x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ფონი, ფონემა, ალოფონი


ფონოლოგია (ბერძნ.phone “ბგერა’’ logos “მოძღვრება’’) ახალი ლინგვისტური მეცნიერებაა, რომელიც ჩვენი საუკუნის 20-30-იან წლებში ჩამოყალიბდა.ენის ფონოლოგიურად შესწავლისას მრავალი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ.[1]ამ ახალ მეცნიერებას ერთი ფუნქცია დაედო საფუძვლად.დაუნაწევრებელი ბგერების ფონემებად გარდაქმნა განპირობებულია აზროვნების დანაწევრების მოთხოვნილებით, ამგვარად, აზროვნება ბგერებს ანაწევრებს. იმის გამო, რომ ფონემის საკითხი შეუძლებელია განვიხილოთ კონცეპტუალურ აზროვნებასთან კავშირის გარეშე, ამიტომაც ფონოლოგიაში ძირითადი გახდა ბგერის ის ფუნქცია, რომელსაც დისტინქციური (განმასხვავებელი) ფუნქცია ეწოდება და რომლის მიხედვითაც ფონემა აზრთა განმასხვავებელი ელემენტია.

ისევე როგორც ფონეტიკა, ფონოლოგიაც იკვლევს ბგერებს, თუმცა სრულიად სხვა თვალსაზრისით.ეს განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ ფონეტიკა ბგერის არტიკულატორულ და აკუსტიკურ მახასიათებლებს იკვლევს, ხოლო ფონოლოგიას ბგერები აინტერესებს ფუნქციონალური თვალსაზრისით, კერძოდ, მოცემულ ენებში სიტყვათა მნიშვნელობების განმასხვავებლად რომელი ბგერები გვევლინებიან.ორი ბგერა შესაძლებელია ერთ ენაში განასხვავებდეს სიტყვათა მნიშვნელობებს, მაგრამ მეორე ენაში- არა.ერთი და იგივე ბგერითი წყვილი ერთ ენაში შეაძლოა ქმნიდეს სიტყვათგანმასხვავებელ ოპოზიციას, ხოლო მეორე ენაში ვერა.ამისდა მიხედვით, გვაქვს ორგვარი ოპოზიცია : ფონოლოგიური და არაფონოლოგიური.ფონოლოგიური ოპოზიცია მოცემულ ენაში ერთმანეთისაგან სიტყვებს განასხვავებს, ხოლო ისეთ ოპოზიციას, რომელიც მოცემულ ენაში სიტყვებს არ განასხვავებს, არაფონოლოგიური ოპოზიცია ეწოდება.მაგალითად, სიტყვაში “ჯვარი’’ ჯ ბგერის გ ბგერით ჩანაცვლებისას მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვას “გვარი’’.აქედან გამომდინარე, ჯ-გ ბგერათა წყვილი ქართულ ენაში ქმნის ფონოლოგიურ ოპოზიციას ანუ ეს წყვილი ასხვავებს სიტყვათა მნიშვნელობებს ერმანეთისგან.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი და იგივე ბგერითი წყვილი შესაძლებელია ერთ ენაში ფონოლოგიურ ოპოზიციას ქმნიდეს, ხოლო მეორე ენაში არაფონოლოგიურს..განვიხილოთ იგივე ჯ-გ ბგერითი წყვილი ამჯერად ყაბარდოულში.თუ ქართულში ეს წყვილი სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებას იწვევდა, ყაბარდოულში ის არაფონოლოგიურ ოპოზიციას ქმნის .

ამრიგად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს როგორც ფონოლოგიური, ისე არაფონოლოგიური ოპოზიციები.ფონემა ამიტომაც წარმოადგენს სიტყვათგანმასხვავებელ ერთეულს.შესაბამისად ფონემა განისაზღვრება როგორც ფონოლოგიური ერთეული, რომელიც მოცემულ ენაში აღარ დაიშლება დროში ერთმანეთის მომდევნო უფრო მცირე ფონოლოგიურ ერთეულებად.ფონემა ენის ბგერითი მხარის ის ელემენტია, რომელსაც ვიყენებთ ერთი გამონათქვამის მეორესაგან განსასხვავებლად.თითოეული სიტყვა შეიძლება ფონემათა მიმდევრობის სახით წარმოვადგინოთ.ენობრივ სისტემაში ყოველი სიტყვა სტრუქტურული მთლიანობაა, სტრუქტურის იდენტიფიკაცია კი გულისხმობს სხვა სტრუქტურებისაგან რაღაც ნიშნებით მათ განსხვავებასაც.გამოხატულების პლანში სიტყვებს სწორედ ფონემები განასხვავებს, ამასთან თითოეული სიტყვა უნდა შეიცავდეს იმდენ ფონემას და ისეთი თანმიმდევრობით, რომ შევძლოთ სხვა სიტყვისაგან მისი განსხვავება.იმის გამო, რომ ფონემა აუცილებლად ფონოლოგიური ოპოზიციის წევრია, იგი ხასიათდება მოცემული ბგერის მხოლოდ ფონოლოგიურად ღირებული ანუ რელევანტური ნიშნებით.მაშასადამე, ფონემა არის კონკრეტული ბგერის ფონოლოგიურ რელევანტურ ნიშანთა ერთობლიობა.მეტყველების ნაკადში ბგერათა მიმდევრობის სახით წარმოდგენილია ფონემათა გარკვეული მიმდევრობა.


