x
დეინდივიდუალიზაცია - აგრესიისა და ძალადობის ხელშემწყობი ფსიქოლოგიური ფენომენი

image

ისტორიაში ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მარტივად ახორციელებენ ძალისმიერ მოქმედებებს მაშინაც კი, როცა ისინი თავს შესაძლოა საკმაოდ მორალურ ადამიანებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იცავენ სამართალსა და ადამიანების უფლებებს. ეს ხდება ომების დროს, როდესაც მებრძოლები სხვისი ბრძანებით ხოცავენ უამრავ უდანაშაულო ადამიანს თუ მშვიდობიანი აქციების დროს, რის მაგალითადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ სპეცნაზის მოქმედება თბილისში 20 ივნისს. ამ ყველაფრის ახსნა შეიძლება დეპერსონალიზაციისა და დეინდივიდუალიზაციის ფსიქოლოგიური ფენომენით.

დეინდივიდუალიზაციის დროს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ჩვეულებრივ ადამიანებს განიხილავენ როგორც რომელიმე კატეგორიისა თუ ჯგუფის წარმომადგენელს და არა როგორც ცალკეულ ინდივიდს. ასეთი აღქმა ხელს უწყობს ესკალაციას, რადგან ასუსტებს აგრესიის შემაკავებელ ფაქტორებს. ზოგჯერ დეინდივიდუალიზაციას მოსდევს დეჰუმანიზაცია. დაპირისპირებულ მხარეში ნაკლებ ადამიანურ თვისებას ხედავენ, ვიდრე სხვა ინდივიდებში; ამის შედეგად, სოციალური ნორმები მათ ნაკლებად იცავენ აგრესიისგან.

დეინდივიდუალიზაცია, მილგრემის ცნობილ ექსპერიმენტშიც გამოვლინდა, სადაც ცდისპირები „მასწავლებლის“ როლში განსაკუთრებით ძლიერ შოკს აყენებდნენ „მოსწავლეს“ მაშინ, როდესაც იგი მოშორებით იყო, ან მხედველობის ველს მიღმა იმყოფებოდა. სწორედ მტრის დეპერსონალიზაცია უფრო უადვილებს მფრინავებს დაბომბვას, ვიდრე ქვეით ჯარს – სროლას ხილული მოწინააღმდეგის მიმართულებით. დეპერსონალიზაციას წინააღმდეგ მოქმედებს მეორე მხარის შესახებ ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც მას რაღაცით უნიკალურს ხდის. მაგ., ცნობილია, რომ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ბადრაგი შედარებით რბილად ექცეოდა პატიმრებს, თუ მათ სახელით იცნობდა.

image

გარე ჯგუფის წევრების ადამიანური თვისებების დასაჯერებლად მეორე საშუალებაც არსებობს, ეს არის მათთან მეტ–ნაკლებად ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა. აქედან გამომდინარეობს, რომ საერთო საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა რასის კონტაქტებს, უნდა ამცირებდეს თეთრკანიანების სოციალურ ცრურწმენებს აფროამერიკელების მიმართ. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივიყვანოთ მაჰათმა განდის მაგალითიც, რომელიც ჯერ სთხოვდა ინგლისელ გუბერნატორს მასპინძლობას და ამ გზით მასთან მეგობრულ ურთიერთობას ამყარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებდა მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას. ასეთი მეთოდით ის საკუთარ თავსაც და თავის მოძრაობასაც ინდივიდუალობას მატებდა ბრიტანელი მმართველების თვალში და ამით ამცირებდა მათ აგრესიულობას.

მსგავსი მსჯელობა გვარწმუნებს, რომ აგრესიულ ან დისკრიმინაციულ იმპულსებს მიჰყავთ პირველი მხარე მეორის დეინდივიდუალიზაციამდე რაციონალიზაციის მსგავსი პროცესის მეშვეობით. ამ დროს ორივე მხარე სულ უფრო ნაკლებ უხერხულობას გრძნობს საკუთარი მტრული ქცევის გამო. კვლევები აჩვენებს, რომ გაბრაზებული ან შოკის მოლოდინში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით იოლად ივიწყებენ მეორე მხარის შესახებ ინდივიდუალურ ინფორმაციას (მაგ., მის სახელს) და იმახსოვრებენ მის შესახებ დეინდივიდუალიზებულ ინფორმაციას (მაგ., რასას).

აქედან გამომდინარეობს, რომ დეპერსონალიზაცია არის კონფლიქტის ესკალაციური ციკლის კიდევ ერთი ნიშანი. პირველი მხარე, რომელმაც დაიწყო მტრული ქმედებები, მათ გასამართლებლად პიროვნულობას აცლის მეორე მხარეს. ამის შემდეგ უფრო ადვილი ხდება მეორე მხარის მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარება, რაც ზრდის ესკალაციას.

გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი პირდაპირი მტკიცებულებაც, რომ მეორე მხარის დეჰუმანიზაცია, რომელიც ქმნის ადამიანურ ბუნებასთან მისი ნაკლები მსგავსების შთაბეჭდილებას, ადვილს ხდის აგრესიას. შესაძლოა, ეს იმის შედეგია, რომ დეჰუმანიზაციის დროს უადგილოდ გვეჩვენება უნივერსალური ნორმები, რომლებიც აკავებენ ადამიანების მიმართ ზიანის მიყენებას. კვლევები გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის მეორე მხარის დეჰუმანიზაცია ხდება მაშინაც, როდესაც პირველს ეჩვენება, რომ ის უარყოფს პირველისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს.

დეჰუმანიზაციის ეფექტი აქვს სალანძღავ მიმართვებს, რასაც ხშირად მიმართვენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ლანძღვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხვა ამორალურია და ჩვენგან განსხვავებული. ზოგიერთი მეტსახელი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ნორმალურ ადამიანურ ბუნებასთან გაუცხოებას. სალანძღავი მეტსახელები, რომელსაც კონფლიქტის ერთი მხარე იყენებს მეორის მიმართ, უადვილებს მას და ნებისმიერს, ვინც მას უსმენს, აგრესიას მეორე მხარის წინააღმდეგ, ვინაიდან ლანძღვა იწვევს მეორე მხარის დეჰუმანიზაციას.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0