x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სულისშემძვრელი ვიდეო ბერგამოს საავადმყოფოდან: როგორ ებრძვიან ექიმები კორონავირუსს იტალიაში
კორონავირუსი


სულისშემძვრელი ვიდეომასალა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, “სქაი ნიუსმა” მოიპოვა. ის ხუთშაბათს, ქალაქ ბერგამოში, პაპი იოანე ოცდამესამის სახელობის საავადმყოფოშია გადაღებული.


ბერგამო ის პატარა იტალიური ქალაქია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შედეგად.


ვიდეო გვიჩვენებს ექიმებს და მედდებს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობენ, გაუმკლავდნენ კორონავირუსს და შეაფერხონ ეპიდემიის შემდგომი გავრცელება.



პარასკევამდე ბერგამოში უკვე 4645 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე იტალიურ ქალაქში.


საქმე იმაშია, რომ სწორედ ბერგამოში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც დიდი ალბათობით, ჩინეთიდან ჩასულმა მგზავრებმა ეპიდემია მთელ იტალიაში გაავრცელეს.


ჩინეთის ხელისუფლება თვეების მანძილზე მალავდა კორონავირუსის არსებობას, რითაც ხელი შეუწყო დაავადების სწრაფ და შეუფერხებელ გავრცელებას მთელ დედამიწაზე. ადვილია ირწმუნო, რომ ოფიციალური პეკინი მონაცემებს Covid-19-ის უპრეცედენტო ვირუსული ინფექციით დაავადებულების, გარდაცვლილების და გამოჯანმრთელებულების შესახებ კვლავაც ასაიდუმლოებს.


კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბერგამოში ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ხელისუფლება გარდაცვლილების დაკრძალვას ვერ აუდის. ცოტა ხნის წინ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ მიაცილებენ მიცვალებულთა გვამებს სამხედრო მანქანებით კრემატორიუმისკენ.


პაპი იოანე 23-ის სახელობის საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორმა რობერტო კოსენტინიმ “სქაი ნიუსს” განუცხადა: “ეს ფილტვების ძალიან მძიმე ანთებაა და ძალიან დიდი დატვირთვა ჯანმრთელობის ნებისმიერი სისტემისთვის, რადგან ჩვენ ყოველდღიურად 50-დან 60 პაციენტამდე ვხედავთ, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებით შემოყავთ. ფილტვების ანთება იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ჟანგბადის მარაგები აღარ გვყოფნის”.



კრემატორიუმიც ვეღარ ასწრებს გარდაცვლილების დაწვას. ბერგამოს კრემატორიუმი დღეში სულ 25 მიცვალებულზეა გათვლილი, ხოლო აქ მიცვალებულთა რაოდენობა უკვე გაცილებით უფრო მეტია.


ეკლესიების შენობებში საეკლესიო ღვთისმსახურება შეწყვეტილია, ამიტომ აქაურ თავისუფალ სივრცეს კუბოების განსათავსებლად იყენებენ. მიცვალებულთა დასასვენებლად იყენებენ ასევე პონტე სან პიეტროს საავადმყოფოს შენობის ნაწილს.


ბერგამოში უმკაცრესი კარანტინია გამოცხადებული. მოსახლეობა სახლებში იმყოფება და გარეთ გასვლას ვერ ახერხებს.


ხუთშაბათს სტეფანო ფაგიუოლიმ, რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს, მოსახლეობას მოუწოდა, შემოწირულობები გაიღონ ავადმყოფთა დასახმარებლად.


უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დაუდგინდა 276 528 ადამიანს, საიდანაც 11 418 გარდაიცვალა.

0
1205
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0