ყოველ ფონემას რამდენიმე ფონეტიკური სახესხვაობა აქვს, რომლებითაც იგი წარმოთქმაში ვლინდება, ერთი მათგანი კი მისი ძირითადი სახესხვაობაა.მაგალითად, გ ფონემას ქართულში მრავალი ფონეტიკური სახესხვაობა აქვს, ძირითადი სახესხვაობის შემთხვევაში კი ის ვლინდება ყოველი მჟღერი ბგერის წინ(ყველა ხმოვანიც იგულისხმება );მაგ:გვიწერია, გნებავს, გდია და ა.შ;გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ფონემის ყოველი სახესხვაობა ვლინდება მხოლოდ გარკვეულ პოზიციაში, ამიტომააა, რომ ფონემის ერთ რომელიმე სახესხვაობას (მაგ:გ ფონემის ფშვინიერ სახესხვაობას- ქ-ს) არ შეუძლია მოხვდეს სხვა სახესხვაობის(მაგ: კ-სთვის შესაფერ) პოზიციაში.წარმოითქმის არა ქტეხს, არამედ კტეხს, რადგანაც ტ-ს წინ კ-ს შესაფერი პოზიციაა და არა ქ-სი.’’


როგორც უკვე აღვნიშნეთ ფონემა რეალიზდება ბგერებით ფაკულტატური ან პოზიციური ალოფონებით, რომელთა რაოდენობა უსასრულოა.სწორედ ამიტომაც, ენათმეცნიერებაში საჭირო გახდა იმის გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა მივაკუთვნოთ ესა თუ ის ბგერითი ვარიანტი.ამ საკითხის გადასაჭრელად შემუშავდა ფონოლოგიური ანალიზის წესები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავადგინოთ, ესა თუ ის ბგერა რომელი ფონემის ალოფონია.ეს წესები დისტრიბუციულ მიმართებებს ემყარება და შესაძლოა იყოს სამი სახის.ესენია:თავისუფალი ვარიირება(ეკვივალენტური დისტრიბუცია), კონტრასტული დისტრიბუცია, დამატებითი დისტრიბუცია.სანამ უშუალოდ წესებს ჩამოვაყალიბებდეთ, განვიხილოთ დისტრიბუციული მიმართებები, რათა უკეთ გავიგოთ ფონოლოგოიური ანალიზის წესების არსი.თუ მოცემულია, პირობითად x და y ელემენტი, ეკვივალენტური დისტრიბუციის შემთხვევაში ამ ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო ექნება.სქემატურად გამოიხატება შემდეგნაირად: “მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძნ. Phone “ბგერა’’ )ვუწოდოთ.ყველა იმ ფონს, რომელთა სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები.(ბერძნ. Allos “სხვა’’) ანუ ვარიანტები.’’რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს, ამიტომ შემოიტანეს ალოფონის ცნება.ალოფონები ორგვარია:პოზიციურად შეუპირობებელი ანუ ფაკულტატური და პოზოციურად შეპირობებული.ისევე როგორც ხელნაწერში ერთი და იმავე ასოს ორჯერ აბსოლუტური სიზუსტით გამეორება შეუძლებელია, ასევე ერთი ბგერის ორჯერ ზუსტად გამეორებაც ვერ ხერხდება.ასეთ ალოფონებს პოზიციურად შეუპირობებელი ალოფონები ეწოდებათ.მაგრამ შესაძლებელია ალოფონები პოზიციურად იყოს განპირობებული.მაგალითად, რუსულში მაგარი თანხმოვნების შემდეგ გვხვდება მაგარი ы (შესაბამისად, ამ ხმოვანზე რუსულში სიტყვა არ იწყება), ხოლო ყველა სხვა პოზიციაში - რბილი и .მეორე მხრივ, თუ მაგარი ხმოვნის მომდევნო პოზიციაში გვხვდება и, ის ავტომატურად გარდაიქმნება ы-დ.(შდრ.история > предыстория ).დამატებითი დისტრიბუციის შემთხვევაში x-სა და y-ს არ აქვთ არც ერთი საერთო პოზიცია.

კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებისას გამოიყოფა ორი შემთხვევა:a) x შესაძლებელია გვხვდებოდეს ყველა იმ პოზიციაში, სადაც გვხვდება y, მაგრამ y-ს ჰქონდეს ისეთი პოზიციებიც, სადაც არ იქნება x ელემენტი. და b) შესაძლებელია x-სა და y-ს ჰქონდეთ თავისი სპეციალური პოზიციები, მაგრამ მათ შეიძლება აღმოაჩნდეთ საერთო პოზიციებიც.


