x
კონსულტირება - ანუ ფსიქოლოგია ბიზნესში
image

კონსულტანტები არიან ადამიანები, რომლებიც გვთავაზობენ პროფესიონალურ რჩევას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ისინი ფასდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ შედეგს მოუტანენ კლიენტს ან რამდენად ზუსტი, აკურატული შეხედულებები ექნებათ.

ბიზნეს ფსიქოლოგები, რომლებიც ხშირად სწორედ კონსულტანტებად გვევლინებიან, მუშაობენ ან უშუალოდ კონკრეტული ორგანიზაციის შიგნით, ან არიან დაქირავებულნი მის გარეთ. ისინი იყენებენ ფსიქოლოგთა ექსპერტულ ცოდნას ორგანიზაციულ გარემოში. მათი ცოდნა არ შემოიფარგლება მხოლოდ რჩევებითა და ინტერვენციით. ისინი გვთავაზობენ ერთგვარ ანალიზს იმისა, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ კლიენტებს და რა ფსიქოლოგიური ასპექტები შეიძლება „დავიჭიროთ“ კონსულტანტისა და კლიენტის ურთიერთობაში, სწორად აღიქვამენ თითოეული მხარის სხვადასხვა მოლოდინს და მათ ეფექტურ მენეჯმენტს.


როდესაც ვსაუბრობთ ბიზნეს ფსიქოლოგებზე, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ მათი „კლიენტების“ დეფინიცია. კლიენტი განიხილება ორ დონეზე: პირველ რიგში, კლიენტი არის ადამიანი, რომელიც ბიზნეს ფსიქოლოგს „უშვებს“ ორგანიზაციაში და წარმოადგენს მის ერთგვარ სპონსორს, მეორე მხრივ კი, კლიენტი აგრეთვე არის ორგანიზაცია, რომელიც სპონსორს აძლევს ოპერირების საშუალებას გარკვეულ დეპარტამენტში ან მთლიანად კომპანიაში.


მთავარი, რასაც სპონსორები ეძებენ, არის კონსულტანტი, რომელიც შეძლებს დავალების წარმატებულად შესრულებას და გაზრდის როგორც სპონსორის, ასევე საკუთარ რეპუტაციას. წარმატების საზომი კონსულტანტისთვის არის ყოველი მომდევნო დავალება, უფრო და უფრო რთულ და პროფესიონალურად გამომწვევ კონტექსტში.



ექსპერტები გამოყოფენ წარმატებულ კონსულტანტთა სამ ძირითად თვისებას, რომლებსაც ისინი ყურადღებას აქცევენ ხოლმე მათი დასაქმებისას. ესენია:

შესაძლებლობა - კონსულტანტი უნდა იყოს საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებს;

კონტაქტი - კონსულტანტის მიერ პიროვნული კავშირების დამყარებისა და მისაღები და შთამაგონებელი მუშაობის შესაძლებლობა დამქირავებელთან და, ზოგადად, ორგანიზაციასთან;

და თავდაჯერება - კონსულტანტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დადებს იმ შედეგს, რომლის პირობაც დამქირავებელს მისცა.

(3 ‘C’s – capability, chemistry, confidence)


განვიხილოთ ეს სამი ასპექტი ცალ-ცალკე.

სპონსორები კონსულტანტების დასაქმებისას ყურადრებას აქცევენ როგორც მათ პროფესიონალურ, ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე მათ რეკომენდაციებსა და გამოცდილებას სხვა სპონსორებთან მუშაობისა.

კონსულტანტებს სრულად უნდა ესმოდეთ თუ რა ორგანიზაციასთან მუშაობდნენ; რა კონკრეტული გამოწვევები ჰქონდათ თანამშრომლობის პერიოდში; რა გადაწყვეტილებები მიუღიათ და, რაც მთავარია, როგორი შედეგი მოჰყვა მათ ინტერვენციებს.


სპონსორი აფასებს ბიზნეს ფსიქოლოგის როგორც ექსპერტულ, ასევე კონსულტირების შესაძლებლობებს. ნებისმიერი პროფესიონალი ბიზნეს ფსიქოლოგი მუშაობას უნდა იწყებდეს გაგებით, სვამდეს სწორ შეკითხვებს და ესმოდეს როგორც ბიზნესის პრობლემები, ასევე ორგანიზაციული კონტექსტი.

მეორე მნიშვნელოვანი უნარი კონსულტანტისთვის არის სპონსორის გამოწვევა. სპონსორებს არ სჭირდებათ კონსულტანტისაგან გაიგონ ის, რაც უკვე იციან ან ის, რისი გაგებაც შეიძლება უნდოდეთ. საუკეთესო კონსულტანტები იძლევიან ახალ ინფორმაციას (თუნდაც მისი გაგება დამსაქმებლებს არ უნდოდეთ) და სახავენ უფრო ეფექტური ორგანიზაციის შექმნის რეალისტურ, პრაქტიკულ მიზნებს. კონსულტანტები პოულობენ სპონსორთა ამჟამინდელ პრობლემებს და მათ განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში ეხმარებიან.

შესაძლებლობის ფინალური ელემენტი, რომელსაც საუკეთესო კონსულტანტებში ეძებენ, არის ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისა და გამოსავლის პოვნის/შეთავაზების უნარი. ბიზნეს ფსიქოლოგები სპონსორებს უნდა სთავაზობდნენ ინოვაციურ ჰიპოთეზებს, მოდელებს, ტექნიკებსა და რჩევებს პოტენციურ გამოსავალთან მიმართებაში. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის.


კონსულტანტის ერთ-ერთი „ნიჭი“ ასევე უნდა იყოს ის, თუ რამდენად შეუძლია მას დაამყაროს ურთიერთობა სპონსორთან, რათა იგი მეორედ მოიწვიონ იმავე კომპანიაში. მუშაობის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო როგორც სპონსორისთვის, ასევე კლიენტისათვის, რაც - თავის მხრივ - კონსულტანტის მიღწევებზე აუცილებლად აისახება.


ბიზნეს ფსიქოლოგს უნდა შეეძლოს იკითხოს სხვა ადამიანები, მათი ინტერესები და საჭიროებები, ხოლო ორგანიზაციულ დონეზე, ისინი ფაქტობრივად უნდა განაგებდნენ ორგანიზაციულ პოლიტიკას. ეს შესაძლებლობა, თავის მხრივ, სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: კონსულტანტს უნდა შეეძლოს ორგანიზაციის, მისი რეპუტაციის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და დინამიკის შესახებ საკუთარი დაკვირვებების ღიად აღნიშვნა; ისინი საკუთარ იდეებსა და მათი წარმატების ალბათობას უნდა განიხილავდნენ რეალისტურად და თავიანთი მეთოდები მაქსიმალურად კარგად უნდა „მოარგონ“ კონკრეტულ, ინდივიდუალურ ორგანიზაციასა და სიტუაციას.

ბოლო კომპონენტი (გარდა შესაძლებლობისა და კონტაქტისა), რომელიც კონსულტანტს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს, არის თავდაჯერება. სპონსორს კონსულტანტის მიმართ უნდა ჰქონდეს რწმენა, ნდობა და პატივისცემა. ამ ყველაფერს განაპირობებს ისეთი „მცირედი“ ჟესტები, როგორებიცაა პასუხისმგებლობა დედლაინების მიმართ, სატელეფონო ზარებზე პასუხი და ზუსტი ინვოისების შედგენა.


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0