x
მესამე მსოფლიო ომი დაიწყო? – ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელიამედია-კავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:


ყველა კონტინენტი და ყველა დიდი სახელმწიფო გახურებულ ომშია ჩართული, ყველას გვებრძვის კორონავირუსი და ყველა ვებრძვით კორონავირუსს, მსოფლიო ომია, აბა რა არის?!
გასარკვევი ისაა მარტო, დგას თუ არა ვინმე კორონავირუსის უკან? კორონავირუსი ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიკროორგანიზმი თუ არის, რომელიც შეგნებულად გაუშვეს მთელ დედამიწაზე, მაშინ ნამდვილ მესამე მსოფლიო ომთან გვაქვს საქმე, ოღონდ ამ ცნების არა - კლასიკური გაგებით, არამედ ახალი გაგებით, როდესაც სახელმწიფოები, ან სახელმწიფოთა კოალიციები კი არ ეომებიან ერთმანეთს, არამედ ვიღაცა ეომება მთელ მსოფლიოს, კაცობრიობის მთელ დღევანდელ თაობას...

ვინ შეიძლება იყოს ის ვიღაცა, ვინც მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადა, ან შესაძლებელია თუ არა (თუნდაც, თეორიულად), არსებობდეს ასეთი ვინმე?
სამწუხაროდ, ასეთი რამ შესაძლებელია.

აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, დღეს უკვე არსებობს ყველა შანსი იმისა, რომ არსებული პათოგენების საფუძველზე სინთეტიკური ავადმყოფობების შექმნის გზაზე კაცობრიობამ კისერი წაიტეხოს და შედეგად მასობრივი თვითგანადგურება მიიღოს.
ბიოტექნოლოგია მიგვიყვანს იქამდე, რომ ბუნებაში გამოჩნდება უამრავი უკურნებელი სნეულება. მეცნიერები მსოფლიოს მოუწოდებენ, რომ ემზადოს ხელოვნური ვირუსების გაუთავებელი ეპიდემიებისა და პანდემიებისთვის, წერს "Daiy mail”.
ეს ყველაფერი არ არის.
მეცნიერების მიერ პენტაგონისთვის მომზადებულ სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია: ბიოტექნოლოგიური სტარტაპების განუხრელი ზრდა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არსებობს იარაღი-ურჩხულის გამოჩენის რეალური საშიშროება, რომელსაც შეეძლება ერთბაშდ მილიონობით სიცოცხლის მოსპობა. ისინი ვარაუდობენ, რომ სინთეტიკურ ბიოლოგიას შეუძლია ნულამდე დაიყვანოს მედიცინაში დღემდე არსებული ყველა მიღწევა. ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ ვირუსებისა და სუპერბაქტერიების მუტაციას, მათ გამძლეს გახდიან ნებისმიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ვაქცინებისა და პრეპარატების მიმართ.
საშინელებაა, მაგრამ არც ესაა ყველაფერი...


ყველაზე საშინელი რამ, რასაც პენტაგონისთვის მომზადებულ მოხსნებაში მეცნიერები ამბობენ, არის შემდეგი:
ბიოლოგიურ კვლევებში მსხვილი კერძო კორპორაციების მონაწილეობას მივყავართ ბიოტერორიზმის საშიშროებამდე, როდესაც იარაღად გამოყენებული იქნება არა ბომბები და ავტომატები, არამედ სინჯარაში მოთავსებული მასობრივი სიკვდილის მთესველი მიკროორგანიზმები.
ეს უკვე ნამდვილი აპოკალიფსია - ქვეყნიერებისა და კაცობრიობის აღსასრული.

სამწუხაროდ, ეს არ არის ვიღაცა ლიტერატორის მიერ საშინელებათა ფილმისთვის დაწერილი სცენარი, ესაა მეცნიერების მიერ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო ორგანიზაციისთვის - პენტაგონისთვის მიწოდებული პროგნოზი. ანუ, ეს რეალობაა, დღევანდელობაა. ჩვენ ამგვარ მსოფლიოში, ასე მოწყობილ პლანეტაზე ვცხოვრობთ და ეს უნდა გავაცნობიეროთ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა იგი.

დღევანდელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, ასტრონომიული თანხა (თითქმის ორი ტრილიონი დოლარი) იხარჯება სამხედრო შეიარაღებაზე. არა - შიმშილის ლიკვიდაციაზე, არა - ჯანმრთელობის დაცვაზე, არა - ხალხისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, არამედ, ადამიანთა მოსპობა-განადგურების საშუალებების შექმნაზე.
პარალელურად, ვიღაცა იმაზეც ფიქრობს, რომ გაამარტივოს და გააიაფოს მასობრივი მოსპობის იარაღები. რატომ უნდა შეჰქმნა ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, თუკი გაცილებით დიდ ეფექტს ლაბორატორიაში გამოყვანილი და სინჯარაში მომწყვდეული მიკროორგანიზმი მოგცემს, რომელიც შეუდარებლად იაფი ჯდება და, რომელსაც ერთხელ თუ გაუშვებ ხალხში, მერე შენი არაფერი სჭირდება, ადამიანები თვითონ გაავრცელებენ მთელ მსოფლიოში.

ამ შემთხვევაში არც ტერორისტის ცნება უნდა გავიგოთ კლასიკური გაგებით, თავზეხელაღებულ შეიარაღებულ ტიპად რომ წარმოგვიდგენია ხშირად. ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ტერორისტის ცნების ქვეშ შესაძლებელია მთელი სახელმწიფო მოიაზრებოდეს - უზარმაზარი არმიითა და კოლოსალური სამხედრო არსენალით...

ვიღაცა, ალბათ, გულუბრყვილოდ იკითხავს, ამის ჩამდენი ხომ თვითონაც გახდება საკუთარი ბოროტების მსხვერპლიო. არა, რა თქმა უნდა. დედამიწაზე არსებული როგორც ყველა სხვა იარაღი, ესეც მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მათ იციან სანანდე უნდა მიუშვან იგი, რამდენი უნდა დაიხოცოს, რამდენი უნდა გადარჩეს და ა.შ.

მათ ხელში ხალხი (პლანეტის მთელი მოსახლეობა) იმ საცდელი წრუწუნების როლში ვართ, რომლებსაც გალიის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე სირბილის მეტი არაფერი შეუძლიათ...

ვალერი კვარაცხელია
14 მარტი, 2020 წ.

0
517
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0