წესი 1 . თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარიირების მიმართებაშია, ე.ი. თუ ამ ორი ბგერის ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებას, მაშინ ეს ორი ბგერა განიხილება როგორც ერთი ფონემის ალოფონები
.მაგალითად, ჩინურში r და l ბგერები ისე ენაცვლება ერთთმანეთს სიტყვებში, რომ სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, ამიტომ ისინი ერთი ფონემის ალოფონებს წარმოადგენენ.

წესი 2 . თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი ურთიერთჩანაცვლება იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებას, მაშინ ასეთი ორი ბგერა განიხილება როგორც ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონები.მაგალითად, ამ წესის მიხედვით ჯ-გ წყვილი ქართულში ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია, რადგანაც მათი ურთიერთჩანაცვლებისას სიტყვის მნიშვნელობა იცვლება.მაგ: “ჯერი-გერი“, აგრეთვე ამ წესს ექვემდებარება ქართულში რ და ლ ბგერებიც, “ქალი-ქარი“, როგორც ვნახეთ სიტყვამ სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო.ზოგადად, ფონემების გამოყოფა მეორე წესს ექვემდებარება.ამის მიხედვითაა სწორედ ქართულში 33 ფონემა გამოყოფილი.ვთქვათ, სიტყვაში “ცალი“ ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ა-ს მაგივრად დანარჩენი ხმოვნებიც და ამით დავამტკიცებთ, რომ ქართულის ყველა ხმოვანი ფონემას წარმოადგენს, (ცალი-ცელი-ცილი-ცული-ცოლი).ფონემების გამოყოფა მინიმალური წყვილების საფუძველზე ხდება.მინიმალური წყვილის შემთხვევაში კი სიტყვები ერთი ბგერით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ასეთია ჯვარი-გვარი, ცელი-ცოლი და სხვა.მხოლოდ მინიმალურ წყვილში ჩანს ის, რომ მოცემული ორი ბგერა კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია ერთმანეთთან და რომ მათი ურთიერთჩანაცვლება იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლილებას.

წესი 3 . თუ ფონეტიკურად ერთმანეთის მსგავსი ორი ბგერა დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში იმყოფება, მაშინ ისინი წარმოადგენენ ერთი და იმავე ფონემის პოზიციურ ალოფონებს.როგორც ვნახეთ, რუსულში ы და и ბგერები ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია, რადგან ы გვხვდება თანხმოვნების მომდევნო პოზიციაში, и - თი მისი ჩანაცვლება კი შეუძლებელია, ამასთან, ეს ბგერები ფონეტიკურად მსგავსია.განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ы მაგარია, и -რბილი, სხვა ნიშნები მათ საერთო აქვთ, ამიტომაცაა, რომ ისინი რუსულში განიხილებიან, როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.

რაც შეეხება ფონებს. ფონების დაჯგუფების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ფონეტიკური მსგავსების პრინციპის დაცვაა.ამის გამო უნდა მოხდეს სავარაუდო ფონების გამოყოფა, ე.ი ბგერათა წინასწარი გაერთიანება ფონეტიკური მსგავსების საფუძველზე.მოცემული ბგერა რაღაც თვისებით შეიძლება ერთ ბგერას ჰგავდეს, სხვა თვისებით-მეორეს, ამიტომ ერთი და იგივე ფონი ზპგჯერ სხვადასხვა დაჯგუფებაში აღმოჩნდება.მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კრიტერიუმი არ არსებობს სავარაუდო ფონების დადგენისა, მაინც შეიძლება გარკვეული ჯგუფების გამოყოფა.ქვემოთ ნაწილობრივ წარმოდგენილია ის ბგერათა წყვილები, რომელთა მიხედვით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, თუ რა ტიპის მსგავსება შეიძლება არსებობდეს სავარაუდო ფონებს შორის:

მჟღერი და შესაბამისი ყრუ თანხმოვანი;

ხშული და შესაბამისი ნაპრალოვანი;

დენტალური ხშული და ლატერალი;

ხმოვნები და მსგავსი წარმოების ადგილის მქონე ნახევარხმოვნები; და სხვა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ენის ფონოლოგიურად შესწავლისას აუცილებელია მთელი რიგი საკითხების გათვალისწინება.ენის მფლობელმა იცის თავისი ენის ფონემური ერთეულები, რადგან მისი, როგორც მოლაპარაკისა და მსმენელის, ქცევა შეესაბამება ენის ფონოლოგიურ სისტემას, თუმცა ენის ფონემური სისტემის აღსაწერად მხოლოდ ენის მცოდნის პასუხები არ არის საკმარისი, ამისათვის აუცილებელია ფონემური ანალიზის სპეციალური ტექნიკის შემუშავება.


0
664
შეფასება არ არის
ავტორი:დაიანა დიასამიძე
დაიანა დიასამიძე
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0