x
თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები


თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები

თეატრი


თეატრი, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, მის ისტორიასა და კულტურასთან. თეატრის მნიშვნელობა და გავლენა საკ

მაოდ დიდია, პირველ რიგში, ის ხელს უწყობს ადამიანის განათლების დონის ამაღლებას, ასევე აყალიბებს გემოვნებას, ცნობიერებას, ადამიანს ანვითარებს და თალსაწიერს უფართოვებს, როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით და რაც მთავარია ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანის როგორც, პიროვნების ჩამოყალიბებას. თეატრის წარმატებას თუ წარუმატებლობას, მისი ამა თუ იმ ფორმის, ტენდენციის, იდეის განვითარებას, თანამედროვეობასთან კავშირს განაპირობებს საზოგადოების მოთხოვნები. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ქართულმა თეატრმა მაყურებელი დაკარგა, რომ ქართველი საზოგადოება თეატრის მიმართ გულგრილადაა განწყობილი და სპექტაკლებზე მაყურებელთა სიმცირე შეინიშნება, მსახიობთა რაოდენობა დაბალი ანაზღაურების გამო მცირდება. საინტერესოა, რა ფაქტორებმა გააჩინეს საზოგადოებაში ეს აზრი და რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი თეატრი?

კლასიკურ ეპოქად დღეს ძვ.წ V-IV საუკუნეებს მიიჩნევენ. სწორედ ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა დიდი და მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ პოეტური ფორმები, როგორც სრულყოფილი სისტემები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბერძნული დრამა. შემდგომში სწორედ დრამამ შვა იმ სპეციალური ნაგებობების აშენების საჭიროება, რომელთაც თეატრი ეწოდა. თეატრი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და წარმოდგება სიტყვისგან “ვუყურებ“. ის პირველად სწორედ საბერძნეთში აღმოცენდა ძვ.წ. VI საუკუნეში. აქვე შეიქმნა თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, პირველი დრამატული ჟანრები - ტრაგედია და კომედია, წერილობითად ფიქსირებული პიესები. ამ საუკუნიდან არიან ცნობილნი პირველი დრამატურგები და, რაც მთავარია, ამ დროს მიეცა დასაბამი პირველი თეატრალური ფესტივალების მოწყობას. დღემდე კამათს იწვევს თეატრისა და მასში წარმოსადგენად განკუთვნილი დრამების “დაბადების“ საკითხი. მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება არისტოტელეს, რომელიც თეატრის წარმოშობას დიონისეს კულტს უკავშირებს. საინტერესოა დიონისეს დაბადების მითი, იგი ზევსს მოკვდავი სემელესაგან უშვია, ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან, რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი ლმობიერია. ღმერთმა, რომლის არსი ორგანულად ითავსებდა მწუხარებასა და მხიარულებას, სხვადასხვა რიტუალს მისცა იმპულსი. მათ შორის გამოირჩეოდა ორი: მოკვდავნი დიონისეს ტანჯვის ამბებს ჰყვებოდნენ და მათ ღმერთის მიერ გადატანილ განსაცდელთა დასატირებელი დითირიმბებით ეხმიანებოდნენ, აქედან უნდა წარმოშობილიყო ტრაგედია, ხოლო ღვინით შეზარხოშებული სამხიარულო პროცესიიდან, რომელიც უხამსობითა და თავაშვებულობით გამოირჩეოდა უნდა წარმოქმინილიყო კომედია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.

დღესაც გაოცებას იწვევს ბერძნული თეატრის არქიტექტონიკა და მისი უნიკალური აკუსტიკური შესაძლებლობანი. ბერძნებმა შექმნეს როგორც სტაციონალური, ისე მოძრავი თეატრები.

რაც შეეხება ქართულ თეატრს, მისი ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია - ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან ("ამირანი", "აბესალომ და ეთერი", "ავთანდილი" და "თავფარავნელი ჭაბუკი"). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები.

ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. IIIII სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათითა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30- იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა - "ბერიკაობა", მოგვიანებით - "ყეენობა".[1]

შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა - ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით.

XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან, გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საერო თეატრი, სადაც ორიგინალურთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესებიც იდგმებოდა.

XIX საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა რეალისტური სამსახიობო სკოლის წარმომადგენელთა თვალსაჩინო პლეადა. XX სუკუნის დასაწყისში კი ასპარეზზე გამოვიდნენ პროფესიონალი რეჟისორები. 1921 წლის 25 ნოემბერს თბილისის ქართულ თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.[2]

დღესდღეობით, საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა.

თანამედროვე ქართულ თეატრში მრავალი პრობლემა გამოიკვეთება. მათგან თვალშისაცემია, რომ რეპერტუარში გვხვდება ერთი და იგივე პიესა მრავალგზის გადაღეჭილი, აპრობირებული და ამოწურულიც კი. ხშირია შემთხვევა, როცა რეჟისორები სხვადასხვა თეატრში მის მიერ უკვე მრავალჯერ დადგმული პიესას დგამენ. ამ ტენდენციამ უკვე საშიში სახეც მიიღო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რეჟისორთა „ხალტურასთან“, რაც ხელს უშლის შემოქმედებით პროცესს, ავიწროებს არა მხოლოდ რეჟისორის აზროვნების და ფანტაზიის არეალს, არამედ მსახიობთა შემოქმედებით განვითარებასა და ზრდას.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც რეჟისორები უკვე მრავალჯერ დადგმულ პიესებს იმეორებენ, რადგანაც ახალი ძალიან იშვიათად იქმნება, ხოლო რაც იქმნება, მაყურებლის აპათიისა და გულგრილი დამოკიდებულების გამო, ძალიან მალე, დასაწყისშივე ქრება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია საფრთხის შემცველი გახდა განსაკუთრებით, რეგიონული თეატრებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონულ თეატრებში მწირი ფინანსები, ტექნიკური გაუმართაობა და დასის დაბერებაა. მაგალითად, გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს მწირი დაფინანსება აქვს და ის თანხა, რომელიც თეატრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხება, მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება. ამის გამო წლებია არ განახლებულა ფონოგრამების არქივი, რის გამოც მან ხარისხი დაკარგა.

ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემებიდან ყველაზე მწვავედ სწორედ უმაღლესი სახელოვნებო განათლების პრობლემა დგას. ახალი საგანმანათლებლო სისტემა ვერაფრით მოერგო სპეციფიკური პროფესიის საგანმანათლებლო ბადეს. საგანმანათლებლო რეფორმის გატარების დროს ბევრი პროფესიონალი პედაგოგ-ოსტატი დარჩა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის გარეთ და მათი ადგილები ისეთმა პედაგოგებმა დაიკავეს, რომლებსაც არც პედაგოგიური გამოცდილება აქვთ და არც კარგ, თუნდაც ნორმალურ პრაქტიკოს მსახიობ-რეჟისორად იცნობს, თუნდაც მხოლოდ თეატრალური საზოგადოება მათ. ამ პრობლემებს დაემატა უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მეთოდოლოგიის, დისციპლინათა კომპლექტის სრული რყევა და მოშლა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო.

ფაქტია, რომ მთავარი სტუდენტური პოტენციალის სარეალიზაციო სივრცე - დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზი წლების განმავლობაში რემონტდებოდა და იყო შემთხვევები, როცა გამოსაშვებ სპექტაკლებს მაყურებელი არ ესწრებოდა.

რაც შეეხება რეგიონებს, ბუნებრივია შემოქმედებითი პროცესის მდგრადობა განპირობებულია სამხატვრო ხელმძღვანელებით. ზოგისთვის მისაღებიც და მიუღებელიც, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელის ფაქტორი მაინც ახდენს გავლენას თეატრის არა მხოლოდ ესთეტიკურ ხელწერაზე, არამედ ზოგადად შემოქმედებით პროცესზეც. იმ თეატრებში, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტები არ არსებობს, შემოქმედებით პროცესს არ აქვს მდგრადი და ევოლუციური ხასიათი, რადგან დასს მუდმივად განსხვავებული ხედვის რეჟისორებთან უწევს მუშაობა. შემოქმედებითი პროცესის დეგრადაციას ასევე ხელს უწყობს რეგიონალური თეატრების არასტაბილური ფუნქციონირებაც.

რუსთაველის თეატრის მსახიობის, რუსკა მაყაშვილის აზრით, თეატრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ზოგადად, მაყურებელი აღარ ჰყავს ქართულ თეატრს. ეს, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ რეჟისორები ისეთ პიესებს დგამენ, რომლებიც არაა ქართველი საზოგადოებისთვის აქტუალური. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ასევე ისიც, რომ მსახიობებს თეატრში გაცილებით ცოტას უხდიან, ვიდრე ისინი თავიანთი შრომით იმსახურებენ.

მსახიობების ხელფასი თეატრებში მართლაც მიზერულია, მათი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 200-300 ლარს შეადგენს, როცა ძალიან მაღალია თვითონ სპექტაკლის ბილეთის ღირებულება. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში თეატრალურ სანახაობაზე დასწრება ფუფუნებად ითვლება. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში ერთ სპექტაკლზე დასასწრებად მაყურებელემა 15-20 ლარი უნდა გადაიხადოს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში კი ერთი სპექტაკლის ბილეთის ღირებულება 20-დან 40 ლარამდე მერყეობს. ეს საშუალო შემოსავლის მქონე ადამისთვისაც კი საკმაოდ დიდი თანხაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად სურს სპექტაკლზე დასწრება.

ქართული თეატრი მხოლოდ ფორმით ცდილობს ექსპერიმენტების განხორციელებას. აზროვნებითა და მსოფლმხედველობით კი ისევ ტრადიციების ერთგული რჩება. თანამედროვე ქართული თეატრისთვის უცხო გახდა რადიკალიზმი, ის უფრო მოკრძალებულ ტონს ირჩევს, ფრთხილობს მაყურებელთან შესახვედრად. ანგარიშს უწევს არა მხოლოდ მაყურებელს და მის მოთხოვნებს, არამედ სახელმწიფო პოლიტიკასაც. ხშირ შემთხვევაში, დედაქალაქიდან მოშორებით რეგიონში უფრო აქვს ადგილი ცოცხალ ექსპერიმენტებს, ვიდრე დედაქალაქის თეატრებში. მაგალითისთის გამოდგება, თუნდაც ბათუმის დრამატული თეატრის წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. ცხადია, ქართულ თანამედროვე თეატრს აქვს რიგი პრობლემები და ის ერთგვარი კრიზისის წინაშეა, მაგრამ ცალსახად იმის მტკიცება, რომ ქართული თეატრი მკვდარია, რა თქმა უნდა, აბსურდულია. ის ჯერ კიდევ ცოცხლობს და არსებობს ჩვენს რეალობაში. თეატრი სამომავლოდ მაინც იმ ახალგაზრდების იმედადაა დარჩენილი, რომელთაც არ ეშინიათ ახალი სიტყვის თქმის და მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.

[1] რუხაძე ჯ., ქართული ხალხური დღესასწაული, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1966 წ.

[2] ლეთოდიანი დ., ძიებანი. ”პროკოფი კესარიელის ერთი ცნობის გაგებისათვის.” თსუ. 2003.


0
178
შეფასება არ არის
ავტორი:თათი მჟავანაძე
თათი მჟავანაძე
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0