x
მასების ფსიქოლოგია
image

ტერმინი "მასა" დღესდღეობით საკმაოდ ხშირად გამოიყენება და, ხშირად, პოზიტიურ მნიშვნელობას ნამდვილად არ ატარებს. იგი საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ბრბო, გაერთიანება ადამიანებისა, რომლებსაც დაკარგული აქვთ ინდივიდუალიზმი და რაციონალურად არ აზროვნებენ. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გარკვეულ მომენტში მოექცეს გარშემომყოფთა ზეგავლენის ქვეშ და მასის ნაწილადაც იქცეს. მეტიც, ადამიანი ასე შეიძლება ბევრად უფრო კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს თავს, ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებდეს საკუთარ ქმედებებზე და ა.შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველას სწორად ესმოდეს მასის არსი.



ზიგმუნდ ფროიდი, როგორც ერთ-ერთი უცნობილესი ფსიქოანალიტიკოსი, მასას აღიქვამდა, როგორც ჰეტეროგენული ელემენტების დროებით გაერთიანებას. ეს ნიშნავს სხვადასხვაგვარი ადამიანების კავშირს, რომელიც საკმაოდ მყიფეა და, ხშირად, რაიმე კონკრეტულ, სიტუაციურ მიზანს ემსახურება და მის გარშემოა გაერთიანებული. ფროიდი, გუსტავ ლე ბონის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მასის ელემენტს აქვს ძალაუფლების განცდა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოიქცეს იმპულსურად და ჩაიდინოს ის, რის ჩადენასაც ვერ გაბედავდა, როგორც ცალკეული ინდივიდი. მასაში ყოფნა ინდივიდს დაცულობის შეგრძნებას უღვივებს, თუმცა ხშირად იკარგება ცნობიერი პიროვნულობის განცდა. ცხადია, ძალა მხოლოდ რაოდენობაში არ მდგომარეობს, თუმცა გარკვეული ტიპის დაცვას ნამდვილად წარმოადგენს ანალოგიური მიზნის მქონე მრავალი ინდივიდი.



მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ მასა და ბრბო ერთი და იგივე არ არის და მასა ზოგჯერ შეიძლება ადამიანთა მკაფიოდ სტრუქტურირებულ, იერარქიზირებულ და სუბორდინირებულ ერთობას წარმოადგენდეს. მაგალითად ფროიდი გამოარჩევს ორი ტიპის მასებს. პირველი ხანმოკლეა და დროებითი საერთო ინტერესით გამოწვეულ გაერთიანებას წარმოადგენს, როგორც აღვწერეთ ზემოთ, ხოლო მეორე უფრო ხანგრძლივი და კარგად ორგანიზებულია, ასეთ მასებს წარმოადგენს ეკლესია ან ჯარი.




საინტერესოა, რომ მიუხედავად ზოგადი განსხვავებებისა, ფროიდის აზრით, ორივე სახის მასებში მსგავსი მენტალური პროცესები მოქმედებს.




ფროიდს მასის კავშირებიც ინსტინქტის თეორიაზე დაჰყავს და თითოეულ ინდივიდს მიაწერს სიყვარულის იმპულსებს, რომლებიც ობიექტს მოკლებულია.



ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იდენტიფიკაციას, ხშირად არაცნობიერ დონეზე განცდილ მსგავსებას მასის დანარჩენ ინდივიდებთან, რომელსაც ადგენს ეგო. ფსიქოანალიზში მასის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა ასევე საერთო იდეალი, რომლებიც ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან იდენტიფიკაციას უმარტივებს და რომლისკენაც მასის თითოეული წევრი მიისწრაფვის.

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0