x
ემოციების აღქმის თავისებურებები ქცევითი აშლილობის დროს
image
შფოთვითი და ქცევითი აშლილობები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელზეც აუცილებელია მეცნიერული თვალსაზრისით კვლევების განხორციელება, რათა უკეთესად გახდეს შესაძლებელი პრობლემის მართვა.

მეცნიერებმა დაადგინეს მნიშვნელოვანი კომორბიდობა შფოთვით და ქცევით აშლილობებს შორის. შფოთვითი აშლილობები მოიცავს აშლილობებს, რომელთაც აერთიანებთ შიშის, ცუდი წინათგრძნობისა და შფოთვის ემოციური მდგომარეობები. ხოლო ქცევითი აშლილობა გულისხმობს მყარ ქცევით პატერნს ბავშვებსა და მოზარდებში, რომლის შედეგადაც ირღვერვა სხვისი უფლებები და სოციალური ნორმები. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ ორ აშლილობას აერთიანებს ინფორმაციის ემოციური გადამუშავებისადმი მიდრეკილებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის საერთოა გზა, რომლითაც ხდება სახის გამომეტყველებისა და ემოციურად დატვირთული სხვა ინფორმაციის გადამუშავება.

კოგნიტური თეორიის მიხედვით, შფოთვითი აშლილობის ეტიოლოგიასა და შენარჩუნებაში მნიშვნელოანი როლი აქვს მუქარის გამომხატველი ინფორმაციის, როგორიცაა შიში და ბრაზი, გადამუშავებას. ამ თეორიას ამყარებს კვლევებში გამოვლენილი შერჩევითი ყურადღებაც. იმისთვის, რომ შეეფასებინათ სელექციური ყურადღება ემოციური ინფორმაციის მიმართ ქცევითი აშლილობის დროს 2016 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა, გამოეკვლიათ ახდენს თუ არა კომორბიდობა გავლენას საფრთხის შემცველი ინფორმაციის გადამუშავების პოცესზე ცნობიერების სხვადასხვა დონეზე. მონაწილეთა 4 ჯგუფს წარედგინა ემოციური და ნეიტრალური სახის გამომეტყველების აღმნიშვნელი ვიზუალური სტიმულაცია. ექსპლიციტურ დონეზე სტიმულის მიწოდება ხდებოდა 500 წამის განმავლობაში, ხოლო იმპლიციტურ დონეზე 17 წამის შემდეგ სტიმულს შესანიღბად მოსდევდა კონტრასტული ვიზუალური სტიმული. კვლევაში გაზომეს ყურადღების მიკერძოებულობა და დაძაბულობა გაბრაზებული, შეშინებული და ბედნიერი სახეების მიმართ მოზარდებში, რომელთა ერთ ჯგუფს აღენიშნებოდა მხოლოდ ქცევითი აშლილობა, მეორეს- მხოლოდ შფოთვითი აშლილობა, მესამე კომორბიდული იყო, ხოლო მეოთხე- საკონტროლო ჯგუფი.

შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ არაცნობიერ დონეზე შენიღბული სახეების აღმოჩენის უნარზე გავლენას არ ახდენდა ემოციის ტიპი და აშლილობის სტატუსი. ეს ფატორები მნიშვნელოვნად არ ურთიერთქმედებენ. თუმცა, ცალკეული აშლილობის მქონე ადამიანები ამჟღავნებდნენ თავის არიდების პატერნს ემოციური სახეების მიმართ, მაშინ როცა ეს არ ვლინდებოდა საკონტროლო ჯგუფის შემთხვევაში.


ამ ექსპერიმენტმა გამოავლინა თავისებურება, რომლითაც შფოთვითი და ქცევითი აშლილობების მქონე ადამიანები რეაგირებენ ემოციის გამომხატველ სტიმულებზე, შესაბამისად შესაძლებელია სწორედ ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს მათ მიერ სიტუაციების სპეციფიკურ ინტერპრეტაციას და მათზე განსხვავებულ რეაგირებას.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
75