტემებს უბრუნდებიან, ხოლო ისეთი გლობალური მიმწოდებლები, როგორებიც “ამაზონი” და “ალიბაბა” არიან, პოზიციებს მრავალი წვრილი და ადგილობრივი მიმწოდებლის სასარგებლოდ თმობენ.


ასეთ სამყაროში ჯანმრთელობის საკითხი აღარ განიხილება განყენებულ საქმედ, არამედ ის გაიაზრება გარემოსთან, ქალაქთან, პოლიტიკასთან და მსოფლიო საზოგადოებასთან კონტექსტში. ადამიანები ხვდებიან, რომ მრავალი ფაქტორი ახდენს მათ ჯანმრთელობაზე გავლენას.


იმის გამო, რომ კრიზისი ერთად დაძლიეს, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მეტი ყურადღების გრძნობა უჩნდებათ. სილიდარობა და ერთიანობის განცდა არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ და ინტერნაციონალურ დონეზე ჩნდება. ერთმანეთისგან მუდმივი სწავლა და ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი ლოკალური ქსელი იბადება.


ამ დღეებში განსაკუთრებული პოპულარობა შეიძინა ჯგუფ R.E.M.-ის 1987 წლის ჰიტმა “It’s The End Of The World”. მან ბრიტანეთში კვირის ჩარტები დაიპყრო. ამ სიმღერის ტექსტი შემდეგნაირად ჟღერს: “ეს არის ისეთი სამყაროს დასასრული, როგორსაც აქამდე ვიცნობდით და მე თავს კარგად ვგრძნობ”, იმ გაგებით, რომ მოვდუნდეთ და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ნაკლებად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.


0
602
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0